თარგმნა დავით გალაშვილმა

დიალექტიკური მატერიალიზმის ელემენტები

ჯორჯ ნოვაკი

მარქსიზმი არის პროლეტარიატის რევოლუციური მოძრაობის მეცნიერული თეორია, რომელიც მიზნად ისახავს კვლავაც ცოცხალი კაპიტალისტური სისტემის დამხობას და ახალი სოციალისტური წესრიგის მშენებლობას მის ნაცვლად. დიალექტიკური მატერიალიზმი არის მარქსიზმის ფილოსოფიური დაფუძნება.

დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსაწიერი

მშრომელთა მოძრაობის ისტორიის განმავლობაში მრავლად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, რომლის დროსაც კაპიტალისტი წარმომადგენლები  მშრომელთა მოქმედებების შემოფარგვლას ვიწრო საზღვრებში ცდილობენ. მშრომელებს მუდმივად ჩასჩიჩინებენ, რომ თავიანთიაქტივობანი შემოსაზღვრონ რომელიმე ქარხნით ან ინდუსტრიით, ან მხოლოდ რომელიმე ქვეყნის საზღვრებით. მშრომელთა ორგანიზაციებს აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური აქტივობებისაგან და როდესაც ისინი პოლიტიკურ სარბიელზე უკვე დამოუკიდებელ ძალად იქცევიან, მათ ეუბნებიან, რომ სახელმწიფო ძალაუფლება თავის სასარგებლოდ არ ჩაიგდონ ხელთ. ეს „ამკრძალავი ნიშნები“ მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: მშრომელები შორს ამყოფონ იმ პრივილეგირებული მიდამოებიდან, რომლის ფლობითაც რეაქციონერული ძალები ტკბებიან.

ანალოგიურ ვითარებას ვხვდებით ინტელექტუალურ ცხოვრებაშიც. აქაც მარქსიზმის აშკარა მტრები ცდილობენ რევოლუციური სოციალისტური აზრის ვიწრო საზღვრებში, ადამიანური გონების სფეროში, გამოკეტვას. ისინი აცხადებენ, რომ მარქსიზმი მცდარია; რომ დიალექტიკური მატერიალიზმი აბსურდულია. მარქსიზმის წვრილბურჟუა რევიზიონისტები, არც ისე თანმიმდევრულნი და თამამნი თავიანთ კრიტიკაში, დიალექტიკური მატერიალიზმის გამოყენების შემოსაზღვრას სხვა გზით ცდილობენ. მარქსიზმი, ამბობენ ისინი, ნახევრადსიმართლეა, ან ის მხოლოდ  სამყაროს ნახევრისთვის არის ჭეშმარიტი. ის შესაძლოა მივუყენოთ სოციალურ მოვლენებს, მაგრამ — არასგზით წმინდად ფიზიკურ ფენომენებს; დიალექტიკური მატერიალიზმის თეორია რელიგიისა და ჰეგელიანური იდეალიზმის გადმონაშთია. კრიტიციზმის ორივე სკოლა, ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული, თანხმდება იმაში, რომ დიალექტიკური მატერიალიზმი ბუნებიდან უნდა გავაქროთ.

თავის მხრივ, დიალექტიკური მატერიალიზმი არ აღიარებს რაიმე ბარიერს თავის სამოქმედო ასპარეზზე. მას საყოველთაო ხასიათი აქვს. ის ყველა სინამდვილეს თავის პროვინციად აქცევს. მატერიალისტური დიალექტიკა ყველა მოვლენას მიეყენება დაწყებული შორეული ნისლეულითა (იგულისხმება ასტრონომიული ნისლეული, მთარგმნ.) და ისტორიის უშორესი პერიოდებით, დამთავრებული ადამიანის ყველაზე ინტიმური და ამაღლებული ფიქრებითა და მგრძნობელობით.

როგორც რევოლუციური პროლეტარიატი ისახავს მიზნად დაიპყროს სამყარო სოციალიზმისთვის, ასევე, დიალექტიკური მატერიალიზმი, რომელიც ამ მოძრაობის ფილოსოფიური გამოხატულებაა, იმისკენ მიილტვის, რომ განმტკიცდეს ცოდნის ყოველ კუნჭულში და სხვა იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებზე გაბატონდეს. ეს არის მებრძოლი, უკომპრომისოდ კრიტიკული, რევოლუციური ფილოსოფია, რომელიც ესწრაფვის გონების მოძველებული ნიშანსვეტების ისევე რადიკალურად გარდაქმნას, როგორც რევოლუციური პროლეტარიატი — სოციალური ფორმაციის რეკონსტრუქციას.

მარქსიზმის ერთიანობა

 მარქსიზმმა უნდა უარყოს ყოველი მცდელობა თავისი თვალსაწიერის დამცრობისა, რადგან ის არის სამყაროს მონისტური მსოფლმხედველობა. დუალისტური და პლურალისტული ფილოსოფიები სინამდვილეს ხლეჩენ ყოფნის რადიკალურად განსხვავებულ კატეგორიებად, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. აქ, მაგალითად, მატერია დაპირისპირებულია გონებასთან, ინდივიდი — საზოგადოებასთან, ეს უკანასკნელი კი — ბუნებასთან. თეორიები, რომლებიც სინამდვილის ასპექტების აბსოლუტურ წყვეტასა და გათიშვაზე დგანან, განუკურნებელი წინააღმდეგობრიობებით იტანჯებიან. სამყაროს მათეული კონცეფციების შინაგანი გათიშულობა ვერ გადაილახება.

დიალექტიკური მატერიალიზმი სინამდვილეს მატერიალური განვითარების ერთიან ისტორიულ პროცესად განიხილავს. ეს პროცესი გაერთიანებულია თავისი მატერიალური შემადგენლითა და მიმართებებით. ამავე დროს, ეს მატერიალური სამყარო, თავისი განვითარების განმავლობაში, რაოდენობრივად და თვისებრივად გამრავალფეროვნდა და, ამგვარად, ცალკეული სეგმენტები და ასპექტები შესაძლოა განსხვავდებოდნენ და  ერთმანეთს მიემართებოდნენ, როგორც განცალკევებული მთლიანობები. მაგრამ რაც უნდა იზოლირებულნი იყვნენ ეს მთლიანობები, სინამდვილის ქვეგანაყოფები ინარჩუნებენ, როგორც ერთმანეთთან, ისე ისტორიულ პროცესთან არსობრივ ურთიერთმიმართებას.

შესაბამისად, დიალექტიკური მატერიალიზმი ვერ ცნობს რაიმე აბსოლუტურ დახლეჩილობას სამყაროს შემადგენელ ნაწილებს შორის. ბუნება, საზოგადოება და ადამიანური გონება ერთიანი ისტორიული პროცესის სამი თვისებრივად განსხვავებული, თუმცა ორგანულად დაკავშირებული შემადგენელნი და არსებანი არიან.  ბუნება მატერიალური განვითარების პირველადი ნაწარმია; საზოგადოება ბუნებისგან წარმოსდგა, ხოლო ცნობიერება საზოგადოებისგან.

დიალექტიკური მატერიალიზმის თეორია იმავე შინაგან მთლიანობას, ორგანულ ურთიერთდამოკიდებულებას და სისტემურ ნიშანს ამჟღავნებს, როგორსაც მატერიალური სინამდვილის ის სხვადასხვა ნაწილი, რომელთაც ის აზროვნებაში ასახავს. მისი იდეები ბუნებრივი, სოციალური და ინტელექტუალური პროცესებისა და მიმართებების ამომწურავი შესწავლიდან გამომდინარეობს.

დიალექტიკური მატერიალიზმის კონცეფციები, პირველ რიგში, ბუნებიდან მომდინარეობენ და სულაც არ არიან მასზე (ბუნებაზე) შემთხვევითად თავსმოხვეულნი, როგორც ამას გულღრძო კრიტიკა იჟინებს. ისინი (კონცეფციები) ბუნებიდან მომდინარეობენ მეცნიერული აზროვნებისა და პრაქტიკის საუკეთესო მეთოდების მეშვეობით. ეს იდეები ირეკლავენ პროცესებს, ძალებს და მიმართებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეში არსებობენ და მოქმედებენ მანამ, სანამ ისინი დიალექტიკური აზროვნების მიერ ფორმირდებიან, ასეა რადიუმის შემთხვევაშიც, რომელიც მადანშია გადარეული, სანამ მას წმინდა სახით გამოადნობდნენ. ეს პრინციპები, ბუნების მოვლენებისა და ადამიანების კეთილდღეობის მომდევნო კვლევა-ძიებისათვის გამოიყენება ისევე, როგორც რენტგენის სხივებს ვიყენებთ ექსპერიმენტული მიზნებისათვის ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადების განსაკურნებლად.

იხილეთ სრული ვერსია