თარგმნა სანდრო ცხვედაძემ.

რედაქტორი: სალომე თოფურია.

კაპიტალისტური ერა

იურგენ კოჩკა

კაპიტალიზმის, როგორც ცივილიზატორული მისიის მთავარი ღერძის ინტერპრეტაცია, ისევე ნაკლები შანსით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო განმანათლებლობის ეპოქის დასრულების შემდეგ, როგორც ამ ეპოქის ოპტიმიზმი პროგრესთან მიმართებით. კაპიტალიზმის ამგვარი იმედისმომცემი გაგება პრეინდუსტრიული კაპიტალიზმის წიაღიდან წარმოიშვა, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიული კაპიტალიზმის აღზევებას ვერ გაუძლო. მეოცე საუკუნის დასაწყისში ისეთ ინტელექტუალებს, როგორებიც იყვნენ ვერნერ ზომბარტი და მაქს ვებერი, კაპიტალიზმის უპირატესი ეკონომიკური რაციონალიზმის მართლაც სწამდათ, თუმცა ცივილიზაციის პროცესში მას განვითარებისა და პროგრესის წამმართველ ძალად არ მიიჩნევდნენ. პირიქით, ისეთი ლიბერალები, როგორიც იყო ვებერი, შიშობდნენ რომ კაპიტალისტური სისტემის წყობა და მისი მიდრეკილება ქცეულიყო ძალადობრივ და ამასთანავე უშინაარსო ერთეულად, საფრთხეს შეუქმნიდა თავისუფლებას, სპონტანურობასა და ფართო გაგებით-კაცობრიობას. კონსერვატორებსა და მემარცხენეებსაც ეშინოდათ კაპიტალიზმის, როგორც შეუჩერებელი ეროზიული ძალის, რომელიც ჩაანაცვლებდა ტრადიციულ მორალს კონტრაქტებით, თემს – საზოგადოებით და სოციალურ კავშირებს – საბაზრო ხარჯთაღრიცხვებით. სოციალისტური კრიტიკა კიცხავდა კაპიტალიზმში არსებულ ექსპლუატაციას, შრომისადმი გაუცხოებასა და უსამართლობას, და, ამავდროულად, მასში არსებული წინააღმდეგობების შედეგად, მის კოლაფსს პროგნოზირებდა. დღესდღეობით, კაპიტალიზმის მიმართ დამოკიდებულება მიმღებლობასა და მკაცრ კრიტიკას შორის მერყეობს. ბევრი მიიჩნევს, რომ სამომავლო გამოწვევების გადასაჭრელად იგი გამოუსადეგარია. კაპიტალიზმის, როგორც უტოპიის იდეა, სულ მცირე, ევროპის შემთხვევაში მაინც, უკვე მოძველებულია. ამ თავის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ისაა, რომ გაიაზროს ეს ცვლილება და შეფასების პერსპექტივები დასახოს.

ინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციის კონტურები 1800 წლიდან

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ განვითარება, რომელიც წინა საუკუნეებში დაიწყო, გარკვეულწილად 1800-2000-იან წლებში გაგრძელდა. აგრარულმა კაპიტალიზმმა ახალი რეგიონები მოიცვა და ამის კვალდაკვალ ფეოდალური წყობა ეტაპობრივად გააქრო. ეს პროცესი, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მთელი ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობდა. მეოცე საუკუნეში კი აგრარული კაპიტალიზმი გლობალური მასშტაბით „აგრობიზნესად“ გადაიქცა. იმ მზარდ ურბანიზაციასა და ინოვაციებთან ერთად, რამაც მკვეთრად შეცვალა ვაჭრობა, ტრანსპორტირება და კომუნიკაციები, სავაჭრო კაპიტალიზმმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში; მასობრივი მოხმარების დინამიკურმა ზრდამ, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის განმავლობაში, ხელი შეუწყო ახალი და მაღალი მომგებიანობის მქონე შესაძლებლობების გაჩენას, რამაც თავისმხრივ, ბევრი ადამიანის ყოფა შეცვალა. ფინანსური კაპიტალიზმის გარეშე, ბევრის მიღწევა შეუძლებელი იყო. მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ, იგი სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა და დიფერენცირდებოდა: დაწყებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციებით – ბანკებით, საფონდო ბირჟებითა და სადაზღვევო კომპანიებით – და დამთავრებული საინვესტიციო კომპანიებითა და საზიარო სარგებლობის ფონდებით. სავარაუდოდ, რომ არა მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ფინანსური კაპიტალიზმის გადაჭარბებული ზრდა, 2008 წლის საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი არ მოხდებოდა. მაგრამ, რაც დანამდვილებით გარდამტეხსა და ახალს წარმოადგენდა 1800 წლის შემდგომ, ეს იყო ინდუსტრიალიზაცია, პროცესი, რომელმაც სხვა მოვლენებთან ერთად, საფუძვლიანად შეცვალა კაპიტალიზმი და მას ახალი მნიშვნელობა შესძინა.

ინდუსტრიალიზაცია გულისხმობს კომპლექსურ და ფართო სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესს, რომელსაც სათავეში უდგას სამი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენა: პირველ რიგში ესაა ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ინოვაციები, რაშიც მოიაზრება მეთვრამეტე საუკუნეში ორთქლის ძრავის განვითარებითა და საფეიქრო მრეწველობის მექანიზაციით დაწყებული და მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში წარმოებისა და კომუნიკაციების დიგიტალიზაციით დასრულებული პროცესები. მეორე მხრივ, ენერგიის ახალი წყაროების (თავდაპირველად, ქვანახშირის, მოგვიანებით – სხვადასხვა წყაროდან მიღებული ელექტროენერგიის, შემდგომში კი ნავთობის, ატომური ენერგიისა და განახლებადი ენერგიების) მასობრივი გამოყენება, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა და საფრთხის ქვეშ დააყენა კაცობრიობის ურთიერთობა ბუნებასთან. მესამე – ქარხნის, როგორც მანუფაქტურული საწარმოს გავრცელება, რომელიც ძველი ამქრული წარმოების სისტემისგან განსხვავებით, ცენტრალიზებული იყო და საამქროსგან განსხვავებით იყენებდა ძრავსა და ჩარხებს. ამ პროცესებმა მკაფიოდ გამიჯნა სამუშაო ფუნქციები მენეჯმენტსა და შემსრულებელ დასაქმებულებს შორის. მუდმივად დაჩქარებული ინოვაციური პროცესის ადგილი პირველ რიგში, ინდუსტრიული წარმოების სფერო იყო, თუმცა ამ პროცესმა მალევე მოახდინა ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე (კულტივირების ახალი მეთოდები, განაყოფიერება, მექანიზაცია), ტრანსპორტირებაზე (ენერგიისა და ძრავების ახალი ფორმების გამოყენება გადაადგილების ახლებურ სახეობებში რკინიგზითა და გემებით დაწყებული, საჰაერო მიმოსვლითა და თანამედროვე ურთიერთდამოუკიდებელი სატრანსპორტო სისტემით დასრულებული), კომუნიკაციებზე (მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის ტელეგრაფებიდან ინტერნეტამდე და ახალ მედიამდე) და ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციული სერვისის სფეროზე, რომელიც მალე არაპროპორციულად გაიზარდა საყოველთაო შრომის გადანაწილების სულ უფრო მეტად დიფერენცირებულობის გამო. ამ ყველაფერმა გამოიწვია წარმოებისა და შრომის პროდუქტიულობის უპრეცენდენტო ზრდა. ადამიანური შრომა უფრო და უფრო იხვეწებოდა, მაგრამ ამავდროულად ხდებოდა ბევრად ინტენსიური და დისციპლინირებული. მიმდინარე პროცესებმა ასევე განაპირობა ეკონომიკური ზრდაც, თუმცა იგი ხორციელდებოდა არათანაბრად და იცვლებოდა ციკლურად. მოსახლეობის ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებული იყო სტაბილურობა ერთ სულ მოსახლეზე. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ამპროცესებით გამოიწვეული საცხოვრებელი პირობების ფუნდამენტური გაუმჯობესება, რომელიც ცხადი ხდება რეალურ შემოსავლებზე დაკვირვებით. აღსაღნიშნავია, რომ ეს მოხდა არამყარი საწყისი ფაზის შემდგომ, სადაც დეფიციტი და სიღატაკე უფრო მეტად იყო გაზრდილი. წინსვლა ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მატერიალური შესაძლებლობების სახითაც. ამან მოსახლეობას, მათ შორის ფართო მასებს, საშუალება მისცა გაეზიარებინა ის პროგრესი, რომელიც მიმდინარეობდა ჯანდაცვის, სიცოცხლის გახანგრძლივების, მზარდი მოხმარებისა და ყოველდღიური არჩევანის გამრავალფეროვნების მიმართულებით. ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია ყველგან ერთად ვითარდებოდა და ასევე ყველგან იკლებდა მიწათმოქმედებაში ჩართული მოსახლეობის წილი. სოფლის მეურნეობის სექტორმა დაკარგა პირველი ადგილი და მის ნაცვლად ინდუსტრიული სექტორი დაწინაურდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, „მესამეულმა სექტორმა“ (განსაკუთრებით ვაჭრობამ და მომსახურებამ) გამოაძევა ის, რასაც დღეს შემცირებულ ინდუსტრიულ სექტორად მოვიხსენიებთ. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში „პოსტინდუსტრიულ“ აწმყოზე ვილაპარაკოთ.

ინდუსტრიალიზაციას საფუძველი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში ჩაეყარა. შემდგომ, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ან მეორე მესამედის დასაწყისში, გავრცელდა ევროპის კონტინენტისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილში. ამას თან ახლდა განშტოებები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაშიც. იაპონია იყო პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც განიცადა ინდუსტრიალიზაცია და ეს პროცესი გვიან მე-19 საუკუნეში დაიწყო. მეოცე საუკუნის გვიან ხანებში მას მიჰყვა აზიის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და დაჩქარებული ტემპებით 1980-იან წლებში – ჩინეთი. ინდუსტრიალიზაცია იშვიათად თუ ფარავდა მთლიანი ქვეყნის ტერიტორიას. ეს ხდებოდა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში. ინდუსტრიალიზაციის პროცესი, ინდუსტრიალიზაციის დროისა და ასევე ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული პირობების მიხედვით, მკაფიოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ამ სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიალიზაციის ყველა მოდელს ერთმანეთზე გავლენა ჰქონდა ურთიერთდაკვირვებისა და ცოდნის ტრანსფერის გზით, ინგლისური, ამერიკული თუ გერმანული მოდელები არასად არ იყო უბრალოდ იმიტირებული. იმის მიუხედავად, რომ ინდუსტრიალიზაცია ეკონომიკური განვითარების მისაღწევ ერთადერთ საშუალებად შეიძლება არ ჩათვალოს, სხვაობა ინდუსტრიული და არაინდუსტრიული რეგიონების ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის საგრძნობლად გაიზარდა ბოლო 200 წლის განმავლობაში როგორც ევროპაში, ასევე – მსოფლიოში. როგორც წესი, რაიმე ფორმის ინდუსტრიალიზაციის ქონა ერთადერთი გზაა ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად (1). სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის საფუძველზე, ინდუსტრიალიზაციამ ერთგვარად მაინც იმუშავა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და ეფექტურად შეცვალა სამყარო მოკლე დროში ისე, რომ ზოგიერთი ავტორი ინდუსტრიალიზაციას განიხილავს, ან როგორც „კაცობრიობის არსებობის ყველაზე ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას წერილობით დოკუმენტებში აღწერილი სამყაროს ისტორიაში“ (ჰობსბაუმი) ან როგორც „ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას კაცობრიობის ისტორიაში ნეოლითის პერიოდიდან მოყოლებული“ (ჩიპოლა). (2). ინდუსტრიალიზაციის საკითხი სიღრმისეულად არის გამოკვლეული. და რა აკავშირებს მას კაპიტალიზმთან?

ერთი მხრივ, როდესაც ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, კაპიტალიზმს არსებობის უკვე საკმაოდ ვრცელი ისტორია ჰქონდა. კომერციული (მერკანტილური) კაპიტალიზმი თავისი ვრცელი პროტო-ინდუსტრიული ფორმითაც კი, რომელიც მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული, ვერ მივიდა დასრულებულ ინდუსტიალიზაციამდე. ამის საილუსტრაციოდ მრავალი შემთხვევის მოხმობაა შესაძლებელი. ამის საპირისპიროდ, საბჭოთა კავშირის შემთხვევა ასაბუთებს, თუ როგორ არის ინდუსტრიალიზაციის არსებობა შესაძლებელი არაკაპიტალისტური ფორმით. ინდუსტრიალიზაციისა და კაპიტალიზმის კონცეპტები განისაზღვრება სხვადასხვა შტრიხით და მიზანშეწონილია ამ ორის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა.

მეორე მხრივ, კაპიტალიზმის პრეინდუსტრიულ-კომერციულმა ტრადიციებმა, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ინდუსტრიალიზაციისკენ სწრაფვას. მეცხრამეტე საუკუნეში კაპიტალისტურ სტრუქტურებში ინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობდა ყველგან. კომუნისტური ხელისუფლების მფარველობით 1917-1991 წლებში სცადეს ცენტრალიზებულად მართული ეკონომიკის ალტერნატიული მოდელების გამოყენება. შედეგი უარესი იყო. (3) ჩინეთის დაჩქარებულმა ინდუსტრიალიზაციამ წინსვლა მხოლოდ მაშინ განიცადა, როდესაც ქვეყნის პარტიულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეესუსტებინა პოლიტიკური კონტროლი და კაპიტალისტური პრინციპებისთვის მიეცა სივრცე. კაპიტალიზმსა და ინდუსტრიალიზაციას შორის მკაფიო კავშირი აშკარად არსებობდა (და არსებობს კიდეც): ინვესტიციებს ორივესთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახალი პროექტების პერმანენტული მოძიება, როგორიც არის მუდმივი ჩართულობა ახალ კონფიგურაციებში, ინდუსტრიალიზაციის დამახასიათებელი ნაწილია; ამიტომაც, საბაზრო მაჩვენებლებსა და გამოხმაურებებს შეუცვლელი ღირებულება ჰქონდა და აქვს. დეცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანაწილებს სხვადასხვა მეწარმეზე, განსაკუთრებული აღმოჩნდა. შესაბამისად, ინდუსტრიალიზაციაში ნებისმიერ ძალისხმევას, რომელსაც შესაძლოა დიდხნიანი წარმატება ხვდეს წილად, აუცილებელ წინაპირობად უდევს კაპიტალიზმი.

იხილეთ თარგმანის სრული ვერსია:

თარგმანი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.