პანდემიური წესრიგი, სოციალური ინჟინერია და სიკვდილის ბიუროკრატიზაცია

თამუნა ქებურია

სიტყვა „კარანტინის“ ეტიმოლოგია ბიბლიურია. მისი წარმომავლობა მათეს სახარებაში აღწერილ ქრისტეს 40 დღიან და 40 ღამიან მარხვას უკავშირდება, რომელიც მან ე.წ. ცდუნების მთაზე – არაბულად Jabel Quruntul-ზე, იგივე კარანტინის მთაზე (Mount Quarantania) – განმარტოებაში გაატარა მას შემდეგ, რაც მდინარე იორდანიაში მოინათლა. როგორც მათეს სახარებაშია გადმოცემული, განმარტოებისა და მარხვის 40 დღიან პერიოდში ეშმაკმა 3-ჯერ სცადა მისი ცდუნება. თავდაპირველად ეშმაკი მას აცდუნებდა, რომ ქვა გადაექცია პურად, მეორე ცდუნებისას ეშმაკი ქრისტეს უბიძგებდა გადამხტარიყო კლდიდან, რათა ანგელოზებს გადაერჩინათ მიწაზე დანარცხებისგან, ხოლო მესამე ცდუნება უკავშირდებოდა ქრისტესთვის ამქვეყნიური აბსოლუტური ძალაუფლების მინიჭების აღთქმას – „თაყვანი მეცი და ყველაფერი შენი იქნება… რა საჭიროა ეწამო და მოითმინო სატანჯველნი?“. თუმცა მათეს სახარების ამ მონაკვეთში ქრისტე იდეალურ ნებისყოფას და მოთმინებას ავლენს და ყველა ამ ცდუნებებს შესაშური გამძლეობით უმკლავდება. ბიბლიური მონათხრობში ჩანს თუ რა სახის ცდუნებები უდგას რადიკალურ განმარტოებაში მყოფ ადამიანს – ესაა სასწაულის მოხდენის ცდუნება, უკვდავად ყოფნის ცდუნება და ბოლოს, აპოთეოზის ცდუნება – დაიჯერო, რომ იმსახურებ იმაზე მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

მსოფლიო საზოგადოება უკვე ნახევარ წელზე მეტია პანდემიურ დღის წესრიგში იმყოფება. ისევე როგორც განმარტოებაში მყოფ ქრისტე, ამოუცნობი ვირუსის წინაშე დაუძლურებული ადამიანიც არაერთი განსაცდელის და ცდუნების წინაშე აღმოჩნდა. თუმცა მაშინ, როდესაც სამყაროში საშიში დაავადება მძვინვარებს, პანდემიის შესაკავებლად შემოღებული კარანტინის წესების დაცვისთვის ადამიანური ნებისყოფა და ქრისტიანულ მორალი ვერ იქნება გახდება ადამიანთა მორჩილების მთავარი საყრდენი, არამედ წესრიგის უზრუნველსაყოფად და საზოგადოების მართვისთვის ფორმალური, საჯარო ლეგიტიმაციისა და ძალაუფლების მქონე სტრუქტურები ერთვებიან. საფრანგეთის რევოლუციიდან დღემდე ასეთ მყარ სტრუქტურად მოდერნული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც სტანდარტიზებული კანონების, მოსახლეობის სტატისტიკური აღრიცხვის, გადასახადების შეგროვების თუ საპოლიციო კონტოლის საშუალებებით ადამიანთა უსაფრთხოების და დაცულობის გარანტირების ანგარიშვალდებულე ორგანოდ ფორმირდა. თუმცა მეორეს მხრივ, ისტორია გვასწავლის, რომ მსგავს ძალაუფლებას თან სდევს დიდი სისტემური გადაცდომებიც. კერძოდ, სახელმწიფო მართვას ლეიტმოტივად გასდევს კონტროლის და მართვის სხვადასხვა ავტორიტარიანული წახნაგები, რაც არაერთხელ გამხდარა ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ინდივიდების თუ ჯგუფების ჩაგვრის, უსამართლო მოპყრობის თუ მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტების წინაპირობა. ამასთან, ისტორია ასევე იმასაც გვასწავლის თუ როგორ იქცეოდა მასშტაბური მოვლენები – ომები, ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისები, ბუნებრივი კატაკლიზმები თუ ეპიდემიები – სახელმწიფოს როლის გადააზრების და მისი ძალაუფლების განმტკიცების წინაპირობად .

დღეს უკვე ცხადია, რომ მიმდინარე პანდემიური კრიზისი სწორედ ერთ-ერთი იქნება იმ გარდამტეხ მოვლენებს შორის, რომელიც დიდწილად განაპირობებს მომავლის სამყაროს ფორმაციებს, ახალი შინაარსით დატვირთავს სახელმწიფო ინსტიტუტების როლს და გარდაქმნის თავად სახელმწიფო ინსტიტუტების ხედვის პერსეპქტივებს საზოგადოებასთან მიმართებაში. ამაზე საზოგადოებრივი ჯგუფების კლასტერებად დაყოფის, ეპიდემოლოგიური მენეჯმენტის, ჯანდაცვის სექტორის ადმინისტრირების თუ ნეკრო-მენეჯმენტის ახლებური მიდგომებიც მიანიშნებს. მიმდინარე ტრანსფორმაციების გასაგებად მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ თუ როგორი აღქმა უვითარდებათ საჯარო თუ დარგობრივ ინსტიტუციებს მოსახლეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რა სახის სოციალური ინჟინერიის აუცილებლობა დგება სახლისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების წინაშე და რა სახის აცდენებს წარმოშობს ეს ახლებური მიდგომები საზოგადოებრივ ფენებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.

ხედავდე როგორც სახელმწიფო: ჯეიმს სკოტისეული მოდერნული სახელმწიფო და სოციალური ინჟინერის ნიშნები

ჯეიმს სკოტის 1988 წელს გამოქვეყნებულ წიგნში – „ხედავდე როგორც სახელმწიფო“ მოდერნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისტორიული და ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან აღწერს და განიხილავს თუ რა პროცესებმა განაპირობა სახელმწიფოს არსებული მოდელის ჩამოყალიბება. სკოტისთვის ასეთი სახის სახლემწიფოს შემქნის წინაპირობას მრავალგანზომილებიანი სოციალური რეალობის „გმირული გამარტივება“ (heroic simplification), საზოგადოების სქემატიზება/კლასიფიცირება და კომპლექსური პროცესების გაზომვად ცვლადებში გამოსახვა იყო. სკოტის თანახმად, მოსახლეობის და მათი სოციალური ყოფის ამგვარი აბსტრაგირება და გამარტივება, სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას აძლევდა განეხორციელებინათ საუკუნეების განმავლობაში ფართოდ დამკვიდრებული ისეთი პოლიტიკა, რაც მოსახლეობის დაბეგვრას, პოლიტიკურ კონტროლის დაწესებას და ადამიანთა სამხედრო სამსახურში გაწვევას გულისხმობდა. თუმცა მე-18 საუკუნის მიჯნაზე – ვაჭრობის, კაპიტალის მიმოცვლისა და გლობალიზაციის გაფართოების პირობებში, აუცილებელი გახდა სახლმწიფო მართვის ბევრად უფრო დახვეწილი და ‘მეცნიერული’ მიდგომების შემუშავება. ამის წინაპირობად სკოტი საზომი ერთეულების – მასა, ფართობი, პროპორციები, მოცულობა – სტანდარტიზაციას ასახელებს, რასაც პოლიტიკური და მატერიალური მიზნები ედო საფუძვლად. საზომი ერთეულების საერთო სტანდარტის ჩამოყალიბებამ კი, თავის მხრივ, საფუძველი დაუდო ეროვნული ბაზრების წარმოშობას და წაახალისა რაციონალური მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები. სკოტისეული მოდერნული სახელმწიფოს არქეოლოგიაში, საერთო სტანდარტზე დაფუძნებულმა ‘ზომვის’ პოლიტიკამ კი, თავის მხრივ დააჩქარა საზოგადოებაში ემანსიპატორული მოძრაობები, რაც გულისხმობდა ფეოდალური საზოგადოებრივი იერარქიების რღვევას და ახალი „სამოქალაქო საზოგადოების“ იდეის წარმოშობას:

„გაზომვის გამარტივება, თავის მხრივ, დამოკიდებული იყო მოდერნული პერიოდის რევოლუციური პოლიტიკიდან მომდინარე მიდგომების გამარტივებაზე, რამაც ბიძგი მისცა ერთსახოვანი, ჰომოგენური მოქალაქეობის გაგების წარმოქმნას. რამდენადაც თითოეული ქონებრივი ერთეული სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ განიკარდებოდა, რამდენადაც მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიები თანასწორნი არ იყვნენ კანონის წინაშე, ამას შესაძლოა გამოეწვია მათი უთანასწორობა სტანდარტიზებული საზომი ერთეულების წინაშეც. [..] ამ ხედვის პროპონენტები აცნობიერებდნენ, რომ ეს რისკის ქვეშ დააყენებდა არა უბრალოდ საზოგადოების მართვის გაცილებით მოსახერხებელ მიდგომებს, არამედ თავად ადამიანთა ტრანსფორმაციის შესაძლებლობასაც“ .

სკოტისთვის სახელმწიფო მართვის პოლიტიკის მოდერნიზაციამ სოციალური ინჟინერიის ახალი ჰორიზონტები გააჩინა, რომელიც მხოლოდ ახალი სუბიექტების შექმნამდე არ დაიყვანებოდა, არამედ ბუნებრივი გარემოს გარდაქმნითაც იყო დაკავებული – ველური ბუნების თუ უღრანი ტყეების დემისტიფიკაცია და მათი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შემოერთება, ქალაქების და ქუჩების დაგეგმარება, საკადასტრო აღრიცხვის დაწესება, მოსახლეობის დემოგრაფიული აღწერა (რაც ასევე გვარების სისტემის შექმნის აუცილებლობასაც აჩენდა) – შესაძლებელს ხდიდა კომპლექსური და მასშტაბური პროცესების ‘მინიატურიზაციას’ და შესაბამისად გამარტივებულ მიდგომებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასაც. სკოტი აღნიშნავს, რომ სანამ პარიზის ‘მოდერნიზაცია’ განხორციელდებოდა, საფრანგეთში პარიზი ყველაზე მომაკვდინებელ ქალაქად მიიჩნეოდა, სადაც ყველაზე მაღალი იყო სიკვდილიანობა და ხშირად ჩნდებოდა პანდემიები, რასაც 1831 წელს საფრანგეთის პრემიერ მინისტრიც კი ემსხვერპლა. შესაბამისად, გარემოსა და სოციალური რეალობის ‘მინიატურიზაციამ’ და გამარტივებამ შესაძლებელი გახადა წყლის მიწოდების სისტემების გამართვა, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჰიგიენური რეჟიმების შემოღება.

თუმცა ჯეიმს სკოტის აღნიშნული წიგნის მთავარი ფაბულა იმაში მდგომარეობს, რომ პროგრესის და მოდერნიზაციის ამ ახლებურმა სქემებმა, რომელიც თავის მხრივ განმანათლებლობის ფილოსოფიასაც დაეფუძნა, და მიზნად ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა, ფიასკო განიცადა. სკოტის აღნიშნავს, რომ მოდერნიზაციის აღნიშნულმა პროექტმა რეალურად ვერ უზრუნველყო ეგალიტარიანულ პრინციპებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნა, რადგან საბოლოო ჯამში სახელწმიფოებრივი მართვის და ადმინისტრირების ამ გამამარტივებელ სქემებს მუდმივად თან სდევდა „ბოროტი ტყუპისცალი“, რაც ძალაუფლების მოხვეჭა-შენარჩუნების, სიმდიდრის ერთეულების ხელში დაგროვების და ავტორიტარიანული მმართველობის ფორმებს იღებდა. მაგალითისთვის, როგორც ჯეიმს სკოტი წერს, ქალაქ პარიზის მოდერნიზაციამ შედეგად მოიტანა ურბანული სივრცეების იერარქიზაცია და წარმოშვა გარეუბნები თუ პერიფერიები, სადაც მოსახლეობის ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენები მასიურად კონცენტრირდა. ასეთ სივრცეებში კი საარსებო პირობები გაცილებით არაჰუმანური, ხოლო მართვის და კონტროლის მეთოდები ბევრად უფრო ძალადობრივი და ბრუტალური გახდა. შედარებით თანამედროვე პერიოდიდან კიდევ ერთ მაგალითად სკოტს დასაქმების პოლიტიკის სახელმწიფოსეული ხედვა მოჰყავს. კერძოდ მაშინ, როდესაც დასაქმებულ ადამიანთა ცხოვრება უკიდურესად რთული, ცვალებადი და გამოწვევებით დატვირთულია, სახელმწიფო სტატისტიკის ეროვნული სამსახურები ამ კომპლექსურობას ერთგვაროვანი სტატისტიკური მონაცემების მიღმა ნიღბავენ, სადაც ფორმალური თუ არაფორმალური დასაქმების სტატუსების უკან სტრუქტურული ჩავარდნების მთელი ის კაკაფონია იმალება, რაც ზედმიწევნით სტილიზებული მონაცემების პირობებში უფრო და უფრო რთულად მოსახელთებელი და პოლიტიზირებადი ხდება.

სკოტის თანახმად, მე-20 საუკუნეში საზოგადოებრივი განვითარების ტრაექტორიის გამრუდების მიზეზად ისეთი ექსპერიმენტული მმართველობა იქცა, სადაც სახელმწიფო მართვის მთავარ მიდგომად რეალობის ტოტალიზება, მისი მარტივ ერთეულებად დაყოფა და ავტორიტარული მართველობა გაფორმდა. მოდერნიზმის და სოციალური ინჟინერიის იდეოლოგიამ კი ჩაახშო საზოგადოების მრავალხმოვანება და სოციალური შინაარსის გადაწყვეტილების მიღება სამეცნიერო მიდგომებს დაუქვემდებარა

პანდემიური ნეკრო-მენეჯმენტი და სიკვდილის ბიუროკრატიზაცია

კოვიდ ვირუსის აფეთქების დღიდან მოსახლეობის კლასტერებად დაყოფა, რისკ ჯგუფებად კატეგორიზება თუ რეალობის სტატისტიკური მონაცემებით შეფასება ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამავე პერიოდში სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა შრეებზე დაგროვდა ცოდნა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პანდემიურ პირობებში მოქალაქეთა მასების მართვა „რათა მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელების ტენდენციას“. სახელმწიფო მართვის და ადმინისტრირების იერარქიაში ეპიდემიოლოგია ერთ-ერთ წამყვან დარგად იქცა, და ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების თუ სოციალური პოლიტიკის თანასწორ მიმართულებად ჩამოყალიბდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კორონავირუსულ პირობებში პირადი მონაცემების დაცვაზე უარის თქმას და კონფიდენციალურობის უგულვებელყოფას დაუკავშირდა – ჩვენი ადგილმდებარეობა, სოციალური ინტერაქციები, ინტიმური კავშირები თუ დროის ტარების არჩევანი მნიშვნელოვან გაცვლით ღირებულებად იქცა, რათა სანაცვლოდ იმუნო-უსაფრთხოების დამადასტურებელი პასპორტები მივიღოთ წარწერით Negative on SARS-CoV-2.

გარდა ამისა, თუკი რეალობის სკოტისეულ ანალიზს მოვიშველიებთ და კრიტიკულად შევხედავთ სახელმწიფოს ანტიეპიდემიურ პოლიტიკას, შევნიშავთ იმ არაერთ აცდენას, რაც ბოლო ხანებში საზოგადოებრივ საჭიროებებსა და ექსპერტული ცოდნის მქონე მმართველობით ორგანოებს შორის დაგროვდა – მაშინ, როდესაც იზოლაციაში აგენტობა დაკარგული, შიშებით შებყრობილი ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებას და კოლექტიური რეზონანსის გამომუშავებას ითხოვენ მომავალთან დაკავშირებით, ამაზე პასუხად ისინი სოციალური დისტანცირებისკენ მოწოდებას და წესების მორჩილების დირექტივებს იღებენ; მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა, ამაზე პასუხად, თავდაპირველად, სახლში დარჩენისკენ მოწოდება, ხოლო შემდეგომ კი სრულიად არაადეკვატური და რეალურ საჭიროებებს აცდენილი სოციალურ დახმარება მიიღეს პასუხად. მსგავსი აცდენებზე სკოტი წერს:

„თანამედროვე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები იმთავითვე, სულ ცოტა ერთი ნაბიჯით და უფრო ხშირად კი რამოდენიმე ნაბიჯით მაინც წყდებიან საზოგადოების საჭიროებებს, რის მართვაზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან. ამ დროს ისინი საზოგადოების ცხოვრების შეფასებას ისეთი სახის ტიპიზაციის წყებებით ცდილობენ, რაც ყოველთვის განყენებული იქნება რეალობისგან, რადგან მსგავსი აბსტრაგირებული ხედვა ვერასდროს შეძლებს მის მოიხელთებას“

ამ ყველაფერს დაემატა, კორონავირუსის პირობებში სახელმწიფოს პოლიტიკის და სოციალური პრაქტიკის ცვლილება ნეკრო-მენეჯმენტთან დაკავშირებით. ვირუსის გავრცელების პრევენციის სახელით გატარებულმა ზომებმა შეცვალა გარდაცვლილთათვის წესის აგების თუ დაკრძალვის დამკვიდრებული წესები, დაკრძალვის ტრადიცია დაცლა რიტუალობისგან და დაახშო ტრაგედიის ინტერნალიზების თუ ექსტერნალიზების სოციალური არხები. ამან კი სიკვდილის შიშებით კიდევ უფრო მეტად შებყრობილი ადამიანები ბიუროკრატიზებულ და სტერილიზებულ ნეკრო-მენეჯმენტის პირისპირ დატოვა:

„გვამისთვის არსებობს სპეციალური ჩანთები, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი. ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულებების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში და უკეთდება მას შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნებისას, სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. დროებითი დაყოვნების სათავსოში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უკვე უნდა ეცნობოს ახლობლებს, მათ კარგად უნდ აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები და მიყვნენ ამ პროცედურებს. სასურველი და აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი ან შესაძლო შემთხვევით დაღუპული ადამიანი დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრება და პანაშვიდები და ამავე დროს, არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრა“

ამ პირობებში კი მნიშნველოვანია დავსვათ კითხვა, თუ რამდენად შეძლებს ახალ რეალობაში აღმოჩენილი ადამიანი თანმიმდევრულ ნავიგაციას? რამდენად გასწვდება მისი კოგნიტური უნარები ასეთი მასშტაბის ტრაგედიებთან გამკლავებას? თუკი კარანტინში მყოფი ქრისტესთვის ცდუნებას სასწაულის მოხდენა, უკვდავად ყოფნის დაჯერება და საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენა წარმოადგენდა, დღეს რა ცდუნებების წინაშე დგას თანამედროვე ადამიანი? ასევე, რა სახის სოციალური ინფრასტრუქტურა უმაგრებს მას ზურგს, რომ კლდიდან არ გადაიჩეხოს ან აპათეაში არ ჩავარდეს?

როგორც რევოლუციონერი მწერალი და სცენარისტი, პეტერ ვაისი წერს, „ჩვენი დაავადება ფაქტიურად პოლიტიკური დაავადებაა“. არსებული პანდემიური წესრიგის პირობებში კი უფრო რადიკალური დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ ყველა დაავადება პოლიტიკურია და რომ დაავადების კონტროლის პოლიტიკამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად და ქრონიკულად დააავადოს საზოგადოება და მისი წევრები.

ბლოგი მომზადებულია Platforma.ge-ის პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიური საკითხებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ ასახავდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.