ვარენ მონტაგი არის ინგლისურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი, ლოს–ანჯელესში, კალიფორნიაში. მონტაგი არის ავტორი ფრანგი ფილოსოფოსის, ლუი ალთიუსერის, შესახებ დაწერილი რამდენიმე წიგნისა და ესეისა. მონტაგი, ასევე, გალხავთ სპინოზისტური მარქსიზმის ერთ–ერთი თვალსაჩინო მკვლევარი და წარმომადგენელი.

თარგმნა: დავით გალაშვილმა

თავდაპირველად გამოქვეყნდა ონლაინ ჟურნალში ,,სიტყვები

როგორ ხედავთ მიმდინარე ვითარებას? იქნება კი გადაჭარბება ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სრული მარცხის შესახებ საუბარი?

არსებული ვითარება, ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპისთვის, ჩემი მტკიცებით, აპოკალიფსია, მაგრამ არა დღეთა დასასრული, არამედ აპოკალიფსი პირდაპირი გაგებით, იმის განფარვა, რაც წინათ დაფარული გახლდათ და თანაც ეს პროცესი წარიმართა უცაბედად, მოულოდნელად და განუზომელი შედეგებით. კორონავირუსმა ჩამოგლიჯა საბურველი, რათა გამოემჟღავნებინა ის მოცემულობა, რომ ნეოლიბერალური რეჟიმის მოჩვენებითი წარმატება არასაიმედოდ დაივანებდა ძალიან სპეციფიკურ გარემოებებზე; ის ჯერ კიდევ არ გადასინჯულა იმით, რასაც მაკიაველი უწოდებდა იღბალს და რასაც ჩვენ შეიძლება ისტორია ვუწოდოთ. მაგრამ შეგვიძლია კი ჩვენ ვისაუბროთ ნეოლიბერალიზმის მარცხის შესახებ, იმ ცნების (იგულისხმება ხსენებული მარცხი) შესახებ, რომელიც განიზრახავს, რომ მან (ნეოლიბერალიზმმა) ვერ მიაღწია თავის მიზნებს, ან ვერ აღასრულა დანაპირები და რაც იმასაც გულისხმობს, რომ კაპიტალიზმის უფრო ადამიანური ფორმები, რომლებიც ნეოლიბერალიზმმა ჩაანაცვლა, ისევ ჩვენ გამოსახნსელად დაბრუნდება? ამის ნაცვლად მე ვიტყოდი, რომ ეს მოდელი გაშიშვლდა, იძულებული გახდა საკუთარი თავი, მისი ნორმები და მიმართებანი გამოეფინა და გაეკეთებინა ეს არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ თეორიასა და პროპაგანდაშიც. ის, რაც ჩვენ გაგვიცხადდა მახსენებს ნეოლიბერალიზმის არქიტექტორს, ლუდვიგ ფონ მიზესს, რომელმაც ერთ დღესაც გადაწყვიტა ხმამაღლა ეთქვა ის ჭეშმარიტება, რაც, მისი მტკიცებით, ყველა ეკონომისტმა იცოდა: ცოცხალი ინდივიდის კანონიერი უფლება, რათა მან ცხოვრება განაგრძოს, მისი კანონიერი უფლება იარსებოს, რომელიც საბოლოო ანგარიშით სახელმწიფოს აიძულებს სიცოცხლისათვის აუცილებელი საჭიროებებით ცალკეულის აღჭურვას, კაპიტალიზმთან, ბაზრის მოქმედებასთან, რომელიც ამ საჭიროებებს რაც შეიძლება მარჯვედ ანაწილებს, შეუთავსებელია. ეს კი სულაც არ არის მეორეხარისხოვანი მომენტი, სულ მცირე მათთვის, ვისაც ცხოვრების განგრძობა სურთ.

ბაზრის აპოლოგეტები და საკუთრების კონცეფცია პანდემიამ იძულებული გახადა ჩრდილო ამერიკისა და ევროპის მოსახლეობისათვის განეცხადებინათ ის, რაც დანარჩენი მსოფლიოსათვის უკვე ნათელი გახლდათ დიდი ხნის წინათ: ბაზარს უნდა ვაცალოთ, რომ საარსებო საშუალებანი ჩარევის (როგორიცაა საკვებით მომარაგება ან სამედიცინო მარაგის მიწოდება მომავალი კრიზისის აღმოსაფხვრელად) გარეშე გაანაწილოს. ამ გაცხადების მატერიალური ფორმა, სიკვდილი, ავადობა და სიღარიბე, რაშიც ის გამოვლინდა, ნეოლიბერალიზმისათვის წარმოადგენს Kairos-ს, – ადამიანთა შეგუებას ახალი, აქამდე გაუგონარი საბაზრო დისციპლინისა და დამორჩილებისადმი, მათ დაშოშმინებას ავადობითა და შიმშილის სიკვდილის წინაშე, თითქოს ეს მოცემულობა ბუნების უალტერნატივო ფაქტს წარმოადგენდეს. მარქსმა და ენგელსმა განაცხადეს, რომ ის გაბატონებული კლასი, რომელსაც არ შეუძლია საარსებო საშუალებებით მოსახლეობის გარანტირება, არც იმსახურებს ბატონობას. დღეს, ჯერ კიდევ არგამოცხადებული სლოგანი კაპიტალიზმისათვის, თავის ამჟამინდელ ფორმებში, არის ის, რომ გაბატონებული კლასი, რომელსაც არ ძალუძს მოსახლეობას უარის უთხრას საარსებო საშუალებების მიწოდებასა და დაავადებისგან დაცვაზე, არ იმსახურებს ბატონობას. ამ მოცემულობამ, პრინციპში, უნდა მონიშნოს(mark) შემწყნარებლობის ზღვარი მუშათა მასებისათვის ყველგან, მაგრამ საზღვრები არსებობს მხოლოდ იქ და მაშინ, როდესაც აღნიშნული მასები, თავის მხრივ, მოქმედებენ.

როგორ ხედავთ სახელმწიფოს დაწინაურებულ როლს? რა ზეგავლენა ექნება, თქვენი აზრით, სახელმწიფოს გაძლიერებას, მის ცენტრალიზაციას კრიზისების მართვის გამო?

აქაც კვლავ ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ ფრთხილნი უნდა ვიყოთ ვითარების ანალიზისას, რადგან ეროვნული, ისევე როგორც რეგიონალური განსხვავებები საკმაო ძალით მნიშვნელობენ. მაგრამ აგამბენის შემთხვევამ შესაძლოა გამაფრთხილებელი ნაამბობის როლი შეასრულოს: ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ არსებული კრიზისისას სახელმწიფო ფიქციურ საფრთხეს/მუქარას იყენებს იმისათვის, რათა თავისი მსახვრალი ხელით მოსახლეობის შიშველი სიცოცხლე ჩაიჭიროს და, უფრო უარესიც, მანიპულირებს მემარცხენე ფლანგზე, რომ ძალაუფლების ეს გაფართოება მეტი მონდომებით მოითხოვებოდეს. აგამბენის განსაკუთრებული მზერა სახელმწიფოსაკენ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კონტროლის გაზრდას მუდმივად ცდილობს მოსახლეობაზე, რომლის თავისუფლებაც, თავის მხრივ, არის თავისუფლება სახელმწიფოსგან, თუნდაც შიმშილისა და ავადობის ჟამს, შემზარავად იგივეობრივია შტატებში წარმოდგენილი უკიდურესი მემარჯვენე ფლანგის შეხედულებისა. პრობლემა ის არის, რომ ამ ტიპის ანალიზი(იგულისხმება აგამბენი) ბუნდოვანს ხდის იმის გააზრებას, თუ სახელმწიფო, კაპიტალის აკუმულაციისათვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად მანევრირებისას, როგორ რჯის თავის ძალმოსილებას, რაც ვლინდება მიტოვებაში, უკან დახევასა და laissez-mourir-ში(დაე მოკვდი), ეს ასპექტები კი, თავის მხრივ, laissez- faire-ის თანმხლებია, რომელიც იყენებს რა თავის უფლებას არ მოგკლას, მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობას ან მოსახლეობის ნაწილს აყენებს სიკვდილის რისკის ქვეშ ჩარევის ვალდებულებისაგან თავის არიდებით.

მათ ამის გაკეთება ძალუძთ მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში: პირველ რიგში, კატასტროფები, რომლებიც ბუნებრივი გვეჩვენება, მაგრამ ისინი ასეთნი არასოდეს არიან, შიმშილობები და პანდემიები, რომლებზეც ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ, ცხადია, ამცირებს ადამიანთა მასობრივი მოქმედების შესაძლებლობას და შთააგონებს შიშსა და დემორალიზაციას, რომელიც აკნინებს კრიტიკის შემძლეობას, მნიშვნელოვანი ალტერნატივების ძიებას. ასეთი სტრატეგია შესაძლოა ჩანდეს, როგორც უბრალოდ მარცხი, ან არაკომპეტენტურობა (და იმის უარყოფა არ ძალგვიძს, რომ მსოფლიო ლიდერებში, როგორც ჯგუფსა და როგორც ინდივიდებში, ნამდვილად ვაწყდებით არაკომპეტენტურობას), მაგრამ ამის საპირისპიროდ, ჩვენ მისი ლოგიკურობა სტრატეგიად უნდა ვცნოთ. სახელმწიფოები ყოველთვის არ იფართოებენ თავიანთ ძალმოსილებას; მათ მშვენივრად ძალუძთ შეკუმშვაც, მაგალითად, უარის თქმა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საბინაო პოლიტიკაზე და, ასევე, მზარდი მოსახლეობისათვის საჭირო საარსებო საშუალებებზე და ამის ქმნაში ყოველგვარ წინაღობას აღკვეთამდე აკნინებენ. კაპიტალი, ამჟამად, იმისათვის მანევრირებს, რათა დემობილიზაციისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

რას ფიქრობთ, რა არის კლასობრივი ბრძოლის მომავალი ამ ახალ ვითარებაში? მომავლის შესახებ ანალიზები მერყეობს „პროგრესული ძვრებიდან“ დისტოპიური სურათების დახატვადმე, „ავტორიტარულ საფრთხემდე“.

საფრთხე დისტოპიური შედეგის დადგომისა ნამდვილად მოსალოდნელია. თუმცა ამის თავიდან ასარიდებლად, ჩვენ გვჭირდება გავიგოთ ის ტენდენციები, რომლებიც მუშაობენ ძალაუფლებრივი ბალანსის კაპიტალისკენ გადასაწევად, რათა შედარებით სტაბილური ავტორიტარულ– ნეოლიბერალური რეჟიმი დამყარდეს. ჩვენ უკვე გვითხრეს, რომ პანდემიას ხარკს სოციალური პროგრამების მასობრივი შეკვეცით მიაგებენ, ბევრი ისეთი რეგულაციის მოხსნით, რომელიც ხელფასებსა და სამუშაო პირობებს ეხებოდა, გარემოს დაცვას და ფინანსური სექტორის საქმიანობის შეზღუდვას. სახელწმიფოს ერთი ნაწილის დიდი ხნის წინათ ნასურვები და ნაგულვები შეკუმშვა, დიდი ალბათობით აკომპანირებული იქნება მზარდი რეპრესიით (როგორც სახელმწიფო ასევე, არა–სახელმწიფოებრივი ძალებისაგან). ჩვენ უნდა ველოდოთ ძალადობის გაზრდილ დოზას მუშების, უმუშევრების, ლტოლვილების, „არალეგალების“ და სხვათა მიმართ, რათა სახელმწიფომ ბოლომდე განამტკიცოს მიტოვების პოლიტიკა.

პოლიტიკური ლიდერები, სოციალ–დემოკრატებიდან დაწყებული რადიკალი მემარჯვენეებით დამთავრებული, ყველგან გაჰკივიან ეკონომიკური აქტივობის განახლების შესახებ, რათა თავიდან აირიდონ გადასახადების ზრდა და საზოგადოების უმდიდრესი ნაწილის დაბეგვრა და ცხადია ამ პროცესში ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ. მუშათა მზარდი რიცხვი გადაულახავ დილემას ეხლება: იმუშავო და გაწირო შენი სიცოცხლე, ან იშიმშილო და იყო ღატაკი. შტატებში ჩვენ ვხედავთ ორგანიზებულ მუშათა კლასს, რომელიც ითხოვს ანტი–პანდემიური ღონისძიებების გატარებას, რომელიც მოიცავს თვიურ დახმარებას მანამ, სანამ სიცოცხლის გარისკვის საფრთხე არ მოიკლებს. სტრუქტურული პოზიციების წყალობით, მუშათა კლასი, აფრო–ამერიკელებთან და ლათინოსებთან ერთად, რომლებიც, თავის მხრივ, დისპროპორციულად დაზარალდნენ კორონავირუსით, სამედიცინო მეცნიერების უმთავრეს დამცველებად იქცნენ წინააღმდეგ ელიტების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ობსკურანტიზმისა. თვითმკვლელი და გენოციდური ხასიათის მქონე კაპიტალიზმისგან სიცოცხლის დაცვა შესაძლოა გახდეს სოციალიზმისათვის ბრძოლის ახალი ბაზისი.