გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69%-ს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს UNICEF კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევა აჩვენებს, რომ 2017 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 27%-მა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. რესპოდენტთა მეტი წილი (39%) თვეში ხარჯავს 51-75 ლარის მედიკამენტს. მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72 ± 13, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. ამ კუთხით როგორ გესახებათ სახელმწიფოს როლი? ასეთ ვითარებაში შესაძლებელია თუ არა ფარმაცევტული კომპანიებისთვის ფასების გარკვეული ზედა ჭერის დაწესება? 

ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში ყველაზე არაჯანსაღია. წარმოუდგენელი ამბავია, რომ წამლის მწარმოებელი კომპანიას, დიდ სადისტრიბუციო აფთიაქების ქსელს, საავადმყოფოების ქსელს და სადაზღვევო კომპანიას ჰყავდეს ერთი და იგივე მესაკუთრე. ასეთი ინტერესთა კონფლიქტი მსოფლიოში არ არსებობს. წამლის მწარმოებელი არ უნდა ფლობდეს აფთიაქებს. საქართველოში აფთიაქების ნაცვლად რეალურად გვაქვს წამლების დისტრიბუტორების საწყობები. აფთიაქის კონცეფცია საქართველოში დაკარგულია. ექიმის მიერ გაცემული რეცეპტის მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ აფთიაქში ამ წამლის შეძენა. თუ პაციენტის ვიზიტის მომენტისთვის აფთიაქს არ აღმოაჩნდა მოთხოვნილი წამალი, მან უნდა გააკეთოს შეკვეთა და იმავე დღის მეორე ნახევარში მიაწოდოს მსურველს პრეპარატი. ჩემს დას ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და მახსოვს რამდენი აფთიაქის შემოვლა მიწევდა წამლის შესაძენად. ჩემს მეგობარს დედაც ანალოგიური დაავადებით მკურნალობს და ჩემი მეგობარიც მთელ ქალაქში ეძებს ზოგჯერ საჭირო წამალს. წამალი რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, უნდა იყიდებოდეს ყველა აფთიაქში.  ამ ბიზნესს მართავენ როგორც ბანკის ფილიალს და კარტოფილის მაღაზიას. ისინი მხოლოდ მოგებაზე ზრუნავენ. სამედიცინო ბიზნესში ისედაც არ არის დიდი მოგება და ჩემი აზრით მოგების მარჟა არც უნდა იყოს 7%-ზე მაღალი. ეს ეხება როგორც საავადმყოფოს, ასევე აფთიაქს. ჯანდაცვის სფეროში  სამწუხაროდ რომელიმე სისტემის პირდაპირ გადმოღება შეუძლებელია. ავიღოთ მაგალითად ფრანგული მოდელი და გადმოვიტანოთ საქართველოში, ეს ასე არ იმუშავებს. ყველა ქვეყანამ უნდა ააწყოს თავისი ჯანდაცვის სისტემა კულტურული, რელიგიური, გეოგრაფიული, პოლიტიკური და სოციალური გარემოებების გათვალისწინებით.  მაგალითად,გერმანიაში ზოგიერთი მოქმედი კანონი ჯანდაცვის სისტემაში 2 საუკუნის წინ არის მიღებული. იმიტომ რომ გერმანიაში ექთნის ინსტიტუტი განვითარდება მონაზვნების, მოწყალების დისგან, საიდანაც წამოვიდა ექთნის კონცეფცია, რაც დროთა განმავლობაში განვითარდა. რომ იღებ გერმანულ მოდელს, იქვე უნდა გაითვალისწინო წარსულში, თუნდაც 200 წლის წინ რა მდგომარეობა იყო. იმიტომ რომ ამის გათვალისწინების გარეშე, ზოგჯერ გაუგებარია რატომ არის მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად მიღებულია 200 წლის წინ და შემდეგ ასწლეულების განმავლობაში შესაბამისი ცვლილებებია მასში შესული. საქართველოც რა თქმა უნდა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა ჯანდაცვის სისტემის აწყობის პროცესში დაუშვებს შეცდომებს. შეცდომის დაშვებას უნდა მოჰყვეს მისი განხილვა. საქართველოში ასე არასდროს არ ხდება.

 

საზღვარგარეთ ქართველ მედიკოსებს გაცილებით კარგ ანაზღაურებას და უკეთეს შრომის პირობებს სთავაზობენ. რა ბერკეტები შეიძლება აამოქმედოს სახელმწიფომ ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? შეიძლება თუ არა ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყოს მინიმალური ხელფასის განსაზღვა სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისთვის? როგორ გესახებათ ამ სიტუაციის გაუმჯობესება?  რამდენად შესაძლებელია საქართველოში მომზადდეს თანამედროვე კვალიფიკაციის პროფესიონალი მედიკოსი, რომელსაც ექნება პირობები საქართველოში საქმიანობისთვის?

კადრების გადინების შეჩერება შეუძლებელია.  მე ყველა ჩემს სტუდენტს მოვუწოდებ საქართველოდან წავიდნენ. ადამიანმა უნდა ისწავლოს 15 წელიწადი და მერე იყოს ვიღაცის მონა და იმუშაოს 200 ლარად? როცა გაქვს პრეტენზია, რომ მიიღო კარგი სერვისი, მასში ფულიც უნდა გადაიხადო. საქართველოში სჯობს იყოს არა 415, არამედ 10 საავადმყოფო, სადაც მომუშავე პერსონალს ექნება ამჟამინდელი 10 ექიმის ჯამური ხელფასი. დღევანდელ რეალობაში ერთი ექიმი მუშაობს 3-4 ადგილას, ასევე ექთნებიც. რეალურად მას სჭირდება სტაბილური დასაქმება, კარიერული ზრდის შესაძლებლობა და არა ოპერაციის კოდებზე ფიქრი. როდესაც სისტემა მახინჯია, ვერ ეტყვი ახალგაზრდა ექიმს რომ დარჩეს ქვეყანაში. ჩემი პოზიცია ასეთ ვითარებაში მარტივია: ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ წავიდნენ უცხოეთში, ისწავლონ იქ და იმუშაონ იქ. თუ თქვენ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, თქვენ საქართველოში დღეს ვერ იმკურნალებთ. პროცედურების 90% საქართველოში ვერ კეთდება. რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს და სანამ ხარისხზე არ იქნება ორიენტირება, მანამდე ქვეყანაში ვერ გვეყოლება პროფესიონალები და ვერ გვექნება მაღალი ხელფასები ამ სფეროში. ბოლო 20 წელია ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორ უნდა განვითარდეს ჯანდაცვის სისტემა. ბიზნესი მოწოდებულია შეამციროს საკუთარი ხარჯები, რაც იწვევს ხელფასის შემცირებას. პრობლემა ისაა, რომ ეს ბიზნესი აკეთებს ლობირებას პარლამენტში, ხოლო პარლამენტი შემდეგ ლობირებს კონკრეტულ საკითხს მთავრობაში. სანამ ეს გაგრძელდება, ვიქნებით იმავე ვითარებაში. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე უწყება შრომის და სხვა საკითხების გარეშე, მკაფიო შეთანხმებით, რომ ჯანდაცვის სფეროში მიღებული გრძელვადიანი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ყველაფერი რაც ჯანდაცვის სისტემაში აქამდე არ მუშაობდა,  ახლა კოვიდ პანდემიის დროს ზედაპირზე ამოტივტივდა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული პაციენტის მდგომარეობაში.