საქართველოში მინიმალური ხელფასის შესახებ პოლიტიკური დისკუსია ბოლო ხანებში საკმაოდ გააქტიურდა. პროფესიული კავშირებისა (ჯალაღონია, 2019) და პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, კანონმდებელთა ჯგუფის მიერ შეტანილი კანონპროექტი (parliament.ge, 2019) ამ მიმართულებით რეგულაციების ცვლილებებს ითვალისწინებდა. თუმცა არცერთ აღნიშნულ ინიციატივას დიდი შედეგი არ მოყოლია. შესაბამისად, საქართველოში დამსაქმებლები 1999 წლის შემდეგ მოქმედი რეგულაციის თანახმად, ვალდებულნი არიან მინიმალური ხელფასის ყოველთვიურ ოდენობად მხოლოდ 20 ლარი გადაიხადონ (საქართველოს პრეზიდენტი, 1999). კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში დადგენილი ანაზღაურების მინიმალური რაოდენობა არასდროს შესწორებულა ინფლაციის, რეალური ხელფასის, ან ცხოვრების დონის ცვლილების მიხედვით (Darsavelidze, 2019). ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასი სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია (ხელაია, 2020). ამ ფაქტს მთავრობაც გარკვეულწილად ათვითცნობიერებს: სახელმწიფომ 2005 წელს საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მინიმალურ ოდენობად 135 ლარი დაადგინა (მჭედლიშვილი, 2016). სახელმწიფო სექტორში გან- ხორციელებული ცვლილების მიუხედავად, კერძო დამსაქმებლებს დღესდღეობით მხოლოდ 20 ლარის გადახდის ვალდებულება აქვთ, ხოლო კანონის დარღვევისთვის ძალიან უმნიშვნელო პასუხისმგებლობა არსებობს (Darsavelidze, 2019). მინიმალური ხელფასის არსებული მცირე ზღვარი დამსაქმებლებს უბიძგებს, დასაქმებულებს ნაკლები გადაუხადონ (იქვე), რაც იწვევს იმას, რომ ხელფასი ხშირად საარსებო მინიმუმის, 206 ლარის (ჯალაღონია, 2019) ტოლია (National Statistics Office of Georgia, 2020b).

 

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის არსებობას;

რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარს შეადგენს, რაც ამჟამად არსებულ საარსებო მინიმუმს ოთხჯერ აღემატება;

საშუალოდ, კაცები, თბილისის მცხოვრებლები და ეთნიკური ქართველები მინიმალური ხელფასის გონივრულ მაჩვენებლად შედარებით მეტ თანხას ასახელებდნენ ვიდრე – ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები;

გაეცანით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ მომზადებულ კვლევით სტატიას მინიმალური ხელფასის შესახებ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ.

კვლევა მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაკვეთით.