ავტორი: ელენე ბერიაშვილი

* * *

პანდემიის და იზოლაციის პირობებში ცხორებამ ბევრი რამ გამოკვეთა და დაგვანახა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მრავალგვარი პერსპექტივიდან იქნება საინტერესოც და სასარგებლოც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ ქალთა შრომის მნიშვნელობაზე, მის გავლენასა და ხილვადობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა თუ საინფორმაციო პლატფორმებზე, ამ საკითხის აქტუალიზება შეინიშნება, ვფიქრობ, ქართულ კონტექსტში ამაზე მსჯელობა სათანადოდ არ წარმართულა, თუ არ ჩავთვლით მცირერიცხოვან დისკუსიებსა და ფრაგმენტულად გაბნეულ სტატიებსა თუ თარგმანებს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი მცდელობა საკითხის აქტუალიზებისა, არათუ გადამეტებული, არამედ საკმად დროულიც და საჭიროც მგონია.

ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ჩვენი ცხოვრების მიმდინარე ეტაპი არის კარგი შესაძლებლობა, პროცესებს შევხედოთ განსხვავებული პერსპექტივებიდან და ვაღიაროთ, რომ სწორი დროა ქალთა საკითხების გარშემო ჩამოყალიბებული დღის წესრიგის გადახედვისთვის, ხელახალი პრიორიტეტების განსაზღვრისთვის და ისეთი ფემინისტური მსჯელობების თუ დებატების წარმართვისთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ყურადღების მიღმა დარჩენილი საკითხები მთელი სიცხადით შემოვიტანოთ საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში.

სანამ საკითხის გავრცობას დავიწყებ, მინდა განვსაზღვრო და მოკლედ განვიხილო, რას მოვიაზრებ ქალთა შრომაში, რათა უკეთ შევძლოთ მისი როლისა და მნიშვნელობის დანახვა. ეს არის ტრადიციულად ჩამოყალიბებული და მკვეთრად ქალურ ვალდებულებად განსაზღვრული შრომა, რომელიც სრულდება როგორც სახლში, ასევე მის გარეთ. ამ შრომისათვის ყველაზე დამახასიათებელი ასპექტი უხილავობა და არაღიარებაა. სხვაგვარად მას მოიხსენიებენ, როგორც „სიცოცხლის წარმოებისათვის “ აუცილებელ საქმიანობას, რომელშიც მოიაზრება მთელი რიგი ფიზიკური თუ ემოციური სამუშაოები.

სწორედ ამ ტიპის საქმიანობას დაეფუძვნა საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა: საავადმყოფოები, ბაღები, სკოლები და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ინსტიტუტების გაჩენამდე, შრომა, რომელიც მხოლოდ ქალის მიერ სახლში სრულდებოდა, გასცდა სახლის ფარგლებს, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ქალი გათავისუფლდა ტრადიციულად დაკისრებული ვალდებულებებისგან, რომელიც მოიცავს დასუფთავებას, საჭმლის მზადებას, ოჯახის წევრების მეთვალყურეობას თუ სხვა. თუმცა, ამ შრომის ოჯახის ფარგლებს გარეთ გატანამ, გარდაუალი გახადა მისი ანაზღაურება. ამგვარად, ჩვენ მივიღეთ შრომის ბაზრის ისეთი სექტორი, რომელშიც ქალები კვლავ ასრულებენ „ქალურ“ საქმიანობას, მაგრამ, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, სახლის შრომისგან განსხვავებით.

ამ საკითხის გარშემო კვლევისა და ანალიზის არც თუ ისე ხანმოკლე ისტორია არსებობს. ფემინისტურ და აკადემიურ სივრცეში საკმოად დიდი ყურადღება ეთმობა ამ თემის განხილვას და მასზე დებატებს.

ამერიკელი უტოპისტ-ფემინისტი ავტორი, შარლოტა პერკინს გილმანი (1860-1935), იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქალთა შრომას ეკონომიკური პერსპექტივიდან შეხედა და ამ საკითხს არაერთი ტექსტი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია 1898 წელს გამოქვეყნებული წიგნი „ქალი და ეკონომიკა“. სწორედ მისი რადიკალური იდეები გახდა შთაგონება ახალი თაობის ავტონომისტი ფემინისტებისთვის (სელმა ჯეიმსი, სილვია ფედერიჩი, მარიოზა დალა კოსტა და სხვები), რომლებმაც ხელახლა განავითარეს საშინაო შრომის იდეა და გამოკვეთეს კაპიტალისტური საზოგადოებისთვის მისი საჭიროება, როგორც რეპროდუქტიული შრომისა – შრომისა, რომელსაც სიმონ დე ბოვუარი სიზიფეს ტანჯვას ადარებს.

სწორედ ავტონომისტი ფემინისტების მიერ განვითარებული თეორია დაედო საფუძვლად იტალიაში 1974 წელს დაწყებულ მოძრაობას, რომელსაც „ ანაზღაურება საშინაო შრომისთვის“ (Salario al Lavoro Domestico) ერქვა.

ამ კამპანიის მანიფესტად ქცეულ ტექსტში, რომელიც ამავე მოძრაობის სახელს ატარებს და დაწერილია იტალიელი რადიკალი ფემინისტი ავტორისა და აქტივისტის მიერ, ვკითხულობთ: “იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა ფული საშინაო შრომის სანაცვლოდ, არის მის კეთებაზე უარის თქმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იმიტომ, რომ ანაზღაურების მოთხოვნა ჩვენს შრომას ხილულს ხდის. ეს აუცილებელი პირობაა ბრძოლის დასაწყებად საშინაო შრომის, როგორც მისი უშუალო ასპექტის და ფემინურობის, როგორც მისი უფრო ვერაგული მახასიათებლის წინააღმდეგ.“ ეს ამონარიდი ნათლად გვიჩვენებს თავად ამ მოძრაობის იდეას, რომელიც ანაზღაურების მოთხოვნას იყენებს, როგორც სტრატეგიას, იმ დამალული მოცულობითი შრომის არათუ შესაფასებლად, არამედ გამოსააშკარავებლად.

მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში, ზემოთ ხსენებული ფემინისტი აქტივისტების და თეორეტიკოსების დამსახურებაა იმ სერვისების შექმნა, რომელიც ქალთა კეთილდღეობისთვის ბრძოლაში წინგადაგმული ნაბიჯი იყო, თუმცა არასაკმარისი.

რა ადგილი უკავია ქალთა შრომის ბუნებას, ხილვადობასა და მისი ანაზღაურების საკითხს ფემინისტურ თეორიასა თუ პრაქტიკაში, მოკლედ მიმოვიხილე, თუმცა, რა ადგილი უკავია მას თანამედროვეობაში და, განსაკუთრებით, მიმდინარე მოვლენების დროს – განხილვის საგანია. ამ მხრივ, ვეცდები, ყურადღება ქართულ რეალობაზე გავამახვილო. სანამ პანდემიის გავლენებზე ვისაუბრებ, მინდა ყურადღება შევაჩერო 2020 წელს UNDP-ისა და UN-Women-ის საქართველოში ჩატარებულ ორ კვლევაზე: პირველი მათგანი ეხება საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულებებსა და აღქმებს გენდერული ურთიერთობების მიმართ, ხოლო მეორე კვლევა ეხება საქართველოში გენდერულ სახელფასო სხვაობას და უთანასწორობას ქართულ შრომის ბაზარზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალები, საშუალოდ, დღეში 4 საათით მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელი საშინაო შრომის შესრულებას, გასაკვირია UNDP-ის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, ქალების 68 პროცენტი კმაყოფილია საქმის ამგვარი გადანაწილებით. UN-Women-ის კვლევამ კი გამოკვეთა ქართულ შრომის ბაზარზე, როგორც ვერტიკალური, ასევე, ჰორიზონატლური სეგრეგაციის ტენდენციები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მაღალი სამუშაო ადგილების და მაღალანაზღაურებადი პოზიციების უმრავლესობა კაცებს უკავიათ, რაც, თავისთავად, უარყოფითად აისახება გენდერულ სახელფასო სხვაობაზე. ამასთანავე, ჩამოყალიბებულია მკვეთრად ფემინიზებული შრომის სექტორი, რომელიც მოიცავს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სფეროს, რომელიც ყველაზე დაბალი ანაზღაურებით და, ამავდროულად, შრომის პირობების უხეში დარღვევებით ხასიათდება. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, დღეს საქართველოში გვაქვს სურათი, რომლის მიხედვითაც, ქალები საზოგადოების არსებობისთვის ყველაზე დიდი ოდენობის აუცილებელ შრომას წევენ შრომის ბაზარზე, ყველაზე დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ და სახლში – საერთოდაც ანაზღაურების გარეშე.

სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა. გაზრდილი უმუშევრობის, შემცირებული შემოსავალის და გაზრდილი საოჯახო ვალდებულებების ფონზე, იმატა ოჯახში ძალადობის ფაქტებმა და, იზოლაციის პირობებში, სახლი, უსაფრთხო გარემოს ნაცვლად, ქალების დიდი ნაწილისთვის, იქცა არანაკლებ საფრთხის შემცველად, ვიდრე თავად ეს ვირუსია. მოცემული ფაქტები კი ნათლად მეტყველებს არა მხოლოდ შრომის პოლიტიკის, ანაზღაურების და შრომის პირობების, არამედ სოციალური დაცვისა და სერვისების სისტემურ პრობლემებზე, რაც ყველაზე მწვავედ ქალებზე აისახება.

თუ დავაკვირდებით, ნათლად დავინახავთ, თუ ვინ ვერ შეძლო პანდემიით გამოწვეული იძულებითი, ხშირ შემთხვევაში, არანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა. არანაზღაურებადი იმიტომ, რომ დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია . თვითდასაქმებულთა დიდ ნაწილს კი ქალები შეადგენენ და მათი ყოველდღიური შემოსავალი საბაზისო საჭიროებების დაფარვას ძლივს უზრუნველყოფს, მით უფრო, არასაკმარისია სამთვიან იზოლაციაში თავის გადასარჩენად.

უდავოა, რომ პანდემიის დროს გაწეული შრომის დიდი ნაწილი მედპერსონალზე მოდიოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯანდაცვის სფერო სწორედ ის სექტორია, რომელშიც ქალები დომინირებენ და რომელსაც ცენტრალური როლის შესრულება უწევს ამ ბრძოლაში. მათზე მსჯელობისას, შეუძლებელია, გვერდი ავუარო ჩემს პირად გამოცდილებას, რომელიც მედმუშაკთა ორგანიზების მცდელობებს შეეხება. კარგად მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც პირად ინტერვიუებში ისაუბრეს საკუთარ შრომით გამოცდილებებზე, შრომის იმ მოცულობასა და იმ სამარცხვინო ანაზაურებაზე, რაც ამ სექტორისთვის დამახასიათებელია. საშუალო და დაბალ პოზიციებზე დასაქმებულთა უმრავლესობას უწევს არათუ ერთი, არამედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებისთვის მუშაობა, რაც არც ხუთ სამუშაო დღეს გულისხმობს, არც დღეში რვასაათიან ცვლას და არც ოფიციალურად განსაზღვრულ, საშუალო ხელფასთან მიახლოებულ რიცხვს. (საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ნომინალური ხელფასი 1280 ლარს შეადგენს) .

მედმუშაკებთან ერთად, სურსათისა და მედიკამენტების მომარაგება-გაცემის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, შეძლეს სიცოცხლის რისკის ფასად, შეუფერხებლად მუშაობა. ამ სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია და მათი შრომის პირობები და ანაზღაურება არ განსხვავდება საშუალო და დაბალი რგოლის მედპერსონალისგან.

ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობის და ქვეყანაში გადაადგილების საათობრივი შეზღუდვის პირობებში, კონკრეტულმა ბიზნესკომპანიებმა, როგორიც არის, მაგალითად, „სპარი“, შეძლეს და დასაქმებულთა სამუშაო დღე გაზარდეს, რათა მოგება არათუ შეენარჩუნებინათ, არამედ გაეზარდათ კიდეც.

ვირუსის გადატანისა და გადადების რისკის შემცირების ყველაზე ეფექტიან გზად დასახული იყო დეზინფექციისა და დასუფთავების სიხშირის ზრდა, რაც ავტომატურად გულისხმობდა დასუფთავების სექტორში მომუშავე ადამიანების შრომის გაორმაგებას, რისკის გაწევას და მძიმე ბრძოლაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას.

როდესაც ამ ფაქტებს ვაჯამებ, მოულოდნელად მახსენდება, ფრანკოს პერიოდის ესპანეთში ქალთა დასჯის მეთოდები , რომელთაც რეჟიმის მოწინააღმდეგე ქალთა მიმართ იყენებდნენ. ამ მეთოდებს შორის იყო საჯაროდ ქუჩების და შენობების დალაგება, როგორც საჯარო დამცირების აქტი.

თუ ამ საჯაროდ დალაგების აქტს გამოვიყენებთ, როგორც ქალთა შრომის მეტაფორას და ზემოთმოყვანილ ფაქტებს შევაჯამებთ, რომლებიც ქალთა შრომის რაობას, მის მნიშვნელობას, როლსა და ანაზღაურებას ეხება, დავინახავთ, რომ ქალების მიერ გაწეული შრომა და მისი აღიარება სახლში თუ მის გარეთ, პანდემიამდე თუ პანდემიის შემდგომ, უტოლდება იმ დამცირების ხარისხს, რაც ფრანკისტული ესპანეთისთვის იყო დამახასიათებელი.

ამ რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არსებულ კრიზისთან დაპირისპირება განსაკუთრებით მოუწია მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა შრომა არასდროს ყოფილა აღიარებული და შეფასებული.

კითხვაზე პასუხი შეძლო თუ არა პანდემიამ ქალთა შრომა გაეხადა ხილვადი კამათის საგანია, რადგან როცა ქალთა შრომის ხილვადობაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმა, თუ ვისთვის და რისთვის უნდა გახდეს ეს შრომა ხილვადი. შეიძლება ითქვას, რომ ქალებისთვის, რომლებიც ამ შრომას ისედაც ხევდნენ, ეს აღქმა ბევრად გამძაფრდა, გამძაფრდა იმ ქალებისათვისაც, რომლებიც საშინაო შრომას დაქირავებულ შინამოსამსახურეებს, უნაწილებდნენ. თუმცა თუ საკითხს პოლიტიკური და ინსტიტუციური პერსპექტივიდან შევხედავთ, პანდემიამდე და პანდემიის შემდგომი პერიოდი არსებითად არ განსხვავდება, თუ გაორმაგებულ რისკებსა და შრომას არ ჩავთვლით.

საკითხის უფრო მასშტაბური გააზრებისთვის, ქალთა შრომის არა მხოლოდ საშინაო, არამედ მის გარეთ მდგომ ასპექტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სწორედ ამგვარი მიდგომებით შეიძლება გახდეს ფემინისტური ბრძოლა მეტად ნაყოფიერი. ამ პერიოდში გამოჩენილმა სოციალური უსამართლობის ხარისხმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა იმგვარი პოლიტიკის საჭიროება, რომელიც სათანადოდ განსაზღვრავს და დააფასებს საზოგადოების არსებობისთვის რეპროდუქტიულ შრომას, რომლის სათავეში ქალები მუდამ იდგნენ და კვლავაც იქ დგანან.

თვალსაზრისი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.