ალტერნატივების გარეშე: რისი რუკაა ,,საქართველოს ალტერნატიული რუკა?”

_______________________

ასე მაგალითად: ტყიბულში ჩასვლისას მთხრობელი იმ ტყიბულს “იხსენებს,” რომელიც ბოლოს ნახა – ანუ დღევანდელ ტყიბულს: “ასეთ ‘ნაჩერნობილარი’ ქალაქი საქართველოში მეორე არ იყო. არა მხოლოდ მოშლილი და დანგრეული ინფრასტურქტურა, ხალხის სახეები, სრული უმოძრაობა და უმოქმედობა, ადამიანს თვითმკვლელობამდე მიიყვანდა. […] ასეთი დაწყევლილი და მოუვლელი ადგილი ზესტაფონიც კი არ იყო შევარდნაძის მმართველობის ხანაში.” ალტერნატიულ ტყიბულში ჩასულმა მთხრობელმა იცოდა, რომ “ტყიბულში ისე წაუსოციალისტებდნენ, ბანგლადეშსა და შრი-ლანკას არ დაესიზმრებაო. მაღალი გამავლობის მანქანა შეიძლება რომელიმე რადიკალმა საღებავით დასვაროს ან ძვირვას ტელეფონზე მოსაუბრე კლიენტს ბარში ცუდი ლუდი დაუსხანო და ეგეთები.” ეს იმის გამოძახილად უნდა ჩავთვალოთ, რომ ტყიბული ბოლო წლებში არა “უმოძრაობითა და უმოქმედობით” გამოირჩევა, არამედ პროტესტისა და წინააღმდეგობის უწყვეტი ტალღებით.

ალტერნატიულ საქართველოში ტყიბული სულ სხვანაირია: “განახლებული ქალაქი ძალიან ეკლექტური გამოვიდა – გარეუბნები ეკომეგობრული შენობებითა და ცენტრი, სადაც ერთი საცხოვრებელი სახლი არ დგას და სამრეწველო უბნებია გაშენებული. ალბათ იკითხავს ჭკვიანი ადამიანი, რომელმა უტვინომ გააშენა ქალაქის ცენტრში ფაბრიკა-ქარხნებიო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს სამრეწველო ობიექტი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მუშაობს, შეიძლება ტყიბულის ცენტრის მის გარეუბნებზე უფრო სუფთაც იყოს. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ ქალაქისთვის დაიწერა, სანიმუშო აღმოჩნდა ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც. მხოლოდ თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული მშენებლობა (გონიერი აგური სწორედ ტყიბულში გამოიგონეს – შენობა აკუმულატორი, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება დღისით და ღამე სახლს ანათებს) ტყიბულის ხელწერად იქცა.”

ერთი შეხედვით ტყიბული ალტერნატიულ საქართველოშიც გამონაკლისია – წარმოების ცენტრი სხვამხრივ ტურიზმზე აწყობილ ქვეყანაში. ტურისტებს სხვა თითქმის ვერაფერი გადაურჩა. ძამას ხეობა დაცული ტერიტორიაა, თუმცა “მას შემდეგ რაც ხეობის ნაწილი სამონასტრო დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები აქაურეობას მოაწყდნენ. ეპარქიის სურვილის მიუხედავად მოსახლეობამ არ დატოვა მშობლიური სოფლები, მეტიც, ბევრი, ვისაც აქაურ მხარეში ძირი ჰქონდა, დაბრუნდა და მცირე საოჯახო სასტუმრო სასაუზმე ან რესტორანი გახსნა.” ჭიათურის მთებს რეკულტივაცია არც ალტერნატიულ საქართველოში ეღირსა, მთის წვერზე იქ “მაღარო palace” დგას, რომელიც “სრულიად ამოვარდნილი იყო ლანდშაფტიდან, მაგრამ მეთვრამეტე სართულიდან ხედი მართლა დაუვიწყარი რამ აღმოჩნდა.” ტყიბულში კი, “მერიოტის დონის სასტუმროში ვერ დაისვენებ,” რადგან “მაღალი დონის სასტუმროების არსებობა გაუმართლებელია სოციალისტური მოწყობის ტიპის ქალაქში.” თუმცა არსებული ტრაექტორიიდან არც ალტერნატიულ ტყიბულს გადაუხვევია. “ყველაფერი” – გონიერი აგურები, ეკომეგობრული გარეუბნები, ინოვაციური ტექნოლოგიები, წერს მეგრელიშვილი – “იდეით დაიწყო. ქვეყანამ ტყიბული გადასახადებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა (50 წლით) და იმ ადამიანებისთვის, ვინც რაიმე ტიპის გამოგონებაზე მუშაობდა, საინკუბაციო პირობები შექმნა. მალე, ქალაქის მერის ინიციატივით, პირველ ფლეშ თამაშების ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჯერ სტრატეგიული კომპიუტერული თამაშების შექმნისა და დაპატენტების ცენტრი, შემდეგ კი ახალი ინვესტორის, Bergeson Corporation-ის შემოყვანის მერე, დიდი საწარმოს გახსნაც მოჰყვა.”

ცხადია, საქართველოში დღესაც არაერთი გადასახადებისგან თავისუფალი ზონა არსებობს და თუ რამე საკმარისად გვაქვს ეს სტარტაპების ინკუბატორებია, მაგრამ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია და ეკომეგობრული გარეუბნები მათ, რატომღაც, ვერა და ვერ მოგვიტანეს. ამაზე უცნაური კი ისაა, რომ ალტერნატიულ ტყიბულში, სადაც ქალაქის მერი სოციალისტია, ჯიპებს რადიკალები პროტესტის ნიშნად ღებავენ, ძვირფასი სასტუმროები კი ადგილობრივთათვის მიუღებელი გახდა, სოციალისტებმა (?!) გადასახადებისგან განთავისუფლებასა და გამომგონებელთა ხელშეწყობაზე რადიკალური ვერაფერი მოიფიქრეს. უფრო [სასიამოვნოდ] გასაკვირი კი ისაა რომ უფრო რადიკალური არც არაფერი ყოფილა საჭირო.

ცვლილებების ნაწილი ზღაპრულად მარტივია: “მას მერე რაც შატილში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელი სიიდან მთავარ სიაში გადაიტანეს, ტურისტულმა ნაკადმა მკვეთრად იმატა. ადგილობრივებმაც ცოტა ამოისუნთქეს, გზებმა და ინდფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ ყველაფერი შეცვალა. შეცვალა ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობაც. თუ ადრე შატილშიც კი მუდმივი მცხოვრბელების რიცხვი ორნიშნას არ აღემატებოდა, ახლა აქ 2455 ადამიანი ცხოვრობდა. მამაჩემმა იცის ხოლმე თქმა, ადრე სადაც ლიანდაგი შედიოდა, ცივილიზაციაც შედიოდა, ახლა ლიანდაგი ინტერნეტმა შეცვალაო. ინტერნეტი ბოლო სიამე იყო, რაც შატილშმა მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, მას მერე ყველაფერი სწრაფად და ბუნებრივად განვითარდა.”

ჭირი იქა, ლხინი აქა.

“შატილს რომ გაცდები, მალევე პატარა დასახლებასავითაა, ახალშენია. აქ შარშან ორი ქარხანა ააშენეს და მუშებისთვის ათამდე კოტეჯი ჩაუდგამთ. თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა “როშკიონი” იმავე ადამიანს ეკუთვნის, ვინც როშკაში პირველი ორვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. სამწუხაროდ, თავად სასტუმრო არ მინახავს, როშკაში ბოლო სასტუმრო რაც ვნახე, შოთა წიკლაურის საოჯახო ტიპის ჰოსტელი იყო. ახალი სასტუმროს გახსნას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ადგილობრივები და მიტმასნილი არასამთავრობოები აპროტესტებდნენ – არიქა, ტრადიციებს გვართმევენ, ქართველობას გვართმევენ, გვრყვნიან, გვაუბედურებენო. მერე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პროცესი მაინც თავისი გზით წავიდა, როშკა კი არ დაიცალა, როგორც უწინასწარმეტყველებდნენ, ხუთი ოჯახით გაიზარდა, თაფლის ქარხანაც აშენდა და ახლა კავკასიის ყველაზე დიდი იმპორტიორი “როშკიონის” ქსელი იყო.”

ქატო იქა, ფქვილი აქა.

კარტოგრაფიაში არსებობს ფრაზა, რომელიც ერთხელ კონფერენციაზე მოვისმინე და მას შემდეგ არ მავიწყდება:  “ყველა რუკა ერთი რუკაა.” მაშინ მომხსენებლი იმას გულისხმობდა, რომ ყველა რუკა ერთი და იმავე სამყაროს ანარეკლია. ლეგენდისა და მასშტაბის მანიპულირებით ყველა რუკა ერთმანეთში თარგმნადია. საქართველო, როგორიც ის დღესაა, და საქართველო, როგორადაც ის ამ წიგნში გვხვდება, ისევე როგორც საქართველო ყველა სხვა უტოპიურ თუ დისტოპიურ ფანტაზიაში, არა ერთმანეთისგან განცალკევებული რეალობები არამედ ერთი და იმავე სიბრტყის სხვადასხვა კოორდინატებია.

ხშირად, როცა რადიკალური ალტერნატივების წარმოდგენას ვცდილობთ, ჩვენივე წარმოსახვის შეზღუდულობას ვაწყდებით ხოლმე. როგორი შეიძლება იყოს ცივილიზაცია უცხო პლანეტაზე, უცხო გალაქტიკაში? როგორ შეიძლება ხედავდნენ სამყაროს, თუ მათ პერსპექტივას არა სამი, არამედ ოთხი, ან იქნებ ორი განზომილება აქვს? ასეთი კითხვების დასმისას ალტერნატივებზე მეტს ჩვენივე მკაცრად შემოსაზღვრულ წარმოსახვით ველზე ვიგებთ. ასეთია “საქართველოს ალტერნატიული რუკაც.” მისი წაკითხვა არა იმიტომ ღირს, რომ მასში ამოვიკითხავთ როგორი შეიძლება იყოს საქართველო, არამედ იმიტომ, რომ მის ფურცლებზე მჟღავნდება როგორია საქართველო დღეს, როგორია მისი წარმოსახვითი ველი.

არსებობს ასეთი ინგლისური იდიომა: თუ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვს, ყველაფერი ლურსმნად გეჩვენება. “საქართველოს ალტერნატიულ რუკაზე” გამოსახული საქართველო ტურისტების საქართველოა, სუვენირების საქართველო – არყის ჭიქის მრგვალ ზედაპირზე დაბრეცილ ხუთჯვრიან დროშაზე, პლასტმასის ყანწებზე, დაბალპოლიგრაფიულ მაისურებზე დაბეჭდილი საქართველო. საქართველოს ასლი, რომელსაც დედანი არ აქვს. საქართველოს, ალტერნატიულსაც და არა-ალტერნატიულსაც – და ეს გლობალური პანდემიის შუქზე განსაკუთრებით ირონიულად და მტკივნეულად ჩანს – დღეს მხოლოდ ტურიზმი აქვს.

ბლოგი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.