პროექტი –

გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების პოლიტეკონომია: თეორია და პრაქტიკა

 

 

ვადები: 02.2021-12.2021

 

ოცდამეერთე საუკუნის გლობალიზებულ სამყაროში მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ეკოლოგიური საკითხები დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ცალკეული ქვეყნების პრობლემებს. სიღარიბე, შემოსავლების უთანასწორობა, კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური კატასტროფები, ფინანსური კრიზისები, მშრომელთა ექსპლუატაცია, გენდერული ჩაგვრა თუ ავტორიტარიანული რეჟიმები გლობალური პრობლემებია. ამ გამოწვევების გეოგრაფია უთანასწორობით გამოირჩევა – მათი სიმწვავე და მასშტაბები ასიმეტრიულად ნაწილდება გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის. კორონა ვირუსის გავრცელებამ მთელი სიცხადით წარმოაჩინა ერთი მხრივ გლობალური კაპიტალიზმის მოწყვლადობა და მისი სოციო-ეკოლოგიური ზღვრები, და მეორე მხრივ გაამწვავა ნეოლიბერალური პარადიგმის კრიზისი. ამრიგად, არსებული სისტემის გადააზრების და ტრანსფორმაციის საჭიროება გლობალური დღის წესრიგის სათავეშია.  

 

პროექტის მიზნად ისახავს გააძლიეროს სადისკუსიო პლატფორმები პოლიტეკონომიის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების საფუძვლების ძიებას და მისი ისტორიული და პოლიტიკური განზომილებების ანალიზს.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური კურსის მომზადება კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო. კურსის პირველი ნაწილი გლობალური კაპიტალიზმის ისტორიულ საფუძვლებს მიმოიხილავს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე, და ისეთ საკითხებს აერთიანებს როგორიცაა: ბრეტონ ვუდსის სისტემა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერება (სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი), ფინანსური კაპიტალის აღზევება და ფინანსიალიზაცია, გლობალური მონეტარული სისტემა, ცენტრალური ბანკების ნეოლიბერალიზაცია, ვალუტების იერარქია, დოლარის ჰეგემონია, ვალის პოლიტიკური ეკონომია ფინანსური კრიზისები. მეორე ნაწილი გლობალური წარმოებასა და შრომასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს: საერთაშორისო ვაჭრობა და გლობალური ღირებულებების ჯაჭვი, ტრანსნაციონალური საწარმოები, შრომის ექსპლუატაცია და გლობალური წარმოების ეკოლოგიური ზღვრები. კურსის მესამე ნაწილი სახელმწიფოს დომინანტურ ფორმებს მიმოიხილავს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ნეოლიბერალური სახელმწიფოს ანალიზს ეთმობა. აქ არამარტო სახელმწიფოს როლი და ფუნქციებია ყურადღების ცენტრში, არამედ ისეთი საკითხებიც როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური მოძრაობები და წინააღმდეგობების პოლიტიკები. ამასთან, კურსის თითოეული თემატიკა საქართველოსთან მიმართებაში იქნება განხილული, რათა სტუდენტებმა საქართველოს გამოწვევები გლობალურ პრობლემებთან კავშირში დაინახონ.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კრებულის ,,პოლიტიკური ეკონომია: კრიტიკული შესავალი” მომზადება და გამოცემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის კვლევითი სტიპენდიების, სოციალური კვლევისა და პოლიტეკონომიური კვლევის მეთოდების შესახებ სემინარების შეთავაზებას. პროექტის ფარგლებში, ასევე გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე რეფლექსიისთვის. ამ მხრივ, Platforma.ge გააგრძელებს შესაბამის თემატიკებზე სხვადასხვა მატერიალების მომზადებას (თარგმანი, სტატიები, პოდკასტები და სხვ.). 

 

პროექტი განხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.