fbpx

ზეპირი ისტორიები: 9 აპრილი – ლელა გაფრინდაშვილი

ფოტოს ავტორი: ბესიკ ლიპარტელიანი

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1988 წელს, როცა თბილისში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო, მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, 21 წლის. მართალი გითხრათ, დიდად არ მესმოდა რა ხდებოდა.  ბევრი ადამიანი მაშინ თავს იკავებდა დამოუკიდებლობის საკითხში თავისი გაუთვითცნობიერებულობის აღიარებისაგან. ეს „ნაკლი“ დამაბრკოლებელი არ ყოფილა და ყველანი თავდავიწყებით გადავეშვით ამ ახალ, ზოგადსახალხო გამოღვიძების მოძრაობაში. 
ეს ეროვნული ტალღა გლასნოსწის და პერესტროიკის გაგრძელება იყო. ხალხი ერთბაშად ალაპარაკლდა, ავად თუ კარგად, მაგრამ ალაპარაკდა, მსჯელობა დაიწყო მრავალ საკითხზე. ასე ნება-ნება, უნებლიედ მივუახლოვდით საჭირბოროტო თემებსაც: საქართველოს დამოუკიდებლობა და ისტორიული ბედი, ეკონომიკა. აი, ამ მომენტში ჩვენთვის, ახალგაზრდებისათვის, გამოჩდნენ ახალი ლიდერები, რომლებიც რაღაც ისეთ ცოდნას ფლობდნენ, რომელზეც ჩვენთან არავის უსაუბრია, არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში და რომელიც ანდამატივით გვიზიდავდა. ნელ-ნელა ვერკვეოდით ჩვენი ქვეყნის ჩრდილოელი მტრის, დამპყრობლის და ოკუპანტის, სიავეებში. მახსოვს , სპეციალურად წავედი აკედემიის ბიბლიოთეკაში, რომ 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის რამე წამეკითხა. იქ წავაწყდი სწორედ ნოე ჟორდანიას წერილს დამფუძნებელ კრებაზე, სადაც იგი გულისწყვეტით საუბრობს უამრავ სირთულეზე, წინააღმდეგობაზე, რაცაც იმჟამინდელი კანონმდებლები აწყდებოდნენ და ბოლოს დასძენს: ამ ჩვენ თავყრილობას სიტყვა “პარლამენტი” ისე უხდებოდა, როგორც ძროხას უნაგირიო.

რა წერილებიც მაშინ წავიკითხე, ჩემთვის სრულიად უცხო, სახელდაურქმეველ ინტერესს აღძრავდა. საბჭოთა სკოლადამთავრებულმა ვიცოდი საბჭოთა კავშირის ისტორია (უსიცოცხლო, იდეოლოგიზირებული , კრემლში დაწერილ-გაყალბებული) საქართველოს ისტორია კი (ასევე იდეოლოგიზებული და ჰეროიზებული) ფილმებით უფრო ვიცოდი, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოებით ან წყაროებით. სკოლაში თუ რამეს გვასწავლიდნენ ჩვენი სამშობლოს ისტორიიდან, ეს იყო უშორესი წარსული და არავითარ შემთხვევაში ახლო და უახლესი: ისეთი წარსული, რომელიც ლექსის ან მოთხრობის დასაწერად უფრო გამოგადგება, ვიდრე შენი ეპოქის, ყოფიერების შესაფასებლად ან , დაგვიფარის განგებამ, ამ ყოფიერებაში ეჭვის შესატანად!  ეს გმირების სამყარო რაღაცნაირად დროშასავით ფრიალრებდა ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ ნაციონალურ სახელმწიფოსთან, ჩვენს დამოუკიდებლობასთან ჩვენ მას არ ვაკაშირებდით. „ჩვენ“ როცა ვამბობ , უფრო საკუთარ თავს ვგულისხმობ და მხოლოდ ვვარაუდობ იმას, რომ ეს ამბავი ჩემი თაობის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან ნაწილზეც ვტცელდება, – იმათ გარდა, ვინც საკუთარი ოჯახის ან გამორჩეული გარემოს, მასწავლებლის წყალობით საქართველოს და სსრ კავშირის ჭეშმარიტ ისტორიაში განისწავლა. ასეთები კი ძალიან ცოტანი იყვნენ და უფრო ერთმანეთში ტრიალებდნენ, ვიდრე – ხალხში.
ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობის გამო პოლიტიკური პროცე-სების მნიშვნელოვან სამოქალაქო, სოციალურ წახნაგებს ვერ ვხედავდით და მივყვებოდით „სხვებს“, ჩვენზე დიადებს და მცოდნეებს, ჩვენზე ძლევამოსილებს – მივყვებოდით რომანტიულად, ერთგულად და გულითადად, გონებით კი მხოლოდ იმას ვწვდებოდით, რომ ჩვენი ქვეყანა იყო დაპყრობილი და განთავისუფლება, დამოუკიდებლობა უნდა მოგვეპოვებინა.

1989 წელს, უკვე როდესაც ვითარება ძალიან დაიძაბა, ჩვენ მეგობრები, უნივერსიტეტის სტუდენტები, სხვა სასწავლებლის სტუდენტები თანავუგრძნობდით ამ მოძრაობას და 9 აპრილის ღამეს თავისუფლების მოედანზე ვიყავით. მაშინ ფორმალურად კომკავშირელი ვიყავი. დღიდან ამ ორგანიზაციაში მიღებისა, კომკავშირის ბილეთი არასოდეს გამომიყენებია, იმდენად არაფერს არ ნიშნავდა იგი ჩემთვის, რადგან არანაირ კარიერას მე არ ვგეგმავდი. ის კი არა, როცა სკოლა დავამთავრე, აღმოვაჩინე, რომ კომკავშირის ბილეთი დაკარგული მაქვს. არადა, ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად დახსიათება მჭირდებოდა კომკავშირის რაიონული კომიტეტიდან. სასწრაფიდ ვიპოვეთ ვიღაც ( მეზობლის ნათესავი) , ვინც ახალი ბილეთის დამზადება დააჩქარებინა და როგორც იქნა, შევიტანე საბუთები, მოვასწარი. მოკლედ, მე არ ვიყავი კომკავშირის ღირსი! ( სიც!) კომკავშირიც, მარქსიზმ-ლენინიზმიც უკვე ჩემს გარშემო სახუმარო თემა იყო. გარდა ამისა, მქონდა ბედნიერება მყოლოდა ისეთი პროფესორები, რომელთაც თეორიული ცოდნის გარდა დაეჭვება მასწავლეს, კითხვის დასმა, საწინააღმდეგოს დაშვება. სოწრედ მათგან ვისწავლე, რომ შემეცნების , სწავლის პროცესში მიღებული მასალა მექანიკურად არ უნდა „გადაგვეყლაპა“.

1989 წლის  9 აპრილის საღამომდე ხალხში ტრიალებდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ დემონსტრაციას აუცილებლად ძალის გამოყენებით და რომ აუცილებლად იქნებოდა მსხვერპლი. დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ეს ინფორმაცია მოჟონავდა ნაცნობ-მეგობრებიდან, სამინისტროებიდან. ჩვენმა ნაცნობმა, რომელსაც ჰყავდა მეგობრები მაშინდელ იუსტიციის სამინისტროში ჩვენ ასევე გვითხრა, რომ (თვითონ არ დადიოდა ამ დემოსტრაციებზე) ამ ლიდერებისთვის გვეთქვა ამის შესახებ. მე მახსოვს, რომ მე და ჩემი მეგობარი , მაია ცირამუა, მივედით ირაკლი წერეთელთან და, ახლა არმახსენდება კიდევ ვინ იყო იქ ლიდერთაგან, მივედით და ვუთხარით, რომ აი ესეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. სრულიად დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიცოდით ამ დარბევის შესახებ, ვიდრე ლიდერებმა. ჩვენს წუხილზე  მათ გვიპასუხეს, რომ ეს შუძლებელია და არაფერი მსგავსი არ მოხდება. 
იმ საღამოს დაახლოებით 10-12 მეგობარი ვიყავით ამ დემონსტრაციაზე და შეიძლება ითქვას, რომ სასწაულებრივად გადავრჩით. ჩვენ ვიდექით მხატვრის სახლის ნიშაში, ბოლო ნიშაში, ქაშუეთის ჩასასვლელთან და როდესაც ეს არმია შემოვიდა , დაახლოებით ათ სანტიმენტრში იდგა ჩვენგან, მაგრამ მოედნიდან მოწოლილმა ხალხის ტალღამ ჩაგვისროლა ქაშუეთის ჭიშკრისკენ. მთელი ის ქუჩა, გუდიაშვილი, სავსე იყო მსუბუქი მანქანებით და ერთ-ერთმა მამაკაცმა ჩაგვსვა გოგონები მანქანაში და დაგვარიგა სახლში. მთელ კატასტროფას, რაც იქ მოხდა, ვერ შევესწარი, სუნი მომწავლელი გაზის ვიგრძენი, მაგრამ არანაირი, შედეგი ამას არ მოჰყოლია. 

მომხდარის სახელდება, ცხადია, ახლა უფრო მიადვილდება, ვიდრე მაშინ. 9 აპრილის ღამეს მე აღმოვაჩინე, რომ ქვეყანა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, სხვა ქვეყანა იყო და ეს არ იყო უცოდველი, ბედნიერი ხალხით დასახლებული საბჭოთა კავშირი. მე დავინახე, რომ ჯარი, რომელიც მანამდე ჩვენი დამცველი და მოქალაქეთა მშვიდი ცხოვრების და ძილის გარანტორი იყო, აღმოჩნდა მრიცხანე მოძალადე. ეს პროტესტი, მშვიდობიანი, პატრიოტული, რომანტიული, სახალხო და არავითარ შემთხვევაში – ძალადობრივი. ეს იყო ანტისაბჭოთა ლოზუნგებით (შეიძლება იყო იმ დროისთვის გაუაზრებელი ლოზუნგებიც – მაგალითად , „აფსუა“ სეპარატისტების წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაშიც რამე განსაკუთრებული გადამეტება იყო) გაჯერებული სახალხო პროტესტი, თანადგომა და თანაგანცდა ჩაგვრისა. მე აღმოვაჩინე, რომ ეს ხალხი (ჯარისკაცები და მათი კამანდირები) არის სხვა ხალხი, უცხო და ჩვენ , ვინც იქ ვიდექით – სხვა და იმ პირველებისთვის ასევე უცხო.

აი ასეთი ტრანსფორმაცია მოხდა ჩემში. სწორედ იმ საღამოს დაიწყო ჩემთვის პოსტ-საბჭოთა კავშირი და თითქოს თავიდან დავიბადე , ფერი ვიცვალე. ეს იყო დიდი მენტალური გარდატეხა ჩემს ცნობიერებაში, რომელმაც, შეიძლება ითქვას,  ფაქტობრივად განსაზღვრა ჩემი მთელი შემდეგი ცხოვრება. ამას მაშინ მხოლოდ განვიცდიდი, მხოლოდ განცდებით მეძლეოდა ეს ცვლილება, მაგრამ გონებით მისი წვდომა მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, როცა 2007, 2009 წელს იმავე ადგილას უკვე დამოუკიდებელ საქართველოში სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მაშინ მივხვდი, რომ ტავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გამოსულ ხალხს კი არ შლიან, არამედ – სჯიან! სწორედ ამან განაპირობა 1989 წლის 9 აპრილის ჯალათების საარაკო გაავება და 21 ადამიანის (18 ქალი და გოგონა და 3 მამაკაცი) მსხვერპლი.

დღეს ასევე შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ სტერეოტიპიულად ვუყურებდი იმ პროცესებს.  იმ სოციუმში, სადაც მე ვტრიალდებდი, დომინანტური იყო შეხედულება, რომ ეს 9 აპრილი მაინც ლიდერებისგან ინსპირირებული მოვლენა იყო და რომ თითქოს ის ხალხი, ვინც იქ ვიყავით, ვიყავით მოტყუებულები მათგან და ასე შემდეგ.  ხანგრძლივად მჯეროდა ამ ყველაფრის, მაგრამ ცხადია უკვე თანამედროვე პერსპექტივიდან, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ასეთი გაუფასურებულ შეხედულებას, რადგან უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩემს ცნობიერებაში მოხდარი გარდატეხის მსგავსი ცვლილება ბევრმა ადამიანმა განიცადა. სწორედ ამიტომ გახდა შეუქცევადი საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პროცესი შეუქცევადი.

რა თქმა უნდა, ის წუთები და ის სამარისებული დუმილი, სანამ ჯარი შემოვიდოდა, პატრიარქის მოწოდებაზე უარი რაღაცნაირი ავის მომასწავლებელი შეიძლება იყო,  შთამაგონებელი მომენტიც იყო იცით?! ეს არ იყო უბრალო გაყურსვა, ეს იყო მიახლოება აი იმ მენტალურ გარდატეხასთან, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.  

იმ პერიოდში მამარდაშვილის ერთ-ერთი ლექცია დამამახსოვრდა და საჭიროა გახსენება.  მან თქვა, რომ აი ასეთი დემონსტრაციებისას პიროვნება იკარგება, ითქვიფება მასაში და ის იქცევა ბრბოდ. ამ აზრს ძალიან სერიოზული პროტესტი მოჰყვა ლექციის ერთ-ერთი მონაწილისაგან, ერთ-ერთი მსმენელისაგან, რომელიც იყო მხარდამჭერი ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და მაშინ მე, ასევე სტერეოტიპულად, ვიყავი მამარდაშვილის მხარეს და ვეთანხმებოდი იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირი უტყვი მორჩილები ვიყავით პროცესში. დღეს   ამ პერსპექტივიდან მე უკვე მიჭირს დავეთანხმო მამარდაშვილის შეფასებას, რომ ეს ცნობიერებადაბინდული ან ცნობიერების უნარდაქვეითებული ადამიანების ერთობა იყო. ამას მე ვერ დავეთანხმები , რადგან ახლა უფრო ცხადად ვხედავ, ვწვდები იმ მენტალური ტრანსფორმაციას, რაც მაშინ მე დამემართა, რაშიც ჩავვარდი. ასევე ვხედავ ამ გარდასახვის ღირებულებას იმჟამინდელი და თანამედროვე საქართველოსთვის. სხვათა შორის, ბატონ მერაბთან მოკამათეთაგან დამახსოვრებული მხოლოდ ანგაჟირებული, კომიკური და ანეკდოტური ტიპაჟები არიან, ვიდრე ისისნი, ვის არგუმენტებსაც იგი უსმენდა და აფასებდა. ასეთი იყო ფილოსოფოსი მანანა მეგრელიძე. მაგრამ, სამწუხაროდ ამ დებატის რეკონსტრუქციაც კი ახლა შეუძლებელია. მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ამ ორ ფილოსოფოსს შორის დებატის თემა იყო დებულება „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ , რომელიც ზოგიერთმა ულტრაპატრიოტმა სამშობლოს წინააღმდეგ წასვლად და ოიკოფობიად ჩაუთვალა მამარდაშვილს. დადიოდა ხმები, რომ სიტყვით გამოსვლისას (ეს იყო „სახალხო ფრონტის „ კრება) თითქოს ბატონ მერაბს დაუსტვინეს, მაგრამ ეს სიცრუეა. არანაირი სტვენა და უხეში მოპყრობა არ ყოფილა. პირიქით, ეს იყო სააზროვნო სიტუაცია, რომელიც შექმნა მამარდაშვილმა. უკვე დღევანდელი პერსპექტივიდან, „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“, რამდენიმეგვარად იკითხება.  თუ ჩვენ მას შევხედავთ, როგორც ჭეშმარიტების შესახებ დებულებას, აუცილებლად დავეთანხმებით.  მაგრამ ეს დებულება, როგორც პოლიტიკური და სოციალური პროცესის აღმწერელი, აუცილებლობით მოითხოვს სამშობლოს და სახელმწიფოს, როგორც ჭეშმარიტებას. ეს იგივეა, რაც გალაკტიონმა (მართალია პოეტმა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხის მონაწილემ) თქვა 1920 წელს: „საქართველო – უპირველეს ყოვლისა!“ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლშევიკურ საქართველოში ავტორმა ეს ფრაზა შეცვალა ფრაზით „პოეზია – უპირველეს ყოვლისა!“
სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საღ აზრს, ჯანსაღ პოლიტიკურ დებატს, სამოქალაქო და პოლიტიკურ თანხმობას და შეთანხმებას მრავალი მტერი გამოუჩნდა. დაიწყო დაყოფა „ჩემიანები-მტრები“. მოკლედ, მტერი თუ არ გყავდა, ადამიანი არ იყავი. ეს „მტერი“ შეიძლება ყოფილიყო პარტიული, ეთნიკურად არაქართველი, არა მართლმადიდებელი, სხვაგვარად მოფიქრალ-მიაზროვნე. მახსოვს, ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ოთარ ჯიოევს ( ცნობილი, ძალიან პატივსაცემი, ნიჭიერი მოაზროვნე) ლამის სახალხოდ მოსთხოვა მისი ოსობის მონანიება და საჯაროდ ქართველების გვერდით დადგომა ოსების წინააღმდეგ, რადგან სწორედ ქართველებმა მოგანიჭეთ პროფესორობა და აკადემიკოსობაო. მოკლედ, თითქოს ბატონი ოთარის ნიჭმა და შრომამ კი არ განაპირობა მისი აკადემიური სტატუსი, არამედ თურმე ქართველებმა ვუფეშქაშეთ. ასეთი აბსურდული, აწ უკვე კომიკური (მაგრამ მაშინ ძალიან სახიფათო) დებატები ძერწავდნენ „მტრის“ ხატს და სწორედ მათი მეცადინეობით აგიზგიზდა სამოქალაქო ომი და სხვა პოლიტიკური კონფლიქტები საქართველოში. ცხადია, ამ პროცესებს ქართველები ხელს ვუწყობდით, მაგრამ მთავარი ბიძგის მიმცემი ჩვენი ჩრდილოელი , ვერაგი მეზობელი იყო, მთელი მისი აგენტურითა და მეკავშირეებით.

ეს ჩვენი „დიდი ძმა“ რადიკალიზაციაზე მუშაობდა სერიოზულად, რომ საზოგადოებაში მაკონსოლიდირებელი სულისკვეთება ჩაეკლა და მრავალი პოლარიზებული მხარე და თემა შემოეგდო – მხოლოდ ერთი აზრია, ჭეშმარიტი და ხელუხლებელი, ეჭვგარეშე, ხოლო ყველა დაეჭვებული, ყველა სხვა აზრის მქონე მტერია. აი ამაზე მუშაობდა, ჩემი აზრით, რუსეთი (თავისი აქაური ნეოკომკავშირლებისა და ნეობოლშევიკების დახმარებით) და მოახერხა კიდეც, ამ განხეთქილების ჩამოგდება და მართვა.

ქართული საზოგადოება დიდხანს, დღესაც არ არის ამ რადიკალიზმისგან დაცლილი, სიტუაციის რადიკალიზაციის მსურველთაგან თავისუფალი. უბრალოდ ჩვენ უკვე შეგვიძლია სამოქალაქო და პოლიტიკური პროცესების არა მარტო არტერიების, არამედ – კაპილარების დანახვაც. ჩვენ უკვე შეგვიძლია ამოვიცნოთ სამოქალაქო და პოლიტიკური პროცესების მაორგანიზებელი ენა და მოქმედება, რომლებსაც ნულოვანი კავშირი აქვს რეალურ, ყოველდღიურ, ადამიანურ ყოფიერებასთან და პრობლემებთან.
გამოცდილება, რომელიც მე ჩემი ცხოვრების 30 წელმა მომცა (1989-2019) , ნამდვილად მაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებას, რომ შეუძლებელია ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება: როგორც 1989 წლის 9 აპრილმა განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის შეუქცევადობა, სწორედ ასევე ნებისმიერი თანამედროვე სამოქალაქო პროტესტი განაპირობებს საქართველოში დემოკრატიის, თანასწორობის და სამართლიანობის გამარჯვებას. ეს პროცესი მიდის და არასოდეს გაჩერდება.