ალტერნატივების გარეშე: რისი რუკაა ,,საქართველოს ალტერნატიული რუკა?”

გიორგი ცინცაძე მიმიოხილავს გურამ მეგრელიშვილის წიგნს “საქართველოს ალტერნატიული რუკა”  

 

http://platforma.ge/?page_id=4413

არსებობს ასეთი წიგნი – გურამ მეგრელიშვილის “საქართველოს ალტერნატიული რუკა.” “საქართველოს ალტერნატიული რუკა” – სინამდვილეში, და ალბათ მას ასეც უნდა ერქვას – ალტერნატიული საქართველოს რუკაა. მოქმედება ახლო მომავალში ვითარდება – წიგნში ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეა. წიგნი 26 მოთხრობისგან შედგება და თითოეულში მთხრობელი, რომელიც ხან წარუმატებელი მწერალია, ხან ჩამოსულ სტუმართა გიდი, ალტერნატიული საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონს სტუმრობს და მათ შესახებ გვიყვება.

“საქართველოს ალტერნატიული რუკის” ფურცლებზე იგრძნობა გულწრფელი სურვილი საქართველოში ადამიანები ცხოვრობდნენ უკეთ. ალტერნატიული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება აზარტული თამაშები (არ გაუმართლა მხოლოდ ჯანდარის ტბას, სადაც გამონაკლისის სახით აზარტული თამაშებისთვის ახალი ქალაქი, “ოქროს ტაფობი” გაშენდა). შორაპნის ციხე რესტავრირებულია. ცხინვალში მხოლოდ ელექტრომანქანები დადიან, მთავარი ტრანსპორტი კი ტრამვაია, რომელიც საკუთარ დენს თვითონვე გამოიმუშავებს. ალტერნატიულ საქართველოში ჭიათურა საუნივერსიტეტო ქალაქია, რომლის შესასვლელშიც “სადაც ადრე ძველი, დანგრეული ხუთსართულიანი შენობა იყო, ახლა ‘საინფორმაციო სისტემების აკადემიის’ კამპუსებია.” მდინარე ყვირილა, რომელშიც დღეს მანგანუმის შლამის მოცულობა ხშირად წყლისას აჭარბებს, “ყველაზე სუფთა მდინარეა საქართველოში.”

თუმცა როგორც ჩანს ამ ჟანრისთვის გარდაუვალია – უტოპიური ლიტერატურა, რომელიც ზოგიერთი მკითხველისთვის დისტოპიური ლიტერატურა აღმოჩნდება ხოლმე. ერთი ადამიანის სამოთხე, მეორის ჯოჯოხეთიაო, ერთის სანაგვე მეორის საგანძურიო. მკითხველთა უმრავლესობა შეშფოთდება როცა გაიგებს, რომ ალტერნატიულ შაორის ტბაში სასტუმრო “შაორის ამეთვისტო” დგას, რომელიც “ტბის შუაგულში ხელოვნურ, ნახევარმთვარის ფორმის კუნძულზე სამიოდე წლის წინ გააშენა ირანელმა ბიზნესმენმა და მისმა ცოლმა.” სავარაუდოდ შეშფოთებულ მკითხველთა მხოლოდ მცირე ნაწილს დაამშვიდებს იმის წაკითხვა, რომ “შაორის ტბა შიგნიდან უფრო ლამაზი სანახავი ყოფილა.”

ცვლილებების ნაწილი უტოპიურობისა და დისტოპიურობის ზღვარზეა, მკითხველის გემოვნების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. თავად განსაჯეთ: ალტერნატიულ თუშეთში ქუჩები მოპირკეთებული და სახლები გარემონტებულია, თუმცა “თუშეთის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა” და, მაშინაც კი თუ ოფიციალურ “Entrance”-ს დაუსხლტები იქ “სასტუმროების მცირე რაოდენობა და ძალიან მაღალი ფასი” დაგხვდება: “საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი ფუფუნება გახდა თუშეთში დასვენება,” თუმცა მათ შეუძლიათ ბაკურიანს მიაშურონ, სადაც კანონი სასტუმროებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასის განახევრებას ავალდებულებს. ალტერნატიულ საქართველოში “ქალაქები და რეგიონები ბიუჯეტიდან იმის მიხედვით ფინანსდებოდნენ, რა შემოსავალიც შეჰქონდათ ხაზინაში. მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტს მეტი დაფინანსება ჰქონდა ვიდრე ქარელისას, რადგან ტურიზმიდან მეტი თანხა შეჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, ქარელელებს მოტივაციაც ეზრდებოდათ და ცდილობდნენ რაიმე ინოვაცია დაენერგათ (პირველად სწორედ ქარელში გაჩნდა ბავშვების ჩასაბარებელი ინკუბატორები, სადაც არასასურველ შვილებს ანონიმურად ტოვებდნენ მშობლები).” ცხინვალში ცენტრალური ქუჩა სტალინის მაგივრად მერაბ მამარდაშვილის სახელს ატარებს. გურამ მეგრელიშვილის ალტერნატიულ საქართველოში პრეზიდენტი ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორი, გიორგი კეკელიძეა.

2020 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა ლაშა ბაქრაძის ინგლისურენოვანი წიგნი “საქართველო რუკებზე,” სადაც თავს იყრის უძველესი პროექციები, შუა საუკუნეებისა და საბჭოთა რუკები, რომლებზეც მკითხველს საქართველოს პოვნა შეუძლია. 2018 წელს გამოიცა გიგი თევზაძის “სხვა ისტორია,” რომელიც “საქართველოს ისტორიის არაკანონიკურ ვერსიას” გვიყვება. კრებულში მოხვედრილი ყველაზე ვრცელი ესსე კავკასიის გეოლოგიასა და ლანდშაფტზე დაკვირვებით რუკაზე შესაძლო და რეალურ სატრანზიტო გზებს გამოსახავს და საქართველოს ისტორიულ ტრაექტორიებს სატრანსპორტო მარშრუტებს უკავშირებს. ცვალებადი ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის გამოძახილად მოგვეჩვენებოდა ალტერნატიული საქართველოების სიმრავლე და არსებულის რუკაზე დატანის უახლესი მცდელობები რომ არ გვახსოვდეს, რომ ქართული ლიტერატურის რუკაზე ყოველთვის მრავლად მოიძებნებოდა უტოპიური კუნძულები, (“სანტა ესპერანსა”) ქალაქები (კანუდოსი) და სამეფოები (“იყო არაბეთს როსტევან…”).

ალტერნატიული საქართველო, რომელიც წიგნის მკითხველისთვის გზადაგზა იშლება, ადგილ-ადგილ ალტერნატიული სულაც არაა, რადგან ის ზედმიწევნით იმეორებს განვითარების იმ ლოგიკას, რომელსაც დღევანდელი, არა-ალტერნატიული საქართველო მიუყვება. მეგრელიშვილის ალტერნატიულ საქართველოში ბევრი რამ შეცვლილა, თუმცა უფრო მეტი არა ცვლილება, არამედ არსებულის გაზვიადებული ვერსიაა.

“ჯერ კიდევ 2017 წელს,” ვკითხულობთ ერთერთ მოთხრობაში, “ახალგაზრდა რესტავრატორთა ჯგუფმა სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარებისა და შენახვა-მოვლის გეგმა შესთავაზა. გეგმის მთავარი ღირსება ის იყო, რომ უპატრონოდ დარჩენილ მიტოვებულ ციხესიმაგრეებს, ძეგლებს, ეკლესიებს ახალი ფუნქციონალური დატვირთვა შესძენოდათ და მათი მიმდებარე ტერიტორია “ეშმაკების საპატრონო” კი არა, ცოცხალი და ტურისტულად აქტიური ადგილები ყოფილიყო. საქართველო რამდენიმე პირობით ზონად დაიყო, თითოეულ ზონაში შეირჩა სხვადასხვა მიმართულების ძეგლი თუ ადგილი და მათი რესტავრაციის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდა საკონცერტო დარბაზები, მაღაზიები, საკონფერენციო სივრცეები, სასტუმროები და კაფეები, რომელიც სამართავად კერძო კომპანიებს გადაეცა, ცხადია, გარკვეული ვალდებულებებით.” აქ თვალს არა მხოლოდ “ეშმაკების საპატრონოსა” და “ტურისტულად აქტიური ადგილების” შეპირისპირება ხვდება, არამედ ისიც, თუ რამდენად ნაცნობია ეს არარსებული გეგმა. არ ვიცი არსებობს თუ არა ახალგაზრდა რესტავრატორთა ჯგუფი, ან ითვალისწინებს თუ არა რომელიმე სტრატეგიული დოკუმენტი ქვეყნის პირობით ზონებად დაყოფას, მაგრამ არსებულ ეკონომიკურ სტრატეგიას თუ პრივატიზაციას და ტურიზმს გამოვაკლებთ მისგან არაფერი დარჩება.

ალტერნატიულ საქართველოში “აპრილის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე გომის მთა კინოპავილიონად გარდაიქმნება ხოლმე” სადაც “ახალი საგადასახადო კანონისა და კინომწარმოებლებისთვის შექმნილი იდეალური საგადასახადო პირობების” გამო თავს იყრიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, პროდიუსერები და სცენარისტები. გომის მთა არა, მაგრამ თბილისის რამდენიმე ქუჩა 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მართლაც იქცა პავილიონად და ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” 2016 წლიდან მოიცავს ქვეპროგრამას “გადაიღე საქართველოში.” თბილისში “ფორსაჟის” გადაღების ამბავი სინამდვილე რომ არ იყოს გურამ მეგრელიშვილს ის “საქართველოს ალტერნატიული რუკისთვის” უნდა შეეთხზა. მაშინ რეალობისა და გამოგონილის გარჩევა ალბათ განსაკუთრებით გაჭირდა ვაჟა ფშაველას ქუჩის მაცხოვრებელთათვის, ვისაც “ფორსაჟზე” უფრო შთამბეჭდავი რბოლის ყურება საკუთარი ფანჯრებიდან შეუძლიათ ხოლმე.

მეგრელიშვილის ალტერნატიული საქართველოს რუკაზე დატანილი არაა ის გზა, რომლითაც დღევანდელი საქართველო წიგნში აღწერილად გარდაიქმნა. ამით ალტერნატივა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, როგორც კერძი, რომლის გაკეთებაც არ იცი. იმ მოთხრობებში, სადაც ავტორი იმ ცვლილებებზე მიგვანიშნებს, რამაც საქართველო გარდაქმნა კითხვები მეტი გვრჩება, ვიდრე პასუხები.