პლატფორმა აცხადებს მონაწილეთა მიღებას ალტერნატიულ აკადემიაში ,,რას ვუწოდებთ განვითარებას?”

საქართველომ გამოიარა პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის თითქმის 30-წლიანი პერიოდი. რა მოიტანა ტრანსფორმაციის ამ გზაზე შემუშავებულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა რეფორმებმა?

რას ვეძახით განვითარებას და ვინ გვესახება მის სუბიექტებად საქართველოში? რამდენად მოიაზრებს განვითარება სოციალურ კეთილდღეობასა და სამართლიანობას?

რა ტიპის დომინანტურ იდეებს მოიცავს 30-წლიან პერიოდში შექმნილი განვითარების ხედვა? რამდენად არის განვითარების არსებული მიმართულება საზოგადოებრივი თანხმობის შედეგი? რა შეიძლება დაუპირისპირდეს განვითარების არსებულ ხედვას და რა არის მისი ალტერნატივა?

ალტერნატიული აკადემიის მიზანია შექმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობას და ანალიზს. ალტერნატიული აკადემია აკადემიურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს განვითარების ალტერნატიულ ფორმებზე მსჯელობა, არსებული დღის წესრიგის კრიტიკულად გადააზრება და სოციალური უთანასწორობის პერსპექტივებზე მსჯელობა გლობალური უთანასწორობის ფონზე.

წლევანდელი ალტერნატიული აკადემია, მისი ფართო თემატიკის მიღმა, განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს შემდეგ საკითხებზე: საქართველო გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე; მოდერნულობისა და განვითარების ალტერნატიული ხედვები; სოციალური უფლებები: ჯანდაცვა და განათლება;

Platforma.ge შეარჩევს აკადემიის წევრ 40 მონაწილეს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალტერნატიულ აკადემია ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის და Platforma.ge-ის სასწავლო რესურსების გამოყენებით. თუმცა, შესაძლებლობის შემთხვევაში, გარკვეული შეხვედრები დაგეგმილია ფიზიკურ სივრცეებში.

ალტერნატიული აკადემიის წევრებს ჩაუტარდებათ ლექციები და სემინარები სოციალურ მეცნიერებებში, რომელსაც აკადემიური გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი მომხსენებლები წაიკითხავენ. გარდა ლექციების ნაწილისა, პლატფორმა მოიცავს კონკრეტული ტექსტების შერჩევას და დამუშავებას მონაწილეებთან ერთად. ალტერნატიული აკადემიის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობის დროს თავად დაგეგმონ დისკუსიები/ღონისძიებები და გაუწიონ მას ორგანიზება.

ამავდროულად, აკადემია ითვალისწინებს მისი მონაწილეების კვლევითი/აკადემიური წერის უნარების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სემინარები სოციალური კვლევის მეთოდოლოგიის, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევითი სტატიების კონკურსში.

გარდა ამისა, Platforma.ge ღიაა, შესაბამის თემატიკაზე დაუთმოს სივრცე აკადემიის მონაწილეებს თავიანთი სტატიების, ბლოგების და სხვა ტიპის აკადემიური შინაარსის მასალების გავრცელებისთვის.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის შევსება.

პლატფორმაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, 20 წლიდან ზევით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 12 ნოემბერი, 23:59სთ.

ალტერნატიული აკადემიის ღონისძიებები ჩატარდება შაბათს და კვირა დღეს, დისტანციურად. საათობრივი ბადე შეთანხმდება მონაწილეებთან.

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე (ნოემბერი, 2020 – თებერვალი, 2021)

სალექციო კურსის მინიმუმ 60%-ზე დასწრების შემთხვევაში, კურსის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. მონაწილეობა უფასოა.

ნებისმიერი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@platforma.ge