თარგმნა ალექსანდრა აროშვილმა.

ავტორი: სილვია ფედერიჩი

კვლავწარმოება და ფემინისტური ბრძოლა შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილების პირობებში (1999)

„თუ დავიწყებთ აღიარებით, რომ პატრიარქატი და დაგროვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოქმნის სტრუქტურულ და იდეოლოგიურ ჩარჩოს, რომელშიც უნდა გვესმოდეს დღეს ქალების რეალობა, ვიტყვით, რომ ფემინისტური მოძრაობა მსოფლიოს გარშემო არ შეიძლება არ დაუპირისპირდეს ამ ჩარჩოს – შრომის სქესობრივი და საერთაშორისო დანაწილების ჩათვლით, რომელიც ისევ მასშია ჩაქსოვილი“

მარია მაისი, ‘პატრიარქატი და დაგროვება მსოფლიო მასშტაბით ‘ (1986)

„კაპიტალისტური განვითარება ყოველთვის არამდგრადი იყო მისი ადამიანური შედეგებით. ამის გასაგებად, საკითხს მათი თვალებით უნდა შევხედოთ, ვინც კაპიტალისტურმა განვითარებამ შეიწირა, ვის მკვლელობასაც ის აგრძელებს. კაპიტალიზმის დაბადების აუცილებელი მოთხოვნა კაცობრიობის დიდი ნაწილის მსხვერპლშეწირვა იყო – მასობრივი განადგურება, შიმშილის და უბედურების წარმოება, მონობა, ძალადობა და ტერორი. იგივე წინაპირობებს მოითხოვს მისი გაგრძელებაც“

მარიაროსა დალა კოშტა, ‘კაპიტალიზმი და კვლავწარმოება’ (1995)

შესავალი

საზოგადოდ ცნობილია, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ქალთა განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ საერთაშორისო განზომილება შეიძინა, კერძოდ ფემინისტური მოძრაობები და ქსელები ჩამოყალიბდა მსოფლიოს ყველა ნაწილში, განსაკუთრებით კი ქალთა შესახებ გლობალური კონფერენციების ფონზე, რომლებსაც გაერო აფინანსებს. ამდენად, წესით ჩვენ უკეთესად უნდა გვესმოდეს ის პრობლემები, რომლებსაც ქალები აწყდებიან მთელი პლანეტის გარშემო – უკეთესად, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, წარსულში.

თუმცა, თუ გადავხედავთ პერსპექტივებს, რომლებიც ფემინისტური პოლიტიკების კონტურებს ქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, დავასკვნით, რომ ფემინისტების უმრავლესობა არ ცნობს მსოფლიო ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მიერ მოტანილ ცვლილებებს ქალთა მატერიალურ პირობებზე; ამ ცვლილებების გავლენას ფემინისტურ ორგანიზებაზე. ჩვენს წინაშეა კონკრეტული შემთხვები, კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ქალები გაღარიბდნენ მთელი პლანეტის მასშტაბით. მართალია, ზოგიერთი ფემინისტი აცნობიერებს, რომ გლობალიზაციამ არამხოლოდ გლობალური „სიღარიბის ფემინიზაცია“ გამოიწვია, არამედ ახალი კოლონიალისტური წესრიგის ჰორიზონტზე გამოჩენასთანაც მიგვიყვანა და შექმნა ქალთა შორის ახალი დაყოფა, რომელსაც ფემინისტები უნდა დაუპირისპირდნენ. ისიც კი, ვინც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პოლიტიკებს აკრიტიკებს, ხშირად რეფორმისტულ პოზიციებს სჯერდება, გმობს რა გენდერულ დისკრიმინაციას, კაპიტალისტური ურთიერთობების გლობალურ ჰეგემონიას კი ხელშეუხებელს ტოვებს. მრავალი ფემინისტი, მაგალითად, მწუხარებას გამოთქვამს ‘უთანასწორო ტვირთის’ გამო, რომელიც ქალებს სტრუქტურული რეგულირებისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკებმა დააკისრა; გასცემს რეკომენდაციებს, განვითარების სააგენტოებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ქალთა საჭიროებებს ან მხარს უჭერს ქალთა ‘მონაწილეობას განვითარების დაგეგმვაში’, თუმცა იშვიათად უპირისპირდება თავად ამ პროგრამებსა და სააგენტოებს, იშვიათად აცნობიერებს, რომ სიღარიბე და ეკონომიკური ექსპლუატაცია, ასევე, აზიანებს კაცებს.[1] ამასთან, არსებობს ტენდენცია, რომ პრობლემები, რომლებსაც ქალები აწყდებიან საერთაშორისო დონეზე, დანახულ იქნას, როგორც ‘ადამიანის უფლებების’ საკითხი და პრივილეგია მიენიჭოს სამართლებრივ რეფორმებს, როგორც სახელმწიფოს ჩარევის მთავარ საშუალებას.[2] თუმცა, ეს მიდგომა კრახს განიცდის საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის წინაშე, რომელიც ქალთა ექსპლუატაციის ახალ ფორმებს ქმნის. უნდა ვახსენოთ უკანასკნელ წლებში აღმოცენებული ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაც, რომელიც ფოკუსირებულია გაუპატიურებასა და ოჯახში ძალადობაზე – ხაზზე, რომელიც გაერომ დააწესა. ეს ხედვა აიგნორებს ძალადობას, რომელიც შინაგანია კაპიტალისტური დაგროვების პროცესისთვის; აიგნორებს შიმშილების, ომების, კონტრ-ამბოხებითი სამხედრო პროგრამების ძალადობას, რომლებმაც 80-იან და 90-იან წლებში ეკონომიკური გლობალიზაციისათვის გზა გაწმინდეს.

ასეთ კონტექსტში, ჩემი პირველადი მიზანია ვაჩვენო, რომ სწორედ მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციამ გამოიწვია სოციალური კვლავწარმოების მთავარი კრიზისი აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის მოსახლეობებში; რომ ამ კრიზისზე დაშენებული შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება ამ რეგიონების ქალთა შრომას „მეტროპოლიური“ სამუშაო ძალის კვლავწარმოებაში ითრევს. ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს ქალების „ინტეგრაცია“ ხდება მსოფლიო ეკონომიკაში, როგორც მშრომელთა მწარმოებლებისა – ადგილობრივ ეკონომიკებსა თუ ინდუსტრიულ ქვეყნებში, იმის გათვალისწინებით, რომ აწარმოებენ იაფ საქონელს გლობალური ექსპორტისთვის. მე ვასაბუთებ, რომ სწორედ კვლავწარმოების შრომის ამგვარი, გლობალური რესტრუქტურიზაციით აიხსნება ფემინისტური პოლიტიკების კრიზისი, რამდენადაც მას შემოაქვს ახალი დაყოფა ქალებს შორის, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ფემინისტური სოლიდარობის შესაძლებლობას და ფემინიზმს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის რაციონალიზაციის საშუალებამდე დაყვანით ემუქრება.

შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება (NIDL)

იმისთვის, რომ შევაფასოთ შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილების მიერ ქალებისთვის მოტანილი შედეგები, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამ კონცეფციაში ჩვენ ვგულისხმობთ კონვენციურ თეორიას, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ სურათს გვაჩვენებს მომხდარი ცვლილებების შესახებ. როგორც წესი, NIDL გაიგივებულია საქონლის წარმოების საერთაშორისო რესტრუქტურიზაციასთან, რომელიც 70-იანი წლების შუა პერიოდიდან განხორციელდა: როდესაც შრომითი კონფლიქტების გამწვავების საპასუხოდ, მულტინაციონალურმა კომპანიებმა საკუთარი მწარმოებლური აღჭურვილობების გადატანა ‘განვითარებად ქვეყნებში’ დაიწყეს, განსაკუთრებით კი შრომა-ინტენსიური სექტორებისა, როგორიცაა ტექსტილის და ელექტროაპარატურის წარმოება. მაშასადამე, NIDL ასოცირდება თავისუფალი სავაჭრო ზონების ჩამოყალიბებასთან – ინდუსტრიული ზონების, სადაც არ მოქმედებს არცერთი შრომითი რეგულაცია და იწარმოება საექსპორტო საქონელი; ასევე, ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ „გლობალური კონვეიერული წარმოების“ ორგანიზებასთან.[3]

ამ თეორიაზე დაყრდნობით, მედიამ და ეკონომიკის დაგეგმვის სპეციალისტებმა თავიდან დააფუძნეს მითი კაპიტალიზმის, როგორც დიადი გამათანაბრებელის შესახებ, რომ კაპიტალიზმი ახალისებს ‘ურთიერთდაკავშირებულობას’, რომელიც, მტკიცების თანახმად, უკვე მიღწეულია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ არგუმენტის მიხედვით, ჩვენ მოწმენი ვხდებით ‘მესამე სამყაროს’ ინდუსტრიალიზაციისა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს პროცესი წაშლის იერარქიებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებდა შრომის საერთაშორისო დანაწილებას; რომ ის პოზიტიურ გავლენას იქონიებს შრომის სქესობრივ დანაწილებაზე. ქალი, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ზონაში მუშაობს, ბენეფიტს იღებს ინდუსტრიული შრომისაგან, აღწევს დამოუკიდებლობის ახალ სიმაღლეს და გამოიმუშავებს აუცილებელ უნარებს, რათა კონკურენტუნარიანი იყოს საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნეოლიბერალი ეკონომისტები ამას იზიარებენ,[4] აღნიშნული თეორია არ არის კრიტიკისგან თავისუფალი.[5] ჯერ კიდევ ‘ახალ მონობაში’ (1987), რობინ კოენი აკვირდება, რომ კაპიტალის მოძრაობა ‘ჩრდილოეთიდან’ ‘სამხრეთში’ რაოდენობრივად ვერ იქნება საკმარისი საფუძველი შრომის ‘ახალი’ საერთაშორისო დანაწილების შესახებ ჰიპოთეზის დამტკიცებისთვის. 1980-იანი წლების დასასრულს, მსოფლიო წარმოებითი საქმიანობის მხოლოდ 14% ხორციელდებოდა განვითარებად ქვეყნებში, ინდუსტრიული „ბუმი“ კი მხოლოდ გარკვეულ არეალებში იყო კონცენტრირებული: სამხრეთ კორეაში, ჰონ კონგში, ტაივანსა და მექსიკაში. თვალსაჩინო გახდა, ასევე, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონების შემოღება არ იწვევს ინდუსტრიული საფუძველის შექმნას მასპინძელი ქვეყნებისათვის და არც მათი დასაქმების მაჩვენებლებზე აქვს პოზიტიური გავლენა, არამედ, იწვევს ადგილობრივი რესურსების გადინებას. თავისუფალ სავაჭრო ზონებში დასაქმებულ ქალთა ორგანიზაციებმა საკუთარ შრომას „ჩამორჩენილობის“ გამომწვევი, მონობის ფარული ფორმა უწოდეს. დაშინების ყველა ფორმის გამოყენების შედეგად, თავისუფალ სავაჭრო ზონებში ხელფასები საარსებო მინიმუმზე დაბალია – უფრო დაბალი, ვიდრე მინიმალური ხელფასი ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში. ინდონეზიაში, თავისუფალ სავაჭრო ზონებში მუშაობაში იმდენად ცოტას იხდიან, რომ მშრომელთა ოჯახებმა დამატებითი სახსრებით უნდა შეივსონ შემოსავალი.

დამატებით უნდა ითქვას, რომ ქალები იძულებით მუშაობენ მრავალი საათის მანძილზე, საფრთხისშემცველ პირობებში; ყოველდღიურად გადიან სხეულის ჩხრეკას, რათა არაფერი გაიტანონ საწარმოებიდან; ხშირად იძულებით ასმევენ შობადობის კონტროლისთვის განკუთვნილ აბებს, რათა დარწმუნდნენ, რომ არ დაორსულდებიან და არ შეაფერხებენ წარმოებას; შეზღუდულია მათი გადაადგილებაც. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც მათ კეტავდნენ სამუშაო ნორმის შესრულებამდე, რის გამოც მექსიკასა და ჩინეთში ათასობით ადამიანი დაიღუპა, რადგან ვერ მოახერხა შენობიდან გამოღწევა მიწისძვრის ან ხანძრის დროს,[6] ხოლო როდესაც ორგანიზებას ცდილობენ, ისინი იდევნებიან ყველა ქვეყანაში. ამგვარი, სასტიკი პირობების მიუხედავად, თავისუფალ სავაჭრო ზონებში დასაქმებული მშრომელები არ ყოფილან მათ დასახლებებში კაპიტალისტური ურთიერთობების შეჭრის პასიური მსხვერპლნი. მექსიკიდან ფილიპინებამდე და კარიბის კუნძულებმადე, თავისუფალ სავაჭრო ზონებში, ქალმა მშრომელებმა შექმნეს მხარდაჭერის ქსელები და ორგანიზებული ბრძოლები, რამაც კომპანიის მენეჯერები და მთავრობები, რომლებიც მწვანე შუქს უნთებენ თავისუფალ სავაჭრო ზონებს, თავდაცვის პოზიციაში ჩააყენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახის ოპტიმიზმი, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონების ეკონომიკურ გავლენას ეხება მათ მიერ დაქირავებულ მშრომელებზე, არასწორია – თავად ამ ზონების არსებობის საფუძველია ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელშიც მშრომელებს არ აქვთ უფლებები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია:

თარგმანი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.