კაპიტალიზმის შემდგომ – დემოკრატიული ეკოსოციალიზმი

ვიშვას სატგარი

მარიკა ტყეშელაშვილის თარგმანი

კაპიტალიზმის ნახშირბადცენტრულ, თანამედროვე სამყაროში  არაეკონომიურძრავიანი ავტომობილები, მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავები, მასიური სატვირთო გემები და ენერგორესურსების მომხმარებელი ცათამბჯენები მასობრივი განადგურების იარაღებს წარმოადგენენ. რაც უფრო ფართოდ ვრცელდება რესურსტევადი და ნახშირბადცენტრული საზოგადოებრივი ურთიერთობები, მით უფრო ჩქარდება კლიმატური ცვლილებები. პლანეტის სისტემის მოშლის შემდეგ, ეს ახალი, კაპიტალისტური ბუნება — პატრიარქატით მოთვინიერებული, მეცნიერთა დაკვირვების ქვეშ მყოფი და მართული — ახლა უკვე გეოინჟინერიას უნდა დაექვემდებაროს[1] და გამოფრქვეული ნახშირბადი დედამიწის უღრმეს ფენებში უნდა დამარხოს. მიუხედავად იმ უკონტროლო შედეგებისა, რაც პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის მოაქვს, ნავთობის ონკანები იქამდე არ გადაიკეტება, ვიდრე უკანასკნელ დოლარს არ გამოწურავენ ამ მომაკვდინებელი რესურსიდან. თანამედროვე კაპიტალიზმის ლოგიკა არა უბრალოდ წართმევა, არამედ ეკოციდია, ანუ განადგურება იმ გარემო პირობებისა, რაც აუცილებელია პლანეტა დედამიწაზე ადამიანისა და სიცოცხლის სხვა ფორმების შესანარჩუნებლად. ამას კარლ მარქსმა „კაპიტალიზმში ნივთიერებათა ცვლის ნაპრალი”[2] უწოდა, როზა ლუქსემბურგმა კი —  „ნატურალური მეურნეობის დამორჩილება“.

 

ნეოლიბერალიზმის დასასრული

ნეოლიბერალიზმის იდეალები მართლაც მიუახლოვდა თავის ისტორიულ დასასრულს. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულმა უფლებებმა კაპიტალის სუვერენულობა წარმოშვა, ხარბ პლუტოკრატებს  სახელმწიფო ძალაუფლება უხეში ინსტრუმენტულობით უპყრიათ ხელთ, ხოლო ჰიპერინდივიდუალიზმი, ესოდენ დაფასებული ამერიკულ კონსიუმერიზმსა და პოპულისტურ მედიაში, ვარსკვლავური კულტურის ბანალურობას ადასტურებს. ამერიკანიზებული და ნიჰილისტი კაპიტალისტი სუბიექტის მიერ თვითგამორკვევა ადამიანად არსებობის ერთადერთი ფორმაა თანამედროვე ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ცივილიზაციაში. თუმცა, ესეც არ კმარა. შემდეგი საფეხური ტრანსადამიანია: ბიო- და ციფრული კაპიტალის ტექნოტოპიური ოცნება. ათწლეულების განმავლობაში, სტრუქტურული უთანასწორობის შესისხლხორცების შემდეგ, ნეოლიბერალური კაპიტალიზმის უტოპიის სამყაროს აღარაფერი აკავშირებს ადამიანობასთან. მტრების გაქრობასთან ერთად, ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა: საბჭოთა სოციალიზმი მკვდარია, მშრომელთა კლასი პრეკარიატადაა ქცეული, ბუნება დამორჩილებულია, ისტორია კი — დასრულებული. დასადანაშაულებლად აღარ შემორჩნენ მემარცხენე აჩრდილები, თუმცა ვაშინგტონიდან მოყოლებული, ბრაზილიის, ნიუ-დელის, ბუდაპეშტისა და მოსკოვის ჩათვლით, ამ ნეოლიბერალური წესრიგის ახალი მემარჯვენე, ნეოფაშისტი ნაშიერები მაინც მომართულები არიან, რომ ამ უტოპიის ნებისმიერ წინაღობას ულმობლად გაუსწორდნენ და საზოგადოებები განტევების ვაცების — მიგრანტების, შავკანიანების, მუსლიმების, მკვიდრი მოსახლეობის ან გაზვიადებული „ტერორისტული მუქარის“ — წინააღმდეგ განაწყონ.

ეს რეჟიმები ავტორიტარული და მილიტარისტული ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ცდილობენ რა, რომ ნებისმიერ ფასად დაამტკიცონ კაპიტალიზმის ნორმალურობა. თუმცა, ისტორიამ და ბრძოლამ აჩვენა, რა მყიფეა ავტორიტარული რეჟიმები. მონოპოლია ძალადობაზე არასდროსაა მშვიდობის გარანტია. აშშ-ის არმიაც კი იაზრებს, რომ არ ძალუძს მსოფლიოს მართვა კლიმატური ქაოსის პირობებში, როცა კატაკლიზმები თავად აშშ-ისაც აჩანაგებს. ომს გარკვეული რესურსები სჭირდება და ძვირი ჯდება, მიუხედავად იმ მძიმე შედეგებისა, რასაც საზოგადოებებს კლიმატური ცვლილება მოუტანს. ბირთვული იარაღის ეპოქაში მილიტარიზმსაც თავისი საზღვრები აქვს. ულმობელი უთანასწორობის ჰეგემონიური მმართველობა დასრულდა, დემოსი კი შფოთავს და სასოწარკვეთილია. COVID-19-მა ტანჯვა კიდევ უფრო გაამძაფრა. ამავდროულად, დემოკრატიული სუბიექტი ყველაფერს ხედავს და უამრავი ციფრული საინფორმაციო წყარო აქვს სოციო-ეკოლოგიური ვითარების გასაცნობად. ასეთ სუბიექტს შეიძლება შორიდან აოცებდეს კიდეც იმპერიული ძალის იდიოტიზმი, აკვირდებოდეს ავტოკრატების სიტლანქეს და თვალს სწყვეტდეს სუბალტერნთა მიერ ქუჩებში წამოყენებული შთამაგონებელი მოთხოვნები. სხვაგვარად რომ ითქვას, სანამ კაპიტალიზმი ისარგებლებს ნეოფაშიზმით და ციფრულ სამყაროსაც კი იარაღად გამოიყენებს, აბსოლუტური ჩაგვრის რკინის ფარდა შეურხეველი სულაც არ რჩება. სწორედ ამ გზასაყარზე აყვავდება დემოკრატია და სოციალიზმი.

 

ეკოციდი, როგორც კაპიტალიზმის ბოლო გაჩერება

ისტორიის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ნამდვილი საშიშროება კაპიტალისტური ნეოფაშიზმი კი არ არის, არამედ კაპიტალისტური ეკოციდის ულმობელი ძალაა, რომელიც ემუქრება როგორც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს, ისე თავად კაპიტალიზმს. ამიტომაც, ფაშიზმის მეორედ მოსვლა ანაქრონიზმია. ძვლების გამყინავია იმის ყურება, როგორ აგრძელებს ნახშირბად-კაპიტალიზმი არსებობას გლობალურ ენერგეტიკულ სტრუქტურაში მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის შემსწავლელი მეცნიერება განგაშის ზარებს რეკს, COVID-19-ის გამო მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატაკლიზმები პლანეტაზე კვირაში ერთხელ მაინც ხდება. ტრამპმა ლიცენზია გასცა აშშ-ში კიდევ უფრო მეტი ნახშირბადის გამოყოფაზე, რითაც ის რესურსების ცხრილების[3] სათავეში მოაქცია; ბოლსონარო კი მხარს უჭერს კომერციულ ინტერესებს, რომლებიც აგრძელებენ გენოციდურ ძალადობას მკვიდრი ხალხების მიმართ, ნადგურდება ბიომრავალფეროვნება და ჩქარდება ამაზონიდან 140 მლრდ ტონა ნახშირბადის გამოყოფა, ტყეების გაჩეხვისა და გადაწვის თანმხლები აპროპრიაციის გზით.  სამხრეთ აფრიკაში ნახშირბად-მმართველი კლასი მსოფლიოში უმსხვილეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს აშენებს, ტრაბახობს ჰიდრავლიკური გახლეჩის[4] გამოყენებით და აირისა და ნავთობის ოფშორული ექსტრაქციით გამდიდრებაზე ყლაპავს ნერწყვს. ნახშირბად-კრიმინალის ეს მაგალითები იმის დასტურია, რომ აღსასრულის დღის ჩართული წამზომის ფონზე, კაპიტალიზმი და მისი ნახშირბად-მმართველი კლასი ყველას საფრთხეს უქმნის, საკუთარი თავის ჩათვლით.

ეკოციდური კაპიტალიზმის თვითგამანადგურებელი ლოგიკა ახლა დღესავით ნათელია. აფრიკა, რომელიც ბერლინის კონფერენციის შემდეგ გლობალური ჩრდილოეთის იმპერიას ემორჩილება, ლუმპენ-ბურჟუაზიის (ნეოკოლონიური ელიტა, მთარგმნ.) ინტერესების ტყვედაა ქცეული და კლიმატური კატაკლიზმების წყალობით, ნაწილებად იშლება. გათვლების თანახმად, სულ მცირე, 200 მილიონ აფრიკელს მოუხდება საცხოვრებლის შეცვლა გაუარესებული კლიმატური პირობებისა და ბუნებრივი კატასტროფების გამო. „ევროპის ციხე-სიმაგრე” და „აშშ-ის საპყრობილეთა კომპლექსი“ ვეღარ შეაკავებს „ბარბაროსებს“, რადგან კლიმატის ცვლილებები, სიმდიდრის მიუხედავად, ამ საზოგადოებებსაც მიიყვანს სერიოზული უფსკრულის პირას. „მზის ამოსვლის მოძრაობა“[5], „ამბოხი გადაშენების წინააღმდეგ“[6], „#პარასკევებიმომავლისთვის“[7] კლიმატის მხოლოდ  1 გრადუსით დათბობის შედეგად წარმოიშვა. 1.5 გრადუსით დათბობის პასუხად, ამ საზოგადოებების გაცილებით დიდი ნაწილი აღდგება ირაციონალური და ეკოფაშისტი მმართველი კლასების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანებს ისე ეპყრობიან, თითქოს კოლატერალურ ზიანს წარმოადგენდნენ.

 

დემოკრატიული ეკოსოციალიზმისაკენ

ჩვენ წინაშეა კლიმატური სამართლიანობის რღვევის სამი ფორმა, რომელიც უამრავი ადამიანის სასიცოცხლო იმედს გამოხატავს. ასეთი სასიცოცხლო იმედის გამოხატულებები თავს უყრის კლიმატური სამართლიანობის ძალებს, ბავშვებსა და მოქალაქეებს. პირველია ნორმალური მდგომარეობის სიმბოლური რღვევა. ამის საუკეთესო მაგალითია გრეტა თუნბერგი და ბავშვთა საპროტესტო გამოსვლები – „#პარასკევებიმომავლისათვის“. ბავშვების მიერ ჩამორეკილი განგაშის ზარები კლიმატის შემსწავლელ მეცნიერებაში გადაუდებელი მოქმედების საჭიროებას აძლევს ბიძგს და პირიქით. მეორეა ტაქტიკური რღვევა, რაც გულისხმობს ნახშირბადის, მათ შორის, წიაღისეული რესურსების მიმოქცევის ჩახერგვა-გაჩერებას. ამის მაგალითებია მოწოდება MacDonald’s-ის, Walmart-ისა და Subway-ის ბოიკოტისკენ, რადგან ისინი დაინტერესებულები არიან ამაზონის ტყეებში ჩეხვისა და გადაწვის აგროკულტურით; ან „Ende Gelände-ის“[8]მიერ გერმანიის ქვანახშირის მაღაროების ბლოკადის მცდელობა. ეკოციდური კაპიტალიზმის მესამე, სტრატეგიული რღვევაა ისეთი სისტემური ალტერნატივები, როგორიცაა „ახალი მწვანე შეთანხმება“, რომელიც ქვემოდან წამოსულ, სწრაფ დეკარბონიზაციას, დემილიტარიზაციას და დემოკრატიული სისტემის რეფორმას უწყობს ხელს, აძლევს რა ხალხს ძალაუფლებას, რომ უზრუნველყონ სამართლიანი ტრანზიცია და კლიმატური სამართლიანობის გეოპოლიტიკა. ამის მაგალითია ბერნი სანდერსის „ახალი მწვანე შეთანხმება“ და სამხრეთ აფრიკის კლიმატური სამართლიანობის ქარტია თავისი პოლიტიკური პროექტით. საბოლოოდ, ამ ძალების ამოცანა ისიც გახდება, რომ დაუპირისპირდეს იმპერიული ძალაუფლების ეკოციდურ ლოგიკას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გლობალურმა სამხრეთმა კლიმატური სამართლიანობისთვის თავისი წილი გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის, სიღრმისეული სისტემური ცვლილებები, რომლებიც დემოკრატიულ ეკოსოციალიზმს განავითარებს.

უმნიშვნელოვანესი სისტემური დემოკრატიული რეფორმა იქნება რეაგრარიზაცია (მიწათმოქმედებით სოციალურ სტრუქტურაზე ხელახლა გადასვლა, მთარგმნ.) კვებითი სუვერენულობისა[9] და აგროეკოლოგიის გზით და საჭირო გახდება მისი გავრცელება იმგვარად, რომ ის პერიფერიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. ეს წინადადება თავდაპირველად La Via Campesina-მ წამოაყენა ორი ათეული წლის წინ და მისი გათვალისწინებით, მსოფლიოს გარშემო ყველა თემს, სოფელსა და ქალაქს მოუხდება დემოკრატიული ეკოსოციალისტური ალტერნატივების წახალისება. ამას ხაზი გაუსვეს „ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური მომსახურებების საერთაშორისო პანელზე“ ბიომრავალფეროვნების უკანასკნელ ანგარიშსა და  „კლიმატური ცვლილების საერთაშორისო პანელის“ მიწის გამოყენების ანგარიშში. აღნიშნული ანგარიშების საფუძველმდებარე აზრი ისაა, რომ მონოინდუსტრიული, ნახშირბადცენტრული და გლობალიზებული კვებითი სისტემები შედეგად ჩვენს გადაშენებას მოიტანს.

საბოლოოდ, თანამედროვე სოციალიზმის ეკოლოგიურ ჰორიზონტს განსაზღვრავს ბიოლოგიური კატასტროფები (როგორიცაა, მაგალითად, COVID-19), გლობალური დათბობა, კლიმატური კატაკლიზმები, გაღრმავებული უთანასწორობა და სიცოცხლისკენ მიმართული ადამიანური იმპულსი. წყალი, მიწა, ბიომრავალფეროვნება, ოკეანეები და ბიოსფერო –  საყოველთაო საკუთრება – კაპიტალისტური ეკოციდის წინააღმდეგ ბუნების შურისძიებაში ჩაერთვება. ბუნების უსასრულობა და ადამიანის ნების სასრულობა განსაზღვრავს სოციო-ეკოლოგიური ისტორიის მომდევნო პერიოდს. სწორედ აქ, ამ გზაგასაყარზე ისწავლის დემოკრატიული ეკოსოციალიზმი მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციებიდან ცხოვრების განვითარებას, პროდუქტივიზმზე უარის თქმას, და ბუნებასთან გაუცხოების გარეშე ურთიერთობების განმტკიცებას. ესაა ის, რასაც მარქსი „პოზიტიურ ჰუმანიზმს“ უწოდებდა. ნელა მოძრავი სამყარო, რომელიც ბუნების ნივთიერებათა ცვლის ციკლში მონაწილეობს, ჩვენი ერთადერთი იმედია. ასეთი სამყარო არც არასდროს მომკვდარა, უბრალოდ, კოლონიური, ნეოლიბერალური და იმპერიული ძალადობის ჩრდილქვეშ იყო დროებით დამწყვდეული.

[1] გეოინჟინერია, სხვაგვარად კლიმატური ინჟინერია, გულისხმობს დედამიწაზე არსებულ კლიმატზე ზეგავლენის მოხდენას, გლობალური დათბობის დამღუპველი შედეგების შესამცირებლად. გეოინჟინერიის ორი ძირითადი მეთოდია ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღება და მისი მიწაში ან ოკეანეში დამარხვა, რათა ნაკლები სითბო დაიკავოს და მზის სხივების დაბლოკვა/არეკვლა მიღებული სითბოს შესამცირებლად. ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით, ძირითადად, მხოლოდ კომპიუტერული სიმულაციების და გამოთვლების საგანია. მეცნიერთა თვალსაზრისი გეოინჟინერიის ეფექტურობასა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მეტი ინფორმაციისთვის იხ. პოპულარული ენით დაწერილი ინგლისურენოვანი სტატია.

[2] “მსხვილ მიწათსაკუთრებას მიწათმოქმედი მოსახლეობა დაჰყავს მუდმივად კლებად მინიმუმამდე და მას მუდმივად მზარდ და დიდ ქალაქებში მჭიდროდ თავმოყრილ სამრეწველო მოსახლეობას უპირისპირებს; ამით, იგი წარმოშობს ისეთ პირობებს, რომელნიც გაუმთელებელ ნაპრალს იწვევენ ნივთიერებათა საზოგადოებრივი და ცხოვრების ბუნებრივი კანონების მიერ ნაკარნახევი ცვლის პროცესში, რის გამოც მიწის ძალა იფლანგება და ეს გაფლანგვის პროცესი ვაჭრობის მეოხებით საკუთარი ქვეყნის ფარგლებს ბევრად უფრო შორს სცილდება” – კ. მარქსი, კაპიტალი, ტომი მესამე, ნაწ. II, წიგნი III, „საბჭოთა საქართველო“, 1959, გვ. 439.

 

[3] რესურსების ცხრილები, გამოყენების ცხრილებთან ერთად,ეროვნული ანგარიშის სისტემის უმნიშვნელოვანეს საბალანსო ცხრილებს წარმოადგენს. რესურსების ცხრილი აღწერს ადგილობრივ ინდუსტრიაში წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქციისა და მომსახურებების რესურსს.

[4] ჰიდრავლიკური გახლეჩა ეწოდება ნავთობის, გაზის და სხვა წიაღისეულის მოპოვების მეთოდს. ჰიდრავლიკური გახლეჩის დროს, ქანებს მაღალი წნევის წყლის ჭავლით ხლეჩენ და ქანებიდან გამოთავისუფლებული გაზი თუ სხვა წიაღისეული მარტივად ამოაქვთ ჭაბურღილიდან. ვინაიდან ქანების დასაშლელად გამოყენებულ წყალში ქვიშას და სპეციალურ ქიმიკატებს ამატებენ, ჰიდრავლიკური გახლეჩის მეთოდი მნიშვნელოვნად აბინძურებს  და წამლავს მიწისქვეშა წყლებს.

[5] Sunrise Movement – ამერიკული ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პოლიტიკური მოძრაობა.

[6] Extinction Rebellion – გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობა, რომლის მიზანია, მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობით აიძულოს მთავრობები, ეკოლოგიური კალასტროფის თავიდან ასარიდებლად საჭირო ქმედითი ნაბიჯები გადადგან. დაფუძნდა 2018 წელს.

[7] #FridaysforFuture, იგივე „სასკოლო გაფიცვა კლიმატისთვის,“ სკოლის მოსწავლეების საერთაშორისო მოძრაობაა, რომელიც პარასკევობით სკოლის გაცდენას და დემონსტრაციების გამართვას გულისხმობს, რათა ამ გზით პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად. მოძრაობის დაარსება და გავრცელება მოჰყვა გრეტა თუნბერგის პროტესტს 2018 წელს.

[8] სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც გერმანიაში ქვანახშირის მაღაროების დაკავების გზით ცდილობს კლიმატურ უსამართლობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

[9] ტერმინი „კვებითი სუვერენულობა“ (food sovereignty) გულისხმობს უფლებას, რომ საკვების მწარმოებელმა, დისტრიბუტორმა და მომხმარებელმა ხალხმა აკონტროლოს წარმოებისა და დისტრიბუციის საშუალებები და პოლიტიკა. ტერმინში ნაგულისხმევი მოთხოვნა უპირისპირდება არსებულ მდგომარეობას – კორპორაციულ რეჟიმს, სადაც კორპორაციები და საბაზრო ინსტიტუტები აკონტროლებენ წარმოებისა და დისტრიბუციის საშუალებებსა და პოლიტიკას. ტერმინი 1996 წელს შემოიღეს La Via Campesina-ს წევრებმა.


თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.