ჯუდით ბატლერი არის ამერიკელი ფილოსოფოსი, დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს 1984 წელს იელის უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს ასწავლიდა სხვადასხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა უესლიანური უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი. 1993 წლიდან გახლავთ რიტორიკისა და შედარებითი ლიტერატურის პროფესორი კალიფორნიულ უნივერსიტეტში, ბერკლიში. ბატლერის კვლევის მთავარი საგანია გენდერის თეორია, სექსუალობა, ფემინისტური თეორიები. ბატლერი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე და აქტუალური სოციალური და პოლიტიკური ხდომილებების შეფასებასა და ანალიზში. წინამდებარე ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 30 მარტს, გამომცემლობა ვერსოს ვებ-გვერდზე.

თარგმნა: დავით გალაშვილმა

თავდაპირველად გამოქვეყნდა ონლაინ ჟურნალში ,,სიტყვები”

კაპიტალიზმს აქვს თავისი საზღვრები

იმპერატივი, რომელიც, პანდემიის ჟამსა და სივრცეში, იზოლაციისაკენ მოგვიწოდებს, გლობალური ურთიერთდამოკიდებულების ახალ შეცნობას ემთხვევა. ერთი მხრივ, ჩვენ გვთხოვენ დავჯერდეთ ოჯახურ გარემოში ყოფნას, განვმარტოვდეთ საზიარო საცხოვრებელი სივრცეებისგან, ან ვიყოთ მხოლოდ ინდივიდუალურ ადგილსამყოფელში, შესაბამისად, ავირიდოთ სოციალური კონტაქტი და მოვექცეთ იზოლაციაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმგვარი ვირუსის პირისპირ ვდგავართ, რომელიც უმალ კვეთს საზღვრებს და ნაციონალური ტერიტორიის იდეას ივიწყებს. ასევე, ყველას არ აქვს მშობლიური ალაგი ან „ოჯახი“ და შტატებში არსებული მოსახლეობის მზარდი რაოდენობა უსახლკაროა ან საცხოვრებლის მუდმივად მაძიებელია. ასე რომ, მიუხედავად „ოჯახის“ დაცულობის სივრცედ წარმოჩენისა, ბევრი ადამიანისთვის ეს ჭეშმარიტებას ნაკლებად წარმოადგენს. შტატებში ეროვნული სტრატეგია ჩამოყალიბებულია, უკან წაღებულია და გამღვრეულ საჯარო ფორმებში მოსჩანს. და საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ მოკვდება, ვინ იცოცხლებს ჩვენი პრეზიდენტისათვის წარმოჩინდება ღირებულება-სარგებლიანობის პრობლემად, რომელიც ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს. ასეთ მდგომარეობაში როგორ შეგვიძლია დავსვათ საკითხი იმის შესახებ, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს პანდემია თანასწორობის შესახებ განსჯისთვის, გლობალური ურთიერთდამოკიდებულებისათვის და ჩვენი ერთმანეთის მიმართ არსებული ვალდებულებებისათვის? ყველაფრის შემდეგ, ვირუსი არავის განარჩევს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყველას თანაბრად გვეპყრობა, დაინფიცირების და ახლობლის დაკარგვის თანაბარი რისკის ქვეშ გვამყოფებს, განუზომელი საფრთხის შემცველ სამყაროში გვაცხოვრებს. ვირუსი გლობალურ მასშტაბში მოქმედებს, მაგრამ რას ვიტყვით თითოეული ჩვენგანის შესახებ? თვალსა და ხელს შუა ის მოძრაობს და გვირტყამს, ვირუსი აჩვენებს, რომ გლობალურ-საკაცობრიო საზოგადოება/კომუნა თანაბრად არასაიმედო მდგომარეობაშია. ამავე დროს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სახელმწიფოებისა, ან რეგიონების წინასწარი სამზადისის მარცხი (ალბათ შტატები ამ კლუბის ყველაზე ყბადაღებული წევრია), ეროვნული პოლიტიკების გამალება და საზღვრების დაკეტვა (რომელსაც ხშირად პანიკური ქსენოფობია ახლავს) და მეწარმეთა გაცხოველებული სურვილი გლობალური ტანჯვის კაპიტალიზაციისა, ყველა ზემოხსენებული ადასტურებს სისწრაფეს, რომლითაც რადიკალური უთანასწორობა, ნაციონალიზმი და კაპიტალისტური ექსპლოატაცია თავის გზას პოულობს, რათა საკუთარი თავი პანდემიური ზონების შიგნით აკვლავწარმოოს და გააძლიეროს. ცხადია, ეს არც უნდა გვიკვირდეს.

შტატებში არსებულ ჯანდაცვის პოლიტიკას ეს ყველაფერი სააშკარაოზე თავისებური გზით გამოაქვს. ერთ-ერთი სცენარი, რომელიც ჩვენ უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არის COVID-19 ის წინააღმდეგ არსებული ეფექტური ვაქცინის წარმოება და მისი გავრცელება. პოლიტიკური ქულების დაწერის აშკარა წადილმა, რომელიც მის ხელახალ არჩევას მოასწავებს, ტრამპს უკვე უბიძგა გერმანული კომპანიისგან, Cure Vac, რომელიც გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება, შტატებისთვის ვაქცინაზე არსებული განსაკუთრებული/პრივილეგირებული უფლებები ეყიდა (ნაღდი ფულით). გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ნასიამოვნები ვერ იქნებოდა, გერმანულ პრესას დაუდასტურა ამ შეთავაზების ფაქტი. ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა, კარლ ლაუტერბახმა, შენიშნა: „შესაძლო ვაქცინის შტატებისათვის განსაკუთრებულად/პრივილეგირებულად მიყიდვა ყველა საშუალებით უნდა ავირიდოთ. კაპიტალიზმს საზღვრები აქვს.“ ვვარაუდობ, რომ ის „პრივილეგირებული გამოყენების“ პირობას შეეწინააღმდეგა და ამ პირობით არც მაშინ აღფრთოვანდება, თუ ის მხოლოდ გერმანელებს მიემართებათ. უფრო უკანასკნელ ხანებში, ტრამპმა შეთანხმებას მიაღწია Gilead Sciences-თან, ფარმაცევტულ კორპორაციასთან, რომელიც მათ პრივილეგირებულ უფლებას ანიჭებს Remdevisir-ის განვითარებაში, -წამლის, რომელსაც COVID-19 ვირუსის განკურნების პოტენციალი აქვს. Walmart-ის და CVS-ის თეთრ სახლში მოპატიჟება, რათა პრობლემის გადაჭრის გზები ეძიონ, არა მხოლოდ იმ მოცემულობის მცდარად გაგებას ამჟღავნებს, თუ ახალი სამედიცინო მიდგომა როგორ ვითარდება, არამედ, ზოგიერთი მეტად დიდმნიშვნელოვანი გზებით, ბიზნესს საჯარო ჯანდაცვაში ურევს. ზუსტად ერთი დღის წინ, ტრამპმა აშკარა გახადა, რომ ერის ფინანსური სიჯანსაღე მისი ჭეშმარიტი სიჯანსაღეა და ამ უკანასკნელის სათანადო საზომი სწორედაც რომ Wall Street-ია. შედეგად, „საქმესთან მიბრუნება, როგორც ყოველთვის“, თუნდაც ეს ვირუსისგან წარმომდგარ ზრდად სიკვდილიანობას ნიშნავდეს, ამ თვალსაწიერიდან გამართლებულია. ამის აშკარა დასტურია ის, რომ მოწყვლადი ადამიანების – მოხუცების, უსახლკაროების, მათი, ვისაც თანდართული პრობლემები აქვთ – სიკვდილი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა, რა დროსაც ეკონომიკა გამოცოცხლებულია. ერი არ არის მისი ხალხი, არამედ მხოლოდ მისი ბაზრები.

უაზრობაა კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, თუ რას ფიქრობს ტრამპი? ეს კითხვა, უკიდურესი სიბრაზის ჟამს, უკვე ისე მრავალჯერ დაისვა, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით გაოცებულნი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სიბრაზე ყოველი ახალი არაეთიკური, ან კრიმინალური თვითგანდიდების შემთხვევებისას კლებულობს. თუკი მისი(ტრამპის) ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდებოდა და ის შეძლებდა პოტენციური ვაქცინის შეძენას და შემდეგ მის გამოყენებას მხოლოდ შტატების მოქალაქეებისათვის გახდიდა მისაწვდომს, დაიჯერებდა, რომ შტატების მოქალაქენი მის ამ ძალისხმევას ტაშის კვრით მიესალმებოდნენ? და იმ იდეით აღფრთოვანდებოდნენ, რომ მხოლოდ მათ დააღწიეს თავი სასიკვდილო საფრთხეს, რა დროსაც სხვა ერები ისევ ამ საფრთხის ქვეშ არიან? ნუთუ შტატების მოქალაქეებს მართლაც უყვართ ამ ტიპის ნაციონალიზმი? და თუკი მხოლოდ მდიდრებს ექნებათ მკურნალობის საშუალება, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი გახდება, მოსალოდნელია, რომ ასეთ რადიკალურად უხამს უთანასწორობას, რომელიც საბაზრო რაციონალობასთან და ამერიკულ გამონაკლისთან (American exceptionalism) დაწყვილებულა, მოწონებით მივიღებთ? მოსალოდნელია, რომ, ასეთი მდგომარეობაში, კვერი დავუკრათ მისი(ტრამპის) თვით-აღწერის მიხედვით შეთანხმების „ბრწყინვალე“ გზას? ნუთუ მას წარმოუდგენია, ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ თავისუფალმა ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს ვაქცინა და როგორ განაწილდეს ის? მის სამყაროში ნეტავ მცირედით მაინც მოაზრებადია ისეთი მსოფლიო ჯანდაცვა, რომელიც საბაზრო რაციონალიზმის მიღმა გავა? მართალია ის იმ ვარაუდისას, რომლის მიხედვითაც ყოველი ჩვენგანი მის მიერ წარმოსახულ მსოფლიო პარამეტრებში ვცხოვრობთ? და თუნდაც ასეთი, ეროვნული მოქალაქეობის საფუძველზე არსებული შეზღუდვები არ გამოიყენონ, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ იმ მოცემულობას, როდესაც მდიდარი და სრულად დაზღვეული თავ-პირის მტვრევით ეწაფება ვაქცინას, რა დროსაც ის ხელმისაწვდომი გახდება, თუნდაც განაწილების მოდელი გარანტიას იძლეოდეს, რომ მხოლოდ ზოგიერთს ექნება ამგვარი წვდომა, ხოლო სხვებს მოუწევთ განგრძობად და გამძაფრებულ არასაიმედოობაში დარჩენა. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა დაგვარწმუნებს, რომ ვირუსი განგვარჩევს. ცხადია, თვითონ ვირუსი არ განარჩევს, მაგრამ ჩვენ, ადამიანები ვაკეთებთ ამას, რომლებიც ფორმირებულნი და სულშთაბერილნი ვართ ნაციონალიზმის, რასიზმის, ქსენოფობიის და კაპიტალიზმის ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმული ძალმოსილებით. სავარაუდოა, რომ მომავალ წელს ჩვენ ვიხილავთ მტკივნეულ სცენარს, რომელშიც ზოგიერთი ადამიანი თავისი სიცოცხლის უფლებას სხვების ხარჯზე განიმტკიცებს, ყალბად განარჩევს გულსატკენ და უმნიშვნელო სიცოცხლეს, რაც ნიშნავს ადამიანების დაყოფას იმად, ვინც სიკვდილისგან ყველაფრის ფასად უნდა დავიცვათ და იმად, – ვისი სიცოცხლეც სიკვდილისა და ავადობისგან დაცვას არ იმსახურებს.

ეს ყველაფერი ხდება შტატების საპრეზიდენტო შეჯიბრის წინააღმდეგ, რომელშიც ბერნი სანდერსის შანსები, დემოკრატიული პარტია წარადგინოს, სულ უფრო შორეულად მოსჩანს. ახალი ვითარება, რომელშიც ბაიდენი აშკარა ფავორიტად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, დამანგრეველია ზუსტად იმიტომ, რომ ბაიდენმა ერთხელ უკვე დაიმუქრა მოხუცთათვის საჯარო დაფინანსების შეკვეცის შესახებ, რა დროსაც სანდერსიც და ვარენიც მხარს უჭერენ Medicare-ს ყველასათვის, შესაბამისად, ისინი ემხრობიან ხელმისაწვდომ საჯარო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც ქვეყანაში ყველასათვის გარანტირებულს ხდის საბაზისო სამედიცინო მომსახურებას. ასეთი პროგრამა დაასრულებს საბაზრო ლოგიკით წარმართულ კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც რეგულარულად ხელს კრავენ ავადმყოფებს და უკვდავყოფენ მხეცურ იერარქიას მათ შორის ვისაც აქვს დაზღვევა, ვისაც არ აქვს და ვისაც შეუძლებელია რომ ჰქონდეს. სანდერსის სოციალისტური მიდგომა ჯანდაცვის მიმართ შესაძლოა უფრო სათანადო აღწერით სოციალ-დემოკრატიულ პერსპექტივად შეფასდეს, რომელიც არსებითად არ განსხვავდება ელიზაბეტ ვარენის ადრეული საფეხურის კამპანიისგან. მისი თვალსაწიერით, სამედიცინო ხარჯების დაფარვა „ადამიანის უფლებაა“, რომლითაც ის გულისხმობს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება იმ ტიპის ჯანდაცვაზე, რომელსაც ის საჭიროებს. ადამიანის უფლებები მიდრეკილია, რომ ინდივიდუალური ადამიანი ათვლის წერტილად წარმოიდგინოს. მაგრამ რატომ არ უნდა მივიღოთ საყოველთაო ჯანდაცვა ვალდებულებად, რომელიც საზოგადოებაში ურთიერთთანაცხოვრებიდან ამოიზრდება? იმისათვის, რათა ამ ცნების შესახებ სახალხო შეთანხმებას მიაღწიონ, ორივეს, სანდერსსაც და ვარენსაც, უწევთ შტატების მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ჩვენ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, რომელშიც ჯანდაცვაზე სხვის უფლებას არავინ უარყოფს. სხვა სიტყვებით, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ისეთი სოციალური და ეკონომიკური სამყაროს შესახებ, რომელშიც რადიკალურად მიუღებელია მოცემულობა, როდესაც ზოგიერთს აქვს წვდომა ვაქცინაზე, რომელსაც მათი სიცოცხლის გადარჩენა ძალუძს, ხოლო სხვებს უარს ეუბნებიან იმ მიზეზით, რომ მათ არ შეუძლიათ გადახდა, ან არ აქვთ დაზღვევა, რომელიც ამას აანაზღაურებს, ანაც არ აქვთ ვიზა და კანონიერი სტატუსი.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მივეცი ხმა ბერნი სანდერსს კალიფორნიის პრაიმერიში, რეგისტრირებული დემოკრატების უმეტესობასთან ერთად, არის ის, რომ სანდერსმა, ვარენთან ერთად, გახსნა გზა ისეთი სამყაროს წარმოსადგენად, რომელიც წარმართულია რადიკალური თანასწორობის კოლექტიური სურვილით, სამყაროსი, რომელშიც ჩვენ ერთად ვამბობთ, რომ ის მატერიალური ბაზისი, რომელიც სიცოცხლისთვის საჭიროა, მათ შორის ჯანდაცვა, თანასწორად ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა აქვს ვინმეს ამის ფინანსური შესაძლებლობა, თუ არა აქვს. ეს პოლიტიკა სხვა ქვეყნებთანაც გაამყარებს სოლიდარობას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას მიემართება და, ამგვარად, ჩამოაყალიბებს ტრანსნაციონალურ ჯანდაცვის პოლიტიკას, რომელიც თანასწორობის იდეალის განხორციელებისათვის იღწვის. ახალი არჩევნები წარმოაჩენს ტრამპსა და ბაიდენზე შეჩერებული ეროვნული არჩევანის სივიწროვეს ზუსტად მაშინ, როდესაც პანდემია ახშობს ყოველდღიურ ცხოვრებას, ამძაფრებს უსახლკაროთა, დაუზღვეველთა და ღარიბთა არასაიმედოობას. იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ შესაძლოა გავხდეთ ხალხი, რომელსაც სურს სამყარო, სადაც ჯანდაცვის პოლიტიკა ყველა მცხოვრებისთვის ერთნაირად იღწვის, სადაც ვხედავთ ჯანდაცვის პოლიტიკაზე საბაზრო კონტროლის დემონტაჟს, რომელიც განარჩევდა იმას ვიზეც ძალისხმევის დახარჯვა ღირს იმისგან, ვინც შესაძლოა სიკვდილსა და ავადობას შევატოვოთ, მხოლოდ მცირე ხნით კიაფობდა. ჩვენი თავი სხვაგვარად შევიცანით, როდესაც სანდერსმა და ვარენმა ახალი შესაძლებლობები განიხილეს. ჩვენ გავიგეთ, რომ შესაძლოა ვიაზროვნოთ და შევაფასოთ იმ ცნებობრივი აპარატის მიღმა, რასაც კაპიტალიზმი გვიწესებს. მიუხედავად იმისა, რომ ვარენი უკვე აღარ არის კანდიდატი და სანდერსიც იმავე გზას ადგას, ჩვენ კვლავ უნდა ვიკითხოთ, განსაკუთრებით ახლა, რატომ ვართ ჩვენ, როგორც ხალხი, იმის წინააღმდეგნი, რომ ყოველ სიცოცხლეს თანაბრად მოვეპყრათ? რატომ არის აღფრთოვანებული ზოგიერთი იმ იდეით, რომ ტრამპი ეძებს ვაქცინის დაბევების იმ გზებს, რომლებიც ამერიკულ სიცოცხლეს(როგორც მათ ის განსაზღვრავს) სხვებზე უწინ დაიცავენ? შტატებში საყოველთაო და საჯარო ჯანდაცვის შემოთავაზებამ განაახლა სოციალისტური წარმოსახვა, ის, რომელიც ახლა, ამ ქვეყანაში, სოციალურ პოლიტიკად და საჯარო თავდადებად განხორციელებას ელის. სამწუხაროდ, პანდემიის ჟამს, არც ერთ ჩვენგანს ძალუძს მოცდა. ეს იდეალი ცოცხლად უნდა შენარჩუნდეს სოციალურ მოძრაობებში, რომლებიც საპრეზიდენტო კამპანიით უფრო ნაკლებად დაკავებულნი არიან, ვიდრე იმ ხანიერი ბრძოლით, რომელიც ჯერ კიდევ წინ აქვთ. ამ გაბედულმა და გულითადმა ხედვებმა, რომელსაც კაპიტალისტი „რეალისტები“ დასცინიან და უარყოფენ, საკმარისი ყურადღება მიიპყრო იმისათვის, რომ სულ უფრო მზარდ რაოდენობას – მათ შორის ზოგიერთებისათვის პირველად – გასჩენოდა სამყაროს გარდაქმნის სურვილი. ჩვენდა საიმედოდ, შეგვიძლია, რომ ეს სურვილი კვლავ ვაცოცხლოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრამპმა აღდგომისათვის საჯარო ცხოვრებასა და ბიზნესზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნაზე ისაუბრა, რაც ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალებას მისცემს. მან სანაძლეო დადო, რომ მცირეთა პოტენციური ფინანსური სარგო გადაწონის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელს, რომელიც უკვე აშკარად განჭვრეტილია და რაც მისთვის მისაღებია, რის შეჩერებასაც ეროვნული სიჯანსაღის სახელით უარყოფს. ამგვარად, ახლა მათ ვისაც საყოველთაო ჯანდაცვის სოციალური ხედვა აქვთ ბრძოლა მოუწევთ ორივესთან, მორალურ და ვირუსულ ავადმყოფობასთან, რომლებიც სასიკვდილო ტანდემში ერთობლივად ფუნქციონირებენ.