ავტორი: მერი ჩაჩავა

ტრანსნაციონალური დედები და პანდემიამდე გაჩენილი დისტანციები

კორონავირუსით შექმნილ ახალ რეალობაში ბევრი მიუთითებს ურთიერთობების ვირტუალურ სივრცეში გადატანით გამოწვეულ უხერხულობებზე. პირადი და საქმიანი ურთიერთობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი და აჩვენა, რომ ადამიანებს სრულფასოვანი სოციალური ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ ფიზიკური კონტაქტი, პირისპირ ურთიერთობები და ინტერაქცია. ბევრისთვის შეიძლება ეს ახალი რეალობაა, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი დედებისა და სამშობლოში დარჩენილი მათი შვილებისთვის ასეთი ურთიერთობები წლების განმავლობაში ცხოვრების ყოველდღიური რუტინაა. მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიები ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად იქცა. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, პანდემიამ სრული სიცხადით გამოაჩინა ემიგრანტი ქალების და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული გამოწვევები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია ამბობს, რომ „… ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ…“ ეს სიტყვები ზღაპრულ შინაარსს იძენს იმ დედებისა და შვილებისთვის, რომლებიც შრომითმა მიგრაციამ ერთმანეთს ფიზიკურად დააშორა. ერთი შეხედვით, ეს არის დედების არჩევანი, მაგრამ არა თავისუფალი არჩევანი, არამედ ოჯახის ეკონომიკური გადარჩენის ერთადერთი სტრატეგია. არჩევანი, რომელსაც „აწყმო ზღუდავს და მომავალი ეჭვქვეშ აყენებს“. ქალების უმრავლესობა ამ განშორებას უყურებს როგორც დროებითს და კონკრეტული მიზნების მიღწევის შემდეგ უკან დაბრუნებას გეგმავს. თუმცა, სხვადასხვა გამოწვევის გამო, მოკლე ვადაში ამ გეგმების შესრულება ძალიან ურთულდებათ და წლების განმავლობაში უწევთ საკუთარი ოჯახებისგან და შვილებისგან შორს ყოფნა.

გამომდინარე იქედან, რომ შვილებზე ზრუნვა უპირობოდ დედების, და ზოგადად ქალების ვალდებულებად განიხილება, მშობლების როლის დისტანციურობაზე მსჯელობა ძირითადად დედებს მიემართება და მასზე აქტიურად მსჯელობა საერთაშორისო შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის პროცესის შემდეგ დაიწყო. ქალების შრომითმა მიგრაციამ გამოწვევის წინაშე დააყენა დედობის შესახებ დამკვიდრებული შეხედულებები. ქალები იძულებულები გახდნენ დედობისთვის ახალი მნიშვნელობა მიენიჭებინათ, რომელიც დისტანციურად შესრულებადი იქნებოდა. ამის გამოხატულებად კი ფულადი გზავნილები იქცა, რომელიც შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება. კვლევები აჩვენებს, რომ დედები უფრო მეტად ეხმარებიან ოჯახებს ფულადი გზავნილებით, ვიდრე მამები. შემოსავლის გაზრდისა და ფულის დაზოგვის მიზნით, ისინი უარს ამბობენ საკუთარ საბაზისო საჭიროებებზე, მუშაობენ დასვენების დღეებშიც და ხშირად თვალს ხუჭავენ დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ და დამამცირებელ მოპყრობაზე.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური პასუხისმგებლობების შესრულების პარალელურად, ემიგრანტი დედები ახერხებენ შვილების აღზრდაში დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, ვირტუალური ურთიერთობა ვერ ცვლის ფიზიკური სიახლოვის ინტიმურობას. შვილებთან განშორებით გამოწვეული ამ წუხილის გადასალახად, დედები თავს იმით ინუგეშებენ, რომ მათი წასვლის მთავარი მიზეზი სწორედ რომ დედობრივი სიყვარული და პასუხისმგებლობაა. ამასთან, ცდილობენ რომ სიყვარული, რომელსაც საკუთარი შვილების მიმართ ფიზიკურად ვერ გამოხატავენ, გადაიტანონ იმ ადამიანებზე, რომლებზე ზრუნვაც უკვე მათი ანაზღაურებადი საქმიანობა გახდა.

დედებს, რომლებიც საკუთარ შვილებს სამშობლოში ტოვებენ, თავად კი ემიგრაციაში სხვისი ოჯახების შვილებსა თუ მოხუცებზე ზრუნვით საქმდებიან, ლიტერატურა ტრანსნაციონალურ დედებად მოიხსენიებს. ეს ფენომენი ქმნის ზრუნვის ჯაჭვს, რომელიც გლობალურ დონეზე არსებულ სოციალურ უთანასწორობებს ააშკარავებს. ჯაჭვის სათავეში არიან შეძლებული ოჯახები გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც „ზრუნვის ყიდვის“ პრივილეგია აქვთ. შედეგად კი, გლობალური სამხრეთის ქვეყნებში იქმნება ზრუნვის დეფიციტი. ემოციური რესურსების ამგვარი უსამართლო გადანაწილების შედეგად, „პირველ სამყაროში“ ბავშვებს აქვთ „დამატებითი“ ზრუნვის მიღების ფუფუნება, მაშინ როცა „მესამე სამყაროს“ ბავშები ამ ზრუნვის ნაკლებობას განიცდიან. ზრუნვის ეს ჯაჭვი დედების კიდევ ერთ ჯგუფს მოიცავს. ესენი არიან ემიგრანტი ქალების დედები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში სამშობლოში დარჩენილ შვილიშვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვთ გადაცემული.

ზრუნვის გაცემასა და გადაცემას კლასობრივი, რასობრივი და ეთნიკური განზომილებებიც აქვს და თავად ქალებს შორის არსებულ იერარქიას ააშკარავებს. პრივილეგირებული ქალები გლობალური ჩრდილოეთიდან მხოლოდ იმის წყალობით ახერხებენ მუშაობას, რომ შიდა სამეურნეო საქმის შესასრულებლად დაქირავებული ჰყავთ ნაკლებად პრივილეგირებული ქალები შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან. ქალთა შრომის ამგვარ დივიზიას რეპროდუქციული შრომის საერთაშორისო განაწილება ეწოდება.

მიგრაციის ფემინიზაციაზე მსჯელობისას, განვითარების დისკურსი ძირითად აქცენტს ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე მის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე აკეთებს. მაშინ, როცა კითხვები, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო, ისევე როგორც ცალკეული ოჯახები შრომითი მიგრაციით გამოწვეულ ზრუნვის დეფიციტს გაუმკლავდნენ, უპასუხოდ რჩება. და მართლაც, საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებს ზრუნვის გადინების უარყოფით გავლენას სამშობლოში დარჩენილი შვილების სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესებზე. დედის ემიგრაცია, ერთი მხრივ, აუმჯობესებს შვილების განათლების მიღებისა და მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, დედობრივი სითბოსა და სიყვარულის დეფიციტი ბავშვებში იწვევს სტრესს, ავითარებს კომპლექსებს, დაბალ თვითშეფასებას და ქმნის მარტოობის განცდას. ემიგრაციით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს დედებიც იზიარებენ, მაგრამ ამავდროულად, საუბრობენ სხვა არჩევანისა და გამოსავლის არარსებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში დედებისთვის ემიგრაციაში ყოფნის ემოციური ფონი კიდევ უფრო გამძაფრდა, ეკონომიკური საჭიროებები კვლავ გადაწონის დედობრივ მონატრებასა და სიყვარულს. მართალია საზღვრები ემიგრანტი დედებისთვის სამშობლოში არსებული სიღარიბის გამო მანამდეც ჩაკეტილი იყო, მაგრამ კორონავირუსმა ოჯახთან ფიზიკური სიახლოვის მონატრებას შიშის გრძნობაც დაუმატა, შიშის, რომელიც საკუთარი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უკავშირდება.

პანდემიამ მთელი სიცხადით დაგვანახა ზრუნვის გლობალური კრიზისი, ის რაც უკვე წლებია ემიგრანტი დედების და სამშობლოში დარჩენილი მათი შვილების მაგალითზე ისედაც ნათელი იყო. სამწუხაროა, რომ დღემდე „მესამე სამყაროს“ დედების და შვილების გამოცდილებები განგაშისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, როდესაც კრიზისმა „ელიტებშიც“ შეაღწია, იმედი ვიქონიოთ, რომ ზრუნვის შრომას და მის მთავარ შემსრულებელს, ქალს, საზოგადოება ყურადღების მიღმა არ დატოვებს.

დამატებით საკითხავი ლიტერატურა:

Ehrenreich, B., & Hochschild, A. R. (2004). Global Woman: Nannies, Maids, And Sex Workers In The New Economy, n.p.: New York: Metropolitan Books, London: Granta books.

Hochschild, A. R (2000). The Commercialization of Intimate Life: Notes from Home and Work. Berkeley: University of California Press.

Hondagneu-Sotelo, P. and Ernestine, A. (1997). I’m here, but I’m there: The Meanings of Latina Transnational Motherhood. Gender and Society 11 (5).

Hondagneu-Sotelo, P. (2000). Feminism and Migration. Annals of the American Academy of Political and Social Science 571, pp. 107-120.

Lutz, H. (2011). The New Maids: Transnational Women and The Care Economy, n.p.: London: Zed.

Lutz, H., & Palenga-Mollenbeck, E. (2012). Care Workers, Care Drain, and Care Chains: Reflection on Care, Migration, and Citizenship. Social Politics. Volume 19 Number 1.

Parrenas, R. S. (2005). Children of Global Migration: Transnational Families and Gendered Woes. Stanford, CA: Stanford University Press.

Zurabishvili, T., & Zurabishvil, T. (2010). The Feminization of Labor Migration from Georgia: The Case of Tianeti. Laboratorium. 1:73–83.

ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.