თარგმნა ნინო მიქაშავიძემ და თამარ გოგიამ.

ავტორი: კოლინ უილსონი

ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა ჟურნალში სპექტრი

სექსუალობა პანდემიურ ჩაკეტილობაში

პანდემიური პოლიტიკა და ლგბტქ განთავისუფლება

კოვიდ 19-ის პანდემიამ მრავალაგზის გამოააშკარავა, ზოგ შემთხვევაში კი გააძლიერა კიდეც, უთანასწორო სოციალური დაყოფა. თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის არასრულფასოვნება აშკარა და ნათელი შეიქნა, რისი მაგალითიცაა როგორც ბრიტანეთის „ჯანდაცვის ეროვნული სისტემის“ არასაკმარისი დანახარჯები, ისე ჯანდაცვის ამერიკული სისტემა, რომელმაც მილიონობით ადამიანი დატოვა ყველანაირი მზრუნველობის გარეშე. გარდა ამისა, გამოაშკარავდა ის, რომ დაუფასებელია კვალიფიციური და მაღალი საჭიროების მქონე ზრუნვის სამუშაო, რასაც უმეტესად მუდმივი ხელშეკრულების გარეშე მომუშავე, დაბალანაზღაურებული პერსონალი ასრულებს. ამგვარი პერსონალი კი, უმეტესწილად, ქალები და ფერადკანიანი ადამიანები არიან. მომსწრენი ვართ ნეოლიბერალიზმით, მომჭირეობის პოლიტიკით, სოციალური კვლავწარმოების მინიმალურ საზღაურამდე დაყვანით გამოწვეული ურიცხვი სამაგალითო შემთხვევისა, რაც სულაც არ უნდა ყოფილიყო გარდაუვალი.

გენდერი და სექსუალობა მჭიდროდაა გადაჯაჭვული სოციალურ კვლავწარმოებასთან დაკავშირებულ ამ მრავლისმომცველ საკითხებთან. პანდემიისას მთავრობებმა ორგვარი პასუხი გასცეს კითხვებს, თუ როგორ უკავშირდება გენდერი და სექსუალობა მათ ამოცანას, შეინარჩუნონ ჯანმრთელი და დამორჩილებული სამუშაო ძალა. პასუხების ერთი ნაწილი ნეოლიბერალური იყო, ხოლო მეორე – ნეოკონსერვატიული. პირველი მიდგომის საილუსტრაციოდ ჯენი ჰარისის, ინგლისის მედმუშაკთა ხელმძღვანელის მოადგილის, კომენტარს მივადევნოთ თვალი. 24 მარტს ჰარისს ჰკითხეს, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინათ სოციალური დისტანცია იმ წყვილებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობდნენ? შეეძლოთ თუ არა მათ, შეხვედროდნენ ერთმანეთს? გარდიანის (The Guardian) ახალ ამბებში მისი პასუხი ასეთი იყო:

ჰარისის თქმით, მთავრობა ხალხს სთხოვს, რომ დარჩნენ თავიანთ სახლებში, რათა დასნებოვნების რისკი შინამეურნეობას არ გასცდეს. იდეალურ შემთხვევაში, პატრნიორები თავიანთივე სახლებში უნდა დარჩნენ. ანდა, იქნებ მათ მოინდომონ თავიანთი ურთიერთობის სიმტკიცის შემოწმება და სცადონ კიდეც თანაცხოვრება, ამბობს ჰარისი.

ამის პარალელურად, 19 მარტს ნიუ-იორკის ჯანდაცვის საქალაქო დეპარტამენტი აქვეყნებს მითითებას: „როგორ გვქონდეს სექსი ისე, რომ თავიდან ავირიდოთ კოვიდ-19-ის გავრცელება“. მართებულ სექსუალურ ქმედებასთან დაკავშირებული მათი პირველი შეთავაზებაა:

„ყველაზე უსაფრთხო სექსუალური პარტნიორი შენივე თავია. მასტურბაცია არ გაავრცელებს კოვიდ-19-ს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაიბან ხელებს და (გარეცხავ სექს სათამაშოებს)…”

ეს ორი რჩევა არის ილუსტრაცია ბრიტანულ და ამერიკულ საზოგადოებებში 1970 წლებამდელი, სექსთან დაკავშირებული გაბატონებული დამოკიდებულებებისა, რომლებიც ეჭვგარეშეა, დღემდეა გაბატონებული გარკვეულ წრეებში. ასეთი თვალთახედვით, დაუქორწინებელი წყვილის თანაცხოვრება გარყვნილება იყო, მასტურბაცია კი შეიძლებოდა შეეწყნარებინათ (განსაკუთრებით მოზარდებში, კერძოდ კი ბიჭებში), თუმცა მხოლოდ „ზღვარგადასულობამდე“ (არასდროს განუსაზღვრავთ, თუ რა სიხშირე მიიჩნეოდა „ზღვარგადასულობად“). დღეს კი, მასტურბაციასა და თანაცხოვრებაზე ექსპერიმენტების ჩატარების რეკომენდაციებს სახელმწიფო მოხელეები გვაძლევენ.

თუმცა, ეს არ არის ის ერთადერთი მიდგომა, რომელიც კორონა ვირუსის ჩაკეტილობის დროს მთავრობებმა შეარჩიეს გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებით. 30 მარტს, ორშაბათს, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო ზომები, რომლებიც ულტრამემარჯვენე პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს კანონით ანიჭებს უვადო ერთპიროვნული მმართველობის უფლებას. მომდევნო დღეს კი მიიღეს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც უნგრეთის მაცხოვრებლები კანონიერად ვეღარ შეიცვლიან სქესს. მოქალაქეს სქესი დაბადებიდანვე მიენიჭება და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი დარჩება, კანონმდებლობა შეეხება ინტერსექს ადამიანებსაც. საკანონმდებლო ინიციატივა აკანონებს ტრანსი ადამიანების არსებობის უარყოფას, რაც უნგრეთში გრძელდება 2018 წლიდან დღემდე. იმავე წელს მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გენდერის კვლევის ყველანაირი კურსი დახურა. საერთაშორისოდ გავრცელებული რადიკალმემარჯვენე შეხედულებათა მსგავსად, ისინი ტრანსი ადამიანების უფლებებს განიხილავენ ნაწილად მავნე „გენდერული იდეოლოგიისა“, რომელიც თითქოსდა ძირს უთხრის ჭეშმარიტ საღ აზრს, რომ ადამიანები უცვლელად არიან ან ქალები, ან კაცები.

თუმცა, „ტოლერანტი“ ნეოლიბერალური და „რეპრესიული“ ნეოკონსერვატიული მიდგომები უერთიერთგამომრიცხავ მოცემულობებად არ უნდა აღვიქვათ. პანდემიური ჩაკეტილობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, 22 აპრილს, ბრიტანულმა მთავრობამ ტრანსფობიური პოლიტიკისაკენ მყისიერი ნაბიჯები გადადგა. თანასწორობის მინისტრის, ლიზ ტრასის, განცხადებაში გაჟღერდა ისეთივე არგუმენტები, როგორიც ბოლო ორი წელია გვესმის ტრანსფობიური კამპანიების მონაწილეებისაგან. პირველი, მან ხაზი გაუსვა მხოლოდ ქალებისათვის განკუთვნილი სივრცეების დაცვის მნიშვნელობას – მთავარი არგუმენტი ტრანსფობებისა, რომლებიც ფაქტების გარეშე ამტკიცებენ, რომ ამგვარ სივრცეებში ტრანსი ქალები საფრთხეს წარმოადგენენ სისგენდერი ქალებისათვის. მეორე, მისი რეკომენდაციით, ახალგაზრდებისთვის სქესობრივი ტრანზიცია უფრო რთული უნდა იყოს – ეს განცხადებაც იმ ტრანსფობიური მტკიცებების გამეორებაა, თითქოს ახალგაზრდები წახალისებულნი არიან ტრანზიციისაკენ მათი რეალური ინტერესების საწინააღმდეგოდ; წახალისებულნი სოციალური ძალებით – დაწყებული გზააბნეული პროფესიონალებითა და დამთავრებული იუთუბის (YouTube) ვიდეოებით. მართალია, ბრიტანეთის „ჯანდაცვის ეროვნული სისტემა“ (NHS) შორსაა იმ მოსაზრებისგან, რომ ახალგაზრდებზე ტრანზიციასთან დაკავშირებით ზემოქმედებენ, მაგრამ ამ ორგანიზაციის მიერ დაარსებულ კლინიკას, რომელიც ახალგაზრდებს გენდერული საკითხების მოგვარებაში ეხმარება, მოსაცდელი დრო (თავდაპირველი განაცხადიდან სპეციალისტთან შეხვედრამდე) საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი – ორი წელი აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია:

თარგმანი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.