დაკარგული ხმების ძიებაში

(ალტერნატიული მედიის საკითხისათვის)

ავტორი: გიორგი ჯოხაძე, მედიის მკვლევარი

ხმა სისტემისგან დამუნჯებულებს

(ალტერნატიული მედიის საკითხისათვის)

საქართველოში, ბოლო 3 დეკადის განმავლობაში, ყოველ 4 წელიწადში, საარჩევნო ბატალიების მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ, პოლიტიკური კლასის საცირკო წარმოდგენების დრო დგება. ამ საცირკო წარმოდგენების მთავარი სარეკლამო სლოგანი ყოველთვის ხმებს უკავშირდება.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!“, აცხადებს ძალაუფლების წარმოდგენისას პირზე დუჟმორეული ოპოზიციონერი.

„ყველა ხმა დაცული იქნება, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკლებლივ ყველა ამომრჩევლის ხმის უფლებას!“  პასუხობს დამარცვლით და სახეზე მიყინული დამცინავი ღიმილით მთავრობის წევრი.

 ხმებზე ლაპარაკი არ წყდება არჩევნების შემდგომაც, გამოცხადება ხმების წართმევის შესახებ – რევოლუციის ანონსია საცირკო წარმოდგენაზე. 

სინამდვილეში, აპელირება ხმების შესახებ უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლია, გულის სიღრმეში კი, ყველა ჩვენგანმა კარგად ვიცით, რომ უკვე ათწლეულებია, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებზე არა საარჩევნო, არამედ ნამდვილი ხმების, არა 4 წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველდღიურად წართმევის პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი საკმაოდ მტკინვეული და ერთნაირად ბრუტალურია ქვეყნის ყველა ტერიტორიაზე, ტყიბულსა და რუსთავში, ჭიათურასა და ნამახვანში, თბილისსა და ბათუმში.

2019 წლის მაისში ჭიათურა გაიფიცა.  ეს არ იყო მხოლოდ მაღაროში დასაქმებულთა პროტესტი, მათ სოლიდარობა მთელმა ქალაქმა გამოუცხადა – დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, შეჩერდა სწავლა საჯარო სკოლებში, დროებით დაიხურა ბაზრები.

ქალაქმა ქუჩაში, მოშიმშილე მაღაროელების გვერდით დაიწყო ცხოვრება. თუმცა ამ ადამიანების ხმა საკმაოდ სუსტად აღწევდა ქალაქის უჩინარი გალავნებიდან. ხმების ჩახშობაში ერთნაირი სიხისტითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა, კომპანიის მიერ დაქირავებულმა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა, სუს-ის თანამშრომლებმა, ადგილობრივმა კრიმინალებმა და მეინსტრიმ მედია საშუალებებმა.

საბოლოოდ, გაფიცვიდან ერთი კვირის თავზე, გაფიცულმა მეშახტეებმა გადაწყვიტეს, რომ ხმის წართმევის ეს დაფარული პროცესი სააშკარაოზე გამოეტანათ და პროტესტის უკიდურეს ფორმას, პირის ამოკერვას მიმართეს.[1]

აქამდე არსებული წინააღმდეგობის ფორმების წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრისას ხმის წართმევის ფაზებს საკმაოდ კარგად აღწერს გიორგი ღვინჯილია: „დგახარ საასამართლოს წინ, რომელშიც ზარდიაშვილი ზის და ჯერ იძახი, მერე ყვირიხარ, მერე კივიხარ და ბოლოს ხავიხარ.“ [2]

რა ხდება ხავილის შემდეგ? ხომ მოხვედრილხართ ასეთ სიტუაციაში – ხავილის შემდეგ ხვდები, რომ ხმა აღარ გაქვს. ასე უბრალოდ, ტვინში აზრებს ალაგებ, გონებაში წინადადებებს იმეორებ, პირის აპარატი მწყობრშია, ენა და ყბის ძვლები სინქრონში მოძრაობენ, მაგრამ ხმა არ გაქვს, ვერ მეტყველებ. ყელი საშინლად გეწვის და ნელ-ნელა ტკივილისა და იმედგაცრუების საშინლად გულისამრევი შეგრძნებები უკვე ტვინსაც გირევს, სიტყვებს გონებაშიც კარგავ და რჩები ასე – ხმა წართმეული და დადუმებული.

წინამდებარე წერილის მიზანია, ლევან ზურაბაშვილის ამბავზე დაკვირვებით, ხმის წართმევის პროცესის შეძლებისდაგვარად დეტალურად აღწერა და აგრეთვე, ხმის დაბრუნებისთვის აუცილებელი გზების ძიების დაწყება.

 

2020 წლის 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევიდა ახალგაზრდა კაცი, ლევან ზურაბაშვილი, რომელსაც ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა და ითხოვდა პირდაპირ ეთერებს სატელევიზიო საშუალებებში, რათა საკუთარი მოთხოვნები გამოეხატა. კიდევ უფრო ადრე, ბანკში შესული მძარცველისგან განსხვავებით(იგ. ბადრი ესებუა), პოლიციამ მისი პირობები არ დააკმაყოფილა და ტელევიზიებს საგანგებო განცხადებით მიმართა, რომ ფეისბუქ ლაივში გაჟღერებული მოთხოვნები პირდაპირი ეთერით არ გადაეცათ. ვინ არის ლევან ზურაბაშვილი და რა მოთხოვნები ჰქონდა ასეთი, რომლის დაკმაყოფილებაც უფრო შეუძლებელი აღმოჩნდა პოლიციისთვის, ვიდრე ნახევარი მილიონი დოლარის გატანება ესებუას შემთხვევაში? მძარცველი? ტერორისტი? ფეისბუქ ლაივის დაწყებისას, ერთ-ერთ „მძევალსა“ და სათამაშო ყუმბარით „შეიარაღებულ“ ლევან ზურაბაშვილს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

– „პირდაპირ ეთერში ხარ და დაიწყე ლაპარაკი“

 – „არ მისმენენ და ვის ველაპარაკო?!“[3]

 როგორ შეგვიძლია ეს ფრაზა გავიგოთ? ვის არ უსმენენ დღეს საქართველოში, ვინ არის არსებულ დღის წესრიგში დამუნჯებული, უარყოფილი და გამორიცხული გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან?

მოდით, ამ ამბავზე ფიქრი ცოტა ხნით შევაჩეროთ  და ფოკუსი მედიის მიმართულებით შევატრიალოთ. იმაზე დავფიქრდეთ, თუ რა ტიპის მედია პოლიტიკა არსებობს საქართველოში, ვის ინტერესებს ემსახურებიან ვისი ინტერესების საზიანოდ ლამაზად დავარცხნილი სიტყვებით მოსაუბრე ჟურნალისტები ტელევიზიების ეკრანებიდან თუ ფეისბუქ ლაივებიდან და შესაძლებელია თუ არა, რომ არსებული სისტემა შეიცვალოს.

მედიის კვლევების წამყვანი სპეციალისტების, ჩომსკისა და ჰერმანის მიხედვით, დომინანტური, ტრადიციული, მოგებაზე ორიენტირებული მეინსტრიმ მედია ხარჯავს იმაზე მეტ ფულს, ვიდრე მოხმარებელს შეუძლია გადაიხადოს, რაც ეკონომიკურ ელიტებს, მსხვილ ფინანსურ კორპორაციებს და ოლიგარქებს საშუალებას აძლევს, რეკლამირების, სპონსორობისა და თავად ამ მედია კომპანიების საკუთრებაში ფლობით, გააკონტროლონ მისი შინაარსი, გახდნენ თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის და მენეჯერის პატრონები. (ნოამ ჩომსკი, ედვარდ ჰერმანი, 2020)

შესბამისად, მოგებაზე ორიენტირებული მეინსტრიმ მედია საშუალება ყოველთვის შებოჭილი, ცენზუირებული და შეზღუდულია. მათთვის სავალდებულოა ნებისმიერი პროდუქტი, იქნება ეს სატელევიზიო გადაცემა, ახალი ამბები, რეალითი შოუები თუ სხვა რამ, მოარგოს ეკონომიკური ელიტების ინტერესებსა და საჭიროებებს, რაც ხშირ შემთხვევაში, უპირისპირდება მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნებს. ამის მაგალითები ქართულ მედიაში უამრავია, შეგვიძლია ერთ-ერთი მათგანი გავიხსენოთ- „მთავარ არხზე“ პოლიტიკურ გადაცემაში, ნიკა გვარამიას(წამყვანის) (და)კითხვაზე, თუ რისი მიღწევა სურს პოლიტიკაში მოსვლით, ანა დოლიძე(რესპოდენტი)  ცდილობს უპასუხოს, რომ ერთ-ერთი მთავარი გეგმა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაა, რა დროსაც წამყვანი საუბარს აწყვეტინებს ფრაზით: „არ მინდა, რას აკრძალავ, ტელევიზიის შემოსავალს დამაკარგინებ“[4]. ეს რა თქმა უნდა, ყველაზე მინიმალისტური, ილუსტრირებული და შედარებით უმნიშვნელო, თუმცა საოცრად ცხადი და პირდაპირი მაგალითია იმ დომინანტური წესრიგის აღსაწერად, რომელიც დღეს ქართულ მედიას კარნახობს რა თემაზე შეიძლება საუბარი და რაზე არა, ვინ უნდა ილაპარაკოს ეკონომიკაზე და ვინ პოლიტიკაზე, ვინ უნდა გამოაცხადოს ლევან ზურაბაშვილი ტერორისტად და უნდა გაჟღერდეს, თუ არა მისი მოთხოვნები  პირდაპირი ეთერით. ერთი სიტყვით, მეინსტრიმ მედია სხვადასხვა ტექნიკებისა და ინსტრუმენტების საშუალებით, როგორებიცაა ფრეიმინგი, დღის წესრიგის ფორმირება და ა.შ. არა მხოლოდ გვიყვება ამბებს, არამედ გვკარნახობს ეს ამბები გავაანალიზოთ ისე, როგორც ეს გაბატონებულ ელიტებს და დომინანტურ იდეოლოგიას სურთ.

ალტერნატიული მედია

არსებობს სხვადასხვა ავტორების სხვადასხვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა არის და როგორ უნდა განიმარტოს ალტერნატიული მედია. სანამ ამ განსხვავებებზე გადავალთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ერთადერთი, რაშიც ყველა თანხმდება, არის ალტერნატიული მედიის ფუნქცია – დაუპირისპირდეს ყველაფერ იმას, რასაც მეინსტრიმ მედია აკეთებს.  

პირველ რიგში, ალტერნატიული მედია არაკორპორაციული  საკუთრებით იბადება, არ არის მოგებაზე ორიენტირებული და არ წარმოადგენს გარკვეული თვალსაზრისით, ბიზნეს პროექტს. ალტერნატიული მედია ფუძნდება იმისთვის, რომ გამოიწვიოს და  შეებრძოლოს გაბატონებულ დისკურსს. სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის  ჯონ დაუნინგის მიხედვით, ალტერნატიული მედიის მიზანია საზოგადოების დაბალ ფენებში გააბას დამაკავშირებელი ქსელები და ხელი შეუწყოს გაბატონებული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებას. (Downing, 2001) 

ნეპიეს უნივერსიტეტის პროფესორის, კრის ეტტონის მიხედვით, ალტერნატიული ჟურნალისტიკა წარმოადგენს რადიკალურ ფორმას, რომელიც ეწინააღმდეგება მის დომინანტურ, იერარქიულ, ელიტ-ცენტრულ გაგებას, გაგებას ჟურნალისტიკისა, როგორც ბიზნესის. ალტერნატიული მედია თეორია ამბობს, რომ ჟურნალისტიკა (და არა მხოლოდ ეს ფორმა მედიუმის) უფრო მეტია ვიდრე პროდუქტი, ვიდრე საქონელი, რომლით ვაჭრობისასაც მოიგებ, ან წააგებ ფულს. ეს არის გზა, გაიაზრო, შეეწინააღმდეგო და დაამარცხო ჩაგვრაზე დაფუძნებული ჰეგემონიური პროექტი. (ATTON, 2003)

ალტერნატიული მედიის როლის შესაახებ ყველაზე ადეკვატური და ზუსტი განსაზღვრება გრიფიტის უნივერსიტეტის პროფესორს, სიუზან  ფორდს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც „ალტერნატიული მედია აძლევს ხმას ხმაწართმეულებს“ (Forde, 2011), ანუ მათ, ვინც სისტემამ დაამუნჯა, ვის საჭიროებებზეც ვერც მეინსტრიმ ტელევიზიების  ცისფერი ეკრანებიდან მოისმენთ და ვერც გლამურული დახვეწილი ბეჭდური მედიიდან.

ასეთი მედიის სხვადასხვა ფორმამ, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისეთ დიდ ისტორიულ პროცესებში, როგორიც იყო საფრანგეთის რევოლუცია, მშრომელთა ორგანიზება მე-19 საუკუნის ბრიტანეთში(რაც საბოლოოდ გარდამტეხი სოციალური ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა), შავკანიანთა ორგანიზაციული წინააღმდეგობა 60-იანი წლების ამერიკაში და ა.შ.

ასეთი მედიის ტრადიცია გვაქვს ქართველებსაც, მე-19 საუკუნის ბოლო დეკადაში დაარსდა გაზეთი „კვალი“, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა ქართველ სოციალ-დემოკრატთა გამოცემად და რომელმაც ფუნდამენტური მნიშვნელობის საქმე  გააკეთა მუშებისა და გლეხების ორგანიზებაში, რაც ერთი მხრივ, დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა, მეორე მხრივ კი, უდიდესი როლი შეასრულა დაბალი ფენების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

როგორ აგვიხსნა მეინსტრიმულმა მედიამ ლევან ზურაბაშვილის ამბავი

პირველი დაკვირვება, რაც აუცილებლად უნდა გამოიყოს, არის მედიის მზაობა – არ გაეშუქებინათ ის მოთხოვნები, რომლებიც ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ლევანმა გააჟღერა. ეს ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი მომენტია, მედია ძალოვანი უწყების პროტოკოლს დაემორჩილა, თუმცა მეორე მხრივ, ამ ფაქტამდე სულ ცოტა ხნით ადრე, როცა საქართველოს ბანკის  ზუგდიდის  ფილიალში ბადრი ესებუა შეიჭრა,  აღნიშნული პიროვნება რამდენიმე ტელევიზიამ ჩართო პირდაპირ ეთერში.[5]

რატომ მოიქცნენ მედიები ორ მსგავს შემთხვევაში განსხვავებულად? ამაზე ბევრ და სხვადასხვანაირ განმარტებას მოისმენთ, მაგრამ ჩემთვის საკითხი ასე დგას, ესებუამ უბრალოდ თანხა მოითხოვა, თანხა, რომელსაც ერთდჯერადად გადასცემდნენ და ამით მორჩებოდა ამბავი. მეორე მხრივ, არის ლევან ზურაბაშვილი, რომლის მოთხოვნებიც სოციალურ ცვლილებებზე, ყველა ჩვენგანს ეხება და რომლის ფასიც სააფთიაქო ბიზნესის, აზარტული თამაშების და მათი ლობისტი ნეოლიბერალური მთავრობისთვის ნახევარ მილიონ დოლარზე ბევრად მეტია.

თუმცა მოთხოვნები ინტერნეტის საშუალებით მაინც გავრცელდა და ვირუსულად მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, შეაღწია ყველა გაჭირვებული ადამიანის ოჯახში, ყველა იპოთეკით დაზარალებულთან, ყველა უწამლოდ დარჩენილ ოჯახთან და მის მიმართ საყოველთაო სოლიდარობის კამპანიების დაწყება გამოიწვია.

შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯი, რაც მეინსტრიმ მედიამ გადადგა, იყო ლევან ზურაბაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის ეჭვქვეშ დაყენება. „ერთ-ერთი პირის  ჩვენების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ლევან ზურაბაშვილი აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი“ასეთი სათაური აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია ჰოლდინგის, „პალიტრას“ მთავარ ონლაინ საინფორმაციო მედიის, „ინტერპრესნიუსის“ სტატიას.[6] მიზანი მარტივი იყო, თუკი ის შეურაცხადად გამოცხადდებოდა, მისი მოთხოვნების გაუფასურებას უფრო მარტივად შეძლებდნენ.

იყო შემთხვევა, როდესაც ამ ფაქტზე აზრის გამოთქმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა იაგო ხვიჩიას სთხოვა, სადაც წამყვანი და მასზე ცოტათი თავშეკავებული(კონკრეტულ გადაცემაში) პოლიტიკოსი საუბრობდნენ, რომ მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ასეთი ამბავი შესაძლოა მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო.[7]

აგრეთვე, მედიას არ დავიწყებია „ექსპერტების“ აზრის დაფიქსირება, ე.წ. „საჯარო ინტელექტუალი“, ლაშა ბუღაძე[8] და სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია,[9]  ტერორიზმის რომანტიზების საფრთხესა და ზურაბაშვილის უმკაცრესად დასჯაზე აკეთებდნენ აქცენტს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენმა იდეოლოგიურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტამ, მიკროსაფინანსოში სათამაშო ხელყუმბარით შესული ადამიანისგან(რომელსაც „მძევლები“ კარნახობდნენ უფრო მკაცრი მოთხოვნები წამოეყენებინა საბანკო პროცენტის ზედა ზღვართან დაკავშირებით), საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით საშიში ტერორისტის სახე შექმნა, რომელიც სამაგალითო სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

როგორ მოყვებოდა ამ ისტორიას ალტერნატიული მედია

საქართველოში ზემოთ აღწერილი ალტერნატიული მედია არ არსებობს. არ არსებობს არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ თეორიაშიც. ქვეყანაში 60-ზე მეტი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს[10] და ალტერნატიული მედიის თეორიისთვის ადგილი ვერც ერთი უნივერსიტეტის  სასწავლო კურიკულუმებში ვერ გამოინახა. ჰეგემონური დისკურსი ცოდნის წარმოების კუთხით უკიდურესად ერთგვაროვანია, ქართულ უნივერსიტეტებში მხოლოდ და მხოლოდ მედიისა (ფართო  გაგებით) და ჟურნალისტიკის(ვიწრო გაგებით) წარმოების ლიბერალური ფორმები და ტექნიკები ისწავლება, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის იმ საკადრო რესურსის მობილიზებას, რომელიც ამ ტიპის მედიისთვის აუცილებელია.

მოდით ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში კორპორაციული, მოგებაზე ორიენტირებული და არსებული პოლიტიკური კლასის მიერ მართული მეინსტრიმ მედიის გარდა, არსებობს მდიდარი კლასისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი, ამავდროულად, არსებული პარტიული წრეებისგან დისტანცირებული ალტერნატიული მედია, როგორი იქნებოდა მისი თვალით დანახული ლევან ზურაბაშვილის ისტორია?

პირველ რიგში, რასაც ალტერნატიული მედია იტყოდა, არის ის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისი სიცოცხლეც (და არა უბრალოდ ჯანმრთელობა) ამ მოვლენის დროს რეალურად ეჭვქვეშ დადგა, თავად მოქმედი პირია, რომელიც სრულიად უიარაღოდ შევიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და პოლიციას რომ შტურმი გადაეწყვიტა, ან თავად შენობაში მყოფი ადამიანებიდან, რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის  წარმომადგენელი ყოფილიყო იარაღის ტარების უფლებით, რომელიც ინდივიდუალურად გადაწყვეტდა მოქმედებას, ერთადერთი ვინც დაიღუპებოდა თავად ლევან ზურაბაშვილია.

ალტერნატიული მედია ალბათ ისაუბრებდა იმაზე, რომ 2019 წლის 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 650 000 000 ლარის წმინდა მოგება ნახეს, 2018 წელს ანალოგიური მაჩვენებელი  914 718 028 ლარს შეადგენდა. თანხის დიდი ნაწილი განსაკუთრებით, არაბუნებრივად მაღალი საპროცენტო განაკვეთების საშუალებით მიიღეს.[11] ალტერნატიული მედია ისაუბრებდა იმაზე, რომ ბანკების გამდიდრება მოსახლეობის ყველაზე დაბალი ფენების გაღატაკების ხარჯზე მიმდინარეობს.

ალტერნატიული მედია გაიხსენებდა ინტერვიუს, სადაც პარლამენტარი და „პსპ-ს“ დირექტორი, კახა ოქრიაშვილი სიამაყით ყვება, როგორ ადებდა 100% ფასნამატს მედიკამენტებზე.[12]

ალტერნატიული მედია შეგვახსენებდა, რომ  აზარტული თამაშების საშუალებით, ქვეყნის მოსახლეობა უკიდურესად ღარიბდება, მდიდრდებიან მხოლოდ სათამაშო ბიზნესის მფლობელები, რომლებიც ბიუჯეტში მინიმალურ გადასახადს იხდიან. 2018 წელს სათამაშო ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ 13,8 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ბიუჯეტში 136,5 მილიონი ლარი შევიდა, რაც საერთო საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 1.4 %-ს შეადგენს.

აქვე იქნებოდა 2019 წლის სტატისტიკა, საიდანაც გავიგებდით, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, მხოლოდ ერთ წელიწადში 17-მა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კიდევ 7-მა სუიციდი სცადა. მათი ასაკი 14-დან 31 წლამდე მერყეობდა.[13]

ალტერნატიული მედია გვეტყოდა, რომ ლევან ზურაბაშვილის ქმედება იყო სუსტი, დაუზიანებელი, თუმცაღა გაბედული ნაბიჯი და ინსტიქტური საპასუხო რეაქცია გაბატონებული წესრიგის წინააღმდეგ, წესრიგისა რომელიც ადამიანებს სამუშაო ადგილზე სასიკვდილოდ წირავს, გაფიცულ მაღაროელებს პირის ამოკერვას აიძულებს[14], პანდემიისას, ზამთრის ცივ დღეებში ადამიანებს უკანასკნელ საცხოვრებელს უნგრევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. ამ დაპირისპირებაში, მათი ტერორის წინააღმდეგ ლევან ზურაბაშვილს სათამაშო პისტოლეტი და ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა.

ალტერნატიული მედია გვეტყოდა, რომ ამ დაპირისპირებაში მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან ღარიბი მოსახლეობის სიცოცხლეების ხარჯზე, ლევანისნაირ ახალგაზრდებს კი პოლიტიკური მოთხოვნების გაჟღერებისთვის 9-14 წლამდე პატიმრობით სჯიან.

სამწუხაროდ, ასეთი მედია არ არსებობს და შესაბამისად, ლევან ზურაბაშვილს იმაზე დიდ ხნიანი პატიმრობა ემუქრება, ვიდრე პედოფილებს, ვანო მერაბიშვილს, ძმებ ახალაიებს, მეგის ქარდავას და ა.შ.

რა უნდა გავაკეთოთ

მომავლის სახალხო მოძრაობა მძლავრი და ორგანიზებული ალტერნატიული მედიის შექმნაზე უნდა კონცენტრირდეს. მედიისა, რომელიც ხალხს კი არ დაელაპარაკება, არამედ ხალხში ამოიზრდება, ხალხის ერთმანეთთან ლაპარაკის პროცესში; მედიისა, რომელიც ჩაგრულ მოსახლეობას სახიდან იმ ნაკერებს მოხსნის, რომლის წყალობითაც მმართველმა ელიტებმა პირები ამოგვიკერეს და მათ ალაპარაკებს, რადგან ხალხი მართალს ამბობს და ხალხი საკუთარ ნაწილს მარტო არასოდეს ტოვებს. აი, სწორედ ამიტომ დადგა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ლევან ზურაბაშვილის გვერდით.

უკანასკნელ პერიოდში, ნამახვან ჰესის გარშემო მიმდინარე ამბებმა და მედიის მხრიდან რიონის ხეობის მაცხოვრებლების 100 დღიანი უკომპრომისო ბრძოლის სრულად იგნორირებამ, კიდევ უფრო ცხადად გამოაჩინა, რომ ამ საკითხზე  დისკუსიის დაწყება და გამოსავლის ძიება  საჩქარო და გადაუდებელი საქმეა.

ან ამას გავაკეთებთ, ან მომავალი ამ ქვეყნის ჩაგრული უმრავლესობისთვის კიდევ უფრო სასტიკი და შეუბრალებელი იქნება.

 


გამოყენებული ლიტერატურა:

ATTON, C. (2003). What is ‘alternative’ journalism%3