ჯანდაცვა კერძო ბიზნესის ტყვეობაში: ინტერვიუ

ინტერვიუ მოამზადა კონსტანტინე ჩაჩიბაიამ.

ვირუსმა COVID 19 საფრთხე შეუქმნა უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ამასთანავე გამოააშკარავა ქართული ჯანდაცვის სისტემური გაუმართაობა. ყოველ დღიურად ჯერ კიდევ ამოუცნობ ვირუსთან ბრძოლას პაციენტებთან ერთად ეწირებიან ისინიც, ვინც ჩვენ გვმკურნალობს. თუმცა კოვიდის წინაშე მდგარ პაციენტებსაც და ექიმებსაც ზურგიდან ახალი ფრონტის ხაზი გაგვიხსნეს. კერძო კლინიკის მფლობელებმა ზოგად საკაცობრიო საფრთხის პირობებშიც კი არ თქვეს უარი ჩვენი ჯანმრთელობით ფინანსური მოგების მიღებაზე. ამ ვითარებაში ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ვის უნდა ვანდოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და როგორი ჯანდაცვის სისტემა გვჭირდება მომავალში? ამ თემებზე გვესაუბრება პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი.

თქვენ არა ერთხელ ახსენეთ ე.წ. ლოკდაუნთან ერთად კლინიკების დროებითი ნაციონალიზაციის საკითხი, რაც არ არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კოვიდ პანდემიის პირობებში. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მაგალითად ესპანეთის ხელისუფლებამაც. თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რა კონკრეტულ მენქანიზმებს მოიპოვებდა სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით?

როცა მე ვახსენე ნაციონალიზაცია, შეიძლება ზოგიერთმა იფიქრა, რომ აქ იგულისხმებოდა კომუნიზმთან დაბრუნება და ა.შ. რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. სინამდვილეში, კერძო სექტორს აქვს საწოლ ფონდი, რომელსაც ვერ იყენებს სახელწმიფო და ბიზნესი მას კაბალური პირობებით ელაპარაკება მაშინ, როცა ასეთი ეპიდემოლოგიური ვითარებაა. აქ უკვე აღარ არის საუბარი ბიზნესზე და ფულზე. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამ დროს ფულის გაკეთება არის მიუღებელი. არის რაღაც მომენტები ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქვეყანა ომის პერიოდშია და საჭიროა ყველა რესურსის მობილიზაცია. საქართველო და არა მარტო საქართველო, მთელი მსოფლიო ახლა არის ბიოლოგიურ ომში. ამ პროცესში უნდა გამოიყენო ყველა ის რესურსი, რაც კი არსებობს ქვეყანაში. საქართველოში ჩვენ სხვათაშორის გვაქვს ბევრი საწოლი, როგორც სტაციონარული, ასევე რეანიმაციული, რომელიც არ არის ჩართული კოვიდ ბრძოლაში. რადგან საავადმყოფოებს ეს არ ესმით, კვლავ აკეთებენ არა საჭირო ოპერაციებს, მაგალითად პლასტიკურს, არადა ამ ოპერაციის გაკეთება ახლა საშიშია და რესურსების განაწილების თვალსაზრისით მიზანშეუწონელიცაა. ამავე დროს, იგივე საავადმყოფოები გამოდიან მოწოდებით, რომ საველე საავადმყოფო გავხნათ. რა საჭიროა საველე საავადმყოფო? 415 საავადმყოფოა სახელმწიფოს პორტალზე დარეგისტრირებული. დროებითი ნაციონალიზაცია გულისხმობს დროებითი უფლებით მართვას, რაც სახელმწიფოს მისცემს ექსკლუზიური გადაწყვეტილების მიღების უფლებას, თუ როგორ გამოიყენოს ესა თუ ის საწოლი.მართალია ეს არის კლინიკის მესაკუთრის საკუთრება, მაგრამ ვინაიდან არის საგანგებო მდგომარეობა, ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ ნაციონალური ინტერესებისთვის, იმ პერიოდით რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ხარჯი სჭირდება პანდემიასთან ბრძოლას, ამიტომ იურიდიული და ბუღალტრული საკითხები უნდა იქნას გადატანილი შემდეგი ეტაპისთვის. ამაზე ცალკე უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა, მაგრამ საავადმყოფომ არ უნდა თქვას ის, რომ მე არ მიღირს და მე ჩემს საავადმყოფოში არ შევუშვებ პაციენტს. ამაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს. ამიტომ არის საჭირო ნაციონალიზაცია. სამწუხაროდ, ახლა კერძო საავადმყოფოების მფლობელების ტყვეობაში ვართ. ადამიანს აქვს 3 000 საწოლი და გეუბნება, რომ 100 საწოლს გამოგიყოფს. კერძო ბიზნესი არის კერძო ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხარ. მისი ინტერესი არის, რომ იშოვოს ფული. გასაგებია. მაგრამ ეს უსაფრთოების საკითხიც არის, რადგან აქ უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება, და ამ ვითარებაში ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული.

კერძო კლინიკების თემის მიღმა, უფრო ფართოდ რომ ვიმსჯელოთ, რა არის ძირითადი გაკვეთილი რაც საქართველომ როგორც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლიდან გამომდინარე ჯანდაცვის მენეჯმენტის კუთხით?

ამ პანდემიამ ჩვენ დაგვანახა თუ სად ვართ და რა შეიძლება გაკეთდეს. დაგვანახა სად გვაქვს ჩვენ ჩავარდნები და როგორ შეიძლება ჩვენ უფრო ეფექტურად ვმართოთ ის რაც გვაქვს. საქართველოში რესურსები არის. არავინ თქვას, რომ საქართველოს რესურსები არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს როგორც საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული, ასევე ადამიანური პოტენციალი. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გადალაგება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს სფერო არასწორად ვითარდებოდა. როცა საქართველოს პირობებში 415 კლინიკა არსებობს, ეს უკვე დანაშაულია. ეს არის რესურსების გაფლანგვა. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი შეფასება პოლიტიკოსების და ფარმაციული კომპანიების გავლენების გარეშე, თუ რა არის საქართველოში განსახორციელებელი. ეს უნდა მოხდეს სექტორულად. ჯანდაცვა არის კომპლექსური და რთული სფერო და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რა არის ჩვენი მიზანი? ეს შეკითხვა არავინ არ დასვა საქართველოში. პირველ რიგში, შემუშავებულ უნდა იქნას სტრატეგია. ჯანდაცვაში არის მოკლე, საშუალო და გრძელ ვადიანი სტრატეგია. მოკლე სტრატეგიის ხანგძლივობა არის 7 წელი, საშუალო ვადიანის 15 წელი, გრძელ ვადიანის კი 30 წელი. ასეთისტრატეგიული ხედვები ჩვენ საქართელოში არასდროს არ გვქონია. როდესაც არ იცი საითკენ მიდიხარ და რა გინდა, ყველაფერი ხდება იმპულსურად. მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც თავისთავად კარგია, მაგრამ რაში დაგვეხმარა ჩვენ ეს პროგრამა? ჩვენ ახლა გვაქვს ვერტიკალური პროგრამები, რომელიც ზემოდან მოდის, მაგრამ არ გვაქვს ჰორიზონტალური პროგრამები და ხედვა. C ჰეპატიტის პროგრამის დროს ხომ შეიძლებოდა მაგალითად ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება? საწყის ეტაპზე უნდა განვსაზღვროთ თუნდაც ის, თუ რამდენი საავადმყოფო და რამდენი ექიმი გვჭირდება. ამ საკითხზე პასუხს ვერავინ ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ამის ხედვა არავის არ აქვს და ყველა პოლიტიკურ პარტიას და ბიზნესმენს აქვს მისი კერძო ხედვა. იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი 1-2 საავადმყოფო, ზოგს უფრო დიდი ქსელი და აქედან გამომდინარე ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ, საიდან გამოსავალსაც მე ვერ ვხედავ. უნდა შედგეს კონსენსუსი ჯანდაცვის საკითხებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

ვინაიდან ქართულ ჯანდაცვის სექტორში საქმიანობის გამოცდილება გაქვთ, თუ შეგიძლიათ განმარტოთ ის მიზეზები და ლოგიკა რის გამოც ქნა მიღებული გადაწყვეტილება 2006-07 წლებში სახელმწიფო კლინიკების მასობრივი პრივატიზაციასთან დაკავშირებით? დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ხედავთ თუ არა სახელმწიფო კლინიკების არსებობის აუცილებლობას თანამედროვე საქართველოს კონტექსტში? საქართველოში არის რეგიონები სადაც არის კერძო კლინიკები, საკმაოდ ახალი შენობები, რომლებიც ძირითადად უფუნქციოა. ადგილობრივი პაციენტების გადამისამართება ხდება უფრო მსხვილ ქალაქებში თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ვინაიდან რაიონებში არსებული მცირე საავადმყოფოები შუძლებელია იყოს რენტაბელური. რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში გამოსავალი?

მე ვმართავდი ევექსის კლინიკებს გენერალური დირექტორის რანგში. ვმართავდი ასევე რეგიონალური სახელმწიფო საავადმყოფოების ქსელს და მაქვს წარმოდგენა რა ხდება ამ სფეროში. ჩემი პასუხი არის კვლავ იგივე: რა არის ჩვენი სტრატეგია? ჩვენი ხედვაა, რომ ყველა სახელმწიფო იყოს კერძო? თუ გვინდა შერეული სისტემა კერძო და სახელმწიფო კლინიკებით? ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეგვიძლია შევთანნხმდეთ, რომ ყველა დიდი რეგიონში გვექნება ერთი დიდი რეფერალურისახელმწიფო საავადმყოფო, რომელიც იქნება ერთი მენეჯმენტის ქვეშ. ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ზოგი მცირე რეგიონალური საავადმყოფო, რომელიც მცირე მასშტაბისაა, ვერ იქნება მომგებიანი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს საავამდყოფოები, ამიტომ ის უნდა დაასუბსიდიროს სახელმწიფომ. ის კერძო კლინიკებიც რაც ამჟამად არის რეგიონებში, ფაქტობრივად წამგებიანია და იმავე ქსელის სხვა დიდი კლინიკებიდან ფული იქაჩება ამ მცირე კლინიკებში. საბოლოო ჯამში ვერც დიდი კლინიკა ვითარდება და ვერც შედარებით მცირე. 2005-06 წლებში როდესაც სადაზღვევო კომპანიებს გადასცეს საავადმყოფოები, იცოდნენ რა, რომ პატარა საავადმყოფოები არ იყო მომგებიანი, პაკეტებად იყიდებოდა მთელი რეგიონი. მსურველი შეიძენდა მაგალითად მთელი იმერეთის რეგიონის კლინიკებს, სადაც დიდი კლინიკები დაასუბსიდირებდა შედარებით პატარებს. შემდეგ შეიცვალა მთავრობა, შეიცვალა სტრატეგიაც, მაგრამ გრძელვადიანი სტრატეგია არც ერთი მთავრობის პირობებში არ შემუშავებულა. არის მხოლოდ პოპულისტური ჩქარი გადაწყვეტილებები. როგორიც იყო მაგალითად 100 საავადმყოფოს მშენებლობა. გადახედეთ ვინ ააშენა ეს საავადმყოფოები. ყველაზე კარგი ხარისხით აშენებული კომპანიები იყო სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის მიერ აშენებული კლინიკები. იმედი L გაკოტრდა და შემდეგ შეიძინა ალდაგმა. გაკოტრდა იმიტომ, რომ მან რეალურად კარგი საავადმყოფოები ააშენა. ახლაც კი, ამდენი წლის მერე ისევ კარგ მდოგმარეობაშია ეს კლინიკები. არის სხვა საავადმყოფოები, რომლებიც იმ პერიოდში აშენდა და უკვე დანგრევის პირასაა, მაგრამ ისინი არ გაკოტრებულან, პირიქით გაფართოვდნენ. მაგალითი გვაქვს საქართველოში – მართლა რომ მიხედო მედიცინას, გაკოტრდები. მედიცინაში ფულს ვერ იშოვნი. ყველას ჰგონია, რომ მედიცინაში ფულს იშოვნის, მაგრამ ასე არ არის. თუ შენ მედიცინაში ფულს შოულობ, ესე იგი შენ ყველაფერს აკეთებ არასწორად. ახლა დგება საკითხი, ჩვენ როგორი ჯანდაცვა გვინდა? გვინდა ასეთი მცირე საავადმყოფოები? იქნებ სჯობდეს გადაუდებელი ბრიგადების დაყენება და ყოველ 20 კილომეტრში საავადმყოფოების აშენების ნაცვლად, პაციენტების სწრაფ გადაყვანაზე ვიზრუნოთ, მაგალითად ვერტმფრენების ან სხვა საშუალებებით. სტრატეგია უნდა იყოს, რა არის გამოსავალი და როგორ ვთანამშრომლობთ კერძო კლინიკებთან და თუ ვერ ვთანამშრომლობთ, სად ვაშენებთ სახელმწიფო საავადმყოფოებს. ახლა სახელმწიფო აშენებს საავადმყოფოებს სტრატეგიის გარეშე. მთავრობები როდესაც ივლება, ყველაფერი იცვლება. მინისტრის შეცვლასთან ერთად იცვლება ყველაფერი, რაც დამღუპველია. ჯანდაცვის მოკლე ვადიან სტრატეგია 7 წლიანია და გამოდის, რომ 2 საარჩევნო ციკლი უნდა გაიაროს. კარგი საავადმყოფოს აშენებას სჭირდება 10 წელი. თვითონ შენების აშენება მოხერხდება 2 წელიწადშიც, მაგრამ შიგნით პერსონალის მომზადებას სჭირდება დრო. ამას სჭირდება ხანგძლივ პერიოდზე დაგეგმვა. საავადმყოფოში ახალი განყოფილების გახსნისთვის საჭიროა სადღაც 5 წელი, საქართველოში კი ახალი განყოფილებას ხსნიან 1 თვეში.

კონკრეტული სამედიცინო სერვისების ტარიფების რეგულირების, ფასების ზედა ჭერის განსაზღვრის შესახებ. მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია კერძო კლინიკების მხრიდან სახელმწიფოს სახელმწიფოს ინიციატივას კონკრეტული სამედიცინო სერვისების ტარიფების რეგულირების, ფასების ზედა ჭერის განსაზღვრის შესახებ მოჰყვა კერძო კლინიკების უკმაყოფილება. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე, რამდენად მიღებული პრაქტიკაა ეს მსოფლიოში?

მართალია იურიდიულად ამ შემთხვევაში კერძო კლინიკებია, მაგრამ ისინი ჩვენს ფულს იღებენ, კერძო მმართველობით ისინი ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს. საქართველოში ყველა კლინიკა იღებს სახელმწიფო სუბსიდიას და კი არ მკურნალობენ ადამიანს, ფულს შოულობენ. არავის ამდენი წლის განმავლობაში არ უფიქრია ხარისხის გაუმჯობესებაზე. არც ერთი დიდი ქსელური კომპანია არ დაინტერსებულა საერთაშორისო აკრედიტიაციის მოპოვებით. ამავე დროს ვერც სახელმწიფო ვერ ამოწმებს ხარისხს. კლინიკები ამბობენ, რომ ამისთვის დრო და რესურსი არ აქვთ და ამ დროს ზოგიერთ მფლობელს მილიონ დოლარიანი ბონუსი აქვს აღებული. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ეს სწორია თუ არა. მე რომ ვიყო ჯანდაცვის მინისტრი, ისეთ მკაცრ რეფორმებს გავატარებდი, რომ მთელ ამ მაფიას ერთ დღეში დავანგრევდი. მეორე დღეს ალბათ მე თვითონ მომკლავდნენ, მაგრამ ტყუილს ვერ ავიტან. აბა კითხეთ ამ ექიმებს საავადმყოფოებში სამედიცინო კოდებს ვინ ადგენს. საავადმყოფოებში ამ კოდებს ადგენს ბუღალტერია. ექიმებმაც კი არ იციან საავადმყოფო კოდები. ყველა საავადმყოფო აკეთებს ამ კოდების მანიპულაციას, რაც რეალურად სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ყველა ხუჭავს თვალს ამაზე. ასეთ სიტუაციაში უნდა დაებარებინათ ყველა საავადმყოფოს მფლობელი, გენერალური მენეჯერი და კლინიკური მენეჯერი და ეთქვათ – გეყოთ ფულის შოვნა! გამოსავლის ძიება არავის არ უნდა, იმიტომ რომ ყველას უნდა ფულის შოვნის გაგრძელება. შეიძლება თქვენ გჭირდებოდეთ რაღაც პატარა სამედიცინო მანიპულაცია და გაგატარებენ როგორც გადაუდებელს, რომ ამოქაჩონ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 700 ლარი, მაშინ როცა გჭირდებათ რეალურად 20 ლარის პროცედურა. ახლა ჯანდაცვის მინისტრმა შეაჩერა ყველა არა საჭირო სამედიცინო პროცედურის ჩატარება. ეს ყველა ქვეყანაში მოხდა და განხილვასაც არ ექვემდებარება ეს, იმიტომ რომ როცა ეპიდემიაა, სხვა დანარჩენი ყველაფერი ჩერდება, სანამ ეპიდემია დამთავრება. ამას აქვს სამედიცინო დასაბუთება, რადგან ადამიანები შეიძლება დამატებით დავირუსდეს. შეიძლება თქვენ თიაქარმა შეგაწუხოთ და კოვიდით გამოხვიდეთ საავადმყოფოდან, რაც სხვათა შორის ხდება საქართველოში. მართალია სხვა პროცედურების შეჩერების შესახებ მინისტრის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო, მაგრამ ამ სწორ გადაწყვეტილებაზეც კი აჯანყდნენ. მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი, ამ ყველა აჯანყებულ კლინიკას დავაჯარიმებდი. ჯანდაცვის სამინისტროს სჭირდება ძლიერი იურიდიული დეპარტამენტი. ბიზნესს კი ჯარიმის გარდა სხვა არაფერი არ ესმის. ახალი ბორბლის გამოგონება არ არის საჭირო. მე არა ერთ ქვეყანაში მიმუშავია ხარისხის სტანდარტების შემუშავებაზე და წინა მინისტრსაც ვთავაზობდი დაგვეწყო ეს პროცესი საქართველოში, რაზეც პასუხი იყო, რომ მზად არ ვართ. ეს იყო 5 წლის წინ. როდის ვიქნებით მზად? მე მირჩევნია საქართველოში იყოს 5 საავადმყოფო, ვიდრე 415. მაგრამ ის 5 იყოს მართლაც საავადმყოფო – მე რომ იქ მივალ, მომხედონ. ჩვენ გვაქვს ძალიან მახინჯი სისტემა. როგორ შეიძლება ქირურგს კვალიფიკაცია მიენიჭოს მაგალითად 2004 წელს და მას შემდეგ არანაირი მექანიზმი არ გქონდეს კვალიფიკაციის ამაღლების გასაკონტროლებლად. მან ცოდნის არ ქონის გამო შეიძლება არასწორად უმკურნალოს და დაგაზარალოთ. მე სიმართლე რომ ითქვას ექიმებიც მეცოდებიან, იმიტომ რომ პირობებიც არ არის ცოდნის ასამაღლებლად. სამედიცინო ასოციაციებიც კი მიჩერებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს და მხოლოდ ფულის გაკეთებაზე ფიქრობენ. არავითარი კონკრეტული ინიციატივა არ ყოფილა დარგობრივი ასოციაციებისგან წარმოდგენილი მათი დარგის განვითარების შესახებ. ყველანაირი კუთხით ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

მიუხედავად ბოლო წლებში ჯანმრთელობაზე დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდისა, არსებული მონაცემებით, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სახელმწიფო ჯანდაცვაზე დანახარჯის წილით როგორც მთლიან ჯანდაცვაზე დანახარჯებში (2017 წ.- 38%), ასევე მშპ-სა (2017წ.-2.9%) და სახელმწიფო ბიუჯეტში (2017წ. – 10%). სახელმწიფო გეგმავს მომავალში ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდას. თქვენი აზრით, ძირითადად რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ჯანდაცვის საბიუჯეტო დაფინანსება?

კიდევ ერთხელ, ამისთვის საჭიროა სტრატეგია. ჩვენ ვლაპარაკობთ სახურავის ფერზე, როდესაც ფუნდამენტი არ გვაქვს. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ 5 სართულიანი სახლის სახურავზე, როდესაც ჯერ საძირკველიც არ არის ამოთხრილი. საძირკველი არის როცა შენ ზუსტად დაადგენ ყველა გარდაცვალების მიზეზს, რის შემდეგაც განსაზღვრავ სად რა ტიპის საავადმყოფო გჭირდება. სად არის უფრო მეტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ამის მიხედვით დგინდება პრიორიტეტები. მაგალითად, რომ დასავლეთ საქართველოში გვჭირდება 2 ძლიერი კარდიო ცენტრი. მერე მიიღებ გადაწყვეტილებას, ეს ცენტრები სახელმწიფომ ააშენოს, თუ კერძო სექტორმა. კერძო სექტორისთვის გადაცემის შემთხვევაში რა პირობით გადაეცემა? ეს არის დაგეგმარება. ახლა კი რომელიმე კარდიოლოგი რეგიონში, მაგალითად ზუგდიდში, საკუთარი სურვილით გახსნის კარდიოლოგიურ კლინიკას. კლინიკები იხსნება ისე,თითქოს პურის მაღაზია იყოს. ჩვენ ათჯერ უფრო მეტი რეანიმაციული საწოლები გვაქვს, ვიდრე გვჭირდება. შვეიცარიაში არის 8.5 მილიონი მოსახლე და არის 856 რეანიმაციული საწოლი. ამ დროს საქართველოში ამბობენ რომ 5000-მდე რეანიმაციული საწოლი გვაქვს. ამ რეანიმაციული საწოლების ხარჯების დაფინანსებით ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტი კი იზრდება, მაგრამ ეს არამიზნობრივი ხარჯვაა. პარალელურად უნდა გაკეთდეს 2 საქმე: სტრატეგიის შედგენა და მკაცრი, არაპოპულარული რეფორმების ჩატარება ჯანდაცვის სისტემაში სექტორების მიხედვით, მიზნობრივად.

გაზიარება

მსგავსი პოსტები