პოდკასტის ავტორი: მარიამ ჭანჭალეიშვილი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, პროგრამის კოორდინატორი

ყოველთვის მეგონა, რომ აუცილებელია ის გავცეთ და გავაზიაროთ, რაც უკეთ გამოგვდის. სარგებელიც მეტია, სხვისთვის ცუდი ზეგავლენის შანსი კი მინიმალური. თან გასცემ და სხვას ეუბნები – მე შემიძლია ამის გაზიარება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საუკეთესოა, რაც შენ შეიძლება მიიღო.

ასე დაისწავლეს ქალებმა ზრუნვა და არამხოლოდ ზრუნვა დაისწავლეს, არამედ ფიქრი იმაზე, რომ ეს ზრუნვა საუკეთესო რამაა, რისი გაცემაც შეუძლიათ, რისთვისაც არიან და იქნებიან სხვა ქალებიც ყოველთვის.

მთელი ჩემი საუბრის განმავლობაში ზრუნვის შრომას ვახსენებ – მართალი გითხრათ ბევრი არ მიფიქრია ზუსტ შესატყვისზე – მოვლის შრომა უნდა ვუწოდო ამ ყველაფერს, თუ უბრალოდ, საშინაო შრომა. ის ვიცი, რომ ჩემს სათქმელს ყველაზე კარგად სიტყვა ‘ზრუნვა” გამოხატავს.

ზრუნვის მიღების და გაცემის საჭიროება უპირობოა, არ აქვს მნიშვნელობა ის ანაზღაურებული იქნება თუ აუნაზღაურებელი. ეს უზრუნველი ცხოვრების გარანტი კი არ არის, არამედ ბაზისია. ზრუნვა არის აქტივობების და ურთიერთობების ერთიანობა, რომელიც მიმართულია მასზე დამოკიდებული ზრდასრული ადამიანების თუ ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ საჭიროებებზე. და ამასთან, ის ასევე მოიცავს ნორმატიული, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების ფორმებს და სტრუქტურებს, რომელშიც მისი გადანაწილება და მიწოდება ხდება. ზრუნვა სოციალური რეპროდუქციის განუყოფელი შემადგენელია.

დედობასა და ქალურობასთან დაკავშირებული ქალის ფუნქციები ზრუნვის გაცემას მოიაზრებს, როგორც ვალდებულებას – ხშირად ამაზე არც კი საუბრობენ, სახელდება არც ხდება, ვინ თქვა რომ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო – თითქოს ქალის ხელები, ფეხები, ხმა, და მთლიანად მისი ენერგია და ბუნება, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ყველაფერი იმისთვის შეიქმნა, რომ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს მოუაროს, მოერგოს და არგოს. ეს მხოლოდ ერთი და იმავე ასაკის ქალებზე არასოდეს ვრცელდებოდა – გოგოები დღემდე ძალიან ადრე იწყებენ ზრუნვას უმცროს დებსა თუ ძმებზე, ბებიებსა თუ ბაბუებზე. საშინაო შრომის გარდა სწავლობენ, როგორ იყვნენ ახლოს იმ ადამიანებთან, ვისაც მათი მხარდაჭერა სჭირდება. ამ მხარდაჭერის სპექტრიც ძალიან მრავალფეროვანია. ხშირად ეს ყოველდღიური ქცევებია, რომელიც სიტყვა “მხარდაჭერის” ქვეშ ბევრისთვის, შესაძლოა, არც მოიაზრებოდეს. იგი გამქრალია რუტინულ ყოფაში. ადამიანები ზრუნვის შრომას წევენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ ნათესავების, მეგობრების, მეზობლების და კონკრეტული თემის წევრებისთვის. ხშირად ვერც ამ ზრუნვის გამცემები და ვერც მიმღებები ვერ ხედავენ ამ შრომას. მახსოვს ჩემი მეგობრის წუხილი, სხვის მიერ დატოვებულ ყავის ჭიქის ლაქებზე, რომელსაც მუდმივად წმენდდა იატაკიდან, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რომ ის ქრებოდა. შესაბამისად, ეს სხვებისთვის ნიშნავდა, რომ იქ ლაქები არც არასოდეს იყო.

ძალაუფლებისა და უთანასწორობის სტრუქტურების ანალიზისას აუცილებელია ზრუნვის შრომის გათვალისწინება. ხშირად აუნაზღაურებელი შრომა და ზრუნვის შრომა სინონიმებად გამოიყენება. ეს არ არის მაინცდამაინც სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იკვეთებიან ერთმანეთთან. აუნაზღაურებელი შრომა მოიცავს შრომასაც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ან საოჯახო ბიზნესში; ისეთ აქტივობებს, როგორიცაა წყლის აღება და შეშის შეგროვება საკუთარი მოხმარებისთვის; მოიცავს ბავშვზე, და ხანდაზმულ ოჯახის წევრებზე ზრუნვას და არამხოლოდ. საჭმლის მომზადების, პროდუქტებით მომარაგების, სუფთა ტანსაცმლით უზრუნველყოფის ჩათვლით, ზრუნვის შრომა არის ის, რომელიც პირდაპირ მიმართულია ადამიანისკენ. ე.წ. უნარიან, ზრდასრულ ადამიანებსაც ესაჭიროებათ ზრუნვა. თითქოს მარტივია გასააზრებლად, მაგრამ ადამიანებისთვის კვების რაციონის შედგენა (მინიმალური ხარჯებით), პროდუქტების მომარაგება თუ სარეცხის დარეცხვა არის წინასწარი პირობა ზრუნვის გაწევისთვის და თან ხშირად ეს შრომა მთელი ოჯახისთვისაა და არა ერთისთვის, რომელსაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ამ საზღვრების დანახვა აუცილებელია, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ინტენსიური ზრუნვა ესაჭიროებათ, ასევე ვერ ასრულებენ ამ ბაზისურ და რუტინულ დავალებებს. მით უმეტეს, იმ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, რომელშიც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ იმ ტექნიკასთან, რომელიც გაუადვილებდა შინშრომას. ტექნოლოგიების გავლენა შინშრომაზე და მათ მიერ შინშრომის ჩანაცვლება ცალკე კომპლექსური საკითხია. მაგრამ აქ და ახლა გვჭირდება ვახსენოთ, რომ ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ, რომელთაც სენსორული მტვერსასრუტი რობოტები შეიძინეს ახლახან.

მშრომელის/შრომაში ჩართული ადამიანის ხატი ზრუნვის სხვადასხვაგვარ განზომილებებს არ ითვალისწინებს. ზრუნვას აქვს სხვა გაწეული შრომისგან განსხვავებული ნიშა, რადგანაც ადამიანი, რომელიც ზრუნავს, ვერ გამოცალკევდება გაცემული ზრუნვისგან. ზრუნვა ასევე ის სფეროა, რომელშიც გენდერული დაყოფა ძალიან რთული დასაძლევია, მტკიცედაა რა გამჯდარი სოციალური ურთიერთობების ქსოვილში.

მაშინ, როცა ზრუნვაზე საუბარი ძალიან ფრაგმენტული და ხშირად არაქმედითია, მსოფლიოს გარშემო ანაზღაურებადი ზრუნვა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ მზარდი მოთხოვნაა ქალებზე, რომლებიც ამ ზრუნვას გასცემენ. ამგვარი შრომის ფემინიზაციიასთან ერთად, ოჯახზე პასუხისმგებლობის ფემინიზაცია ხელუხლებელი დარჩა. შემთხვევითი სრულებითაც არ არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის საჭირო და შეუცვლელი ანაზღაურებადი ზრუნვის შრომა ქალებისკენ არის მიმართული და განსაკუთრებით იმ ქალებისკენ, რომლებიც სოციალურად და ეკონომიკურად მარგინალიზებულები და დაუცველები არიან. სწორედ ეს მზარდი მოთხოვნა, რომელიც კაპიტალისტურ სისტემაში არსებობს და ამ მოთხოვნაზე მყისიერი პასუხი გულისხმობს დაბალანაზღაურებად ზრუნვის სამუშაოების შექმნას ქალებისთვის. ქალები თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მეტად არიან პასუხისმგებლები ანაზღაურებად ზრუნვაზეც და ამ ზრუნვის ხარისხზეც – ისინი აკმაყოფილებენ და ერგებიან იმ მოთხოვნებს, რაც ყველაზე პრივილეგირებულ და ძალაუფლების მქონე ჯგუფებს აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვის კრიზისი გლობალურია, ამ კრიზისის გამოვლინება და სახე არ არის ერთგვაროვანი. ქალები ავსებენ ზრუნვის დეფიციტს, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა და იქმნება პანდემიის პირობებში. სინამდვილეში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ზრუნვის დეფიციტი ივსება, არამედ გულისხმობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ზრუნვა ხდება პრიორიტეტული და უკვე შესაძლებელიც. როგორც აუნაზღაურებელ შრომაზე აღვნიშნეთ, ასევე ანაზღაურებული ზრუნვის შრომა არ დაიყვანება მხოლოდ რამდენიმე სახის რუტინულ მოქმედებაზე, რომელსაც გასწევენ ადამიანები სხვებისთვის – ეს შრომაც ასევე კომპლექსურია – მხოლოდ ადამიანების სხეულებს, მათ მოვლას და მათ გვერდით ყოფნას, აკომპანირებას არ ეხება. პირადი გამოცდილებიდან მახსოვს, ერთ-ერთი მედდის თქმული, როდესაც საავადყოფოში ვიწექი – როცა ბავშვები წყალს სვამენ, ვცდილობ, შევამოწმო, სადმე ხომ არ დაიღვარაო, რადგან როცა ადგებიან, დაავიწყდებათ და შესაძლოა წაიქცნენო.

აქვე მხოლოდ ვახსენებ – საინტერესოა, როგორ ვპასუხობთ თავად ზრუნვის გამცემების საჭიროებებს ან თუ ვპასუხობთ საერთოდ. ისევ საკუთარი ყურით მოსმენილი ისტორიებიდან: შესაძლოა, იყო ემიგრანტი, გასცემდე ზრუნვის შრომას ანაზღაურების სანაცვლოდ და ამასთან, იტანჯებოდე მძიმე დაავადებით – გქონდეს კოქსართროზი და ოსტეოპოროზი და გადაადგილებას უმარტივებდე ადამიანებს იმავე დიაგნოზით. ამგვარი დაკვირვებები ცხადყოფს, თუ რამდენად არასწორია ზრუნვის შრომის ისეთი ანალიზი, როცა ქალთა ინტერესები და საჭიროებები ერთგვაროვნადაა წარმოჩენილი და აქცენტი კი მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზეა დასმული.

ზრუნვის კონცეპტუალიაზაციასთან ერთად აუცილებელია მისი გაზომვა და შეფასება. სხვადასხვა შემოთავაზება არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ზრუნვის აღიარება – მარტივად, რომ ვთქვათ, როგორ უნდა ამოისუნთქონ ქალებმა ზრუნვის გაცემის ინტენსიური წნეხისგან. აქ სილვია ფედერიჩი მახსენდება საშინაო შრომაზე ტექსტით და ამ ტექსტის ძალიან კარგი ქართული თარგმანით. ის საშინაო შრომის ანაზღაურების რევოლუციურ მნიშვნელობაზე საუბრობს, რომ “საშინაო შრომისთვის ანაზღაურების მოთხოვნა თავისთავად საფუძველს გამოაცლის მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებას ქალების მიმართ აქვს, ვინაიდან ეს მოლოდინები – ჩვენი სოციალიზაციის არსი – მხოლოდ შინ ჩვენი აუნაზღაურებელი მდგომარეობის შემთხვევაში ფუნქციონირებენ. როდესაც ჩვენ ვიბრძვით ანაზღაურებისათვის, ჩვენ ცალსახად და პირდაპირ ვიბრძვით ჩვენი სოციალური როლის წინააღმდეგ.” ისევ ფედერიჩის მიხედვით, იმ შრომის აუნაზღაურებლობით, რომელსაც ქალები გასწევენ, “კაპიტალმა წარმატებით შეძლო ჩვენი შრომის დამალვა. ქალების ხარჯზე მან ნამდვილი შედევრი შექმნა. საშინაო შრომის ანაზღაურებაზე უარის თქმით და მისი სიყვარულის აქტად ტრანსფორმირებით, კაპიტალმა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა.” ორი კურდღლის მოკვლაში კი იმას გულისხმობს, რომ ქალები არათუ ასრულებენ ამ სამუშაოს უსასყიდლოდ, არამედ მათი ქალობის სრულყოფად მიაჩნიათ (ოჯახის შექმნა, სხვებზე ზრუნვა). არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაუცხოებული არიან იმ შრომისგან, რასაც გასწევენ.

მეორე მხრივ, მარტოხელა დედებისა და ქვრივებისთვის პენსიების დანიშვნა, დეკრეტული შვებულება ქალებისთვის, თავისთავად გულისხმობდა, რომ ისინი ზრუნვის გაცემისთვის დარჩებოდნენ სახლებში და ამისთვის გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. რიგ შემთხვევებში, ეს არც იყო აღქმული საშინაო შრომის ანაზღაურებად, დისკურსულად კი, თითქოს უფრო ამყარებდა კაცის, როგორც ოჯახში ერთადერთი შემომტანის, “ოჯახისთავის” ნარატივს. ამასთან, ეს ფორმები ხელს აწერდა ჰეტეროსექსუალური ოჯახების არსებობის უპირატესობასა და უპირობობას. იმპლიციტურად, გარკვეული გენდერული ურთიერთობების და ოჯახის მოდელების მხარდაჭერისა და განმტკიცების ხარჯზე, თანაცხოვრების სხვა ფორმები არალეგიტიმურად ჩაიწერებოდა და კვლავაც იწერება. ასეთი გენდერირების შედეგები ასევე მოქმედებდა შემდგომშ ქალის მიერ გაწეული ანაზღაურებული შრომის ხასიათზე, და უკვე ვახსენე კიდეც, რა მოჰყვა ამას – ქალებისთვის პრეკარიული შრომის პირობების შექმნა და მათი სრული გაქრობა საჯარო ცხოვრების სივრცეებიდან, მათი სრულიად მივიწყება და უჩინრად ქცევა.

პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ უნდა მოვითხოვოთ ქალებზე განხორციელებულ ამ კომპლექსურ ძალადობაზე კომპლექსური მიდგომების შემუშავება – ისე, რომ, როგორც ზრუნვის გამცემები, ასევე მიმღებები არ დაზარალდნენ. კრიზისმა გაამძაფრა, მაგრამ ვერ გამოკვეთა ის წნეხი, რომელიც არსებობს. ვერ დავეთანხმები სხვებს, რომ ახლა უფრო ხილული გახდა ეს შრომა. ქალის დროზე მოთხოვნა გაიზარდა. უფრო მეტიც, აუტანლად და წარმოუდგენლად დიდი გახდა. პანდემიამ უჩინარობის მოსასხამი ვერ მოხადა საშინაო შრომას, როგორც აუნაზღაურებელს, ასევე ანაზღაურებადს. უბრალოდ, უფრო გასაგები გახდა, რატომაა საზოგადოების გადარჩენისთვის აუცილებელი ზრუნვის შრომა. გასაგები გახდა, რომ ასეთი შრომა ჩაუნაცვლებელია. ისევ არ ვეხებით არც აქამდე არსებული ყოფის და ქალების ამ შრომასთან გაუცხოების საკითხს. სამედიცინო პერსონალთან, მიწოდებაზე პასუხისმგებელ მშრომელებთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში მომუშავე გამყიდველებსა და კონსულტანტებთან, გარემოვაჭრეებთან ერთად, გვერდით მდგომებს მაინც ვერ წარმოვიდგენთ სახლში მომუშავე ქალებს – მაშინაც, როცა სკოლები, ბაღები და სხვა დღის ცენტრები დახურულია და ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ძირითადად კვლავ ქალებზე მოდის; მაშინაც, როცა ის ორმაგი ცვლა, რომელიც დასაქმებულ ქალებს აქამდე ჰქონდათ, ახლა უკვე ერთმანეთის პარალელური გახდა. კრიზისის პირობებში ქალთა შრომა შოკის განიეტრალებისთვის იქნა გამოყენებული – ჩვენ გადავიტანეთ სკოლები და ბაღები სახლებში, რადგან ვიცოდით, რომ ამ შრომას ქალები ისედაც აკეთებდნენ ყოველთვის. ყველას ჰქონდა იმედი, რომ ეს გამოთავისუფლებული ადგილი ქალების მიერ იქნებოდა ათვისებული და ყოველგვარი პროტესტის გარეშე. ახლაც, როცა ყველაფერი თითქოს საკუთარ ადგილს უბრუნდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამოქმედდა, ყველას ისევ გამოგვრჩა ის ქალები, რომელთა შვილებიც ბაღებსა და სკოლებში ვერ დადიან, მათ ნაწილს კი ან სამსახურში დაბრუნება, ისევ დისტანციურად მუშაობის გაგრძელება ან თუნდაც სახლში ძველებურად და აუნაზღაურებლად შრომა უწევს.

კოვიდ-19 პანდემიისგან მიღებული ეკონომიკური და სოციალური ზიანისგან თვითგამორკვევაზე საუბრისას აუცილებელია სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის, საპენსიო თუ განათლების სისტემებში ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის სათანადო შეფასება და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა.

ემოციური ზრუნვა ზრუნვის შრომის განუყოფელი ნაწილია. იგი ყველაზე უხილავი ზრუნვის ფორმაა, რადგან შანსი უფრო დიდია, რომ იატაკიდან მოშორებული ყავის ჭიქის ლაქა შეამჩნიოს ვინმემ, მაგრამ იმის გააზრება, რომ ემოციურ ზრუნვას გასცემ და იღებ, ძალიან რთულია. ერთხელ მახსოვს, პოსტი შემხვდა, წერდნენ, ვერ ვიხსენებ ჩემ ირგვლივ ქალს, ვინც ემოციურ შრომას მუდმივად არ გასწევსო.

ემოციური შრომა არის შრომა, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის მართვისკენ და ზოგადად, არის ნებისმიერი რამ, რომელსაც ემოციური ენერგია სჭირდება. და ემოციური ზრუნვის სპექტრიც მრავალფეროვანია – შესაძლოა, ეს ორგაზმის იმიტაციაში გამოიხატოს, შესაძლოა ახლობელი ადამიანების დაბადების დღეების დამახსოვრებაში. ემოციურ შრომას ქალები გასცემენ, ძირითადად. მგონი, ეს არის ის, რაზეც ბევრი ვერ შემედავება. ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი ემოციური შრომის გაწევის ვალდებულება თუ გულწრფელი სურვილი, მაგრამ ქალებისთვის ეს შეუთანხმებლად და ყოვლისმომცველად დიდია. მითი ამის შესახებ არის ის, რომ ქალებს უბრალოდ უკეთ გამოსდით ეს. რეალობა ამის შესახებ არის ის, რომ სისტემა კარგად წვრთნის გოგოებსა და ქალებს, რომ ემოციური მხარდამჭერები იყვნენ. პოსტი, რომელზეც ვსაუბრობდი, ასე სათაურდებოდა, შესაბამისი ილუსტრაციით – “ჭიანჭველას შეუძლია საკუთარ თავზე 50-ჯერ მეტი ტვირთის ზიდვა მაშინ, როცა ქალებს შეუძლიათ საკუთარ ემოციურ ტვირთზე ასჯერ მეტის ტარებაო”. ახლა ამ ილუსტრაციას მთლიანად ზრუნვის შრომასა და ქალების მიერ ამ აუტანელი ტვირთის ტარებას მოვარგებდი.

პოდკასტთან ერთად საკითხავი ლიტერატურა:

Razavi, S. (2012). Seen, heard and counted: Rethinking care in a development context. Chichester, West Sussex: Wiley-Blackwell.

Razavi, S. (2007). The political and social economy of care in a development context: Conceptual issues, research questions and policy options. Geneva: United Nations Research Inst. for Social Development.

ფედერიჩი, ს. (1975). ანაზღაურება საშინაო შრომისთვის. Bristol: Power of women collective jointly Falling Wall Press. https://bit.ly/3dLx4qb

Бороздина, Е. А. Здравомыслова, Е. А. Темкина, А. А. (2019). критическая социология заботы – перекрестки социального неравенства. Сборник статей Европейский университет в Санкт-Петербурге

პოდკასტი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.