Platforma.ge იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას ,,საჯარო სივრცე და ქალთა მონაწილეობა”, რომელიც ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

თანამედროვე საზოგადოებაში ქალის ქალაქურ სივრცეში საქმიანობა მრავალწახნაგოვანია, რაც დაკავშირებულია ზრუნვის შრომასთან და სხვადასხვა საოჯახო საქმიანობასთან. ქალთა მიმართ ძალადობა და უსაფრთხოების განცდა მწვანე სივრცეებში ზღუდავს ქალთა თავისუფალ მობილობას ქალაქურ სივრცეში, ასევე ქალების ეკონომიკურ, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ამგვარი სტრესი რისკის ქვეშ აყენებს ქალთა ჯანმრთელობას და არღვევს ქალების უფლებას ქალაქურ სივრცეებზე (Sedghi, 2014).

პროექტის მიზანია, ქალაქ თბილისის სამი სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი) შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებებისა გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტი მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

• ქალთა სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური კატეგორიის საჭიროებების, მოთხოვნებისა და მოლოდინების გამოვლენა მწვანე სივრცეებთან (სამი რეკრეაციული სივრცე) მიმართებაში ;

• ქალაქ თბილისის 10 გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრ ქალებთან ინტერვიუების გზით თბილისის მასშტაბით საუბნო მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებების გამოვლენა;

• ქალაქ თბილისის 10 გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ოქმებისა და წევრ ქალებთან ინტერვიუების გზით, მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში მათი ჩართულობის შესწავლა (სტრუქტურა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი) და წესდების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შედეგად, ქალთა ჩართულობის შესაძლებლობების გაანალიზება.

• წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის მომიხილვა ;

• ქალაქ თბილისის 10 გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრ ქალებთან ერთობლივი დისკუსიის წარმართვა და პრაქტიკული კომპონენტის მეშვეობით, მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში ქალთა მონაწილეობის თავისებურებების გამოკვეთა;

პროექტის ფარგლებში, გარდა კვლევითი მიმართულებისა, დაგეგმილია ქალთა საჭიროებებზე მორგებული ვირტუალური პარკის შექმნა – Participatory mapping-ის გამოყენებით.

განხორციელების ვადები: 09.2020 – 04.2021