fbpx

ესაა ჩემი სათქმელი დასავლური სამყაროსათვის:

თქვენი ცივილიზაცია კლავს სიცოცხლეს დედამიწაზე

ნემონტე ნენკიმო

თარგმნა: მარიკა ტყეშელაშვილმა

ნემონტე ნენკიმო ერთ-ერთი დამფუძნებელია აბორიგენების მიერ მართული არამომგებიანი ორგანიზაციისა – კეიბო ალიანსი, პასტაზას პროვინციის ვაორანი ხალხის ორგანიზაციის პირველი ქალი პრეზიდენტი და ჟურნალ „თაიმის“ მიხედვით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანებიდან ერთ-ერთი.

ჩვენ, აბორიგენი ხალხი, ვიბრძვით ამაზონის გადასარჩენად, თუმცა მთელი პლანეტა გასაჭირშია იმის გამო, რომ თქვენ მას უპატივცემულოდ ეპყრობით.

Para State, Brazil. Photograph: Carl de Souza/AFP/Getty Images

ძვირფასო პრეზიდენტებო ამაზონის ცხრა ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ლიდერებო, რომლებსაც ჩვენი ტროპიკული ტყის ძარცვა-გლეჯაში მიგიძღვით ბრალი,

მე ნემონტე ნენკიმო ვარ – ვაორანი ქალი*, დედა და ჩემი ხალხის წინამძღოლი. ამაზონის ჯუნგლები ჩემი სახლია. ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ კვლავ მძვინვარებს ცეცხლი, კორპორაციები ჩვენს მდინარეებში აქცევენ ნავთობს, მაღაროელები იპარავენ ოქროს (როგორც ბოლო 500 წელია), და უკან ღია კარიერებსა და ტოქსინებს ტოვებენ; იტაცებენ მიწებს და კაფავენ ხელუხლებელ ტყეებს იმისათვის, რომ საქონელმა იბალახოს, მცენარეული კულტურები გაშენდეს და თეთრი კაცი გამოიკვებოს. გწერთ, რადგან ჩვენს მოხუცებს კორონავირუსი ხოცავს, სანამ თქვენ გეგმებს აწყობთ იმის თაობაზე, როგორ დაჭრათ და დაანაწევროთ ჩვენი მიწები ეკონომიკის სტიმულირებისათვის, ეკონომიკისა, რომელსაც ჩვენთვის სარგებელი არასდროს მოუტანია. გწერთ, რადგან აბორიგენი ხალხი ვიბრძვით იმის დასაცავად, რაც გვიყვარს – ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი მდინარეები, ცხოველები, ტყეები და დედამიწაზე არსებული სიცოცხლე. დადგა დრო, რომ ყური დაგვიგდოთ.

Photograph: Mitch Anderson / Amazon Frontlines

იმ მრავალ ასეულ ენათაგან, რომლებზეც ამაზონის ჯუნგლებში ვსაუბრობთ, თითოეულში მოიპოვება თქვენი აღმნიშვნელი სიტყვა – უცხო, უცხოტომელი. ჩემს ენაში, ვაოტედედოში, ეს სიტყვა ასე გამოითქმის – „კოვორი“. იგი აქამდე აუცილებლად ცუდს არ აღნიშნავდა ხოლმე, მაგრამ თქვენი წყალობით სწორედ ცუდის მნიშვნელობა შეიძინა. ახლა „კოვორი“ აღნიშნავს იმავეს, რასაც, სამწუხაროდ, უკვე აღნიშნავს თქვენი საზოგადოება – თეთრ კაცს, რომელმაც ბევრად ნაკლები იცის იმასთან შედარებით, რა ძალაუფლებასაც ფლობს და რამხელა ზიანიც მოაქვს.

ალბათ არ ხართ ჩვეულნი, როცა აბორიგენი ქალი არმცოდნეს გიწოდებთ, მით უფრო ასეთ პლატფორმაზე. თუმცა ჩვენთვის ის ნათელია, რომ რაც უფრო ნაკლები იცით რაღაცის შესახებ, მით უფრო ნაკლებად აფასებთ და უფრო ადვილად ანადგურებთ ხოლმე მას – ადვილად, ე.ი დაუნანებლად, ურცხვად, უგუნურად და მეტიც, კეთილშობილური მოქმედების გრძნობით. სწორედ ასე გვექცევით ჩვენ, აბორიგენ ხალხებს, ტროპიკული ტყეებით დაფარულ ჩვენს ტერიტორიებს და საბოლოო ჯამში, ჩვენი პლანეტის კლიმატსაც.

ჩვენ ათასობით წელი მოვანდომეთ ამაზონის ჯუნგლების გაცნობას, მისი წესებისა და საიდუმლოებების გათავისებას, ამ ჯუნგლებში გადარჩენისა და ამ ჯუნგლებთან ერთად გაზრდა-გახარების სწავლას. თქვენ კი ვაორანი ხალხი სულ 70-ოდე წელია გიცნობთ (1950-იანებში მოგვაწვდინეს ხმა ამერიკელმა ევანგელისტმა მისიონერებმა), და უკვე კარგადაც გიცნობთ, რადგან ჩვენ სწრაფად ვსწავლობთ, თქვენ კი არა ხართ ტყესავით რთული შესასწავლი.

თქვენ რომ ამბობთ, ნავთობკომპანიები გასაოცარი ახალი ტექნოლოგიების წყალობით თქვენი მიწის სიღრმიდან ნავთობს ისე ამოსრუტავს, როგორც კოლიბრი ისრუტავს ნექტარს ყვავილიდანო, მშვენივრად ვუწყით, რომ სტრუით, რადგან ჩვენს საცხოვრებელთან მოედინება ნავთობით დაბინძურებული მდინარეები. სატელიტები არ გვჭირდება ტყუილში თქვენს გამოსაჭერად მაშინ, როცა ამბობთ, ამაზონი არ იწვისო, რადგან გვახრჩობს იმ აალებული ხეხილის კვამლი, საუკუნეების წინათ რომ გააშენეს ჩვენმა წინაპრებმა.

როცა ამბობთ, თითქოს გამოსავალს ეძებთ კლიმატის კრიზისის სასწრაფოდ გადასაჭრელად და ამ დროს ექსტრაქციასა და დაბინძურებაზე დაფუძნებული მსოფლიო ეკონომიკის შენებას აგრძელებთ, ჩვენ ვიცით, რომ სტყუით. ვიცით იმიტომ, რომ მიწასთან ყველაზე ახლოს ჩვენ ვცხოვრობთ და პირველებს გვესმის მისი ჩივილი.

(c) Amazon Frontlines.

მე არასდროს მქონია შესაძლებლობა, მესწავლა უნივერსიტეტში, გავმხდარიყავი ექიმი, იურისტი, პოლიტიკოსი თუ მეცნიერი.

 

ჩემი მასწავლებლები ჩვენი უხუცესები არიან.

ჩემი მასწავლებელი არის ტყე.

და საკმარისიც ვისწავლე იმისათვის (ჩემი აბორიგენი დების და ძმების მსგავსად, მთელი მსოფლიოს გარშემო რომ ბინადრობენ), კარგად ვუწყოდე, რომ თქვენ გზა-კვალი გაქვთ არეული და დიდ განსაცდელში ხართ ჩავარდნილი (თუმცა კი ჯერაც არ გესმით ეს ბოლომდე), ეს განსაცდელი კი დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმას უქადის საფრთხეს.

თქვენ თავს მოგვახვიეთ თქვენი ცივილიზაცია და ნახეთ, ახლა სადა ვართ: გლობალური პანდემია, კლიმატური კრიზისი, სახეობათა გადაშენება და ამ ყოველივეს მიზეზი – ფართოდ გავრცელებული სიღატაკე სულიერებისა. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც თქვენთან ეზიდებოდით ყველაფერს ჩვენი მიწიდან, ერთხელაც არ გამოიჩინეთ გამბედაობა, ცნობისმოყვარეობა, ანდაც პატივისცემა ჩვენს გასაცნობად, რათა გაგეგოთ, როგორ ვუყურებთ, როგორ ვფიქრობთ, როგორ ვგრძნობთ ცხოვრებას დედამიწაზე და რა ვიცით მის შესახებ.

ამ წერილით ვერც გასწავლით ვერაფერს. მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ამ ტყისა და ამ ადგილის სიყვარული, ათასწლეულებია, მოგვდგამს. და ეს ყველაზე ღრმა სიყვარულია, თაყვანისცემაა. ამ ტყემ გვასწავლა ფეხაკრეფით სიარული. ჩვენ ყურს ვუგდებდით, ვსწავლობდით და ვიცავდით, სანაცვლოდ კი მისგან ყველაფერს ვიღებდით -¬ წყალს, სუფთა ჰაერს, საკვებს, თავშესაფარს, წამალს, ბედნიერებას, მნიშვნელობას. თქვენ კი გვართმევთ ამ ყველაფერს და მხოლოდ ჩვენ კი არა, არამედ მთელი პლანეტის მოსახლეობას და მომავალ თაობებსაც ართმევთ.

ამაზონში ადრიანი დილაა, საცაა, უნდა ინათოს: ეს ის დროა, როცა ჩვენს გულისთქმასა და საფიქრალს ვუზიარებთ ერთმანეთს. და მეც გიზიარებთ ჩემსას: დედამიწა თქვენგან შველას არ ელის, ის თქვენგან ელის პატივისცემას. და ჩვენც, აბორიგენები, იმავეს მოლოდინში ვართ.

შენიშვნები:

* იგივე ჰუაორანი, ვაოდანი და ვაო – ეკვადორის სამ პროვინციაში (ნაპო, ორეიანა და პასტაზა), მდინარე კურარაი და ნაპოს შორის მცხოვრები ხალხია. მათი საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4000-ს.

[fusion_builder_column type=”1_1″ type=”1_1″ layout=”1_1″ background_position=”left top” background_color=”” border_size=”” border_color=”” border_style=”solid” border_position=”all” spacing=”yes” background_image=”” background_repeat=”no-repeat” padding_top=”” padding_righ

გაზიარება: