fbpx

თვალსაზრისი ვენესუელასა და ჩავიზმის შესახებ

► გაეცანით რეზი ქოიავას თვალსაზრისს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

,,რამდენიმე ფაქტი ვენესუელასა და ჩავიზმზე:

1. ვენესუელა იყო სამხრეთ ამერიკის უმდიდრესი ქვეყანა. ამ სიმდიდრემ მას ცუდი სამსახური გაუწია. ინჟინრები, ექიმები, ბანკირები, მეწარმეები და ა.შ. ქვეყანაში XX საუკუნის შუა წლებში ნავთობის ბუმის დროს ჩამოიყვანეს. ადგილობრივმა თეთრკანიანმა ელიტამ პერეს ხიმენესის დროიდან საკუთარი საშუალო კლასის გაზრდის ნაცვლად მოახდინა მათი იმპორტირება ნავთობიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებით.

2. ჩავიზმის იდეა გულისხმობდა შემოსავლების გადანაწილებას “ცუდი” ბიჭებისგან (თეთრკანიანი ელიტა და მათ მიერ “ნაყიდი” საშუალო კლასი) “კარგ” ბიჭებზე – ინდიელებზე, კრეოლებზე, მულატებზე, სამბოზე. ჩავესის პოპულარობა და მისი მმართველობის პირველი ობიქტური წარმატებები უკავშირდებოდა მასშტაბურ სოციალურ პროექტებს, რომელმაც გაზარდა სოციალურად დაუცველების წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სუფთა წყალზე, სოციალურ დახმარებაზე და ა.შ. ამას თან სდევდა არმიაში მხარდამჭერების გაძლიერება ძალოვანების ლოიალობის ყიდვის საშუალებით.

3. საბოლოოდ საჭირო გახდა ხარჯების მუდმივი ზრდა, რასაც შედეგად მოყვა ჯერ უცხოელების გაძევება, შემდეგ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის ნაციონალიზაცია. ჩავიზმის თეორიით იგი ეკუთვნოდა არა ნამდვილ ვენესუელელებს, არამედ უცხო ეროვნულ-კლასობრივ ელემენტს. ჩავიზმი დიდწილად ნაციონალიზმიც არის, რაც ბევრს ავიწყდება.

4. დღეს ვენესუელა კლასიკური failed state-ია. ტუალეტის ქაღალდის არარსებობა ყველაზე დიდი უბედურება არ არის. წყალი და ელექტოენერგია დღეში ორი საათია, წამლები არ არის, არც რთული სამედიცინო დახმარება (მაგალითად ელემენტარული პროცედურა დიალიზი ქვეყანაში ბოლო წლებია არ ტარდება). მეზობელ ქვეყნებში მილიონობით ადამიანი გაიქცა (ამიტომაც უჭერენ ეს ქვეყნები მხარს მადუროს რეჟიმის დამხობას). “კომპარატივისტების” მოყვარულთათვის – დღეს საქართველო ვენესუელას მოსახლეობისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის ნორვეგია და შვედეთი.

5. ნიკოლას მადურო საერთოდ არ არის ქვეყანაში საკვანძო ფიგურა. მთავარი ფიგურაა 1992 წლის ჩავესის პირველი წარუმატებელი გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი, მოგვიანებით ვიცე-პრეზიდენტი ჩავესისავე ადმინისტრაციაში, ყველაფრის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარტიის ხელმძღვანელი, ალტერნატიული პარლამენტის, “საკონსტიტუციო ყრილობის” თავმჯდომარე, ნარკოკარტელ “ლოს სოლესის” ლიდერი, ტელეგადაცემების წამყვანი და საერთოდ საინტერესო ფიგურა დიოსდადო კაბელიო. სანამ მადურო ტელეკამერებთან დროშას აფრიალებს, სწორედ კაბელიო უზრუნველყოფს კავშირს რეჟიმის ყველა დასაყდენს – არმიას, პარტიას, მედიას და ერთგულ “თეთრ განათლებულ ფენას” შორის. იგი დადის მოლაპარაკებებზე, ამხნევებს გენერლებს, გამოდის სამხედრო განცხადებებით და ამტკიცებს, რომ არის კავშირზე გუაიდოსთან. კაბელიოს არ აქვს მომავალი ჩავიზმის გარეშე. იგი ამერიკული სანქციების ქვეშაა ნარკოვაჭრობის ორგანიზებისთვის (დაკავებული აქვს 800 მილიონი დოლარის აქტივები) და იძებნება სენატორ მარკო რუბიოზე თავდასხმის მოწყობის დაგეგმვისთვის (მადუროს რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი შეერთებულ შტატებში).

6. როდესაც სერიალ Narcos-ს ვენესუელაზე გადაიღებენ, სწორედ კაბელიო იქნება მისი მთავარი ანტიგმირი. ჩავესის სიკვდილის შემდეგ გენერლებმა პირადად დაიწყეს ნარკოვაჭრობით ოპერირება (მანამდე უგო ძირითადად Farc-ის რესურსებს ეყრდნობოდა). შედეგად ესპანეთში დროდადრო აკავებენ ვენესუელელ მაღალჩინოსან ძალოვანებს ტონანახევარი კოკაინით, ხოლო სამოქალაქო ავიაციის სამსახური ნარკოტიკებით დატვირთულ თვითმფრინავებს სამოქალაქო ავიალაინერების კოდებს ანიჭებს. ვენესუელური გენერალიტეტის კავშირი ნარკოტრაფიკთან რეჟიმის მდგრადობის ერთ-ერთი გარანტიაა. მათ მადუროს წასვლის შემთხვევაში წასასვლელად მხოლოდ ციხე დარჩებათ.

7. ორი ვენესუელა – ბოლივარიანული და დემოკრატიულ-ბურჟუაზიული 20 წელია პარალელურად არსებობს, თუმცა პირველის როლი ამ პერიოდში ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, მან ვერ ჩაყლაპა მეორე. რეჟიმი დაატარებდა სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს მიტინგებსა და საარჩევნო უბნებზე, თუმცა იქ, სადაც ოპოზიცია იყო ძლიერი, ის იყენებდა საკუთარ ადმინისტრაციულ რესურს. როდესაც 2015 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მადურომ საკუთარი სახალხო კომუნალური პარლამენტი შექმნა და მოახდინა ორხელისუფლებიანობის ფორმალიზება საპარლამენტო დონეზე. სამი წლის შემდეგ მან იგივე ბედი საპრეზიდენტო დონეზე გაიზიარა.

8. ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: როგორ მოიქცევა პოლიცია და არმია, რომლებიც ბოლივარიანული რეჟიმის პრივილეგირებული ნაწილია და მოახერხებს თუ არა გუაიდოს ხელისუფლება მოსახლეობის ღარიბი ფენების მიმხრობას. თუ ქვეყნის საშუალო კლასი ჩავესამდელი ვენესუელის დაბრუნებაშია დაინტერესებული, ჩავისტი ღარიბები თვლიან, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ისინი ღარიბებად დარჩებიან და თან პოლიტიკიდანაც გააძევებენ. შესაბამისად გუაიდოს გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს მყარი და ეფექტური ხელისუფლების ფორმირებას. ჩავისტების გამარჯვების შემთხვევაშიც სტაბილურობა და პოლიტიკური ხანგრძლივობა მათ გარანტირებული არ აქვთ. ამასობაში კი 25 მილიონ ადამიანს სურს შუქი, წყალი, მედიცინა და სახელმწიფო უნდათ, რომელში ცხოვრების გამოცდილებაც მათ აქვთ.”