კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ცხადჰყო საზოგადოებისთვის ზრუნვისა და სიცოცხლის შექმნისთვის აუცილებელი შრომის მნიშვნელობა. პანდემიამ ბრუტალური სიცხადით დაგვანახა საზოგადოების სწრაფი ცვლილების შესაძლებობა და გაავლო მკვეთრი ზღვარი, იმას შორის, თუ რის გარეშე შეგვიძლია და არ შეგვიძლია ცხოვრება. როგორც აღმოჩნდა, კაპიტალისტური ეკონომიკის უდიდესი ნაწილის დროებით გვერდზე გადადება და რესურსების მეტწილად ჯანდაცვის სფეროში მიმართვა, შესაძლებელი ყოფილა. ისევე როგორც ბევრი რამ, რასაც აქამდე შეუძლებლად გვისახავდნენ, სწორედ პანდემიის პერიოდში განხორციელდა – იქნება ეს საპყრობილეებიდან პატიმრების გათავისუფლება, ქირისა და იპოთეკური სესხების გადასახადის შეჩერება თუ ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ფულადი დახმარების გაცემა.

ტიტი ბატაჩარია არაერთი წელია მსჯელობს იმგვარი საზოგადოების ფორმირების პერსპექტივებზე, რომელიც ორიენტირებული იქნება არა ყოვლისშემძლე ბაზრის საჭიროებებზე, არამედ ადამიანის სიცოცხლეზე. ამჟამად იგი პარდიუს უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და გლობალური კვლევების დირექტორია, თანაავტორია წიგნისა „ფემინიზმი 99 პროცენტისათვის“ , ახალი ჟურნალის – „სპექტრის“ – სარედაქციო საბჭოს წევრი და ამასთანავე, ახლახანს გამოსული წიგნის „სოციალური რეპროდუქციის თეორია: კლასთა გადანაწილება, ჩაგვრის დეცენტალიზაცია“ რედაქტორია. ინტერვიუში საუბარია პანდემიის პირობებში სოციალური რეპროდუქციის თეორიის როლსა და იმ მოთხოვნებზე, რომლებიც დღევანდელ მოცემულობაში უნდა წამოაყენოს მემარცხენე მოძრაობამ. ასევე, იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი გამოცდილება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების თავიდან ასარიდებლად.

თარგმნა მარიამ პაიჭაძემ.

ტიტი ბატაჩარია პარდიუს უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და გლობალური კვლევების დირექტორია, სხვა წიგნებთან ერთად, იგი თანაავტორია წიგნისა „ფემინიზმი 99 პროცენტისათვის“

სარა ჯეფი არის Type Media Center-ის რეპორტიორი, ავტორია წიგნისა „აუცილებელი უბედურება: ამერიკული აჯანყება“ და ასევე, თანაწამყვანია პოდკასტისა Dissent’s Belabored.

სარა ჯეფი: დასაწყისისთვის, მოდით, მოკლედ ავხსნათ საერთოდ რას წარმოადგენს სოციალური რეპროდუქციის თეორია.

ტიტი ბატაჩარია: სოციალური რეპროდუქციის ყველაზე ზუსტი განმარტების ქვეშ ის საქმიანობები და ინსტიტუტები ექცევიან, რომლებიც საჭიროა სიცოცხლის წარმოებისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და ზოგადად, სიცოცხლის ტრანსფორმაციისთვის. მე ამას ვუწოდებ „სასიცოცხლო“, „სიცოცხლის მაწარმოებელ“ (life-making) საქმიანობას.

სიცოცხლის წარმოება, ყველაზე პირდაპირი გაგებით არის მშობიარობა. თუმცა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, ჩვენ გვესაჭიროება მთელი რიგი სხვა საქმიანობებისა, როგორებიცაა, დასუფთავება, გამოკვება, ტანსაცმლის გარეცხვა და სხვა. აქვე თავს იჩენს ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური საჭიროებები – საცხოვრებელი სახლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საჯარო რეკრეაციული ზონები, პარკები, სკოლის შემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამი. სკოლები და საავადმყოფოები იმ ძირითად ინსტიტუტებს შორისაა, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის შექმნისთვის და მისი შენარჩუნებისთვის.

ამ აქტივობებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც მონაწილეობენ სიცოცხლის წარმოების პროცესში, ჩვენ ვუწოდებთ სოციალური რეპროდუქციის სამუშაოსა და სოციალური რეპროდუქციის ინსტიტუტებს. თუმცა, სოციალური რეპროდუქცია ამასთანავე არის ერთგვარი ჩარჩო, ხედვა, რომლითაც ჩვენ მივემართებით ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს და ვცდილობთ მის გაგებას. ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილდღეობის წყარო, რომელიც ერთდროულად არის როგორც ადამიანის სიცოცხლე, ასევე მისი შრომა.

კაპიტალისტური დღის წესრიგი და კაპიტალისტური ჩარჩო წინააღმდეგობაში მოდის სიცოცხლის წარმოებასთან და ორიენტირებულია აწარმოოს მხოლოდ მატერიალური საგნები ან ფინანსური მოგება. კაპიტალიზმის მთავარი შეკითხვაა „კიდევ რამდენი რამ შეგვიძლია ვაწარმოოთ?“, ვინაიდან მატერიალური ნივთები შემდგომ ფინანსურ სარგებელში კონვერტირდება. ამ დროს განიხილება არა ამ ნივთების გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე, არამედ მატერიალური ნივთებისგან იმგვარი იმპერიის შექმნა, რომელშიც კაპიტალიზმი უზენაესი მმართველის ფუნქციით იქნება აღჭურვილი.

სოციალური რეპროდუქციის სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, იქნება ეს საექთნო საქმე, სწავლება თუ დასუფთავება. მაშინ როცა კაპიტალიზმი გვევლინება არა სიცოცხლის, არამედ მატერიალური ნივთების მწარმოებელ სისტემად, სოციალური რეპროდუქციის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ისევე როგორც მთლიანად აღნიშნული საქმიანობა, არასდროს არის სათანადოდ დაფასებული. აქ მომუშავე ადამიანებს აქვთ ყველაზე დაბალი ანაზღაურება, ისინი ყოველთვის პირველ ხაზზე დგანან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მუდმივად ხდებიან სექსუალური შევიწროებისა და ხშირად ძალადობის მსხვერპლნიც კი.

ს. ჯ.: დღევანდელ დღეს, ჩვენ ვხედავთ ისეთ დესტრუქციულ ადამიანებს, როგორიცაა მაგალითად, გლენ ბექი , რომელიც მზადაა კაპიტალიზმის ფუნქციონირებისთვის საკუთარი სიცოცხლეც შესწიროს, რითაც კვლავ გვიჩვენებს კაპიტალიზმის შეუთავსებლობას სიცოცხლის წარმოებასთან.

თ.ბ.: კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა, პირველ რიგში, ცხადყო საზოგადოებისთვის ზრუნვისა და სიცოცხლის შექმნისთვის აუცილებელი შრომის მნიშვნელობა, რომელზეც ამდენს საუბრობენ სოციალური რეპროდუქციის თეორიის მიმდევარი ფემინისტები. დღევანდელი იზოლაციის პირობებში, არავინ ითხოვს ბროკერებისა და საინვესტიციო ბანკირების სერვისებს. ხალხი ითხოვს ექთნების, დასუფთავების სერვისებისა და კვების წარმოების შეუფერხებელ მუშაობას. საკვები, საწვავი, თავშესაფარი, დასუფთავება – სწორედ ესენია ის „აუცილებელ სერვისები“, რომლებიც ადამიანს სიცოცხლის წარმოებისთვის ესაჭიროება.

კრიზისმა ასევე მთელი ტრაგიკულობით მოჰფინა ნათელი იმას, თუ რამდენად უუნაროა კაპიტალიზმი პანდემიასთან ბრძოლაში, ვინაიდან სიცოცხლის შენარჩუნების მაგივრად, ორიენტირებულია მატერიალური სარგებლის მაქსიმალიზაციაზე. კაპიტალისტების აზრით, ამ კრიზისის ყველაზე დიდი მსხვერპლი არის არა უთვალავი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ვირუსმა შეიწირა, არამედ შესუსტებული ეკონომიკა. როგორც ჩანს, სწორედ ეკონომიკა აღმოჩნდა მოწყვლადი, დაუცველი ბავშვი, რომლის დასაცავადაც ალესილი ხმლებით შეიარაღებული გაერთიანდა ყველა – დაწყებული დონალდ ტრამპით, დამთავრებული ბორის ჯონსონით.

ამის პარალელურად, შეერთებულ შტატების ჯანდაცვის სექტორი განადგურებულია პრივატიზაციისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გავლენით. ამბობენ, რომ ექთნებს ნიღბების დამზადებაც კი სახლის პირობებში უწევთ. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ კაპიტალიზმი ახდენს ცხოვრებისა და სიცოცლის წარმოების პრივატიზაციას, თუმცა, ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტალიზმი ცხოვრებასთან ერთად, ახდენს სიკვდილის პრივატიზაციასაც.

ს.ჯ.: მოდით, მეტი ყურადღება გავამახვილოთ ზრუნვის სამუშაოს და სოციალური რეპროდუქციის სხვა ფორმების დაუფასებლობაზე. პენსილვანიის გუბერნატორმა წამოადგინა იმ ბიზნესების ზუსტი სია, რომლებიც სიცოცხლის წარმოებისთვის იყო აუცილებელი და რომლებსაც შეეძლოთ პანდემიის პერიოდში მუშაობის გაგრძელება. ამის ფონზე, პიტსბურგში სანიტარულ-ჰიგიენური სამსახურის მუშაკებს მოუწიათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, ვინაიდან არ გააჩნდათ შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა. ტენდენცია, რომლითაც ჩვენში ამგვარი შრომა უფასურდება მეტწილად გამოწვეულია და ამასთანავე, განაპირობებს იმას, თუ რას ვფიქრობთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე.

ამჟამად საექთნო სახლები და ზოგადად, შინმოვლის ინდუსტრია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს ემსახურება, რომელთა უმრავლესობაც სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს. The New York Times-ის მიხედვით, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების ობიექტებში ინფექციისგან ყოველწლიურად 380,000 პაციენტი იღუპება, ვინაიდან ამ ინსტიტუტებს ხშირ შემთხვევაში არ სურთ ინვესტიციის გაღება შესაბამისი სანიტარული ნორმების უზრუნველსაყოფად. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეპიდემიის ესკალაციაში. ამას ემატება ისიც, რომ დღეს, შეერთებულ შტატებში, 27 მილიონამდე ადამიანს საერთოდ არ აქვს სამედიცინო დაზღვევა.

შინმოვლისა სამუშაოსა და საექთნო საქმეში დასაქმებულთა დაახლოებით 90% ქალია, რომელთაგანაც 50% ფერადკანიანია. უცნობია კიდევ რამდენი მათგანი არ არის აღრიცხული. ეს ადამიანები ორმაგად დაუცველები არიან, ვინაიდან ერთდროულად უწევთ გამკლავება სამსახურის დაკარგვასთანაც და აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურის რეიდებთანაც. ერთ საათში ეს ადამიანები, საშუალოდ, $10-ს გამოიმუშავებენ და მათ უმრავლესობას არც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულების აღების საშუალება აქვს და არც დაზღვევა. ეს ის ქალები არიან, რომელთა შრომის დამსახურებითაც ჩვენი ქვეყნის ზრუნვის ცენტრების უმრავლესობა დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას.

თუ იმ დასაქმებულთა ანაზღაურებას, რომელთა სამუშაო ადგილებიც მოხვდა ინდიანასა და პენსილვანიის შტატების აუცილებელ სერვისთა სიაში და შევადარებთ მათ აღმასრულებელ ორგანოებში მომუშავეთა ხელფასებს, ნამდვილად ასტრონომიულ განსხვავებას დავინახავთ. იმ სერვისებში მომუშავე ადამიანთა ანაზღაურება, რომელთა მნიშვნელობასაც სოციალისტები თუ ფემინისტები მუდამ უსვამდნენ ხაზს და რომელიც განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის პირობებში, საათში $10-ზე ნაკლებს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ბანკირები უბრალოდ სახლში ჯდომით შოულობენ ფულს.

კრიზისის პირობებში, ჩვენ უპირველესად უნდა მოვითხოვოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მუშაკებისთვის დაუყოვნებლივ დაწესდეს ის, რასაც მე ვუწოდებ „პანდემიის ანაზღაურებას”. ეს ადამიანები სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ და ამჟამინდელზე ბევრად მაღალ ხელფასებს საჭიროებენ. აუცილებელია ერთიანი ინვესტიცია საავადმყოფოებსა და ზოგადად, სამედიცინო სერვისებში, ისევე როგორც კერძო ჯანდაცვის ნაციონალიზაცია, როგორც ეს მოხდა ესპანეთში. ბავშვებზე ზრუნვის სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებიმიერი ადამიანისთვის და ფინანსური დახმარებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად, სამსახურში სიარული უწევთ. ასევე, რაც მთავარია, უნდა შეწყდეს საიმიგრაციო რეიდები და დეპორტაცია, რისი შიშის ფაქტორიც ხელს უშლის ხალხს სამედიცინო დახმარების მიღებაში. ირლანდიამ და პორტუგალიამ განახორციელეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც გახანგრძლივდა ყველა ტიპის ვიზა და გაუქმდა უსაბუთო მიგრანტის სტატუსი. ეს არის სწორედ ის მოდელები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ამ სიტუაციაში.

ს.ჯ.: ვაშინგტონის შტატი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი კერა გახდა, ვინაიდან საექთნო სახლებში დასაქმებულებს რამდენიმე სამსახური ჰქონდათ და ვირუსი ერთი სახლიდან მეორეში ხვდებოდა. ანუ, ერთ სამუშაო ადგილზე არასაკმარისმა ანაზღაურებამ ვირუსის კიდევ უფრო დიდი გავრცელება გამოიწვია.

თ.ბ.: ვირუსი, გარკვეულწილად, დემოკრატიული აღმოჩნდა, მან პრინცი ჩარლზიც კი არ დაინდო. თუმცა, ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ისეთივე დემოკრატიული იქნება, როგორიც თავად ვირუსია. კაპიტალიზმის ქვეშ არსებული სხვა დაავადებების მსგავსად, აქაც სიღარიბე და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს თუ ვინ გადარჩება და ვინ – არა.

ამ ყველაფერს გამანადურებელი ეფექტი ექნება ჩემს ქვეყანაზე, ინდოეთზე. ფაშისტმა პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ცოტა ხნის წინ 21-დღიანი კარანტინი გამოაცხადა და ყველა ძირითად ქალაქში ბიზნესი შეჩერდა. კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევათ დასაქმებულ მიგრანტებს და აქვს თუ არა მოდის მათთვის ალტერნეტიული გეგმა, პასუხი, ცხადია, უარყოფითია. მილიონობით მიგრანტ დასაქმებულს მშობლიურ სოფელში დასაბრუნებლად მთელი ქვეყნის ფეხით გადაკვეთა უწევს. ამ ადამიანების სახლში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად და ვირუსის გავრცელების შეჩერების მოტივით, პრემიერ მინისტრმა ქვეყანაში ყველა სახის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი აკრძალა, რის გამოც ინდოეთის ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში დღეს ადამიანთა უზარმაზარ ნაკადებს შეხვდებით, რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებიან. ამის პარალელურად, მოდიმ იზრუნა ინდოეთის გარეთ მცხოვრებ, საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენლებზე და მათთვის, სახლში დასაბრუნებლად, მიუხედავად კარანტინისა, სპეციალური რეისებიც კი დაინიშნა.

ეს ის მიდგომაა, რომლითაც გლობალური სამხრეთის მრავალი კაპიტალისტური მთავრობა უმკლავდება თავის ღარიბ მოსახლეობას. ჩვენ ცოტა ხანში აუცილებლად დავინახავთ ვირუსის გავრცელების ტალღას კალკუტას, მუმბაის, იოჰანესბურგის და ა.შ გარეუბნებში. ჩვენი მმართველების მხრიდან ვირუსი არაერთხელ წარმოჩნდა, როგორც პლანეტის გაჯანსაღების და მოსახლეობის არასასურველი ნაწილისგან განწმენდის საშუალება. ეს ევგენიკური მოწოდება მიზნად ისახავს განწმინდოს საზოგადოება სოციალურად ყველაზე დაუცველი და სუსტი ნაწილისგან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია:

თარგმანი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით

 

[/fusion_builder_column]