დევიდ ჰარვი

თავისუფლება მხოლოდ მორიგი სიტყვაა…

წიგნიდან ,,ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია”.

თარგმნა მარიამ პაიჭაძემ.

იხილეთ სრული ვერსია

იმისთვის რომ ნებისმიერი აზრი დომინანტურად იქცეს, მისი კონცეპტუალური აპარატი იმგვარად უნდა იყოს აღჭურვილი, რომ მიემართებოდეს  ჩვენს ინსტიტუციებსა და ინსტინქტებს, ჩვენს ღირებულებებსა და სურვილებს, ისევე ჩვენს საარსებო სოციალურ გარემოში არსებულ, თანდაყოლილ შესაძლებლობებს. წარმატების შემთხვევაში, ეს კონცეპტუალური აპარატი იმდენად ინკორპორირდება საღ აზრად, რომ იგი მიიღება ყოველგვარი დაეჭვებისა თუ კითხვის ნიშნების გარეშე. ნეოლიბერალური აზროვნების დამაარსებელი ფიგურები ფუნდამენტურ, „ცივილიზაციის ცენტრალურ ღირებულებებად“ ადამიანის ღირსებასა და ინდივიდუალურ თავისუფლებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ იდეალებს მიიჩნევდნენ. მათი არჩევანი ნამდვილად გონივრულად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ეს მართლაც მიმზიდველი და მაცდური იდეალებია. ამ ფასეულობებს კი, საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ფაშიზმმა, დიქტატურამ და კომუნიზმმა, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევამ, რომელმაც კოლექტიური განსჯით ინდივიდის არჩევანის თავისუფლება ჩაანაცვლა.

ადამიანის ღირსება და ინდივიდუალური თავისუფლება თავისთავად მძლავრი და მომხიბვლელი ცნებებია. სწორედ ამგვარმა იდეალებმა მისცეს ბიძგი ცივი ომის დასრულებამდე დისიდენტურ მოძრაობებს აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც სტუდენტთა პროტესტს ტიანანმენის მოედანზე[i]. 1968 წელს მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტური მოძრაობების მძლავრი გამოცოცხლება, დაწყებული პარიზითა და ჩიკაგოთი, დამთავრებული ბანკოკითა და მეხიკოთი, ნაწილობრივ სწორედ სიტყვისა და პირადი არჩევანის თავისუფლების ძიებით იყო განპირობებული. ზოგადად, ეს იდეალები მისაღებია ყველასთვის, ვინც აფასებს შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ. თავისუფლების იდეამ, რომელიც ესოდენ დიდი ხანია ბუდობს ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციაში, განსაკუთრებით თვალსაჩინო როლი ბოლო წლების მანძილზე ითამაშა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი მაშინვე ინტერპრეტირდა არაერთი ადამიანის მიერ, როგორც თავისუფლებაზე თავდასხმა. ამ საზარელი დღის პირველსავე წლისთავზე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ „ამერიკის გრძელვადიანი ინტერესია მზარდი თავისუფლების პირობებში მშვიდობიანი სამყაროს შექმნა, რომელიც ასახავს მარადიულ ამერიკულ იდეალებს და აერთიანებს ამერიკის მოკავშირეებს“.  როგორც ბუშმა დასკვნით ნაწილში აღნიშნა, „კაცობრიობას ხელთ უპყრია შესაძლებლობა, დაგვანახოს  თავისუფლების ტრიუმფი მის ყველა საუკუნოვან მტერზე და შეერთებული შტატები მიესალმება თავის პასუხისმგებლობას, მოწინავე როლი შეასრულოს ამ მისიაში“. მსგავსი ენა მოგვიანებით განსხეულდა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც ამ განცხადებიდან მალევე გამოქვეყნდა. ბუშით თქმით, „თავისუფლება არის ღმერთის საჩუქარი ყველა კაცისა და ქალისათვის ამ სამყაროში” და ისიც დაამატა, რომ „როგორც მსოფლიოში უდიდესი ძალაუფლების მქონე ქვეყანას, ჩვენ [აშშ] გვაქვს ვალდებულება ხელი შევუწყოთ თავისუფლების გავრცელებას“[ii].

ერაყის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი ომის სურვილის დადასტურების შემდეგ, პრეზიდენტმა ომის ადეკვატურ გამართლებად სწორედ ერაყისთვის ნაბოძები თავისუფლების იდეა მოიყვანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნეოდა. თუმცა აქვე ისმის კითხვა, რა სახის „თავისუფლებაზე“ არის საუბარი ერაყის შემთხვევაში? როგორც კულტურის კრიტიკოსმა, მათიუ არნოლდმა დიდი ხნით ადრე მახვილგონივრულად განჭვრიტა, „თავისუფლება ძალიან კარგი ცხენია გასაჭენებლად, თუმცა რაიმე მიმართულებით”[iii]. კითხვაც სწორედ იმაში მდგომარეობს თუ სად, რა დანიშნულების ადგილისაკენ მიაჭენებს ერაყელი ხალხი სამხედრო ჩარევის გზით საჩუქრად ბოძებულ თავისუფლების ცხენს.

ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან ამ კითხვას პასუხი 2004 წლის 19 სექტემბერს გაეცა, როდესაც კოალიციური დროებითი მთავრობის უფროსმა, პოლ ბრემერმა ოთხი განკარგულება გამოაქვეყნა. განკარგულებების მიხედვით, ერაყში უნდა მომხდარიყო სახელმწიფო საწარმოთა სრული პრივატიზაცია; უცხოურ კომპანიებს ენიჭებოდათ ერაყში არსებულ ბიზნესებზე საკუთრების სრული უფლება; შესაძლებელი ხდებოდა უცხო ქვეყნიდან შემოსული მოგების სრული რეპატრიაცია; ერაყის ბანკები ღია ხდებოდა უცხოური კონტროლისთვის, ხოლო სახელმწიფო უზრუნველყოფდა დახმარებას უცხოური კომპანიებისთვის; გაუქმებული უნდა ყოფილიყო თითქმის ყველა სავაჭრო ბარიერი[iv]. ეს განკარგულებები ვრცელდებოდა ეკონომიკის ყველა სფეროზე, მათ შორის – საჯარო სერვისებზე, მედიაზე, წარმოებაზე, სერვისის, ტრანსპორტის, ფინანსთა თუ სამშენებლო სფეროებზე. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ნავთობი, რისი მიზეზიც მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ამასთანავე, ქვეყნის შემოსავალსა და ომის დაფინანასებაში განსაკუთრებული ადგილი იყო. ამასთანავე, მკაცრად რეგულირებული უნდა ყოფილიყო შრომის ბაზარიც. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, საკვანძო სექტორებში აკრძალული იყო გაფიცვა, ხოლო პროფესიულ კაშირებში გაერთიანების უფლება – შეზღუდული. დაწესდა ასევე უაღრესად რეგრესული, „ბრტყელი გადასახადი”, ამბიციური საგადასახადო რეფორმის გეგმა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე პროპაგანდას უწევდნენ კონსერვატორები აშშ-ში.

როგორც ზოგიერთი მიიჩნევდა, ეს ბრძანებები არღვევდა ჟენევისა და ჰააგის კონვენციებს, რომელთა მიხედვითაც, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ოკუპირებული ქვეყნის აქტივები და არა გაყიდოს ისინი[v]. ერაყელების ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია „კაპიტალისტური ოცნების რეჟიმს“, როგორც მას ლონდონური ჟურნალი „ეკონომისტი“ მოიხსენიებდა. კოალიციური დროებითი მთავრობის ამერიკის მხრიდან დანიშნულმა წევრმა მკაცრად გააკრიტიკა „თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალიზმის“ ამგვარი გამოვლინება და მას „ხარვეზიანი ლოგიკა“ უწოდა, „რომელიც ისტორიას უგულებელყოფს“[vi]. იმის მიუხედავად რომ ოკუპანტი ქვეყნის პოზიციიდან ბრემერის განკარგულებები უკანონო იყო, „სუვერენული“ მთავრობისგან დასტურის გზით მათ შეეძლოთ კანონიერი ძალა მოეპოვებინათ. აშშ-ს მიერ დანიშნული დროებითი მთავრობა, რომელმაც ძალაუფლება 2004 წლის ივნისში მოიპოვა, გამოცხადებულ იქნა „სუვერენულად“, თუმცა მას მხოლოდ არსებული კანონების დადასტურების ლეგიტიმაცია ჰქონდა. მმართველობის გადაცემის წინ, ბრემერმა მაქსიმალურად დააზუსტა კანონები თავისუფალი ბაზრისა და ვაჭრობის შესახებ, ისეთ სფეროებშიც კი, როგორებიცაა საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება და იმედი გამოთქვა, რომ ეს ინსტიტუციური შეთანხმებები თავიანთი გზით განაგრძობდნენ არსებობას, რითაც დადასტურდებოდა, რომ მათი შეცვლა ძალიან რთულია[vii].

ნეოლიბერალური თეორიის თანახმად, ბრემერის მიერ შემოღებული ზომები აუცილებელი და საკმარისი იყო ქვეყნაში სიმდიდრის შესაქმნელად და შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დაშვება, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალური თავისუფლებები გარანტირებულია თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის გზით, ნეოლიბერალური დისკურსის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია და ეს აზრი დიდი ხანია დომინირებს აშშ-ს პოლიტიკურ პოზიციაში დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების მიმართ[viii]. აშშ-ს მიზანი ერაყში ისეთი სახელმწიფო აპარატის შექმნა იყო, რომლის მთავარი ამოცანა ადგილობრივი თუ უცხოური კაპიტალის აკუმულაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ხელშეწყობა იქნებოდა. სწორედ ამ ტიპის სახელმწიფო აპარატს ვუწოდებ ნეოლიბერალურ სახელმწიფოს. თავისუფლებები, რომლებსაც ამ ტიპის სახელმწიფო ახალისებს, წარმოადგენს კერძო საკუთრების მფლობელების, მულტინაციონალური კორპორაციების და ფინანსური კაპიტალის ინტერესებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრემერმა თავისი ქმედებით ერაყელ ხალხს მიუთითა, თავიანთი ცხენი ნეოლიბერალური სადგომისკენ გაეჭენებინათ.

ნეოლიბერალური სახელმწიფოს ფორმირების პირველი მცდელობა ჩილეში, პინოჩეტის გადატრიალების შემდეგ, 1963 წლის 11 სექტემბერს ჰქონდათ, ბრემერის მიერ ერაყში არსებული რეჟიმის გამოცხადებამდე თითქმის ოცდაათი წლით ადრე. სალვადორ ალიენდეს დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალებას ხელი შეუწყო ადგილობრივმა ბიზნეს ელიტამ, რომელიც ალიენდეს სოციალიზმისკენ სწრაფვაში საფრთხეს ხედავდა. მათ ზურგს უმაგრებდნენ აშშ-ს კორპორაციები, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და აშშ სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი. ამ გადატრიალებამ ძალადობრივად ჩაახშო მემარცხენეთა ყველა სოციალური მოძრაობა და პოლიტიკური ორგანიზაცია, მოაშთო ყველა სახის პოპულარული ორგანიზაციები, როგორებიც იყო, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ღარიბი დასახლებებისთვის. შრომის ბაზარი „გათავისუფლდა“ მარეგულირებელი თუ ინსტიტუციური შეზღუდვებისგან, ისევე როგორც პროფკავშირული ძალისაგან. მაგრამ როგორ უნდა აღორძინებულიყო გაჩერებული ეკონომიკა? იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ (ეროვნული წარმოების სუბსიდირებით ან სატარიფო დაცვით წახალისებით), რომელიც დომინირებდა ლათინური ამერიკის ეკონომიკური განვითარების მცდელობებში, კრახი განიცადა, კერძოდ ჩილეში, სადაც მას კარგად არც არასდროს უმუშავია. როცა მთელი მსოფლიო ეკონომიკურმა რეცესიამ მოიცვა, გაჩნდა ახალი მიდგომების საჭიროებაც.

ჩილეს ეკონომიკის განახლებისთვის, იმხანად ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ მილტონ ფრიდმანის ნეოლიბერალური აზრებისადმი სიმპათიების გამო, „ჩიკაგოს ბიჭებად“ წოდებული ეკონომისტთა ჯგუფი მოიხმეს. საგულისხმოა მათი შერჩევის ისტორიაც. ცივი ომის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები 1950-იანი წლებიდან აფინანსებდა ჩილელი ეკონომისტების გადამზადებას ჩიკაგოს უნივერსიტეტში, რითაც ერთგვარ წინააღმდეგობას უწევდა მემარცხენე ტრადიციებს ლათინურ ამერიკაში. ჩიკაგოში განათლების მიღების შემდეგ, ამ ეკონომისტებმა თავიანთი გავლენები სანდიეგოს კერძო კათოლიკურ უნივერსიტეტში გაამყარეს. 1970-იანი წლების დასაწყისში ბიზნეს ელიტებმა ალიენდეს მთავრობის წინააღმდეგ დააფუძნეს „ორშაბათის კლუბი“ და საქმიანი ურთიერთობა შეინარჩუნეს „ჩიკაგოს ბიჭებთან“, რაც სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების საშუალებით მათი სამუშაოს დაფინანსებაში გამოიხატებოდა. 1975 წელს პინოჩეტის ჩამოსცილდა მისი მეტოქე ძალაუფლებისთვის, კეინსიანელი გენერალი გუსტავო ლეიგი, რის შემდეგაც მან დაუყონებლივ მოიყვანა მთავრობაში „ჩიკაგოს ბიჭები“. მმართველობის სადავეების აღების შემდეგ, მათი პირველადი ამოცანა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვალების შესახებ მოლაპარაკების დაწყება იყო. სსფ-სთან ერთად და მისი დახმარებით, მათ ქვეყნის ეკონომიკა სრულად მოარგეს თავიანთ თეორიებს. გაუქმდა ნაციონალიზაცია და მოხდა საჯარო საშუალებების პრივატიზაცია, ბუნებრივი რესურსები (მეთევზეობა, ხე-ტყე, ა.შ) ღია გახდა კერძო და დერეგულირებული ექსპლუატაციისთვის, რასაც ხშირ შემთხვევაში თან სდევდა ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული უკმაყოფილება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან; სოციალური უზრუნველყოფის სფერო სრულად დაექვემდებარა პრივატიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობით, გამარტივდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. უცხოურ კომპანიებს მიეცათ უფლებრივი გარანტია ჩილეში საკუთარი ოპერატორებისგან მიღებული მოგება თავიანთ სამშობლოში დაებრუნებინათ. იმპორტთან შედარებით, უპირატესობა მიენიჭა ექსპორტით გამოწვეულ ეკონომიკურ ზრდას. ერთადერთი სექტორი, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ დარჩა, იყო სპილენძის რესურსები (ერაყში ნავთობის მსგავსად). ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის საბიუჯეტო სიცოცხლისუნარიანობისათვის, რადგან სპილენძიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ ხაზინაში იყრიდა თავს. ჩილეს ეკონომიკის უეცარმა ზრდა, რომელიც მაღალ მაჩვენებლებში, კაპიტალის აკუმულაციასა და უცხოური ინვესტიციების უკუგდების მაღალ კოეფიციენტებში აისახა, ხანმოკლე აღმოჩნდა. სიტუაცია 1982 წელს, ლათინური ამერიკის ქვეყნების სავალო კრიზისის დროს გაუარესდა. შედეგად, შემდგომ წლებში თავი იჩინა მეტად პრაგმატული და ნაკლებად იდეოლოგიზებული ნეოლიბერალური პოლიტიკის განმტკიცების პროცესმა. ამ ყველაფერმა, პრაგმატიზმის ჩათვლით, 1980-იან წლებში ხელი შეუწყო ნეოლიბერალიზმისკენ შემობრუნებას როგორც ტეტჩერის მმართველობის ქვეშ მყოფ ბრიტანეთში, ასევე რეიგანის – ამერიკაში. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც პერიფერიაში ჩატარებული ბრუტალური ექსპერიმენტი ცენტრალური ქვეყნებისთვის პოლიტიკის შესამუშავებელ მოდელად იქცა (ასეთი იყო ბრემერის განკარგულებით ერაყში განხორციელებული „ბრტყელი გადასახადიც“)[ix].

ამერიკის შეერთებული შტატების ძალადობრივი გავლენების შემდეგ, სხვადასხვა მოცემულობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მომხდარმა სახელმწიფო აპარატის ორმა ესოდენ მსგავსმა რესტრუქტურიზაციამ, შეუძლებელია არ დაგვაფიქროს, რომ აშშ-ს იმპერიული ძალაუფლების გავრცელებას მეტწილად განაპირობებდა 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნეოლიბერალური სახელმწიფო ფორმების აქტიური გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უდავოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში მოხდა, როგორც ჩილეს ნეოლიბერალურ ცვლილებებში ადგილობრივი კომპონენტი გვიჩვენებს, ეს არ შეესაბამება სრულ სურათს. აშშ არ ყოფილა ის, ვინც მარგარეტ ტეტჩერს ნეოლიბერალური გზისკენ მიუთითებდა, რომელსაც იგი 1979 წელს დაადგა. ასევე არაფერი ჰქონია ამერიკას საერთო ჩინეთის ნეოლიბერალიზაციასთან 1978 წელს. 1980-იანი წლების ინდოეთსა და ადრეულ 1990-იან წლებში შვედეთში განხორციელებული ნაწილობრივ ნელიბერალური ნაბიჯები ასევე არ შეიძლება მარტივად დავუკავშიროთ აშშ-ს იმპერიულ გავლენას. ნეოლიბერალიზმის არათანაბარი გეოგრაფიული განვითარება ცალსახად იქცა ძალიან კომპლექსურ საკითხად, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს არაერთ ქაოტურ და დამაბნეველ განსაზღვრებას. მაშინ მთავარი კითხვა შემდეგნაირად დაისმის: რატომ წარმოიშვა ნეოლიბერალიზმისკენ შემობრუნების აუცილებლობა და რა ძალებმა აქციეს იგი გლობალური კაპიტალიზმის ფარგლებში ჰეგემონიურ ძალად?

იხილეთ სრული ვერსია

თარგმანი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.