fbpx

მშრომელების გარეშე დემოკრატია არ იარსებებდა

მშრომელების გარეშე დემოკრატია არ იარსებებდა

▶️ ჟურნალ “იაკობინის” ასოცირებული რედაქტორის, შონ გუდის ინტერვიუ ეველინ ჰიუბერთან, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორთან ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში.

▶️ ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა Jacobin-ზე.

▶️ ქართული თარგმანი მოამზადა ლელა ბეჟუაშვილმა.


დემოკრატია, მთელ მსოფლიოში,  წარმოშვეს არა კაპიტალისტურმა ელიტებმა, არამედ ორგანიზებულმა მუშებმა. 

დემოკრატიის შესახებ დისკუსიები ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა. რთული სათქმელი არაა, რატომ: ბოლსონარო ბრაზილიაში, ტრამპი ამერიკაში, ერდოღანი თურქეთში და ორბანი უნგრეთში – ყველა მიუთითებს ავტორიტარიზმის აღორძინებასა და დემოკრატიული ფორმაციების შემცირებას, თუმცა ამ ყოველივეს გაგება გაგვიჭირდება საყოველთაო დემოკრატიის საწყისის გაგების გარეშე.

„კაპიტალიზმის განვითარებასა და დემოკრატიაში“, რომელიც პირველად 1992 წელს გამოქვეყნდა, აკადემიკოსების სამეული (Evelyne Huber, John Stephens, and Dietrich Rueschemeyer) გვაწვდის მეოცე საუკუნეში არსებული დემოკრატიის ზრდის დეტალურ განხილვას შემდეგი სამი რეგიონის ფარგლებში: ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ლათინური ამერიკა და კარიბები. ტრადიციულად მიღებული ნარატივისგან გადახვევით, ისინი ირწმუნებიან, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის კაპიტალიზმი მნიშვნელოვანია არა პოპულარულ მთავრობასთან მისი ბუნებრივი სიმბიოზის გამო, არამედ იმიტომ, რომ არღვევს ძალაუფლების ტრადიციულ  სტრუქტურებს  და წარმოშობს უფრო ფართო, ორგანიზებულ მუშათა კლასს.  ისინი წერენ, რომ „კაპიტალიზმი ქმნის დემოკრატიულ ზეწოლას მიუხედავად კაპიტალისტებისა – და არა კაპიტალისტების გამო.“

ჰიუბერი (Huber) და მისი თანაავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ან შეწყვიტა ძალაუფლების დანაწილებამ დემოკრატიული ბრძოლები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მდებარეობდა გლობალური პოლიტიკური ცენტრის პერიფერიაში, ლოკალური რეფორმული მოძრაობები შესაძლოა, შეერყია გარე, ძლიერი აქტორების ქმედებებს (მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების). თუ ქვეყანას, ნაკლებად განვითარებულობის მიზეზით, ჰყავდა პატარა მუშათა კლასი, იგი, საუკეთესო შემთხვევაში, ჰქმნიდა დემოკრატიული მმართველობის ლიმიტირებულ ფორმებს. სხვა სიტყვებით, სუსტი დემოკრატიული ფორმების მქონე ქვეყნები
გარკვეულ კულტურულ არასრულფასოვნებას კი არ განიცდიდნენ (და არ განიცდიან), არამედ „ძალაუფლების სისტემებმა“ (constellations of power) შეასუსტა სუბორდინაციული ჯგუფების (მუშები და რასობრივი უმცირესობები) პოლიტიკურ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

წიგნი ეხმაურება დემოკრატიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე არსებულ მცდარ აღქმებს. იგი შეიცავს მნიშვნელოვან აქცენტებს: „მუშათა კლასი იყო ყველაზე თანმიმდევრულად პროდემოკრატიული ძალა,“ – წერს სამივე მეცნიერი.

ჰიუბერმა, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ცნობილმა პროფესორმა,  ისაუბრა ჟურნალ „იაკობინის“  ასოცირებულ რედაქტორთან, შონ გუდთან, წიგნში განხილულ საკითხზე – დემოკრატიის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.

სიტყვა „დემოკრატია“ ძალიან ხშირად გამოიყენება, თუმცა იგი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობისაა. თქვენ, თანაავტორებთან ერთად, წიგნის – „კაპიტალიზმის განვითარება და დემოკრატია“ – შესავალ ნაწილში წერთ: „ჩვენი მთავარი წინაპირობა არის ის,
დემოკრატია ძალაუფლების ნებისმიერ გამოვლინებაზე მაღლა დგას “ შეგიძლიათ ახსნათ, რა იგულისხმეთ აქ და როგორ გავლენას ახდენს იგი დემოკრატიის შესწავლის თქვენეულ მეთოდზე?

ავტოკრატიასთან შედარებით დემოკრატია ნიშნავს  პოლიტიკური ძალაუფლების უფრო ფართოდ გადანაწილებას, ნაბიჯს ნაკლები პოლიტიკური უთანასწორობისკენ და „ერთი პიროვნება-ერთი ხმის“ სიტუაციისკენ, რომლის ფარგლებშიც შედეგი ყოველთვის არ არის ნათელი. 

აღსანიშნავია, რომ ავტოკრატიული ელიტები ნებაყოფლობით არ თმობენ პოლიტიკურ ძალაუფლებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანების ძალდატანებით, რომლებიც ჩამოშორებულნი არიან პოლიტიკურ ძალაუფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავიგოთ „ძალაუფლების სისტემების“ (constellations of power) ფენომენი, რათა გავიაზროთ დემოკრატიის დამკვიდრებისა და გადარჩენის შანსები. “ძალაუფლების სისტემებში”, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, მოიაზრება ძალაუფრებრივი ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს, საერთაშორისო ეკონომიკასა და სახელმწიფოთა სისტემას შორის. 

სამოქალაქო საზოგადოებაში ძალთა ბალანსი დამოკიდებულია დაქვემდებარებული ჯგუფის (მაგალითად მუშების) ორგანიზაციულ ძალაზე. ძალაუფლება საერთაშორისო სისტემაში, როგორც საერთაშორისო ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში, ადგილობრივ დონეზე აყალიბებს კლასობრივ სტრუქტურებს, კლასობრივ ალიანსებს და გარე ზეწოლის მექანიზმებს.

განვიხილოთ ლათინური ამერიკის მაგალითი. საერთაშორისო ეკონომიკაში მისმა, როგორც ნედლეულის ექსპორტიორის პოზიციამ, შეზღუდა ინდუსტრიალიზაციის ხარისხი და შესაბამისად მუშათა კლასის ზომა და სიძლიერე.

გარდა ამისა, მეოცე საუკუნის განმავლობაში  ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა სისტემურად მუშაობდა დემოკრატიის გავრცელების წინააღმდეგ ლათინურ ამერიკაში. ნებისმიერი სახის სერიოზული სოციალური და ეკონომიკური რეფორმა წარმოჩენილი იყო კომუნისტურად და რეფორმისტული მთავრობის ოპონენტები სარგებლობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. 

ეს ყოველივე დაიწყო 1954 წელს გვატემალაში მომხდარი სამხედრო გადატრიალებით გვატემალის მეორე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ჯაკობო არბენსის წინააღმდეგ. მის მიერ განხორციელებულმა მიწის საკუთრების რეფორმამ, გაერთიანებული ხილის კომპანიის უკამყოფილება გამოიწვია. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ირწმუნებოდნენ, რომ ჯაკობო იყო კომუნისტი, რაც ფაქტობრივად უსაფუძვლო იყო. ამის მიუხედავად, CIA-ს ორგანიზებით და დაფინანსებით განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომელსაც შემდგომში ერთ-ერთი დიქტატორი, კასტილო არმასი მეთაურობდა. 

ეს იყო პირველი, სხვა მრავალ მსგავს ქმედებას შორის: 1965 წელს დომინიკის რესპუბლიკაში ინტერვენცია, სამხედრო გადატრიალება ჩილეში (1973), წინააღმდეგობის ომი ნიკარაგუაში (1980-იან წლებში). ცივი ომის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები სრულ და სისტემურ ინტერვენციებს ახორციელებდა, რათა შეესუსტებინა, ან უარეს შემთხვევაში, დაემხო პროგრესული, რეფორმისტული მთავრობები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დემოკრატიული წესების დაცვით იყვნენ არჩეულნი.  

დღესდღეობით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მუშები დემოკრატიის საფრთხეებად არიან წარმოჩენილნი, ხოლო საზოგადოების უფრო განათლებული და შეძლებული ნაწილი – დემოკრატიული ნორმების მოდარაჯეებად. თუმცა, ამგვარი ნარატივი წინააღმდეგობაშია ისტორიულ ჩანაწერებთან.  ისტორიაზე დაყრდნობით, რომელი სოციალური ჯგუფები იყვნენ დემოკრატიის ყველაზე აქტიური მომხრეები?

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მასშტაბური დემოკრატიების განვითარების პროცესში, მთავარ აქტორებს სხვადასხვა ქვეყანაში მცირე ფერმერებსა და საშუალო კლასის სექტორებთან ალიანსში მყოფი ორგანიზებული მუშები წარმოადგენდნენ. ლათინურ ამერიკაში წამყვანი როლი საშუალო კლასმა ითამაშა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სრული დემოკრატია მიღწეულ იქნა მხოლოდ იქ, სადაც არსებობდა ძლიერი მუშათა კლასი.

ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის ბოლო, მესამე ტალღის ფორმირებაში ორგანიზებულ მუშახელს არ უთამაშია წამყვანი როლი, რადგან მათ გაერთიანებებს სასტიკად ასუსტებდა რეპრესიები და „სტრუქტურული რეგულირება“, რამაც გამოიწვია  დეინდუსტრიალიზაცია და სახალხო სექტორის შევიწროება. ლათინურ ამერიკაში დემოკრატიზაციის მესამე ტალღა გამოიწვია ნაწილობრივ ავტორიტარული რეჟიმების თვითგანადგურებამ (მაგალითად არგენტინაში), ხოლო ნაწილობრივ სხვადასხვა ჯფუგების, მათ შორის უმცირესობების, ღარიბების და საშუალო კლასის  სოციალურმა მოძრაობებმა.

დემოკრატიის გავრცელების აღნიშნული მოდელი საკმაოდ კარგად ერგება აზიის, სამხრეთ კორეის და ტაივანის მაგალითებს, სადაც დემოკრაციზაციის პროცესი განცხორციელდა ეკონომიკური განვითარების, გაერთიანებების შექმნისა და მათი პროტესტის (კერძოდ სამხრეთ კორეაში) საშუალებით.  სამხრეთ კორეაში არსებული საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებას. 

რაც შეეხება სუბსაჰარულ აფრიკას, დღემდე მისი მთავარი პრობლემა განვითარების დაბალი დონე და გამომდინარე აქედან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზების შედარებით დაბალი ხარისხია. ამასთანავე, ბევრი ქვეყნისთვის კიდევ ერთი პრობლემაა ეთნიკურად დანაწევრებული საზოგადოებების მობილიზება და ეთნიკურობაზე დაფუძნებული პარტიები, რაც არც ისე სახარბიელო რელიეფს ქმნის დემოკრატიული პოლიტიკისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ მუშები მომზადენულნი იყვნენ ადგილობრივი ბრძოლების მხარდასაჭერად, მათი ერთსულოვანი ქმედება არასდროს ყოფილა გარდაუვალი. რა როლი ითამაშეს გაერთიანებებმა, პარტიებმა და „დაქვემდებარებული კლასის“ სხვა ორგანიზაციებმა დემოკრატიის განვითარებაში?

ამ საკითხის გასაღები კლასობრივი ინტერესების სოციალურ კონსტრუქციებშია. ეკონომიკასა და სოციალურ სტრუქტურაში ერთი და იმავე პოზიციების გაზიარება არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი აღიქვამს საერთო ინტერესებს და ორგანიზდება მათ დასაცავად. ისტორიულად მნიშვნელოვანია იმ აქტორების არსებობა, რომლებიც ახორციელებდნენ მუშათა კლასების მობილიზებას. 

ეს აქტორები იყვნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიები და გაერთიანებები, რომლების დაკავშირებულნი იყვნენ დემოკრატიისთვის მებრძოლ პარტიებთან. ამრიგად, ლიდერების იდეოლოგია მნიშვნელოვანი იყო. იქ, სადაც აქტორები იყვნენ ანარქისტული კავშირების ლიდერები, არ უერთდებოდნენ ამ ბრძოლას. ხოლო, პოპულისტი ლიდერები (მაგალითად, არგენტინაში – ხუან პერონი), ყოველთვის არ იყვნენ დემოკრატიულები, თუმცა დაინტერესებულები იყვნენ მშრომელების სიტუაციის გაუმჯობესებით, რაც ხელს შეუწყობდა ძალაუფლების საფუძვლის მშენებლობას და საშუალებას მისცემდათ, შეენარჩუნებინათ ძალაუფლება, შემდგომში თუნდაც არადემოკრატიული გზებით. 

თქვენ, თანაავტორებთან ერთად, დემოკრატიის აღზევებას აკავშირებთ კაპიტალიზმის აღზევებასთან.  მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული კონცეფცია, რომელიც ხშირად აიგივებს თავისუფალი ბაზრის მქონე კაპიტალიზმს დემოკრატიასთან, არასწორია ემპირიულ დონეზე. ისტორიულად რა კავშირია კაპიტალიზმსა და დემოკრატიას შორის?

მათ შორის კავშირი მდგომარეობდა იმაში, რომ კაპიტალიზმმა წარმოშვა ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესი, რომლებმაც გაამარტივეს დაქვემდებარებული ჯგუფების ორგანიზება. ორგანიზირება წარმოადგენს ძალაუფლების წყაროს – ფაქტობრივად, იგი არის ძალაუფლების წყარო ეკონომიკური ძალაუფლების გარეშე. 

ცნობილია, რომ სოფლის მოსახლეობის, კერძოდ მათი, ვინც დამოკიდებულნი არიან მსხვილ მიწათმფლობელებზე, ორგანიზება საკმაოდ რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ  ქარხნებში, მაღაროებში, რკინიგზებზე ერთად მომუშავე  ადამიანები უფრო მგრძნობიარეები არიან იმ მესიჯების მიმართ, რომლებიც ზრდის მათ სოციალურ-ეკონომიკური პოზიციის ცნობიერებას და მიუთითებს ამ პოზიციის გაუმჯობესების შესაძლო გამოსავალზე, მათთვის  ხმის მიწვდენა უფრო მარტივია. 

ამრიგად, კაპიტალიზმის და ინდუსტრიალიზაციის კიდევ ერთი შედეგი იყო სოფლებში მცხოვრები მუშათა კლასის ურთიერთობების გარდაქმნა და გრძელვადიან პერსპექტივაში მსხვილი მიწათმფლობელების ეკონომიკური და პოლიტიკური დასუსტება. ისტორიულად, სწორედ იაფ და დიდ სამუშაო ძალაზე დამოკიდებული მიწათმფლობელები იყვნენ დემოკრატიის მთავარი მტრები გასაგები მიზეზების გამო. სასოფლო დასახლებების მშრომელებისთვის ინდუსტრიალიზაციის პროცესმა შექმნა ალტერნატივები, რაც დიდ ქალაქებში მიგრაციაში გამოიხატა. 

აგრეთვე, ურბანიზაციამ გაამარტივა საშუალო კლასის ორგანიზება პროფსიულ და კულტურულ ასოციაციებში. როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვინ ახორციელებდა ორგანიზების და პოლიტიკური მობილიზაციის პროცესს. 

ამავე დროს, აკუმულირების ცენტრის გადანაცვლებამ სოფლის მეურნეობიდან ინდუსტრიაში, კომერციასა და ფინანსებში შექმნა ახალი ელიტური სექტორები, რომლებიც იყვნენ მსხვილი მიწათმფლობელების მეტოქეები პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაში. ცხადია, ელიტის კონკურენციის  და ალიანსების განვითარების პროცესი განსხვავდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში ახალი და ძველი ელიტები გაერთიანდნენ. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვნად შემცირდა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რაც  ელიტების მხრიდან სიმდიდრისა და სტატუსის შესანარჩუნებლად, დიდ და იაფ სასოფლო სამუშაო ძალაზე ბატონობის საჭიროების შემცირებაში გამოიხატა.

მოდით, დავუბრუნდეთ დღევანდელობას. მსოფლიოში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალების გაზრდის მიუხედავად, დემოკრატია ბევრ ქვეყანაში განიცდის ეროზიას. როგორ აიხსენება ეს მნიშვნელოვანი ცვლილება?

ცვლილების მიზეზი, ერთი მხრივ, გლობალიზაციის „გამარჯვებულებს“ და „დამარცხებულებს“  შორის მზარდი დაყოფა და ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლა, ხოლო, მეორე მხრივ, საშუალო და მუშათა კლასში სოლიდარული ორგანიზაციების შემცირებაა. 

ისტორიულად, უმეტესად სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან დაკავშირებული გაერთიანებები იყვნენ დემოკრატიის გამავრცელებლები და მხარდამჭერები. ყველა პოსტინსდუსტრიულ საზოგადოებაში და ლათურ ამერიკაში ღია ეკონომიკურ მოდელზე გადასვლის შემდეგ, დეინდუსატრიალიზაციამ გამოიწვია გაერთიანების წევრობის მსურველთა და შესაბამისად ძალის შემცირება. 

აქედან გამომდინარე, გაერთიანებებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, მუშათა კლასის სოლიდარული მესიჯი ეფექტურად მიიტანონ საზოგადოების ფართო მასებამდე. ნაცვლად ამისა, ცოდნის ეკონომიკის ფარგლებში შექმნილ არამდგრად სამუშაო ბაზარზე დასაქმებული არაკვალიფიციური მშრომელების მობილიზება მემარჯვენე, პოპულისტი ლიდერების მხრიდან შესაძლებელია, რამეთუ ისინი  ქმნიან „ჩვენ მათ წინააღმდეგ“  იდენტობის გრძნობასა და ყალბ სოლიდარობას უკეთეს წარსულში დაბრუნების დაპირებით. 

განვითარებადი სამყაროს უამრავ სახელმწიფოში, საუკეთესო შემთხვევაში  – დემოკრატიის სუსტი ფორმები, ხოლო დანარჩენში – ავტორიტარიზმია გავრცელებული. დღეს მუშათა კლასი არის ყველაზე ფართომასშტაბიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რამდენად იმედიანად უნდა ვიყოთ დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით?

პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებში მუშათა კლასი უფრო დანაწევრებული და დიფერენცირებულია. განვითარებად საზოგადოებებშიც კი, არაფორმალურმა ეკონომიკამ გაზარდა და შექმნა უფრო დიდი ჯგუფები, რომელთა ორგანიზებაც ძალიან რთულია. ყველგან შემცირდა სამუშაო ძალის გაერთიანებებში ჩართულობის პროცენტულობა. ტრადიციულმა მუშათა კლასის პარტიებმა დაკარგეს ხმების წილი პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებში. 

გაერთიანებების შემცირების კომპენსირება შესაძლებელია სხვა სოციალური მოძრაობებით. ამრიგად, ჩვენი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, დემოკრატიისა და თანასწორობის ვალდებულების მქონე პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, რათა შევინარჩუნოთ დემოკრატიის ნათელი მომავალი.