გაეცანით ია ერაძის სტატიას ,,ეროვნული ბანკის პოლიტიკის დილემები ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში”

ინფორმაცია ავტორის შესახებ: ია ერაძე, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორი (Dr. rer. Pol). ლაიბნიცის ინსტიტუტის პოტსდამის თანამედროვე ისტორიის კვლევის ცენტრთან (ZZF Potsdam) ასოცირებული მკვლევარი. მიწვეული ლექტორი ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლასა (HWR) კასელის უნივერსიტეტში.

გვერდების რაოდენობა: 20

 

სტატია მომზადებულია პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიური საკითხებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

ეროვნული ბანკის პოლიტიკა არცთუ ისე ხშირად ექცევა საზოგადოებრივი და აკადემიური განსჯის ეპიცენტრში. მედიის ინფორმაცია ცენტრალური ბანკის პოლიტიკაზე ძირითადად ტექნიკური დეტალების გამჟღავნებით და საზოგადოებისთვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდებით შემოიფარგლება. ამ სახის ინფორმაცია, უმეტესად, მოკლებულია ანალიზს და ფართო კონტექსტუალიზაციას. აღნიშნული ტენდენცია მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. აკადემიაში დიდი ხანია საუბრობენ ეკონომისტების ‘ექსპერტიზაციაზე‘, ცენტრალური ბანკების დეპოლიტიზაციასა და ტექნოკრატიზაციაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დეპოლიტიზირებული საკითხების რეპოლიტიზაცია, მათი ანალიზი და დისკუსიის საგნად გადაქცევა. ცენტრალური ბანკი პოლიტიკური და მორალური ღირებულებებით დატვირთული ინსტიტუტია, რომელიც მუდმივი ბრძოლების და ინტერესთა შეჯახების ველია და არა ტექნოკრატიული წარმონაქმნი, რომლის პოლიტიკაც მხოლოდ ზუსტ მათემატიკურ გათვლებს ეფუძნება.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან ინფლაციის თარგეთირების მანდატით ფუნქციონირებს, რაც ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული წლიური მაჩვენებლის მიღწევას და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გავრცელება მსოფლიოში ნეოლიბერალიზაციის ტალღას და ფინანსიალიზაციას უკავშირდება; მკვლევარები ხაზს უსვამენ ამ რეჟიმის შეუსაბამობას გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან – მათ ეკონომიკურ კონტექსტთან. საქართველოში, ღია და პატარა ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი დონით, ინფლაციის თარგეთირების ეფექტურობა წინააღმდეგობების წინაშე დგას. ამასთან, ეს რეჟიმი არა მარტო ასუსტებს ცენტრალურ ბანკს, როგორც ინსტიტუტს, არამედ ხელს უშლის მონეტარულ პოლიტიკას უპასუხოს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს.

მოცემული სტატიის მიზანია ეროვნული ბანკის საქმიანობა ისტორიულ და პოლიტიკურ-ეკონომიურ კონტექსტში განიხილოს და გამოკვეთოს მისი პოლიტიკის მთავარი დილემები 2004-2016 წლებში. სტატიის პირველი ნაწილი ცენტრალური ბანკის ზოგადი ფუნქციებს და ინფლაციის თარგეთირების მთავარი მახასიათებლების განხილვას ეთმობა. მეორე ქვეთავი საქართველოს ეროვნული ბანკის განვითარების მოკლე ისტორიულ რაკურსს ხაზავს და მისი პოლიტიკის დილემებს მიმოიხილავს 2004-2008 წლებში. მესამე ნაწილი, 2009-2016 წლებში, ინფლაციის თარგეთირების ანალიზს ეთმობა. მეოთხე ქვეთავი კი ამ მონეტარული რეჟიმის არაეფექტურობას განიხილავს ლარის 2015-2016 წლების კრიზისის კონტექსტში.

* ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არაეფექტურია პერიფერიული და დოლა- რიზებული სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. იგი ასუსტებს ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუტს და მისი მონეტარული პოლიტიკა მუდმივი დილემების წინაშე დგას, ფასების სტაბილურობის და დოლარიზაციის ორმაგი წნეხის კონტექსტში.

* ინფლაციის თარგეთირება უპირატესობას ფასების სტაბილურობას ანიჭებს და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა მეორეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს.

* ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი – საპროცენტო განაკვეთი – არაეფექტურია დოლარიზებულ ეკონო- მიკაში, სადაც ბანკების უმრავლესობა უცხოურ მფლობელობაშია.