ავტორი: გიგა კარაპეტიანი

 

დროითი სიღარიბე, პანდემია & გენდერული უთანასწორობა

გენდერული თანასწორობა მრავალშრიანი ცნებაა და მისთვის ბრძოლა უფლებრივი თანასწორობის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ბრძოლას წარმოადგენს. თუმცა, მისი კომპლექსურობა ტერმინის შინაარსობრივ, ცალკეულ კომპონენტებს ნაკლებად ხილვადს ხდის და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას აბუნდოვანებს. ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება ისეთ საკითხებზე დისკუსიების გააქტიურება, როგორიც, მაგალითად, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალისთვის მიწერილი საქმეების დაფასება, პატივისცემა და შრომად სახელდების აუცილებლობაა. ამ შესავლით, ვცდილობ, სტატიის ძირითად თემას გავუსვა ხაზი – მინდა ვისაუბრო საოჯახო შრომის მნიშვნელობასა და დროით კატეგორიებზე, რაც, თავის მხრივ, დამეხმარება აღვწერო ქალთა ჩაგვრის უნივერსალობა და ნათელი მოვფინო გენდერული უთანასწორობის გამომხატველ ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ პრაქტიკებს. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის წარმოჩენა დამეხმარება ვისაუბრო პანდემიის პირობებში ქალთა ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომის მნიშვნელობაზე და ქვემოთ წარმოდგენილი დროითი კატეგორიები, ამ მიმართებით განვიხილო.

საწყისად, მოვახდენ საოჯახო შრომის ოპერაციონალიზაციას და დავსვამ კითხვას – რა საქმიანობის ნუსხაზე ვსაუბრობთ, როცა ვახსენებთ საოჯახო საქმეს? აქვე, ერთმანეთისგან ვმიჯნავ ერთი შეხედვით მსგავს კონცეპტებს – სახლის საქმესა და საოჯახო საქმეს. სახლის საქმე ქალების მიერ შესრულებული ისეთი საქმეების აღმნიშვნელია, რომელიც მხოლოდ სახლში, როგორც სივრცეში შესრულებულ აქტივობებს მოიცავს. თუმცა, ცხადია, ქალების მიერ შესრულებული საქმეები მხოლოდ საჭმლის მომზადებით, ჭურჭლის დარეცხვითა და სხვა სახლის შიგნით შესრულებული საქმეებით არ შემოიფარგლება; ვინაიდან ქალები, ოჯახურ საქმეებს სახლის, როგორც სივრცის მიღმაც ასრულებენ – საყიდლებზე სიარულით დაწყებული, საოჯახო მაღაზიაში მუშაობით დამთავრებული (დელფი და ლეონარდი 2016, 105), რაც, როგორც წესი, ქალთა საოჯახო შრომის ერთ-ერთ ვალდებულებად მოიაზრება და, შესაბამისად, აუნაზღაურებელია. აქვე, აღვნიშნავ, რომ საოჯახო საქმეების ამომწურავი დეფინიცია არ არსებობს. ეს მიანიშნებს საქმეების ფართო სპექტრზე, რაც შესასწავლად რთული და სპეციფიკურია. საოჯახო საქმეების ნუსხას ბევრად ფართოს ხდის შვილის ყოლის საკითხი. ვინაიდან, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში, შვილის მოვლა ექსკლუზიურად ქალის მოვალეობად ითარგმნება. ამრიგად, ქალების სამუშაო დრო ბევრად ფართო გამოდის, ვიდრე – კაცებისა; ანაზღაურებად შრომას, რომელიც მწირი ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულს რვა საათზე ბევრად მეტს ართმევს, აუნაზღაურებელი საშინაო საქმე ემატება. ყველა ეს აქტივობა ენერგიასა და დროით რესურსს მოითხოვს. აღნიშნულის უკეთ გამოსაკვეთად განვიხილავ დროით კატეგორიებს და შევეცდები, ეს კატეგორიები გამოვიყენო, როგორც დამხმარე, ამხსნელი კატეგორიები გენდერული უთანასწორობის ჩვენების გზაზე.

დროის ცნება და მისი განსაზღვრება ამ დროის შიგნით მოაზრებულ, ცხოვრებისთვის საჭირო აქტივობებს მოიცავს. აქვე ვსვამ კითხვას, რომელსაც, შევეცდები, ამავე აბზაცში გავცე პასუხი – რას მოვიაზრებთ მაშინ, როდესაც დროით კატეგორიებს ვახსენებთ? ეს არის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა: (1) ანაზღაურებად შრომასთან დაკავშირებული დრო, (2) აუნაზღაურებელი შრომისთვის საჭირო დრო, (3) მზრუნველობითი საქმისთვის საჭირო დრო, (4) პირადი ზრუნვის დრო, (5) დასვენებისთვის საჭირო დრო და (6) [ამ] კატეგორიებს მიღმა არსებული აქტვიობებისთვის საჭირო დრო. ანაზღაურებად შრომასთან დაკავშირებული დრო მოიცავს იმ დროს, რომელიც საჭიროა შრომის გასაწევად ანაზღაურებად დასაქმების ადგილზე. ამასთანავე, დროს, რომელიც საჭიროა სწავლისთვის ან/და ანაზღაურებადი სამსახურის ძიებისთვის. აუნაზღაურებელი შრომისთვის საჭირო დრო საოჯახო საქმეებისთვის საჭირო დროა. დროის ეს კატეგორია არ მოიაზრებს ბავშვზე ზრუნვას, რომელიც ცალკე იდენტიფიცირებადი კატეგორიაა. მაგრამ მოიაზრებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: გაწმენდა, დარეცხვა, საშინაო ცხოველებზე ზრუნვა და სხვა. ამასთანავე, დროის ეს კატეგორია მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომელიც სცილდება პრივატულ სივრცეს და საჯარო სივრცეში ინაცვლებს; მაგალითად – საყიდლებზე სიარული. მზრუნველობითი საქმისთვის საჭირო დრო ბავშვზე ან სხვა, ზრდასრულზე ზრუნვას გულისხმობს. ეს არის როგორც მზრუნველობითი საქმე, ასევე აღმზრდელობითი – ბავშვებთან საუბარი, კითხვა და მათი ტრანპსორტირება. ბავშვთან ერთად ტელევიზორის ყურება და კინოში სიარული კი ბავშვთან ერთად დასვენებას ჰგავს, თუმცა ეს მხოლოდ დროის ამავე კატეგორიის ნაწილი და არა დასვენების კომპონენტია. პირადი ზრუნვის დრო მოიცავს ძილისთვის (მაგრამ არა თვლემისთვის), ჭამისთვისა და დალევისთვის, სამედიცინო და პირადი მოვლისთვის საჭირო სერვისების მიღებისთვის აუცილებელ დროს (ჰიგიენის დასაცავად და, მაგალითად, სტილისტის მომსახურების მისაღებად საჭირო დროს). დასვენების დრო მრავალფეროვან აქტივობებს მოიაზრებს, რომელიც შესაძლოა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში შესრულდეს. კულტურული აქტივობები, მეგობრებთან და ოჯახთან სოციალიზაცია, ჩათვლემა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერის გამოყენება, რეკრეაციული მებაღეობა, სპორტითა თუ სხვა სიამოვნების მომგვრელი აქტივობებით დაკავება დროის ამ კატეგორიის კომპონენტებია. ბოლოს, დროის ამ კატეგორიებს მიღმა არსებული, არასახელდებული დრო მოიცავს ყველა ისეთი ტიპის აქტივობას, რომელიც ზემოთ განხილულ დროით კატეგორიებში არ თავსდება (OECD n.d., 1), რაც მიანიშნებს ერთის მხრივ ცხოვრებისეული აქტივობების მრავალფეროვნებაზე და, მეორეს მხრივ, დროითი კატეგორიების კომპლექსურობაზე.

დროითი კატეგორიების წარმოჩენა მეხმარება ხაზი გავუსვა ქალებისა და კაცების განსხვავებულ მდგომარეობაში ყოფნას. მაგალითად, გენდერული თანასწორობა, რომელიც თავისუფალი დროის თანასწორობასაც მოიცავს, გენდერული სამართლიანობის მიღწევისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ კატეგორიას წარმოადგენს. დღესდღეობით, სულ უფრო ნაკლები კაცი ასრულებს, როგორც ანაზღაურებად, ასევე – აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეს. ეს ქალებისთვის თავისუფალი დროის უკიდურეს დეფიციტში პოვებს ასახვას და მათ მუდმივ დაღლილობას განაპირობებს (ფრეიზერი 2017, 188). აღნიშნულის გათვალისწინებით, დროითი უთანასწორობა ქალებს დასვენების დროს პარავს. აქვე, საყურადღებოა პატივისცემის თანასწორობის საკითხი, რაც გულისხმობს ქალთა შრომის აღიარებასა და პიროვნულობის მიმართ პატივისცემას (ფრეიზერი 2017, 188). საოჯახო შრომა, რომელიც საარსებოდ საჭირო შრომაა დაფასებისა და პატივისცემის მიღმაა, რაც გენდერული უთანასწორობის პრაქტიკების ხილვადი ნაწილია. ასევე, თუ როლებს შევცვლიდით და კაცებს, როგორც საოჯახო შრომის შემსრულებლებად წარმოვიდგენდით, რთული გახდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს მათ მიმართ სრულ განაკვეთზე დასაქმების მოლოდინი გაუჩნდებოდა (ბარქაია 2017, 160); ამრიგად, დღეს ქალების დროითი არეალი ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომითი აქტივობებით არის საზღვრული. რაც ქალებს დასვენებისა და პირადი მოვლისთვის საჭირო დროის მიღმა ამყოფებს. ქალებს არ რჩებათ დრო ისეთი აქტივობებისთვის, რომელიც მათთვის დადებითი ემოციების მომტანია. მოქმედების არეალი, სხვაგვარად რომ ითქვას, შემოსაზღვრულია არა პირადი სურვილებიდან და მისწრაფებებიდან, არამედ ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო შრომითი აქტივობების შესრულებით, რომელიც მესამე პირისთვის, დამსაქმებლისთვის იწარმოება (Gorz 1999).

საქართველოში, 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახები საშუალოდ 4 წევრისგან შედგება. ერთი წევრი კი, როგორც წესი, 6-დან 18 წლამდე ბავშვია (UNDP 2013, 11). ამავე კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ისეთი ტიპის საოჯახო საქმეები, როგორიც ბავშვის მოვლა, ოჯახში ავადმყოფზე მზრუნველობა, საჭმლის მომზადება და სხვა ისეთი ტიპის საქმეებია, რომელიც სახლის წესრიგში ყოფნას უკავშირდება ქალის მოვალეობას წარმოადგენს (UNDP 2013, 11).

ამასთანავე, საოჯახო საქმეების საფუძვლიანი შესწავლა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიური განვითარებით გამოწვეული ცვლილებებით საქმის შესრულება ქალებმა სრულად აიღეს საკუთარ თავზე; თუ საოჯახო სივრცეში არსებობს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მოსალოდნელია რომ ქალი ტექნიკას მხოლოდ თვითონ გამოიყენებს – თავად ჩაალაგებს ჭურჭელს დასარეცხად და თავადვე ამოალაგებს (დელფი და ლეონარდი 2016, 101). საქართველოშიც, სახლის დალაგება, სარეცხის გარეცხვა და შემდეგ მისი გაფენა ისეთი ტიპის საქმეებს წარმოადგენს, რომელსაც ქალი, კაცის დახმარების გარეშე ასრულებს (UNDP 2013, 11). ამასთანავე, ადგილობრივ დონეზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იმაზე მიანიშნებს, რომ ქალების უმეტესობას საოჯახო საქმეების შესრულება კვლავაც დამხმარე ტექნიკის გარეშე, ხელით უწევთ. რაც უფრო ღარიბია ოჯახი, რომელშიც ქალი ცხოვრობს, მით უფრო მეტად იზრდება მისი ჩაგვრაც (ფედერიჩი 2016, 75); აღნიშნული რუტინული საქმეების ნუსხა დღიდან დღემდე ვერ შემცირდება; უბრალოდ, შესაძლებელია ერთი საქმე, მეორემ ჩაანაცვლოს, რაც ქალების დროით სიღარიბეზე, როგორც ცხოვრების თანმდევ პრობლემაზე მიანიშნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალების შეჩვევა საოჯახო შრომის შესრულების ვალდებულებისთვის სოციალიზაციის ადრეული ეტაპიდანვე იწყება. აღნიშნული არ აღიქმება, როგორც პრობლემა ან ტვირთი, რომელიც არსებული უთანასწორობიდან გამომდინარე არსებობს; არამედ, როგორც საქმე, რომელიც მარტივი შესასრულებელია და რომლის კეთებითაც ქალებმა სიამოვნება უნდა მიიღონ (ფედერიჩი 2016, 80). განხილული გარემობები ადასტურებს საჭიროებას, გადაიხედოს დროითი ბალანსის დაცვის კონცეფცია, რაც გამოიხატება სამსახურისთვისა და მის მიღმა ცხოვრებისთვის საჭირო დროითი ბალანსის დაცვაში; ვინაიდან, ეს მიდგომა მთლიან პასუხისმგებლობას ინდივიდს აკისრებს და მის მიღმა იჩრდილება დროსთან დაკავშირებული პოლიტიკური გარემოებები, რის გამოც დროის მუდმივი დეფიციტი განიხილება არა როგორც არსებული ეკონომიკური წესრიგის შედეგი, არამედ როგორც მოცემულობა, რომელიც პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალურ ძალისხმევას საჭიროებს (Shippen 2014, 18).

ზემოთ განხილულ საკითხებს, რომელიც ქალთა საოჯახო შრომასა და დროით კატეგორიებს ეხება, COVID19-ის პანდემიასთან კავშირში განვიხილავ. ამის მისაღწევად, დავეყრდნობი ადგილობრივ დონეზე გამოქვეყნებულ თვალსაზრისებსა და ანგარიშს.

პანდემიის დაწყებიდან, საოჯახო სივრცეში საქმეების შესასრულებლად საჭირო დრო, კაცებთან შედარებით, ქალებისთვის უთანასწოროდ გაიზარდა. 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში ცხადყოფს, რომ პანდემიამ გაზარდა ოჯახის ზრდასრული წევრების ფსიქოლოგიური გამხნევებისთვის საჭირო დრო, ბავშვის ზრუნვისთვისა და აღზრდისთვის საჭირო დრო. აღნიშნული აქტივობებისთვის საჭირო დროითი ცვლილება/ზრდა განსხვავებულად მოხდა ქალებისთვის და კაცებისთვის. მაგალითისთვის, ბავშვის ზრუნვისთვის საჭირო დრო ამავე კვლევის რესპონდენტი ქალების 61 პროცენტისთვის გაიზარდა, მაშინ როდესაც დროით ზრდაზე კაცების 44-მა პროცენტმა მიანიშნა (UN Women 2020, 30). ქალების 31 პროცენტისთვის დასვენებისთვის გამოყოფილი დრო შემცირდა, მაშინ როცა აღნიშნული აქტივობისთვის საჭირო დროის შემცირებას კაცების 23 პროცენტი მიანიშნებს. ამის ფონზე, ქალების 35 და კაცების 24 პროცენტისთვის გაიზარდა სახლის დასუფთავებისთვის საჭირო დრო, ამასთანავე, დროის არათანაბარი ზრდა უკავშირდება საჭმლის მომზადებას – ქალების 31 და კაცების 25 პროცენტი აღნიშნავს, რომ საჭმლის მომზადებისთვის უფრო მეტ დროს ხარჯავს პანდემიის დაწყებიდან (UN Women 2020, 30). საოჯახო სივრცეში შესრულებული სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეების დროის უთანასწორო ზრდას, თან სდევს ანაზღაურებადი შრომისთვის საჭირო დროის საკითხიც. აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს, რომ პანდემიამ ქალთა შრომა კიდევ უფრო დამღლელი და დატვირთული გახადა. ამასთანავე, ზოგიერთისთვის სამსახურები გაურკვეველი დროით გაქრა; მაგალითად, არაფორმალურ ეკონომიკასა და მომსახურების სფეროში, სადაც მრავალი ქალია დასაქმებული (ტაბიძე 2020). გარდა იმისა, რომ პანდემიის პირობებში გაიზარდა ქალთა საოჯახო შრომის ტვირთი, გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალები სახლში გამოკეტილები აღმოჩნდნენ მოძალადე კაცებთან. შემაშფოთებელია ისიც, რომ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ამსახველი ოფიციალური მონაცემები დიდად არ გაზრდილა, რაც მსოფლიოში ამ მხრივ არსებული გაუარესებული ტენდენციის ფონზე არასანდოა (სხილაძე 2020).

ქალთა შრომის მნიშვნელობა და მისი სასიცოცხლოდ აუცილებლობა, პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა. ამასთანავე, ქალების დიდი რაოდენობა დასაქმებულია მომსახურების სფეროში; შრომის ეს სივრცეები დასაქმებულისგან ანაზღაურებადი შრომისთვის განკუთვნილ რვა საათზე მეტს ითხოვს. საგულისხმოა ისიც, რომ მსგავსი შრომითი ადგილები დაბალი ხელფასითა და დაუცველი შრომითი პირობებით ხასიათდება; მათ შორის, ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომით. ამის ფონზე, გამოდის, რომ ქალების დღიური დრო ანაზღაურებად შრომასა და საოჯახო, აუნაზღაურებელ შრომას ეკუთვნის. დასვენების დროის დეფიციტი და ხშირად მისი სრული არ ქონა, ქალებს მუდმივად დაღლილ მდგომარეობაში ამყოფებს. გამოსავლის ძიების გზაზე, მნიშვნელოვანია, სათანადო ყურადღება დაეთმოს როგორც საოჯახო შრომის თანაბარ გადანაწილებას კაცებსა და ქალებს შორის, ამასთანავე, დაცულ ანაზღაურებად შრომით გარემოს. პანდემიის ის შედეგები, რომელმაც მწირ ხელფასზე დასაქმებული ქალები სამსახურის მიღმა დატოვა შემაშფოთებელ მომავალზე მიანიშნებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

Gorz, André. 1999. „Critique of Economic Reason: Summary for Trade Unionists and Other Left Activists.“ თავი 3 – Labour Worldwide in the Era of Globalization: Alternative Union Models in the New World Order, Peter Waterman-ის მიერ. Palgrave.

OECD. თ. გ. Time use for work, care and other day-to-day activities. OECD – Family database, OECD – Social Policy Division – Directorate of Employment, Labour and Social Affairs, 1-17. წვდომილი 2020 წლის 23 August. http://www.oecd.org/social/family/LMF2_5_Time_use_of_work_and_care.pdf.

Shippen, Nichole Marie. 2014. Decolonizing time: work, leisure, and freedom. New York: Palgrave Macmillan.

UN Women. 2020. Rapid Gender Assessment of The Covid-19 Situation in Georgia. Tbilisi: Caucasus Research Resource Centers, 1-58. წვდომილი 2020 წლის 29 August. https://www2.unwomen.org/-/media/field%20office%20georgia/attachments/publications/2020/rapid%20gender%20assessment.pdf?la=ka&vs=5900.

UNDP. 2013. საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. თბილისი: ACT, 1-88. წვდომილი 2020 წლის 29 August. file:///F:/Users/Desktop/GE_UNDP_Gender_Research_GEO.pdf.

ბარქაია, მაია. 2017. „რადიკალური დასვენების აჩრდილი.“ ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი-ში, რედაქტირებული ეთუნა ნოღაიდელი და სალომე ცოფურაშვილი-ის მიერ, 159-164. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო.

დელფი, ქრისტინ, და დიანა ლეონარდი. 2016. „კვლავაც კაპიტალიზმის ნაწილი? მარქსისტულ-ფემინისტური პერსპექტივები ოჯახზე.“ თარგმანების კრებული-ში, რედაქტირებული თამუნა ქებურია-ის მიერ, გადათარგმნილია სალომე ლაცაბიძე-ის მიერ, 82-118. თბილისი: EMC.

სხილაძე, ეკატერინე. 2020. მამა და დედა ჩხუბობენ ხანჯლებით: პანდემიის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე. თბილისი: EMC. https://emc.org.ge/ka/products/mama-da-deda-chkhuboben-khanjlebit-pandemiis-gavlena-kalta-mimart-da-ojakhshi-dzaladobaze.

ტაბიძე, ნუკრი. 2020. კოვიდ-19, ნეოლიბერალიზმი, პოლიცია და სხვა ვირუსები ქალების წინააღმდეგ. თბილისი: პლატფორმა. წვდომილი 2020 წლის 29 აგვისტო. http://platforma.ge/?p=4275.

ფედერიჩი, სილვია. 2016. „ანაზღაურება საშინაო შრომისთვის.“ თარგმანების კრებული-ში, რედაქტირებული თამუნა ქებურია-ის მიერ, გადათარგმნილია სალომე ლაცაბიძე-ის მიერ, 73-81. თბილისი: EMC.

ფრეიზერი, ნენსი. 2017. ფემინიზმის თავგადასავალი. რედაქტირებული თამარ ცხადაძე-ის მიერ. გადათარგმნილია გიორგი ჩუბინიძე-ის მიერ. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო.

სტატია მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.