Platforma.ge აცხადებს სტუდენტების მიღებას ონლაინ კურსზე ,,პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები და საქართველო გლობალურ სისტემაში“.

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია წმინდად პოლიტიკური ან ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მათი მხოლოდ ერთი დისციპლინის ჭრილში ანალიზი. კომპლექსური მოვლენების შესწავლას კომპლექსური მიდგომები სჭირდება. დღეს, მეცნიერები ხშირად მიმართავენ მულტიდისციპლინურ მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის ფართო კონეტქსტში საკვლევად. პოლიტიკური ეკონომიკა სწორედ ასეთი მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც არღვევს საზღვრებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისციპლინებს შორის და მოვლენებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს, ისტორიული, სოციალური თუ კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი არა მარტო ფართო სურათს ხატავს, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი და გლობალური პროცესები და დავაკვირდეთ ძალაუფლების გადანაწილებას სახელმწიფოს შიგნით თუ გლობალურ ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, კურსის მთავარი მიზანია გააცნოს აპლიკანტებს პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც აკადემიური დისციპლინა და აჩვენოს მისი საჭიროება სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.

კურსი სამ ნაწილად იყოფა: პოლიტიკური ეკონომიკის იდეების ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური წყობის კონტურები და საქართველოს თანამედროვე გამოწვევები.

პირველი ნაწილი კურსის მონაწილეებს წარმოდგენას შეუქმნის პოლიტიკური ეკონომიკის, როგორც აკადემიური დისციპლინის საფუძვლებსა და თეორიულ მრავალფეროვნებაზე. იდეების ისტორიის თითოეული ლექციის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს კაპიტალიზმის განვითარების საფეხურები, მოცემული დროის ისტორიული კონტექსტი და იმ დროის წამყვანი პოლიტ. ეკონომისტების ნააზრევი.

მეორე ნაწილი თანამედროვე გლობალური ბაზრის, მონეტარული და ფინანსური იერარქიების ჩამოყალიბების ანალიზს ეთმობა და ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა გლობალიზაცია, ნეოლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფინანსიალიზაცია. ასევე, ხაზი ესმება ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებას განვითარებულ და ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის და ყურადღება ეთმობა განვითარების სხვადასხვა მიდგომებს.

მესამე ნაწილი უშუალოდ საქართველოს ეთმობა, დამოუკიდებლობიდან დღემდე. აქ განხილულია როგორც პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის ზოგადი საკითხები, ასევე, საქართველოს გამოცდილება სახელმწიფოს მშენებლობის თუ ბაზრის შექმნის პროცესში და თანამედროვე სოციო-ეკონომიკურ გამოწვევები. აღნიშნული საკითხების ანალიზი დაკავშირებულია კურსის პირველ ნაწილში განხილულ თეორიებთან და მეორე ნაწილში წარმოდგენილ გლობალური წყობის კონტექსტთან.

კურსი შედგება 13 ლექციისგან. ლექციები ხელმისაწვდომი იქნება Platforma.ge-ის Moodle-ის სისტემაში.

კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი.