ინტერვიუერი : გიორგი ბერიძე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1978 წლის 14 აპრილი, გიორგი ოთხმეზურის ზეპირი ისტორია

,,1978 წელს, 14 აპრილს, კულმინაცია იყო ქართული ენის, დედა ენის დაცვის, მე იმ დროს უკვე სტუდენტი აღარ გახლდით, 2 წელი იყო გასული რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, 1976 წელს დავამთავრე, ვმუშაობდი ხელნაწერთა ინსტიტუტში, როგორც კი მოვიდა ეს ცნობა საქართველოში რომ კონსტიტუცია იცვლება და რაც მთავარია იცვლება აი ეს მუხლი რომ ქართული, რაც ადრე კონსტიტუციაში ეწერა რომ ქართული იყო სახელმწიფო ენა, ისევე როგორც ყველა რესპუბლიკებისთვის მათი მშობლიური ენა იყო სახელმწიფო ენა, ეს უნდა ამოღებულიყო კონსტიტუციიდან, ამან გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება, ძალიან დიდი მღელვარება.

მაშინ მე მახსოვს ხელნაწერთა ინსტიტუტში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მახსოვს რა ვნებათაღელვით ჩაიარა ამ სხდომამ ხელნაწერთა ინსტიტუტში, ახალმოსული ვიყავი მაშინ და არც ასაკი მაძლევდა ამის უფლებას რომ აქტიურად, ზედმეტად აქტიურად გამოვსულიყავი და ჩემს უფროს კოლეგებს სიტყვაში ჩავჩროდი მაგრამ არც იყო ამის საჭიროება, ძალიან კარგად მახსოვს მაშინ მაია მამაცაშვილის მგზნებარე სიტყვით გამოსვლა რომ არ შეიძლება ამის დაშვება, ქალბატონი ელენე მეტრეველი, აკადემიკოსი ელენე მეტრეველი იყო დირექტორი და მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის დროს  დირექტორებს, პარტკომებს, მოადგილეებს, მათზე ასე ვთქვათ მეტი ზეწოლა ხორციელდებოდა, სანამ ეს საკითხი განსახილველად სხვადასხვა დაწესებულებებში მივიდოდა უკვე დაბარებული ყავდათ სადაც ჯერ არს და ინსტრუქციები ჰქონდათ მიცემული, ქალბატონ ელენეს მიუხედავად ამისა ხმა არ ამოუღია ახალი კონსტიტუციის დასაცავად, იჯდა ჩუმად, უსმინა გამომსვლებებს და მერე ადგა და წავიდა ისე რომ ერთი სიტყვა არ უთქვამს, ერთ ერთმა პიროვნებამ სცადა იქ ხელნაწერთა ინსტიტუტში რომ სხვა კუთხით წაეყვანა,ვითომ კონსტიტუციაში მარტო ეს კი არ არის საინტერესო არამედ სხვა მუხლებიც არის იქ მაგრამ იქ შეკრებილმა თანამშრომლებმა იმ წუთში ჩაახშეს მისი გამოსვლა და წავიდა ისევ ამ მხრივ რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. და როცა იყო დანიშნული, იმ დღეს გამოვედი სპეციალურად ხელნაწერთა ინსტიტუტში კონტროლი იყო, მივედი მოვაწერე ხელი,დავფისქრიდი და წამოვედი უნივერსიტეტისკენ, და რათქმაუნდა გაიგეს ჩემი გასვლა და გამოსვლა,გავაცდინე ნახევარი დღე, იცოდნენ რატომაც გავაცდინე და ამიტომ  შენიშვნაც კი არ მოუცია ჩემთვის არავის თუ რატომ გააცდინეო.

აქ იცით როგორი სიტუაცია იყო ? ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, ირეოდნენ სტუდენტები, აი აქ, მელიქიშვილის ქუჩაზე უკვე კორდონი იდგა პოლიციების, რაღცნაირად აეწყო საქმე, მოვიდნენ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტიდან, ალბათ პარტიიდანაც იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთ კომკავშირელს ვიცნობდი, შეშფოთებულები იყვნენ, არ უნდოდათ არაფრის ამ მანიფესტაციის დაშლა და რაღაც მომენტში ისე წავიდა საქმე, ერთი საათი, ორი საათი აქ რომ გაგრძელდა ეს თავყრილობა, აქ რომ გამოსვლის საშუალება არ მისცეს, მიტინგის რომ ვერ ჩატარდა, თითქოს იშლებოდა ხალხი, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა და, უცბად რამდენიმე, ბიჭები იყვნენ ძირითადად და თქვეს უცებ, წავედით ეხლა და ვინც წამოგვყვება წამოგვყვებაო, ასე ვთქვათ მწყობრი კოლონის დალაგება და წასვლა არ გამოვიდა და წავიდა ის ათი ბიჭი და წავყევით უკან და წაყვა ზღვა ხალხი, არავითარი წინაამღდეგობა მილიციის კორიდონს არ გაუწევია, ნუ ქართველები იყვნენ იქ, გაიწივნენ აი ასე პირდაპირ და გავიარეთ კორდონში, რუსთაველზე იყო მეორე კორდონი, ის კიარა ვიღაცამ მილიციელს დაარტყა, ქუდი გადაუვარდა, ყვირილი ატყდა : ‘’მილიციელს ხელი არ დააკაროთო’’, აი რო მივდიოდით გზაზე არა, სულ ვიცოდით მანამდეც ხელნაწერთა ინსტიტუდინაც რომ გამოვდიოდი, ტანკები იყო, ჯარები იყო მიმდებარე ქუჩაზე, ქალები გამოდიოდნენ, ასაკოვანი ხალხი ანუ, ამ რეპრესიულ რეჟიმს ვინც იყო მოსწრებული, ოციანი წლებიდან მოყოლებული, იგივე ორმოცი, ორმოცდაათიანი წლები, ცრემლები ჩამოდიოდათ, ლამის ტირილით გვაცილებდნენ რომ ‘’შვილებო რას შვებით, სად მიდიხართ, არ იცით ვისთან გაქვთ საქმე’’ მერე როდესაც მივედით იქეთ ამდენი ხალხი შეგროვდა პარლამენტის წინ, სკოლებიდან გამოვიდნენ ბავშვები, იმათ მასწავლებლები არ უშვებდნენ, ფანჯრიდან გვიქნევდნენ ხელს, გამოიპარნენ ვიღაცები, მაინც მოახერხეს მოსწავლეებმაც გამოპარვა, უფროსებიც იყვნენ ეხლა მეც დამთავრებული მქონდა ჩემი ძმა ჩემზე უფროსია, ისიც იქ იყო, შევხვდით სწორედ იქ ერთმანეთს, ლაშა იყო თაბუკაშვილი, ერთად ვიყავით, ჩემზე უფროსი, მეგობარია ჩემი, ასე რომ ,ძირითადად ახალგაზრდობა იყო და ნუ ახლა ძალიან დიდი მადლობა აი იმ ახალგაზრდობას,იმ სტუდენტურ მოძრაობას, რომელმაც აი ესეთი ვნებათაღელვა გამოიწვია და ამან იცით რაშია საქმე ?  საბჭოთა კავშირი ისეთი იმპერია იყო, იქ ქაღალდზე რა იქნებოდა დაწერილი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ძალით იმართებოდა ქვეყანა, ქაღალდზე კონსტიტუციაში ისიც ეწერა რომ ნებისმიერ რესპუბლიკას ჰქონდა უფლება ჩაეტარებინა რეფერენდუმი და გასულიყო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ რეფერენდუმს ვინ ჩაგატარებინებდა ? ან საბჭოთა კავშირიდან ვინ გაგიშვებდა ?! მაგრამ აი ამ აქციას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის, ისიც ძალიან კარგად მახსოვს, ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობდა ქალბატონი ცისანა აბულაძე, თურქოლოგი და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მოწერა ასეთი წერილი რომ ‘’орли помогли овца’’ აი ესე, რუსულად მოწერა წერილი.

ის ყველაფერი, ეროვნული მოძრაობა რაც იყო,ესეთი რაღაცები,საბჭოთა კავშირის დროს აი ესეთი გამოსვლები, რაც ძალიან ის არის აი, მე რომ მივდიოდი იქ, მათზე უფროსი ვიყავი, ოჯახიდანაც ვიცოდი მოყოლით და ამბებით გადმოცემით, თან ისტორიკოსი ვარ და რაღაცა საბუთებსაც ვიცნობდი, ვიცოდი ლექტორებისგანაც, რაზე იყო წამსვლელი ეს ხელისუფლება, მე მაგალითად არ ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ კონსტიტუციის ამ მუხლს შეცვლიდნენ, ნამდვილად და იქ ვიყავი ამ განწყობით, ველოდებოდი რომ ალბათ დარბევა მოხდება, სიკვდილს არავინ არ ფიქრობს ამ დროს, წაგვიყვანენ, დაგვარბევენ, დაგვიჭერენ წაგვიყვანენ და რას გვიზამენ, მერე გამოგვიშვებენ ამდენ კაცს ხოარ დაგვხვრეტენ ბოლო-ბოლო, აი ესეთ იმას ველოდებოდით, საბედნიეროდ, მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, შევარდნაძემ მოახერხა ბრეჟნევთან დალაპარაკება და იმან ჩაიქნია ხელი და თავი დაანებეთ რაც გინდა იყოსო და ასე წყნარად და მშვიდად გადაწყდა ეს საკითხი, სწორედ იმ დროს, როცა ჩვენ ვისხედით პარლამენტის წინ საპროტესტო განწყობით, გავსებული იყო მთელი თავისუფლების მოედნიდან მოყოლებული მთელი რუსთაველი ხალხით იყო გავსებული  იმ დროს მიდიოდა აქ პლენუმი ცეკასი და ელოდებოდა შევარდნაძე დაკავშირებას ბრეჟნევთან და სწორედ ამ პლენუმის დროს გამოაცხადეს რომ სახელმწიფო ენად რჩებოდა ქართული, ვერ წარმოდიგენთ რამხელა აჟიოტაჟი იყო, სიხარული, ჩანთების სროლა, ძალიან დასამახსოვრებელი და ღირსეშანიშნავი აქცია იყო.

  –კი ბატონო, საინტერესოა მოლოდინები – რა იყო მაშინ, და როგორ ფიქრობთ რა გავლენა იქონია ეროვნულ მოძრაობაზე მოგვიანებით ამ 78 წლის პროცესებმა, რამდენად მობილიზებული იყო და ორგანიზებული სტუდენტური პროტესტი მაშინ  ? რამდენად სპონტანური იყო ეს პროტესტი ? და შედეგებზე რო გავიდეთ, რამდენად დიდი როლი ითამაშა ამ პროცესმა ზოგადად რესპუბლიკაში ეროვნული ბრძოლის დაწყების პროცესში ?

კი ბატონო, რაშია იცით საქმე ? ეს სპონტანური არ იყო, სტუდენტების ჯგუფი მუშაობდა ამაზე, ამ საკითხზე, როგორც კი გაცხადდა რომ კონსტიტუციაში ესეთი ცვლილება უნდა შევიდეს, და მათ მიერ მომზადებული იყო, მე უბრალოდ შთაბეჭდილება დამრჩა რომ შეიძლებოდა მსვლელობა ვერ შემდგარიყო, მაგრამ გაიტანეს თავისი და წავიდნენ და მიჰყვა ხალხი, მაგრამ ეს არ იყო სპონტანური ნამდვილად, სტუდენტების ჯგუფი მუშაობდა, ამაზე დიდი პროტესტები იყო გამოთქმული სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, და მნიშვნელობა აი ამ აქციის ძალიან დიდი იყო, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცენტრალურმა საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია, ამიტომ ჰქონდა ამას დიდი მნიშვნელობა, გინდა არ გინდა, ადამიანის შეგნებაში ქვეცნობიერად ეს ილექება, თუ რაღაც ისეთი მოხდებოდა, მნიშვნელოვანი, ენის ამბავი თუ გავიტანეთ ამას რატომ ვერ გავიტანთ, ხომ ვიტყოდით არა ? აი ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ აი იმ სტუდენტების, ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე იყო, თედო ისაკაძე იყო, ირაკლი ბათიაშვილი იყო, ახალგაზრდების ჯგუფი იყო ვინც მოაწყო ეს აქცია, სხვათაშორის მაგ დროს იყო კიდე, აფხაზებმა მოითხოვეს საგანძურის, ის რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნაპოვნი და აქ იყო ჩვენთან მუზეუმში, მაგალითად ბედიის ბარძიმი, იმის სოხუმში გადატანა, ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების, ლალი ჯავახიშვილის მეთაურობით,მაშინაც რუსთაველზე გავიდნენ, პარლამენტის წინ, წამოაყენეს თავის მოთხოვნები,და მაშინაც იძულებულები გახდნენ ანგარიში გაეწიათ აი ამდენი მეცნიერ მუშაკის გამოსვლისთვის.

 -ეს კონტრ-ნაბიჯი, საპასუხო ნაბიჯი რაც გადაიდგა, სტუდენტების მიერ იყო გადადგმული თუ სამეცნიერო წრეების ?  

 ეს იყო სამეცნიერო წრეების, მუზეუმის ძირითადად, მაშინ ბატონი ლალი მოადგილე იყო დირექტორის, ივანე ჯავახიშვილის შვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ლალის ეძახდნენ, მისი თაოსნობით მოხდა ეს, რომ არცერთი ნივთი ჩვენი მუზეუმებიდან სოხუმს არ გადაცემოდა, სოხუმიც ჩვენი იყო მაშინ, მაგრამ იქ რა ბედი ეწეოდა და რა ხელში მოხვდებოდა, კაცმა არ იცოდა.

 

____________________________________________________________

ზეპირი ისტორიები გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, კრებულის ,,უნივერსიტეტში დაწყებული პროტესტების ზეპირი ისტორიები” ფარგლებში.