fbpx

დეკრეტული შვებულების პოლიტიკა დამოუკიდებელ საქართველოში

ავტორი : ნინო ხელაია, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2017 წლიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.

სტატია პირველად გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკურ ჟურნალში “პოლიტეა”.

საქართველო იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ბოლო სამი ათწლეულია ე.წ. გარდამავალ, ანუ ტრანზიციის პერიოდში იმყოფებიან. ტრანზიციის პერიოდის ანალიზი ძირითადად გაჯერებულია ე.წ. დემოკრატიული პროცესების ანალიზით, ინსტიტუციურ განვითარებასა და საარჩევნო პროცესებზე ინტენსიური დაკვირვებით, ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებზე ფოკუსირებით და ა.შ. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე არის ის, თუ რა გავლენა იქონია ამ პერიოდმა დედებზე, მშობლებზე და მათ შრომით, უფრო კონკრეტულად კი მშობელთა ანაზღაურებული შვებულების უფლებაზე. ეს შეკითხვა განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, როდესაც ტრანზიციის პერიოდი, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ხასიათდება სახელმწიფო დანახარჯებისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების მკვეთრი შემცირებით, ფუნქცია-შეკვეცილი სახელმწიფო ინსტიტუტებით, სახელმწიფოს ლეგიტიმაციის მკვეთრი შესუსტებით და ამის პარალელურად, მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ვარდნით, სიკვდილიანობის ზრდით, მასობრივი გარე მიგრაციითა და ა.შ.

მარიკა კანდელაკის ნახატი

თუ სოციალური პოლიტიკის ამ სფეროში დაგროვებულ სამეცნიერო ლიტერატურას გადავხედავთ, იქ თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სამუშაო ადგილზე თანაბარი უფლებები და ქალებისათვის ანაზღაურებული შვებულების აუცილებლობა, საბჭოთა მემკვიდრეობიდან შემორჩენილი სიკეთეებია. ეს დასავლური წყაროები ყვებიან, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, კეთილდღეობის სერვისების და გენდერული ურთიერთობების სოციალური და ლეგალური ასპექტები გამორჩეული ჰქონდათ; უფლებები და პრაქტიკა კი ერთმანეთს ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დასცილდა: ამ პერიოდში, ოჯახებს უფრო მძიმე ტვირთად დააწვათ მშობლობასთან დაკავშირებული მზრუნველობითი შრომა და შესაბამისად – ავტონომიური შინამეურნეობების, ანუ ოჯახის შენარჩუნება. მაგალითად ქალებს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მიეცათ უფრო მეტი სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებები: ორგანიზებისა და პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელება და ფართო პოლიტიკაში მონაწილეობა რეალობაში შეიზღუდა იმ გარემოებით, რომ მათ ფართო პოლიტიკაზე ფიქრის ნაცვლად ოჯახის გადარჩენის ყოველდღიურ სტრატეგიებზე ზრუნვა და წუხილი მოუწიათ. ამის შედეგად კი მათ მასობივად ვერ ისარგებლეს პოლიტიკური ლიბერალიზაციის იმგვარი სიკეთეებით, როგორიც არის პოლიტიკური შესაძლებლობების გახსნა და პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა. პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში განვითარებულმა საბაზისო სოციალური და ეკონომიკური უფლებების რღვევამ ყველაზე კარგად გახადა თვალსაჩინო გარდამავალი პერიოდის პარადოქსული ხასიათი და სოციალურ მეცნიერებს დაასმევინა შეკითხვა, თუ რამდენად მიემართება საბჭოთა კავშირის მჩაგვრელი სახელმწიფო აპარატის მიმართ არსებული კრიტიკული რეაქციები, საბჭოთა კავშირში არსებულ სოციალურ პოლიტიკას ჯანდაცვის, განათლებისა თუ ბავშვებსა და დედებზე ზრუნვის ჭრილში. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფემინისტური მოძრაობების მიმართ გამოთქმული კრიტიკაცსწორედ იქით მიემართება, რომ ამ მოძრაობებმა ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იმაში დაუშვეს, რომ “სოციალიზმის” ეპოქის სრული დემონიზება მოახდინეს და ამით ზურგი შეაქციეს სოციალური პოლიტიკის ისეთ ფემინისტურ იდეებსა და მიღწევებსაც, როგორიც იყო სრული დასაქმება, ქალთა სოციალური უფლებები და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მათზე დამოკიდებულ პირებზე (ბავშვებზე თუ ხანშიშესულებზე) ზრუნვისას საბავშვო ბაღებითა თუ სამედიცინო საშუალებების მეშვეობით. ამით პოსტ-სოციალისტური ფემინისტური მოძრაობები ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო დაუახლოვდნენ იდენტობის პოლიტიკას და დაივიწყეს სოციალური და კლასობრივი თანასწორობის საკითხები. ამ ყველაფერმა კი პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებებში ხელი შეუწყო ფემინიზმის ცალმხრივ, სრულიად ზედაპირულ, წინააღმდეგობრივ და ხშირ შემთხვევაში არასწორ – როგორც აგრესიულ კაცთ-მოძულე ქალთა აქტივიზმის – გაგებას. ხოლო ფემინისტური მოძრაობა ფართო საზოგადოების თვალში წარმოაჩინა გაუცხოებულ, არასასურველ და არაორგანულ იდეოლოგიად. ამ ყველაფერმა, ინდივიდუალური თავისუფლებების ნარატივის ცალმხრივ გაძლიერებასთან ერთად, არაეფექტური გახადა ფემინისტური მოძრაობების დაპირისპირება იმ სტრუქტურულ უსამართლობებთან, რომელიც ნეოლიბერალურმა რეფორმებმა განაპირობეს, და გზა გაუხსნეს მემარჯვენე პოპულისტურ ძალებს ე.წ. “პატრიოტული” ნარატივებით დაპირისპირებოდნენ მათთვის არასასურველ იდეოლოგიას. 

სოციალური პოლიტიკის ფემინისტური იდეური ბაზისის ზოგიერთი ასპექტის გამოსარკვევად, თვალი გადავავლოთ დამოუკიდებელ საქართველოში ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების პოლიტიკას.

საქართველო – ანაზღაურებული დეკრეტის საკანონმდებლო რეგულირება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

თანამედროვე საქართველოში ხშირად გვსმენია, რომ შვილის ყოლა მრავალ ფინანსურ საზრუნავთან არის დაკავშირებული, ხოლო სახელმწიფო არ გამოირჩევა ახალშობილისა და მათ მშობელთა მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით, როდესაც საქმე მათ სოციალურ დაცულობას ეხება. ამის გასაგებად, გადავხედოთ არსებულ რეგულაციებს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურების წესს აწესრიგებს.

90-იანი წლების შემდგომ, საქართველოში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი რამოდენიმეჯერ შეიცვალა. 2014 წლამდე,  დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 6 თვის ნაცვლად 4 თვეს შეადგენდა. 2014 წელს ასახული ცვლილებებით, საგრძნობლად გაიზარდა დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა, მათ შორის – ანაზღაურებადი შვებულებისაც. ამავდროულად, 2014 წლის შემდეგ, გაიზარდა დახმარება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს და 600 ლარის ნაცვლად 1000 ლარი შეადგენა. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობა (ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი”; საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე” №231/ნ 2006 წლის 25 აგვისტო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება “დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ” №281/ნ 2007 წლის 25 სექტემბერი) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების ფორმებს შემდეგნაირად აარეგულირებს: 

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ყველა პირისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიუხედავად ამისა, კანონმდებლები მაინც განასხვავებენ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირების მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების პრაქტიკას და მის ოდენობას.  ეს განსხვავება ძირითადად შეეხება ანაზღაურების ოდენობას.

ასე მაგალითად, თუ საჯარო სექტორში დასაქმებული ქალი გადაწყვეტს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გამოყენებას, მას სრულად აუნაზღურდება კანონით გათვალისწინებული 183 დღე, მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამას ძირითადად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ( №231/ნ 2006 წლის 25 აგვისტო „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის” დამტკიცების თაობაზე) აწესრიგებს.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ რეგულირდება დეკრეტული შვებულების საკითხი კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, უნდა ჩავიხედოთ შრომის კოდექსში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში (№231/ნ 2006 წლის 25 აგვისტო „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის” დამტკიცების თაობაზე). კანონის მიხედვით, კერძო დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება აანაზღაუროს დეკრეტული შვებულების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო დასაქმებულს სთავაზობს ერთჯერად – 1000 ლარამდე დახმარებას. საინტერესოა, რომ კერძო დასაქმებულის მიერ გამოყენებული შვებულების სახელმწიფო ანაზღაურებას კანონი “დახმარებას” უწოდებს. იმაზე, თუ რა რაოდენობის დახმარებას გადაიხდის სახელმწიფო კერძო სექტორში დასაქმებული ქალის დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებლად, მოქმედებს ასაღები ხელფასის ანაზღაურების პრინციპი და შემდეგნაირად გამოითვლება: სახელმწიფო დახმარების მაქსიმალური ოდენობაა 1000 ლარი, თუმცა, ამ რიცხვმა შესაძლოა დაიკლოს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად დასაქმებულის ქალის თვიური ანაზღაურება 100 ლარია. ასეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებულმა ქალმა ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების სრული 183 დღე (ანუ ექვსი თვე) აითვისა, მას სახელმწიფო აუნაზღაურებს მხოლოდ 600 ლარს, რაც მის მიერ 183 დღის (ექვსი თვის) განმავლობაში ასაღები ხელფასის ოდენობის ტოლი იქნება. ხოლო, თუ მისი თვიური ანაზღაურება წარმოადგენს 2000 ლარს, ის ექვსი თვის განმავლობაში მაინც მხოლოდ ერთჯერად 1000 ლარს აიღებს, რადგანაც დახმარების სახით გასაცემ მაქსიმალურ თანხად 1000 ლარია განსაზღვრული.

სახელმწიფოს მიერ, კერძო დასაქმებულისთვის დახმარების გაცემის პრინციპის უკეთ აღსაქმელად, გთავაზობთ ცხრილს:

კერძო დასაქმებულის ერთი თვის ხელფასის ოდენობადეკრეტული შვებულების პერიოდში (183 დღე/6 თვე) გამოსამუშვებელი თანხასახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში (183 დღე/6თვე) გაცემული დახმარება
100 ლარი600 ლარი600 ლარი
300 ლარი1 800 ლარი1 000 ლარი
500 ლარი3 000 ლარი1 000 ლარი
1000 ლარი6 000 ლარი1 000 ლარი
2000 ლარი12 000 ლარი1 000 ლარი

ამდენად, ვინაიდან კერძო დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება რომ დასაქმებულს აუნაზღაუროს დეკრეტული შვებულება და აქ დეკრეტული შვებულება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაღებული დახმარებით შემოიფარგლება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება საერთოდ არ გააჩნია. ცხადია, არსებობს კერძო დამსაქმებლების ინდივიდუალური კეთილი ნების გამოხატვის მაგალითები, თუმცა ამ, ისევე როგორც სოციალური პოლიტიკის ნებისმიერი სხვა საკითხის კეთილი ნების მოლოდინში დატოვება გაუმართლებელია და მას ცხადია რეგულირებული ხასიათი უნდა გააჩნდეს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, ქვემოთ მოცემულ ცხრილში, კერძო და საჯარო სამსახურში დასაქმებული მშობელი დედების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებებია შედარებული. იმ შემთხვევაში, თუკი მათი თანამდებობრივი სარგო ორივეგან თანაბარია და  1000 ლარით განისაზღვრება, შვებულების ანაზღაურება მთელ პერიოდზე შემდეგნაირად გადანაწილდება (გრაფა არ ითავლისწინებს დამატებით სარგოს სამხედრო ან სხვა წოდებისათვის, რომელიც მხოლოდ საჯარო მოხელისთვისაა გათვალისწინებული):

სახელწოდება:საჯარო მოსამსახურეკერძო დასაქმებული
ანაზღაურების სახეშვებულების ანაზღაურებადახმარება
შვებულების ხანგრძლივობა:730 კალენდარული დღე730 კალენდარული დღე
აქედან ანაზღაურებადი183 კალენდარული დღე183 კალენდარული დღე
აქედან ანაზღურებადი მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში200 კალენდარული დღე200 კალენდარული დღე
შვებულების ანაზღურების მაქსიმალური ოდენობამკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვა არ არის1000 ლარი
შვებულების სრულ ვადაზე ასაღები ანაზღურება6000 ლარი1000 ლარი

დღეს არსებული მოწესრიგებითა და პრაქტიკით, 1000 ლარს როგორც საჯარო ისე კერძო მოსამსახურის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს. საჯარო მოსამსახურის ანაზღაურებას, საჯარო დაწესებულება თავისი ბიუჯეტიდან შეავსებს იმ ოდენობამდე, რა ოდენობაც მოხელეს ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში უნდა გამოემუშავებინა. რაც გრაფაში მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში როდესაც დასაქმებულებს თანაბარი ხელფასები აქვთ, საჯარო მოხელე 5000 ლარით მეტს მიიღებს.

დეკრეტული ანაზღაურებისა და დახმარების გაცემის არსებული რეგულირება თითქმის არ ითვალისწინებს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო საჭიროებებს ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში, და ოჯახის ახალშობილ წევრთან დაკავშირებულ დამატებით ფინანსურ ტვირთს. ამ ყველაფერზე, მშობლებმა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორში დასაქმებულმა მშობლებმა, არსებული სამსახურებისაგან დამოუკიდებლად უნდა იზრუნონ.

მამების საკითხი

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, მამებს დეკრეტული შვებულების ის ნაწილი ეხებათ, რომელიც მხოლოდ ბავშვის მოვლის კომპონენტს გულისხმობს. ბავშვის მოვლის გამო, დეკრეტული შვებულების ვადა 550 კალენდარული დღით განისაზღვრება, რომლიდანაც ანაზღაურებადი 90 კალენდარული დღეა. საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი დედას არ აქვს აღებული ანაზღაურებადი შვებულება. რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულ მამებს, შრომის კოდექსში გენდერული კუთხით სპეციფიური ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტო მათზე დეკრეტული შვებულების გამო დახმარებას საერთოდ არ გასცემს. 

ბავშის მოვლის გამო შვებულებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მშობლებს პრაქტიკულად უწევთ არჩევანის გაკეთება იმის შესახებ, თუ რომელი მათგანი აიღებს შვებულებას – დედა თუ მამა, ვინაიდან ორივე მშობელს ერთდროულად არ ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულებით. არსებულ სიტუაციაში, ვინაიდან დედა უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებს ანაზღაურებად შვებულებას, ბუნებრივია, თუ მშობლები უფრო პრაქტიკულად მიიჩნევენ, რომ მამის ნაცვლად მხოლოდ დედამ ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. მით უმეტეს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულ მამას საერთოდ არ ეძლევა დახმარება. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მამები საქართველოში ნაკლებად ან თითქმის არ იღებენ შვებულებას, ბავშვზე ზრუნვაში ჩართულობის ნაცვლად, ისინი იძულებულები არიან უპირველესად ხელფასის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკანონმდებლო რეგულირება მშობელ მამებთან დაკავშირებით, მთელ რიგ უთანასწორობებს იწვევს როგორც შრომის გადანაწილების, ისე ბავშვთან გატარებული დროისა და მისი მოვლის თვალსაზრისით.

დასკვნა

საქართველოში, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების არსი დაცლილია მისი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობისგან და ბოლო წლებში გატარებული ცვლილებების მიუხედავად, მაინც სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 

დეკრეტული ანაზღაურებისა და დახმარების გაცემის არსებული წესი, განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოში არსებული სრულიად დაუხვეწავი სოციალური უსაფრთხოებისა და დაცვის პირობებში, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის არ ითვალისწინებს მშობელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, მასთან დაკავშირებულ სამედიცინო საჭიროებებს და არც ოჯახის ახალშობილ წევრთან დაკავშირებულ დამატებით ფინანსურ ტვირთს. 

დეკრეტის ანაზღაურებული შვებულების საკითხში, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ის საკანონმდებლო ჩარჩოა, რომელიც კერძო დამსაქმებელს კანონით პირდაპირ არ ავალდებულებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო მოთხოვნილი შვებულების ანაზღაურებას. სულ მცირე, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორში არსებული ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება გაუტოლდეს საჯარო სამსახურში დამკვიდრებულ მინიმალურ სტანდარტს.

საყურადღებოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახლადამოქმედებულ რედაქციაში ქვეყნის სტატუსი სოციალური სახელმწიფოთია განსაზღვრული. ამავდროულად, არსებობს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების კუთხით უთანასწორობის ლეგიტიმაციას წარმოადგენს, რაც  ერთი და იგივე უფლების მქონე მოქალაქეებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არათანაბარ განაწილებას გულისხმობს და არღვევს სოციალურ სამართლიანობას კერძო და საჯარო სფეროში დასაქმებულებს შორის.

ამასთან, გასათვალისწინებელია ოჯახში ახალშობილზე ზრუნვასა და  ურთიერთობებთან დაკავშირებული ფინანსური, სოციალური, ფსიქოლოგიური და კულტურული საჭიროება როგორც დედებისთვის, ისე – შვილებისა და მამებისთვის. შვებულების ანაზღაურებისადმი ქვეყნის პოლიტიკა, ზემოთ ჩამოთვლილი რიგი პერსპექტივიდან თავიდან არის გადასააზრებელი, რომლის შემდგომი უზრუნველყოფაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა განხორციელდეს.

დეკრეტული შვებულების იდეალური მოდელიევროპულ დონეზე, დეკრეტული შვებულების იდეალური მოდელად ის მოიაზრება, რომელიც შრომის დანაწილებაში გენდერულ თანასწორობას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს. იდეალური მოდელი განსაზღვრავს 14 თვიან, ე.წ. კარგად ანაზღაურებულ შვეულებას, საიდანაც შვებულების ნახევარი შენახულია მამებისათვის. მთლიანობაში, იდეალური პოლიტიკის განსაზღვრისას, მნიშვნელობა ენიჭება სამ კომპონენტს: 1) შვებულების ხანგრძლივობას, 2) მის ანაზღაურებად ხასიათს 3) და იმ კომპონენტს, რომ შვებულების გარკვეული დრო მამებისთვისაც იქნას შემონახული.  ევროკავშირის ქვეყნების ტენდენცია დეკრეტული შვებულების სტანდარტიზაციისკენ მიდის, რომელთა მიზანია უფრო მეტად დაუკავშირდნენ იდეალურ მოდელს და უზრუნველყოს ერთის მხრივ დედების ჩართულობა ანაზღაურებად შრომაში, და მეორეს მხრივ, მამების ჩართულობა ოჯახთან დაკავშირებულ მზრუნველობით საქმიანობაში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.