fbpx

ივანე ჯავახიშვილი, მოხსენება ქართულ უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ

ივანე ჯავახიშვილი, მოხსენება ქართულ უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი, I კორპუსი

საქართველო ძველად იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ დაწინაურებულ დიდ სახელმწიფოებსა და ერებს, ბერძენ-ბიზანტიელებს,სპარსელებს და არაბებს განათლებითა და შემოქმედებითი სამწერლობო მოღვაწეობით კვალ-და-კვალ მისდევდა. იყო დრო, XII საუკუნეში მაგალ-ითად, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა მცირე აზიასა და მახლობელ აღმოსავ-ლეთში ამ მხრივ უმაღლესს ხარისხს მიაღწიეს. მაშინ განათლებასა და მწერლობას უფრო რომ საეკლესიო ელფერი ედვა და განსაკუთრებით მონასტრებში იყო მათი ცხოველმყოფელი კერა. მსწრაფლ რკინის გზებისა,ორთქმავალ გემებისა და ტელეგრაფის უქონლობის დროსაც საქართველოს ისე ჰქონდა საქმე მოწყობილი, რომ მაშინდელ დაწინაურებულ ქვეყნებთან მაინც მუდმივი და პირდაპირი კავშირი არსებობდა: ჩვენ წინაპართა დაუცხრომელმა მხნეობამ და სულიერ განვითარებისა და ცოდნის მოყვარეობისადმი შეუფერხებელმა მისწრაფებამ ქართველობას საზ-ღვარგარეთაც ისეთი დაწესებულებანი შეუქმნა, რომელთა წყალობით საქართველოს საშუალება ჰქონდა მეზობელთა სამეცნიერო, სამწერლობო და საკულტურო წარმატებისათვის თვალ-ყური ედევნებინა და რაც მის-თვის საჭირო იყო დროზე შეეთვისებინა კიდეც. ქართველებს თავიანთი განთქმული მონასტრები უცხოეთში ბიზანტიის სახელმწიფოში სწორედ ისეთ ადგილებში ჰქონდათ, სადაც მაშინ სამეცნიერო-სამწერლობო, ან რაიმე საკულტურო შემოქმედებითი მუშაობა იყო გაჩაღებული, სადაც მა-შინდელ განათლების ცენტრი იყო. ქართველთა მონასტრები სინას მთაზე და პალესტინაში, შავს მთაზე ანტიოქიის მახლობლად, ათონზე და პეტრიწონში სწორედ იმ დაწესებულებებად იყვნენ, რომელნიც საქართველოს მაშინდელ დაწინაურებულ ქვეყნებთან აერთებდნენ. მათის წყალობით ქართველობას უცხოეთში ქრისტიანულ კულტურის წიაღში წარმო-შობილ ყოველ ახალ მიმართულებისა, ახალთახალ შესანიშნავ თხზულებისა და გამოჩენილ მოღვაწის შესახებ ცნობები ჰქონდა ხოლმე. მათმა დაუღალავმა შრომამვე ქართველი მწერლობა ბერძნულ შემოქმედების მრავალ შესანიშნავ ძეგლთა თარგმანით გაამდიდრა. ეს უცხოეთში მყოფი ქართული გამოჩენილი მონასტრები იმის გარდა, რომ წიგნის ბეჭდვისა,ორთქლისა და ელექტრონის ძალის უცოდინარობის ხანაში საქართველოს, როგორც აღნიშნული იყო, საშუალებას აძლევდენ ბიზანტიის წარ-მატების ყოველ ნაბიჯის გადადგმა სცოდნოდა. ისინი ამასთანავე თავის მნიშვნელობით, ცოტა არ იყოს, სხვადასხვა ერთა უცხოეთში მყოფ თანამედროვე სამეცნიერო ინსტიტუტებსა, სადგურებსა და მისსიებს მიემ-სგავსებოდენ (მაგ. ფრანგულ და გერმანულ საარქ[ეოლოგიო] ინსტიტუტებს, ბიოლოგიურსა და სხვაგვარს სადგურებს).

თვით საქართველოშიაც უმთავრესს სამეცნიერო, სამწერლობო და საკულტურო მუშაობას მონასტრებში ჰქონდა მყუდრო კერა. აქ, ისეთს განთქმულს მონასტრებში, როგორიც იყო შიომღვიმისა, შატბერდისა,წყაროსთავისა, ოთხთა ეკლესიისა, გელათისა და მრავალ სხვა მონასტრები, მოღვაწეოდენ ცნობილი ქართველი მოძღვარნი, მეცნიერნი ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი და მთარგმანებელნი5, სჯულის მეცნიერნი,უცხო ენათა მეცნიერნი, ისტორიკოსები და ხელოვანნი. როდესაც დავით აღმაშენებელმა მაგალითად გელათის მონასტერი ააგო, მან ყოველ მხრივ განთქმული ქართველი მონაზონები შეჰკრიბა, ქონებრივად უზრუნველჰყო და ისტორიკოსის სიტყვით, „მოძღურად სწავლულებისად, სხვად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა“ აქცია6.

მათთან მოივლტოდენ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარების მონატრული ქართვლი მოზარდი თავობანი. ერთ განთქმულ მოძ-ღვართან სწავლის შემდგომ მეორესთან და მესამესთან მიდიოდენ ხოლმე ცოდნის მოყვარეობის წყურვილის მოსაკლავად. ზოგჯერ უცხოეთში მყოფ ქართულ მონასტრებშიც მიემგზავრებოდნენ ხოლმე ამა თუ იმ განთქმულ ქართველ მეცნიერ ბერ-მოძღვართან სწავლის დასამთავრებლად.ცნობებიც მოგვეპოვება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში თვით უცხოელ სახელოვან მეცნიერებთანა და ფილოსოფოსებთანაც მუშაობდენ ხოლმე, როდესაც არჩეულ დარგში საუკეთესო მცოდნე უცხოეთში ეგულებოდათ. თვითეული სახელოვანი მონასტერი მეცნიერებისა, სიბრძნისა და ხელოვნების რომელიმე დარგით იყო განთქმული, თავისი განსაკუთრებული მიმართულება ჰქონდა.

ქართულ ძველ განათლების ისტორიის ერთ-ერთ საგულისხმიერო მოვლენათაგანად მოძღვრობა და მოძღვართ-მოძღვრობა უნდა ჩაითვალოს. მოძღვარნი „უმღვდელო“ მონაზნები იყვნენ, რომელნიც მოზარდ თავობას ასწავლიდენ და ვითარცა გზად ცხონებისად მიმყვანებელნი „სულთა გამკითხველობა“-საც კისრულებდენ. ქართველი მოძღვარი ბერძნულს თავდაპირველს „დიდასკალოს“-ს, ანუ მასწავლებელს და მერმინდელს სომხურს „ვარდაპეტ“-ს უდრის, რომელიც ქრისტიანობის პირველ ხანებში აგრედვე „უღვდელო“ ბერი იყო, ესე იგი ხუცობის პატივი არ ჰქონდა და მღვდელ-მონაზონად არ ითვლებოდა. თუმცა საქართველო-შიც ამ მოძღვრობას თანდათან ელფერი ეცვლებოდა და მოძღვართა მოღვაწეობაში ხალხისათვის განსაკუთრებით „სულთა მკურნალობა“ იყო მიმზიდველი, მაგრამ მაინც ისინი მასწავლებელნი იყვნენ და ვისაც მაშინ უმწვერვალეს მეცნიერების შეთვისება ჰსურდა, ერთ-ერთ განთქმულ მოძღვართან მიდიოდა და სწავლობდა ხოლმე. ამ მოძღვრებას საქართველოში როგორც ეტყობა თავისი წესწყობილება ჰქონია და მოძღვრებს გარდა „მოძღუართ-მოძღუარი“-ც არსებობდა. თვით სახელიც გვაფიქრებინებს, რომ ის ყველა მოძღვრების უფროსი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რომ მასაც უმთავრეს მოვალეობად სასულიერო მეცნიერების მასწავლებლობა ჰქონია, ამას ის გარემოებაც ცხადჰყოფს, რომ მოძღვართ-მოძღვარს მოწა-ფენი ჰყოლია. რაკი მოძღვრებს დიდი პატივისცემა ჰქონდათ მაშინდელ ქართველ საზოგადოებაში დამსახურებული, არც გასაკვირველია, რომ მოძღვართ-მოძღვარიც განსაკუთრებით პატივცემული ყოფილიყოს. მარ-თლაც „კარის გარიგება“7 ამტკიცებს, რომ მოძღვართ-მოძღვარს დარბაზო-ბის დროსაც და ისედაც თვით კათალიკოსზე მეტი პატივისცემაცკი ეკუთვნოდა, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარსა და საჭეთმპყრობელზედაც-კი მაღლა იდგა.

ამ კერძო მასწავლებლობას, რომელიც მეცნიერ, განთქმულ მოძღვართა ხელში იყო, განსაკუთრებულ სამოსწავლო დაწესებულების და სასწავლებლის სახე არ მიუღია, არამედ კერძო ხასიათი ჰქონდა. როცა განთქმული მოძღვარი გარდაიცვლებოდა, თუ მას ღირსეული მოადგილე არ ჰყავდა, თვით საქმეც თავისდათავად ისპობოდა, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის თავოსნობით ათონის მონასტერში და გრიგოლ ბაკურიანის წყალობით პეტრიწონის მონასტერში მუდმივი სასულიერო სასწავლებელიც იყო შექმნილი, სადაც იმ დროის კვალობაზე ბევრი მოწაფეები იყვენ თავმოყრილნი განსასწავლელად.

უცხოეთში მყოფ ქართულ მონასტრებსა და შიგ საქართველოში მომქმედ მონასტრების მუდმივ, დაუცხრომელ სამეცნიერო-სამწერლობო და საკულტურო მუშაობის წყალობით ქართველს ერს მაშინ საშუალება ჰქონდა ერთის მხრით უცხო და მეზობელ ერთა კულტურულ წარმატებას არ ჩამორჩენოდა და მათს დაწინაურების ყოველის ნაბიჯის გადადგმას და ახალ მიმართულებას ფეხდაფეხ მისდევნებოდა.

ჩვენმა ერმა ისიც შესძლო, რომ უკვე იმ დროსვე, სხვებზე ადრე თა-ვისს განათლებასა და მწერლობა-მეცნიერებაში საერო და არაქრისტიანუ-ლი ელემენტებიც შეითვისა, სპარსულ პოეზიის ქმნილებანი შეიტკბო და საკუთარი საერო მხატვრული, სააშიკო-საგმირო და რაინდული ხასიათ-ის მწერლობა შეჰქმნა. სიბრძნისმეტყველებისა და მკურნალობის მეცნი-ერების დარგებშიაც ჩვენი წინაპრები მარტო ქრისტიანულ-ბერძნულ შე-მოქმედების შესწავლით არ დაკმაყოფილებულან, არამედ არაბულ-სპარ-სულ მდიდარ მწერლობითაც უხვად ისარგებლეს. რა გზით და საშუალ-ებით ითვისებდა ქართველობა სპარსელ-არაბთა კულტურის ნაყოფს, ამ-ის შესახებ ჯერ ჩვენ გარკვეული ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ არაბ-ულისა და სპარსულ მწერლობის ღრმა ცოდნა გვაფიქრებინებს, რომ იგი განთქმულ მეცნიერ-მასწავლებლებთან, იქნებ შეიხებთან, ბეჯითი სწავლისა და მუშაობის ნაყოფი უნდა ყოფილიყო. სხვაფრივ წარმოუდგენელია, საიდგან შეეძლო შეეძინა მაგალითად დავით აღმაშენებელს ყურა-ნის ისეთი საფუძვლიანი ცოდნა, რომ მაჰმადიან სჯულის მეცნიერებთან კამათი შესძლებოდა?

სპარსულ-არაბულ მეცნიერებისა და მწერლობის შეთვისებით ქარ-თველობა მაჰმადიანურ ქვეყნებისა და კულტურის ცხოველმყოფელს წყაროსაც დაეწაფა. ამით ქართველთა აზროვნობას ფართო მსოფლმხედველობა გადაეშალა და ბერძნულ-ქრისტიანულ დინჯ და მკაცრ შემოქმედებასთან ერთად მწველ აღმოსავლეთის ლაღი და სიცოცხლით აღსავსე ფერადოვანი კულტურის ნაყოფი იგემა.

ქართველობამ ეს ორი მთავარი კულტურული სამფლობელო ესოდენ გულის სიღრმემდე შეითვისა და თავის შემოქმედებაში განუყოფლად შეაერთა, რომ ქართული კულტურა აღმოსავლეთსაც ეკუთვნის და დასავლეთსაც, ქრისტიანულსაც და მაჰმადიანურსაც. ამით ქართველობამ მაშინდელ მსოფლიო კულტურის შეერთება შესძლო და ამიტომაც არის, რომ მის მაშინდელს გონებრივს და ნივთიერს შემოქმედებას ის ცალმხრივობა არ ეტყობა, რომლითაც ცნობილია იმ დროინდელი ბიზანტიური, სომხური, ასურული და ცოტაოდნად თვით სპარსულ-არაბული მწერლობა და კულტურაც.

ხვარაზმელთა შემოსევამ და მონღოლთა, ხოლო შემდეგ სპარს-ოს-მალთა ბატონობამ როგორც ვიცით საქართველოს წარმატება შეაფერხა და კულტურულად დასცა. ქართული სამეცნიერო და მხატვრული აზრის ბუნებრივი განვითარებაც რასაკვირველია შეაფერხა. ამასთანავე ბიზანტიის თანდათანი დაქვეითების გამო უცხოეთში მყოფ ქართულ მონასტრებს წინანდებურად აღარ შეეძლოთ თავიანთი მაღალხარისხოვანი მოღვაწეობა განეგრძოთ: რაკი თვით იმ ქვეყნებში სამეცნიერო და სამწერლობო შემოქმედება დაძაბუნებული იყო, კულტურა დაეცა, აღარც იქ მყოფ ქართულ მონასტრებს შეეძლოთ თავიანთ სამშობლოში ბიზანტიის გონებრივ წარმატების მოციქულობა გაეწიათ. შემდეგ ხომ როდესაც ბიზანტია პოლიტიკურად დაეცა და მთელი მისი სამფლობელო ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში, უცხოეთში მყოფ ქართულ მონასტრებს კულტურული მნიშვნელობა თითქმის სრულებით დაეკარგათ. საუბედუროდ მონღოლთა ბატონობამ და სხვა მიზეზებმაც საქართველოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის მეზობლებიც, სპარსნი და არაბებიც, კულტურულად დააქვეითა. ამიტომ არც ამ ქვეყნებითგან-ღა შეეძლოთ ჩვენს წინაპრებს ცხო-ველმყოფელ გონებრივ შემოქმედებითა და კულტურული წარმატებით ესარგებლათ. კულტურის კერა უკვე ამაზე უწინარესაც ბიზანტიაში ჩაქრა და თანდათან დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქვეყნებში აენთო.პოლიტიკურად დაცემული და დაუძლურებული საქართველო იმ მხრივაც იყო უბედური და იმიტომაც ჩავარდა უმწეო მდგომარეობაში, რომ მას მეზობლებშიაც დაწინაურებული აღარავინ მოეძებნებოდა და ყოველგვარ აყვავებულ კულტურის ცენტრებს დასავლეთს ევროპაში ასე დაშორებული და მოწყვეტილი იყო. იქ მას არც ათონისა და შავისმთის მსგავსი მონასტრები ან სხვა რაიმე დაწესებულება მოეპოვებოდა, რომ მათი საშუალებით ამ წარმატების მოზიარე გამხდარიყო და არც პირდაპირი კავშირი შეეძლო რომ ჰქონოდა დასავლეთ ევროპის განათლებულ ქვეყნებთან.უამისოდ კი მონღოლთა ბატონობით წელში გაწყვეტილი ქართველობა თავის კულტურულ მდგომარეობის გამოსწორებას როგორ მოახერხებდა?

თუ წინათ ქართული სამეცნიერო ენა საუცხოვოდ შემუშავებული და შესაფერისად მოქნილი იყო, ეხლა მას უკვე არც შესატყვისი ტერმინოლოგია ჰქონდა და აღარც ახალ მსოფლმხედველობისა და მეცნიერების ახალ დარგების მოციქულები მოეძებნებოდა.

აღორძინების ხანაში საქართველოს სრულ განახლებას ამას გარდა ის გარემოებაც აფერხებდა, რომ დასავლეთ ევროპის სამეცნიერო ენაც,ჯერ ლათინური და შემდეგ ახალი ენებიც, საქართველოში უცნობი იყო.ამ მხრივაც ძველ ხანასთან შედარებით ქართველობა მეტად ცუდს მდგო-მარეობაში ჩავარდა: თუ წინათ ბერძნულ და სპარსულ ენის მცოდნენი საქართველოში მრავალნი იყვნენ, განახლებისა და აღორძინების ხანაში XVII-XVIII ს.ს.-ში ლათინური და ახალი უცხო ენები თითქმის არავინ,თითო-ოროლამ თუ იცოდა. ამის გამო ცოდნისმოყვარე ქართველობას თავისი სულიერი წყურვილის მოკვლა მხოლოდ სხვების საშუალობითა და დახმარებით შეეძლოთ. ამგვარ შუამავლებად კათოლიკეთა სამღვდელოება იყო და XVII საუკუნეში, სულ უკანასკნელ ხანებში რუსულ ენის მცოდნენი. მაგრამ კათოლიკე ბერების დახმარება შემთხვევითი იყო, ხო-ლო რუსული სამეცნიერო მწერლობაც მაშინ ახალი ფეხადგმული, მეტად სუსტობდა, ჯერ თავისი სამეცნიერო შემოქმედება არ ჰქონდა და მხო-ლოდ გერმანულითგან და ფრანგულითგან ნათარგმნით იკვებებოდა. ამიტომ როდესაც ქართველები რუსულითგან სთარგმნიდნენ, თითქმის ყოველთვის თარგმანის თარგმანი გამოდიოდა და დედანის ცხოველმყოფელობა აკლდა. უკვე ეფრემ მცირემ სამართლიანად დაჰგმო ესეთნი ნაწარ-მოებნი და ამ გზით ცხადია შეუძლებელი იქმნებოდა ქართული სამეცნიერო მწერლობა დასავლეთ ევროპისას დასწეოდა. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაკი ბერები წინანდებურად მეცნიერებაში და მწერლობაში პირველობას ვეღარ დაიჩემებდნენ და საქართველოშიაც ორივე დარგი თანდათან ერისკაცთა კუთვნილებად იქცა, მონასტრებს მნიშვნელობა დაეკარგათ და არც მეცნიერებისა და არც მწერლობის კერად და უმაღლეს საწავლებლადღა ითვლებოდნენ. საქართველოს მეფეები და მმართველი წრეები მშვენივრად გრძნობდნენ ქართული მეცნიერებისა და მწერლობის აყვავების აუცილებლობას და თითონაც პირადად შრომას და ქონებას არ ზოგავდენ, რომ ჩვენს ქვეყანას ამ უმწეო მდგომარეობითგან თავი დაეღწია. რაკი მონასტრებში უმაღლეს მეცნიერებისა და განათლების ცეც-ხლი უკვე აღარ ღვიოდა, უნდა მათი მაგიერი დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი დაარსებულიყო, თუ რომ ქართველობას გონებრივი დაქვეითება და გაველურება არ ჰსურდა. მართლაც იოანე ბატონიშვილის მი-ერ 10 მაისს, 1799 წელს ტფილისში, შედგენილს საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების პროექტში, რომელიც გიორგი მეფემ დაამტკიცა, ამის შესახებ ერთი საყურადღებო ცნობა მოიპოვება. იოანე ბატონიშვილის პროექტით საზოგადოებრივად რამდენიმე ჯგუფად დაყოფილს საქარ-თველოში სკოლაც ერთგვარი არ იყო. უმაღლეს სასწავლებლებში, რომელშიაც „მიებარებოდნენო თავად-აზნაურნი და პირველნი მოქალაქეს შვილები“, საქმე ისე უნდა ყოფილიყო დაყენებული, რომ „მიუჩინოთ მუნ მცოდნენი კაცნი რათა ასწავლიდნენ სამეცნიეროსა სწავლასა და სამხედ-როსაცა, აგრეთვე ენებთა. ამის მოურნედ იყოს განათლებისა მთავარი და ესე აძლევდეს რიგსა და ჯამაგირთა ოსტატებსა“-ო. ქვემოთ იმ ენებისაც არის მოყვანილი, რომელნიც ამ სასწავლებლების მოწაფეებს უნდა შეეთვისებინათ: „სასწავლებლებსა მას შინა ჰსწავლობდენ ქართულსა, სომხურსა, თათრულსა, რუსულსა და თუ შეიძლება ბერძნული და ლათინურიც უკეთესი იქნების“-ო. ამგვარი უმაღლესი სასწავლებელი „სამს ადგილას გაიმართოს სკოლა ტფილისსა, გორსა და თელავსა შინა“-ო.

ამ სამ მაღალ სასწავლებელსა გარდა „იყოს ამაზედ მდაბალი სას-წავლებლები, დუქნები ანუ სახლები. ამასა შინა ისწავლებოდნენ მსახურ-ნი კაცის შვილნი და მდაბლები ვაჭართ შვილები. აგრეთვე გლეხისაც ვი-საც როგორად შეეძლოსთ“-ო. როგორც ეტყობა ამ დაბალ სასწავლებლებშიც ენების შესწავლა სავალდებულო უნდა ყოფილიყო. ყველა ზემოაღნიშნულს მაღალსა და დაბალს სასწავლებლებში „ოსტატები ანუ მასწავლებელნი იყვნენ მეფის ხარჯითა, ხოლო მოწაფენი თვით მშობელთა ხარჯითა ვიდრე შემოსავალთ განვრცობამდე“-ო. მაშასადამე შემდეგში მაინც, სწავლა საქართველოში უფასო უნდა ყოფილიყო. ამ საერო სკოლებს გარდა „ეს სახედვე სასულიერო სასწავლებლები იყო განწესებით და ამის მოურნეობა კათალიკოსს და სულიერსა მთავარს“-ო. (პეტრეს ქა-ლაქის საჯარო სამკითხველოს იოანე ბატონიშვილისეული წიგნთსაცავის ხელთნაწერი N 15, თავი „მეორმოცდა მეთვრამეტე“).

ზემონათქვამიდან ცხადია, რომ 1799 წელს აღმოსავლეთს საქართველოში სამ ლიცეუმის მსგავს უმაღლეს სასწავლებლის გახსნა ყოფილა გადაწყვეტილი, სადაც ქართველ მოზარდ თაობისათვის „სამეცნიერო სწავლა“ და ექვსი ენა უნდა შეესწავლებინებინათ. ეს გეგმა მხოლოდ იმიტომ არ განხორციელდა, რომ რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და არამცთუ მაშინ, აქამდისაც, 117 წლის განმავლობაში, როგორც ვიცით, მთელს ამიერკავკასიაშიცკი ერთი რუსული უმაღლესი სასწავლებელიც-კი არ გაუხსნია. ქართულის გახსნის უფლება ხომ ბოლო დრომდის არავის არ ჰქონდა.

მას შემდგომ რაც რუსთა მთავრობამ 1783 წელს დადებული ხელ-შეკრულობა წარბშეუხრელად დაარღვია და საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო, ყველა დაწესებულებათაგან ჩვენი დედა ენა განდევნა, სკო-ლაც კი არ დაინდო და დაბალსა და საშუალო სასწავლებლებში რუსული გააბატონა, რაღა მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის მთავრობას ქართველთა გულის ნადებზე, ქართულ უმაღლეს სასწავლებლის დაარსებაზე ეზრუნა. პირიქით, არას დროს ჩვენი ერი ისეთს განსაცდელში არ ყოფილა, რა განსაცდელიც ქართველობას რუსთა მთავრობის წყალობით XIX საუკუნეში თავს დაატყდა. ქართულს ენას სავარჯიშო ასპარეზი მოუსპო, არც სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, არც სა-სამართლოსა და სკოლაში მისი ხმა აღარ ისმოდა. მას სამოქმედო ასპარეზად მხოლოდ ეკლესია და თეატრი-ღა დარჩა, მაგრამ პირველშიაცკი მთავრობამ მას სრული თავისუფლება არ შეუნარჩუნა. ერთბაშად ისე მოხდა, რომ ქართული ქართველთა მეცნიერებისა და ხელოვნების, სარწმუნოებისა და კულტურის უზენაეს სულისკვეთების გამომხატველ ნაზ და მომხიბლავ იარაღად კი აღარ იყო, არამედ დაბალხარისხოვან ტომის ენის მსგავსად მხოლოდ შინაურობაში სახმარებელად, „საყველპუროდ“ იქცა. ქართული სამეცნიერო ენა XVIII საუკუნეში და XIX საუკუნის დამ-დეგს ქართველ მეცნიერთა დაუღალავ შრომის წყალობით გამოცოცხლებული ზემოაღნიშნული პირობებისა და გარემოებათა გამო ისე დაეცა და ჩამოქვეითდა, რომ განათლებული ქართველი სულიერად გადაგვარდა და თავის უგულითადეს და უწმინდეს გრძნობებისა და აზრების ქართულად გამოთქმა ძლივსღა ეხერხებოდა. ჩვენი ენა საუკუნოებით შემუშავებული და მდიდარი უცხო გავლენით წაირყვნა და შესაბრალისად გაღატაკდა. თუ ჩვენი ხალხი ეროვნულად არ გადაგვარდა და ჩვენმა დედაენ-ამ ესოდენ უმწეო მდგომარეობაშიც თავი შეინარჩუნა, თანდათანობით კვლავ მოღონიერება და ნელნელა აღორძინებაც-კი დაეტყო, მხოლოდ ქართველ მოღვაწეების, პოეტების, მწერლების, დრამატურგებისა და მსახიობთა და თითოოროლა მეცნიერის თავგამოდებულ და დაუცხრომელ პირად მხნეობის წყალობით. ეკლიანი და საძნელო იყო მათი გზა, შემაძრწუნებელი იყო მათი მდგომარეობა, რაკი საზოგადოების შეუგნებლობისა და რუსთა მთავრობის მსახველ მტარვალობის გამო, იმ თავგანწირულ მუშაკებს მარტოდ-მარტოთ და მხოლოდ საკუთარი თაოსნობითა და ძალღონით უნდა ეწარმოებინათ თავიანთი საყვარელი ეროვნული საქმე.მაგრამ მათმა წმინდა სულისკვეთებამ და სპეტაკმა, უანგარო მოღვაწეობ-ამ შედარებით უხვი ნაყოფი გამოიღო: ჩვენმა ენამ ძალა მოიკრიფა, პოეზია არამცთუ გამოცოცხლდა, არამედ შემოქმედების მშვენიერი ძეგლებიც კი შეგვძინა. ქართული ენა საზოგადოებრივ დაწესებულებებში კვლავ გაისმა და ეხლა უკვე რამოდენიმე ქართული სამეცნიერო საზოგადოებაც-კი გვაქვს. ღასაკვირველია ჯერ კიდევ ბევრი შრომა და მხნეობაა საჭირო,ქართული მეცნიერებისა და აზროვნების აყვავებამდის ჯერ ბევრი რამე გვიკლია, მაგრამ ყველა გრძნობს, რომ შესაძლებელია ქართულმა აზროვნობამ და ენამ წინანდებურად ლაღად ფრთა გაშალოს, ქართველობამ კვლავ აზროვნების უმწვერვალეს სფერომდე აღმაფრენა შეიძლოს და თავის ამ სულისკვეთებისათვის შესაფერისად მოქნილი და მდიდარი ენა შეჰქმნას. ხოლო თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ჩვენს აღორძინებას მტკიცე საფუძველი ჰქონდეს, ფესვები მაგრად გაედგას და უხვად გაიფურჩქნოს უნდა დაუყოვნებლივ ჩვენს თანამედროვე ვითარებას ჩავუკვირდეთ და საქმის შესატყვისი სამოქმედო გეგმა შევიმუშავოთ, რომლის განსახორციელებლად არაფერი უნდა დავზოგოთ და არავითარ დაბრკოლების წინაშე არ უნდა შევდრკეთ.

საქართველოს თანამედროვე აღორძინება უეჭველია ჯერ კიდევ ძალიან ნორჩია, რომ მას გულმტკივნეული მზრუნველობა არ ესაჭიროებოდეს. ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ არც ერთ ეროვნებასა და ქვეყანას არ შეუძლიან შეუჩერებელი კულტურული ზრდა, თუ რომ მას შესაფერისად განვითარებული და მუდამ წარმატებაში მყოფი მეცნიერება არ აბადია. ერის ყოველი წარმატება, თვით ნივთიერ კულტურის სფეროშიაც-კი თეორიული მეცნიერების წარმატებასა და აღმოჩენებზეა დამოკიდებული. ცნობილია, რომ გერმანიის ქიმიურ ნივთიერებათა და სამღებრო მრეწველობის განმაცვიფრებელი ზრდა გერმანული საქიმიო მეცნიერების დაუცხრომელ წარმატების ნაყოფია. თუ გერმანია ამ მსოფლიო უმაგალითო ომის ტვირთის სიმძიმეს ყველაზე უკეთესად იტანს და ყველგან სადაც იგი მოქმედებას დაიწყობს ხოლმე, მისი ყოველივე ნაბიჯი მიზანშეწონილია, ეს სხვათა შორის იმითაც აიხსნება, რომ თეორიული სოციალური და ჰუმანიური მეცნიერებანიც იქ მაღალ ხარისხამდე არის განვითარებული და მუშაობა შეუჩერებლივ სწარმოებს. რაც უნდა კარგად შეისწავლოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი ტეხნიკის თვით უკანასკნელი აღმოჩენა და საშუალებანი, თუ რომ თეორიული მეცნიერება მას საფუძვლიანად მუდამ ნიადაგს არ უმაგრებს, ამგვარს ცოდნას ვითარცა ნამდვილ ხელოსნურსა მცირედი ღირებულება აქვს და თანდათან უნდა უეჭველად ჩამოქვეითდეს. ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ თუ ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გონებრივსა და კულტურულს ნორჩს აღორძინებას ფესვები გავუმაგროთ, მთელი ჩვენი ძალღონით ქართულ მეცნიერების შექმნას და აყვავებას უნდა ხელი შევუწყოთ. რა გზით?

ჩვენი წარსულის მაგალითითგან ნათლად სჩანს, რომ უმაღლეს მეცნიერებისა და მწერლობისათვის განსაკუთრებული დაწესებულებანი და მეცნიერთა საკმაო რიცხვია საჭირო. როგორც ვიცით ძველად ქართული მონასტრები ჩვენ სამშობლოში და უცხოეთში, მოძღვარნი და მოძღვართ-მოძღვარნი ამ დიად მიზნის განხორციელებას ემსახურებოდენ.

უკვე აღნიშნული იყო, რომ კარგა ხანია რაც ჩვენ ამის მაგიერი არც დაწესებულებანი და არც საამისოდ საჭირო მოღვაწენი საქართველოში ერთად თავმოყრილნი გვყვანან. ის ორიოდე სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც გვაბადია, რასაკვირველია სრულებით საკმარისიც არ არის, მათ საპატიო მუშაობასაც შემთხვევითი ხასიათი აქვს. არქეოლოგიისა, ისტორიისა, ეთნოგრაფიისა, მწერლობისა, მკურნალობისა და ბუნებისმეტყველების გარდა ჯერ ერთი რომ მეცნიერების მრავალი სხვა დარგიც არსებობს და თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წარმატება ყოველმხრივი და საფუძვლიანი იყოს, უნდა იმდენს ვეცადნეთ, რომ ჩვენში მეცნიერება მთელის თავისი მრავალფეროვანებით და მრავალმხრივობით გაფურჩქნოს. მეორე ისა, რომ აწინდელს ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებებში საქებური მუშაობა უნებლიედ სხვათა შორის სწარმოებს. მათი წევრნი სხვა თავიანთ პირდაპირ მოვალეობით არიან დატვირთულნი და ქართულს მეცნიერებას და სამეცნიერო საზოგადოებას შეუძლიანთ მხოლოდ იმდენად ემსახურონ, რამდენადაც მათ მოცლა ექმნებათ. უნებლიედ მათი მუშაობა სამშობლოსათვის მათი გულმოდგინეობის ნამეტანობის ნაყოფია ხოლმე.მეცნიერებას კი მუდმივი და დაუცხრომელი მსახურნი და ქურუმნი სჭირია. ის მხოლოდ, ვინც მთელ თავის ძალ-ღონეს მეცნიერების შესწავლასა და კვლევა-ძიებას ანდომებს, შესძლებს კიდეც, რომ მსოფლიო მეცნიერების მსწრაფლ განვითარებას არ ჩამორჩეს. თუმცა უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებელში მყოფი მეცნიერი ქართველი პროფესორიები, დოცენტები, ასისტენტები და ლაბორანტები არც ისე ცოტანი გვყვა-ნან, როგორც ბევრსა ჰგონია, მაგრამ თითქმის ყველანი რუსეთის და თითო-ოროლა უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში არიან გა-ფანტულნი. ქართული მეცნიერებისათვის სამსახური მათს პირდაპირს მოვალეობას არ შეადგენს და ამის გამო მომეტებული მათგანი იძულებ-ულია მთელი ნიჭი და თავისი ძალღონე რუსულ უმაღლეს სასწავლებ-ლებს შეალიოს. ასე შორიშორს მყოფნი და გაფანტულნი თუნდაც რომ ქართულ მეცნიერებას თავგანწირულ მხნეობით ემსახურონ, ცხადია მაინც ქართულ სამეცნიერო მწერლობას და სკოლას ვერ შეჰქმნიან. ამის-თვის უნდა ერთი ქართული სამეცნიერო უმაღლესი დაწესებულება შეიქმნას, რომლის წევრთა უმთავრესსა და პირდაპირს მოვალეობას მხოლოდ ქართულ მეცნიერებისათვის სამსახური და მის წარმატებასა და აყვავებაზე ზრუნვა უნდა შეადგენდეს. მარტო ამგვარს დაწესებულებას შეუძლიან ქართულ მეცნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების დაუფასებელ,ცხოველმყოფელ კერად და მანათობელად იქცეს.

რაკი ამ აზრის სიმართლე ვგონებ თავისდათავად ცხადი უნდა იყოს, ამიტომ ეხლა ის საკითხიღა გვაქვს გამოსარკვევი, თუ რა სახისა უნდა იყოს ეს ქართული უმაღლესი დაწესებულება. ზოგსა ჰგონია ჩვენში,რომ ასეთ დაწესებულებად სამეცნიერო აკადემია უნდა იყოს და სწორედ სამეცნიერო აკადემიის დაარსება მიაჩნიათ საჭიროდ. მაგრამ სრულებით შემცდარი აზრია. რაკი სამეცნიერო აკადემია რაღაც უუმაღლეს სამეცნიერო დაწესებულებად ითვლება და აკადემიკოსობისათვის არავითარი საგანგებო არც სამეცნიერო გამოცდა და არც ხარისხი არის საჭირო, არამედ აკადემიკოსად ირჩევენ ხოლმე უკვე სახელგანთქმულ მეცნიერებს, ამის გამო სამეცნიერო აკადემიებში საქმე ისეა დაყენებული, რომ ჩვეულებრივ 45-50 წ. უფრო ჯიელი მეცნიერი იშვიათად თუ ეღირსება ხოლმე აკადემიკოსობას. ხოლო რაკი შემოქმედებისა და სამეცნიერო ნაყოფირების ძალა ადამიანს სწორედ 30-50 წლოვანობის ხანაში შესწევს და აზროვნობასაც ამ ხანაში თავისუფალი აღმაფრენა და ჭაბუკური გამბედაობა აქვს, ისე გამოდის, რომ სანამ მეცნიერი უფრო ნაყოფიერი და ძალღონით სავსეა, ის აკადემიკოსად არ ითვლება და როცა უკვე სახელი მოუხვეჭნია და სიბერე ეპარება, ის აკადემიკოსად ხდება. ამასთანავე რათგან აკადემიკოსის მოვალეობაა ახალგაზრდა მეცნიერთ მფარველობა გაუწიოს და მოეხმაროს,ამიტომ აკადემიკოსების მოღვაწეობა დიდ მოუცლელობის გამოც დიდ ნაყოფიერებას ვერ იჩენს. იგი იძულებულია სხვათა და თავის წინამოად-გილეების შრომების გამოქვეყნებას შეალიოს ისედაც უკვე ხანშიშესული პირადი ნიჭი და ძალ-ღონე. ამას გარდა, სამეცნიერო აკადემია ვიწროდ შემოზღუდული სამეცნიერო დაწესებულებაა, მეცნიერების სრული და მთლიანი სამფლობელოს მაგიერ იქ ყველა დარგები კი არ არის წარმოდგენილი, არამედ მხოლოდ ზოგიერთი უმთავრესი. ესეც არის, რომ სამეცნიერო აკადემია მარტო თვით აკადემიკოსებისათვის არსებობს, საზოგადოებასთან მას მცირედი დამოკიდებულება აქვს, მოზარდ თავობასთან ხომ არავითარი კავშირი არა აქვს და ამის გამო მისი მოქმედების და გავლენის სფეროც შედარებით ვიწროდ არის შემოზღუდული. სულ სხვაა უნივერსიტეტი: იქ მეცნიერება მთელის თავის მრავალმხრივობითა და მრავალფერადოვანებით სუფევს, ყველა თავის მიმართულებებით. სამეცნიერო გამოცდებისა და ხარისხების წყალობით იქ ერთად მოღვაწეობენ სიცოცხლითა, ნიჭითა და გამბედავობით სავსე ახალგაზრდა მეცნიერნიც [და] სიბრძნის ბრძმედით გაკაჟებული განთქმული მეცნიერნიც. უნივერსიტეტი ამასთანავე უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებაც არის და იმავე დროს უმაღლეს მეცნიერების სასწავლებელიც, სადაც მოზარდი ახალგაზრდობა და ჭაბუკნი, მომავალი თავობა მეცნიერ-მკვლევართა მოძღვრობითა და ხელმძღვანელობით უმაღლეს მეცნიერებას ითვისებს, სამეცნიერო მუშაობას ეჩვევა და თანდათან მის თანამოზიარედ ხდება. აქ მჭიდრო სულიერი კავშირია მეცნიერთა და მომავალ თავობას შორის. აქ შესაძლებელი ხდება მეცნიერების ცხოველი, შეუჩერებელი მიმდინარეობა და მეცნიერება დაუშრეტელ, ცოცხალ ძალად არის ქცეული. სწორედ ასეთი დაწესებულებაა ჩვენ ქართველებისათვის საჭირო. სამეცნიერო აკადემიისა და უნივერსიტეტის ერთად შენახვა ჩვენ არ შეგვიძლიან და არც იმოდენი ძალა შეგვწევს, ამიტომ ცხადია ჩვენი მოვალეობა უნდა იყოს ქართულ უმაღლეს სასწავლებლის დაარსებაზე ვიზრუნოთ და არა აკადემიაზე. დასავლეთ ევროპის მაგალითიც ნათლად გვიჩვენებს, რომ იქაც ჯერ უნივერსიტეტები იყო, ხოლო შემდეგ აკადემიები გაჩნდა. ჩვენშიაც მომავალი გვიჩვენებს, საჭირო იქმნება (და თანაც შევძლებთ) თუ არა ისეთ ძვირფას დაწესებულების შექმნას, როგორიც სამეცნიერო აკადემიაა?ამ ჟამად-კი ამაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქმნებოდა.

მაგრამ იქნებ უკეთესი იყოს მომავალი ქართულ უმაღლესი სასწავლებელი ტეხნიკური იქმნეს და არა უნივერსიტეტი? მაშინვე უკვე როდესაც ამ რამდენიმე წლის წინათ ტფილისში რუსული უმაღლეს სასწავლებელზე იყო ლაპარაკი, ქართველი საზოგადოების აზრი ნათლად გამოირკვა, მთელი ქართველობა უნივერსიტეტს თხოულობდა და ეხლაც უეჭველია იმავე აზრს უნდა მივდიოთ. ტეხნიკურ სასწავლებლებთან უნივერსიტეტს ის ცხადი უპირატესობა აქვს, რომ უნივერსიტეტში მეცნიერების შემოქმედებითი, დამაწინაურებელი და ამამოძრავებელი ძალა, თეორიული კვლევა-ძიებაა გაბატონებული, ტეხნიკურ უმაღლეს სასწავლებლებში-კი ყურადღება განსაკუთრებით თეორიულ მეცნიერების პრაქტიკულად გამოყენებაზეა მიქცეული. სულ ერთია ტეხნიკურ სასწავლებლებ-შიაც საზოგადო თეორიულ მეცადინეობის სწავლებაც უნდა იყოს და ჩვენ არც ქონებრივად შეგვიძლიან და ჯერ ჯერობით არც იმოდენი კულტურული ძალა შეგვწევს, რომ უნივერსიტეტიცა და რამდენიმე ცალ-ცალკე ტეხნიკური სასწავლებელიც, გინდ მარტო ერთი სრული პოლი-ტეხნიკუმიც შევინახოთ. უნივერსიტეტთან-კი შემდეგში შეიძლება სასოფლო მეურნეობისა და სხვაგვარი ტეხნიკური ინსტიტუტები დაარსდეს. თეორიულ მეცნიერებას სხვებთან ერთად უნივერსიტეტში მოისმენენ და შეისწავლიან, გამოსაყენებელ მეცნიერებათა საგნებს-კი ინსტიტუტებში შეისწავლინ. ამ გზით ხარჯებიც ძალზე შემცირდება და მეცნიერთა რიცხვიც გაცილებით ნაკლები დაგვჭირდება. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ მომზადებული ქართველ მკვლევარ-მეცნიერთა სიმცირე პირველ ხანებში მაინც ძალიან საგრძნობი იქმნება. მაშასადამე ამ მხრივაც ცხადია, რომ ის ქართული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც უნდა დაარსდეს, უეჭველად უნდა უნივერსიტეტი იყოს.

უნივერსიტეტს რომ მარტო სამეცნიერო დაწესებულების თვალ-საზრისითაც არ შევეხოთ, პრაქტიკული მოთხოვნილებაც და თვით ცხოვრება გვაიძულებს უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელი შევქმნათ. ჩვენს ორს ქართულს ვაჟთა გიმნაზიებში, სამს ქალთა საშუალო სასწავლებელში, ქუთაისის საკომერციო სასწავლებელში და საქართველოს საკათალი-კოზოს ორთავე სემინარიასა და ექვსსავე სასულიერო სასწავლებელში,სკოლის მომავალს ნაციონალიზაციასა ანუ გაეროვნულებასაც რომ თავი დავანებოთ, მეცნიერებაში ქართულად განსწავლილი ახალახალი მასწავლებელნი ხომ ყოველთვის საჭირონი იქმნებიან. ნუთუ მასწავლებელმა წინანდებურად უნდა რუსულ უნივერსიტეტებში რუსულად შესწავლილი ხელმეორედ თავისით ქართულად შეისწავლონ? დაბალსა და საშუალო ეროვნულს სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან, თუ რომ ეროვნულს განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს. ან განა ქართულ განახლებულ ეკლესიის სამღვდელოება უმაღლეს ქართულ სწავლა-განათლებას უნდა იყოს მოკლებული? რუსეთში რომ პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენთვის ისე უბედურად შემოტრიალდეს, რომ ერ-ობის მეტს სხვას ვერას ვეღირსნეთ8, განა ამ უკიდურეს შემთხვევაშიც ჩვენთვის ქართულად განსწავლულნი ეკონომისტები, სტატისტიკოსები და ფინანსისტები საჭირონი არ იქმნებიან? ყოველი ქართველი გრძნობს ეხლა, რომ ჩვენი ხსნა დაუცხრომელ შრომაში, კერძო თავოსნობაში და საკუთარ მრეწველობის შექმნაშია. დასავლეთ ევროპისა, ამერიკისა და იაპონიის მაგალითი ცხად ჰყოფს, რომ ამისთვის ერთის მხრით პოლიტიკურ ეკონომიის და საფინანსო მეცნიერების, მეორეს მხრით საბუნებისმეტყველო და ტეხნოლოგიურ მეცნიერებათა წარმომადგენლების მედგარი კვლევა-ძიებაა საჭირო. შეუძლებელია რაიმე ეკონომიურ და საფინანსო პოლიტიკის წარმოება იმ ქვეყნებში, სადაც აღებ-მიცემობისა, მრეწველობის ვითარება და ქონებრივი ძალა გამორკვეული და მეცნიერულად შესწავლილი არ არის. ან როგორ უნდა განვითარდეს ჩვენში თუნდ ქვამადნის დამუშავება, როდესაც ნივთიერების შემადგენლობის გამოკვლევა ადგილობრივ არავის შეუძლიან და ნიმუშები ანალიზისათვის ან რუსეთის, ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში უნდა გაიგზავნოს ხოლმე.ამგვარად ვგონებ ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენი ცხოვრების პრაქტიკული მოთხოვნილებაც ქართულ უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას გვიკარნახებს.

საქართველოს და კავკასიის წარსული და აწმყო, მისი ბუნება და ადამიანი უნდა შეადგენდეს ამ ქართულ უნივერსიტეტის ყოველმხრივ სამეცნიერო კვლევა-ძიების უპირველეს მიზანს. ქართველ ერის ისტორიული ბედი საუკუნეთა განმავლობაში მრავალ სხვა და სხვა კულტუროსან ერის ბედთან იყო დაკავშირებული და თუ დასავლეთ ევროპის მკვლევართათვის აღმოსავლეთის კულტურის შესწავლა უფრო რომ მეცნიერული ცოდნისმოყვარეობის შედეგია, ჩვენ ქართველთათვის და ქართული მეცნიერებისათვის ასურელთა, სპარსელების, ბერძნების, არაბების, სომხების და სხვათა ისტორიისა, მწერლობისა და კულტურის შესწავლა თვით ჩვენივე წარსულისა და აწმყოსათვის არის აუცილებლად საჭირო.

აი ეს არის ქართული უნივერსიტეტისათვის ნამდვილი მეცნიერული მოწოდება და ქართული და კავკასიის ენათმეცნიერების, აღმოსავლეთის და ქართულ ეთნოლოგიისა, ისტორიის, მწერლობისა სამართლისა და კულტურის შესწავლით ქართულ მეცნიერებას კაცობრიობის აზროვნების მსოფლიო საუნჯეში ფასდაუდებელი განძის შეტანა შეუძლიან. მეორეს მხრით ჩვენი სამშობლოს ბუნებაც უძრავი და მოძრავი, უტყვი და მეტყველი იმდენად საყურადღებოა მკვლევარისათვის, ადგილობრივ პირობების გამო თვით კაცის სხვა და სხვა სნეულებას ეგოდენი ჯერ კიდევ შეუსწავლელი, განსხვავებული თვისებები აქვს, რომ აქაც ჩვენ უმაღლეს სასწავლებლის მეცნიერ ბუნების მეტყველთა და სამკურნალო ფაკულტეტს ფართო და საპატიო სამოქმედო ასპარეზი ექმნება. ყოველ ერის მეც-ნიერებას მსოფლიო გონებრივ შემოქმედებისათვის იმოდენად აქვს მნიშ-ვნელობა, რამდენადაც იგი საერთო კაცობრიობის სალაროში საკუთარს წვლილს შეიტანს და თავისებურობას გამოიჩენს. ზემოაღნიშნულითგან ცხადი უნდა იყოს, რომ თუ ქართველი მეცნიერნი თავის მოვალეობას პირნათლად აასრულებენ და საკმაო ნიჭს გამოიჩენენ ქართულს უნივერ-სიტეტს და ქართუ]ლ მეცნიერებას შეუძლიან საჭირო თავისებურობაც გამოიჩინოს და მსოფლიო შემოქმედებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.

ქართულ უნივერსიტეტი ერთსა და იმავე დროს სამეცნიერო კვლევა-ძიების და ცდის დაწესებულებაც უნდა იყოს და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა და სამეცნიერო მუშაობის მეთოდებისა და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქმნება.ამ უნივერსიტეტის პროფესორები და ხელმძღვანელნი მარტო ლექციების მკითხველნი-კი არ უნდა იყვნენ, არამედ უპირველესად ყოვლის მეცნიერნი და მკვლევარნი, რომელნიც თავიანთ ნაშრომებით მეცნიერების წარმატებას უნდა ხელს უწყობდენ და მეცნიერებაში ცხოველ მისაბაძავ მაგალითადაც იყვნენ მოზარდ თავობისათვის.

ეს მოხსენება გამოქვეყნდა გაზეთებში „საქართველო“ (1917 წ. NN212, 213, 216, 218) და „სახალხო საქმე“ (1917 წ. NN 62, 63, 66 და 68), შემ-დეგ კი 1948 წელს დაიბეჭდა თსუ შრომებში (ტ. 33 B).