როგორც კი ჰეგემონია დაფუძნდება, ის დაიწყებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან. სწორედ საკომუნიკაციო გზებით ხდება ჰეგემონიისთვის საზოგადოებრივი ქმედებებისთვის ლეგიტიმაციის მოპოვება, თანხმობის გამომუშავება. თანამედროვე კაპიტალიზმში, ჰეგემონიისთვის ცენტრალური საკითხია მისი დომინაცია იყოს აღქმული როგორც რაციონალური გამოსავალი საზოგადოებრივი გამოწვევებისთვის, როგორც საღი აზრი საფინანსო, სოციალურ, ჯანდაცვის ან შრომის პოლიტიკაზე. ამიტომ, ყველა ურთიერთობა რომელსაც ჰეგემონია ამყარებს არის საგანმანათლებლო ურთიერთობა, თითქოს აღზრდა საზოგადოების იმ ნიშნულამდე, როცა ის პირდაპირ, უსიტყვოდ და ულაპარაკოდ, მიიღებს დისკურსს, როგორც გარდაუვალობას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ტელე, ბეჭდური თუ ინტერნეტ მედია, ფერადი კოდირება, ქუჩების სახელწოდებები ქალაქებში, კორპორატიული გრაფიტი – ყველა ეს მედია შეადგენს ტექსტს, რომელიც განპირობებულია ჰეგემონიისგან დაფუძნებული დომინანტური დისკურსით. სასაუბრო სესიაზე შევეცდებით განვიხილოთ თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ტექსტების კრიტიკული წაკითხვა, რა როლი მიუძღვის მედიაინდუსტრიას ტექსტისთვის კონტექსტის შექმნაში და ზოგ შემთხვევაში, რადიკალურად შეცვლაში.

მოხსენების ავტორი: დავით ჩიხლაძე, წითელი კედლის თანადამფუძნებელი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრი მედიის კვლევებში.