მოუსმინეთ ნუკრი ტაბიძის პოდკასტს ,,კოვიდ-19, ნეოლიბერალიზმი, პოლიცია და სხვა ვირუსები ქალების წინააღმდეგ”

მემარცხენე წრეებში, განსაკუთრებით ევროპაში, ნეოლიბერალიზმი იმდენად გავრცელებული სიტყვა გახდა უკვე გაურკვეველია რას მიემართება ან რატომ მიემართება უკლებლივ ყველა პრობლემას. ფემინისტური და ქვიარ ბრძოლებისთვის ნეოლიბერალიზმი ორპირიან დანასავითაა – ის ერთი მხრივ, ადვილს ხდის ჰეტეროსექსიზმი და ეკონომიკური უთანასწორობა ურთიერთდაკავშირებულ პრობლემებად დავინახოთ, მეორე მხრივ, ყველა საკითხის ნეოლიბერალიზმით ახსნა ქვეყნების თუ ჯგუფების სპეციფიკურ გამოცდილებას ხშირად მხოლოდ ეკონომიკურ ტერმინებში კეტავს და გამოსავლებს, განსაკუთრებით კი რაიმე ნიშნით (მაგ. სექსუალობის, სქესის, ეთნოსის) ჩაგრული ჯგუფებისთვის გამოსავლებს ისეთ აბსოლუტურ და ზოგად ტერმინებში ხედავს, რომ სპეციფიკური შინაარსები იკარგება ან ირიყება როგორც კოოპტაცია.

ნეოლიბერალიზმის გამორიცხვა ქალების და ქვიარ ადამიანების (ალბათ, ნებისმიერი ჩაგეული ჯგუფის) მდგომარეობის ასხნის და გამოსავლების ძიებისას შეუძლებელია. თუმცა მას ორი დაშვება უნდა უმყარებდეს ზურგს: 1. ნეოლიბერალიზმი ტოტალური იდეოლოგიაა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ცდება და სოციალური, კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში იჭრება და ბაზრის ლოგიკას უქვემდებარებს. მისი მიზანი ისეთი სუბიექტის შექმნაა, რომელიც თავისი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრებით ზრდაზე ორიენტირებულ გლობალურ ეკონომიკას თუ არ გაამყარებს, საფრთხეს მაინც არ შეუქმნის.

ნეოლიბერალიზმის ალიანსი სხვადასხვა მჩაგვრელ იდეოლოგიებთან ადგილის და დროის მიხედვით გასნხვავდება და იცვლება. ჰეტეროსექსიზმთან მისი კავშირი მაინცდამაინც თავისთავადი არაა და ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის. თუ კონსერვატიზმი სპეციფიკური ჯგუფების (ქალების, შავკანიანების, ქვიარების) გამორიცხვას, ნეგატიურ დისკრიმინაციას და მარგინალიზებას ემყარება, მაგალითად, დასაქმების თვალსაზრისით, ნეოლიბერალიზმს არ აინტერესებს ვინ ასრულებს სამუშაოს – ქალი თუ კაცი, თეთრკანიანი თუ შავკანიანი, მას სჭირდება კარგი და რაც შეიძლება იაფი მუშახელი. მას როგორც სისტემას შეიძლება აწყობდეს ქალი დასაქმებული კიდე იქიდან გამომდინარე არის თუ არა ეს მომგებიანი იმ პოლიტ-ეკონომიკური კლასებისთვის, ვინც ამ ეკონომიკით ყველაზე მეტად სარგებლობს. თუმცა მაგალითად, ორსულობა, დასაქმებულს ნაკლებად მომგებიან მუშახელად აქცევს, რაც ქალებს არახელსაყრელ პოზიციაში აყენებს კაცებთან მიმართებაში. ანალოგიურად, ჯანდაცვის პრივატიზაცია ფორმალური ბარიერების არარსებობის პირობებშიც კი, ძნელს ხდის სპეციფიკური საჭიროებები ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული ჯგუფებისთვის.

მჩაგვრელ იდეოლოგიებს და ნეოლიბერალიზმს შორის კავშირი ზუსტად “გამორიცხვის” პრინციპებს უკავშირდება, რომელიც საზოგადოებებს შიგნით და შორის მუდმივი იერარქიების წარმოებას ისახავს მიზნად. ეს იერარქიზების პრინციპები ზოგჯერ ისტორიულად მიიღო ნეოლიბერალიზმმა. მაგალითად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის არაფორმალური ბარიერები ამ უკანასკნელამდე არსებობდა, თუმცა ნეოლიბერალური ლოგიკა, რომელიც აისტორიულია და ადამიანების მოცემულობას იმ მომენტში არსებულ ფორმალურ შესაძლებლობებთან აიგივებს, ბრმაა პატრიარქატის ისტორიული გამოცდილებისადმი, რომელიც მაგალითად ქალებს არაფორმალური და არაპირდაპირი გზებით უშლის ხელს პოლიტიკაში მონაწილეობას. გასაკვირი არაა, რომ გენდერული კვოტების შემოღებას არაერთი თვითაღიარებული ფემინისტი სწორედ სექსისტური არგუმენტებით შეხვდა. კონსერვატორებისგან განსხვავებით ნეოლიბერალები არ ებრძვიან ქალების მონაწილეობას პოლიტიკაში, მაგრამ მათი ილუზია, რომ ყველაფერს თვითონ შეიძლება მიაღწიო, ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური შეზღუდვების მიუხედავად, სწორედ ნეოლიბერალური არგუმენტებია.

პანდემიის პირობებში ნეოლიბერალიზმი ქალების მდგომარეობას მრავალმხრივად დაუკავშირდა. პირველ რიგში, პანდემიამ, როგორც ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა, ზოგადად შექმნა მძიმე მდგომარეობა ყველასთვის – სამსახურები და ინდუსტრიები გაურკვეველი დროით გაქრა. განსაკუთრებით არაფორმალურ ეკონომიკაში და მომსახურების ინდუსტრიებში, სადაც ქალების რაოდენობა დიდია. ქალების ხელმისაწვდომობა უსაფრთხო აბორტზე და სხვა სპეციფიკური ჯანდაცვის საჭიროებები, ისევე როგორც ზოგადი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, გაუარესდა. ამასთან გლობალური პანიკის პირობებში ძალიან ადვილი გახდა ეს ყველაფერი მხოლოდ ავბედით ვირუსს დაბრალებოდა.

ასეც მოხდა! მასობრივად პანდემია, როგორც “ბუნებრივი” კატასტროფა ისე განიხილება. ისე სწრაფად დაატყდა სამყაროს, იმხელა სტრესი და პანიკა გამოიწვია, რომ შიშს აყოლილმა ადამიანებმა ამხელა ეკონომიკური, ფიქიკური და ემოციური საფრთხის წინაშე მასობრივად დაკარგეს მათ ქვეყნებში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების მიმართ კრიტიკა. პოლიციის გააქტიურება და სახელმწიფოს დამსჯელი მარჯვენა ხელის გაძლიერება მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა. პროტესტები ჯარის და ძალის გამოყენებით ჩაახშეს ამერიკაში, სერბეთში, ჰონ-კონგში. აგრესია სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში გაიზარდა.

ქალების და გოგოების მიმართ ძალადობის ზრდაზე ყველა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს. ანგარიშები ხშირად იწყება ახსნით, რომ ეკონომიკური და ემოციური კრიზისის პირობებში ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა იზრდება. სახლში მოძალადე ქმრებთან თუ სხვა ოჯახის წევრებთან გამოკეტილ ქალებს ფიზიკური თუ ვერბალური აგრესიისგან თავის დაღწევის გზები კიდევ უფრო შეეზღუდათ. ასევე სასაზღვრო პოლიციის და შეიარაღებული ძალების მხრიდან ლტოლვილ ქალებზე სექსუალური ძალადობა, და ემიგრანტ მუშა ქალებზე დამსაქმებლების მიერ ემოციური ძალადობა გაიზარდა . შემოთავაზებული გამოსავლები დიდწილად პოლიციაზე ქალების წვდომას უსვამს ხაზს . რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ეს ანგარიშები ძირითადად მყისიერ პასუხებს უკავშირდება და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც ფარავს, მაგალითად, როგორიცაა თავშესაფრით უზრუნველყოფა. თუმცა საბოლოოდ არც საცხოვრისის და უსახლკარობის პრობლემა დგება გრძელვადიან პერსპექტივაში, არც პოლიციის მეტად გაძლიერების ნაცვლად რაიმე ალტერნატივის შეთავაზება.

პანდემიასთან მიმართებაში ხშირად მოვისმინე: „აი, ახლა დავინახეთ ამ სისტემის ნამდვილი სახე.“ მანამდე არსებული პრობლემები მართლაც სრულიად გაზვიადებულ, თითქმის კარიკატურამდე მისულ აბსურდად იქცა. პოლიციურობა, სექსიზმი და მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკა აქამდეც არსებობდა, თუმცა რასიზმი და სექსიზმი პანდემიასთან ერთად გაძლიერდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების და სოციალურ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობის მიღმაც.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული გენდერული ანალიზისგან განსხვავებით, პანდემიის დასაწყისში ნაწინასწარმეტყველები მოლოდინი ეკონომიკური და ჯანდაცვის სისტემების უფრო სოციალურად გარდაქმნის თვალსაზრისით მხოლოდ ქაოტურად, რამდენიმე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში მოხდა. ძალიან ცხადია, რომ პოლიციურ ძალადობაზე დაფუძნებული სახელმწიფოები, რომელიც ისევ და ისევ ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა საკუთრების და ბიზნესის დაცვის ინტერესებს ეყრდნობა ვერ შექმნის გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიებს. ანტიფემინისტური და სექსისტური განწყობების მობილიზება კი არნახულად უადვილდება კონსერვატიული და ალტ-რაით მთავრობებს. მყისიერი და არასამთავრობო სექტორისთვის შეტოვებული სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა არ ტოვებს სივრცეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრისთვის.

ამასთან, ძნელია პოლიცირებაზე უარი თქვა, როცა ამდენი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია. თუმცა ამ პოლიცირებას, რესურსების სიმწირეს და ჯანმრთელობის შიშს მილიონობით ქალი შეეწირა და კიდევ შეეწირება როგორც პირდაპირი ძალადობის ისე გაღატაკების, აბორტზე ხელმიუწვდომელობის და გადაადგილების შეზღუდვის მეშვეობით. ასეთ პირობებში ნეოლიბერალიზმი პირველ რიგში პოლიცირებასთან და მსოფლიოს მასშტაბით ინტენსიურ ბორდერიზაციასთან მიმართებაში უნდა გადავიაზროთ. წლების მანძილზე ნეოლიბერალური იდეოლოგია სისტემის შესანარჩუნებლად უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებს პოლიციას და ჯარს, რაც პანდემიამ ახლა კიდევ უფრო გააძლიერა. ყველამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა ვის იცავს დღეს სახელმწიფო და პოლიცია და რატომ? ვინ რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ზოგადი თუ სპეციფიკური სერვისების გარეშე და ვინ დარჩება მათ მიღმა ხვალ? ქალებისთვის გლობალური კრიზისი უფრო ადრე დაიწყო და პოლიციური გამოსავლებით ვერ გადაიჭრება, ვინაიდან ზურგს მატერიალური და კულტურული ძალა და კრიტიკული აზრი არ უმყარებს.

გამოყენებული ლიტერატურა

მსოფლიოს შრომის ორგანიზაცია/International Labour Organization, May 20, 2020, Policy Brief: The COVID-19 response: Getting gender equality right for a better future for women at work, მოძიებულია 20 ივლისს, 2020 https://bit.ly/3hkl2W6

გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი/European Institute for Gender Equality (2020) Covid-19 and gender-based violence: Has the pandemic taught us anything? მოძიებულია 20 ივლისს, 2020 https://eige.europa.eu/news/covid-19-and-gender-based-violence-has-pandemic-taught-us-anything

გაეროს ქალთა ორგანიზაცია/UN Women (2020) COVID-19 and ending violence against women and girls. მოძიებულია 20 ივლისს, 2020 https://bit.ly/2D1BTOs

პოდკასტი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით