სახელმწიფოს შესახებ მარქსის მოძღვრება გარკვეულ ცვლილებებს მარქსის სიცოცხლეშივე განიცდიდა და, რა თქმა უნდა, ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მარქსს უწევდა პოლიტიკურად და ისტორიულად საკმაოდ დატვირთულ ეპოქაში მოღვაწეობა და, შესაბამისად, მისი თეორიული განაზრებები იმდროინდელ ისტორიულ-სოციალურ მოვლენებთან არის მიბმული. თვით მარქსის მოძღვრების განვითარების შესწავლაც სწორედ მატერიალისტური პრიზმიდან უნდა ხდებოდეს, მხოლოდ ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას ადეკვატურად აღვიქვათ, როგორც მარქსის, ასევე მთლიანად მარქსისტული ტრადიციის განვითარება. სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში სამი საკვანძო მომენტის გამოყოფაა შესაძლებელი: პირველი ეხება სახელწმიფოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისაგან გაუცხოებულ ინსტანციას, მეორე საკვანძო მომენტი წარმოიშვა საფრანგეთის ისტორიის შესახებ ისტორიული შრომებიდან, რომელშიც მარქსი სახელმწიფოს აანალიზებს, როგორც კლასობრივი ბატონობის იარაღს, ხოლო მესამე შეეხება პროლეტარიატის დიქტატურას.

მოხსენება წაიკითხა დავით გალაშვილმა, ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ლექცია ჩაიწერა ,,ალტერნატიული აკადემიის” ფარგლებში