თარგმნა მარიამ ქაჯაიამ.

ავტორის შესახებ: მონიკ ვიტიგი სხვა მხატვრულ ნაწარმოებებთან, ნოველებთან, პიესებსა და ესეებთან, მათ შორის გავლენიანი ესეის – “სთრეითი გონება” (1981) ერთად, რომანების – “პარტიზანი ქალებისა” (1969) და “ლებოსური სხეულის” ავტორია (1973). ვიტიგი ფლობდა ფრანგული ლიტერატურული ჯილდოს Prix Médicis. იყო არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი ფრანგული და იტალიური ენების დეპარტამენტში. 1981 წელს გამოქვეყნებული ეს ესსეი გენდერული ჩაგვრის ისტორიული მიზეზების აქამდე არსებული ახსნების მომხიბვლელ ალტერნატივას გვთავაზობს. ვიტიგი განიხილავს ქალების ბუნებრივობას, როგორც სოციალურ კატეგორიას, გენდერულ განსხვავებულობსა და უთანასწორობას და ამტკიცებს, რომ ქალები არა ამგვარად დაბადებულები, არამედ კულტურულად წარმოსახულნი არიან და რომ, თვის მხრივ, ჰეტეროსექსუალობის მკაცრად ორ-გენდერიან სისტემის გამო ლესბოსელები არ არიან ქალები. მიუხედავად იმისა, რომ ლესბოსელები, ქალების მსგავსად, წარმოადგენენ კულტურულ არტეფაქტებს, ვიტიგისეულ ანალიზი ხასიათდება არა ეროტიკით, არამედ ლესბოსელობის უნარის აღწერით, თავი დააღწიოს ჰეტეროსექსუალობის დაჟინებულ მოთხოვნას გენდერსა და სექსუალობას შორის მყარი კავშირის შესახებ.

ქალთა ჩაგვრისადმი მატერიალისტური ფემინისტური მიდგომა აცამტვერებს აზრს, რომ ქალები “ბუნებრივ ჯგუფს” წარმოადგენენ: “გარკვეული სახის რასობრივ ჯგუფს, ბუნებრივად აღქმულ ჯგუფს, კაცთა ჯგუფს, რომლებიც სხეულებში მატერიალურად გამორჩეულად აღიქმებიან”. ცნებების დონეზე რის მიღწევასაც ანალიზი ცდილობს, პრაქტიკას ის ფაქტების დონეზე მოჰყავს სისრულეში: სწორედ მისი არსებობით, ლესბოსური საზოგადოება ანადგურებს ხელოვნურ (სოციალურ) ფაქტს, რომელიც ქალებს “ბუნებრივ ჯგუფად” აფუძნებს. ლესბოსური საზოგადოება პრაგმატულად ამხელს, რომ კაცებისგან გამოყოფა, რომელთა ობიექტიც ქალები არიან, პოლიტიკური გამოყოფაა და აჩვენებს, რომ “ბუნებრივ ჯგუფად” იდეოლოგიურად გარდაგვქმნეს. ქალების შემთხვევაში იდეოლოგია შორს მიდის, რამდენადაც ჩვენი სხეულები ისევე, როგორც ჩვენი გონება, ამ მანიპულაციის შედეგებია. იძულებული გაგვხადეს ჩვენი სხეულებითა და გონებით, მახასიათებლიდან მახასიათებლამდე, შევესაბამოთ ბუნების იდეას, რომელიც ჩვენთვის დააწესეს. ამ ზომამდე დამახინჯებული, ჩვენი დეფორმირებული სხეული არის ის, რასაც ისინი ”ბუნებრივს” უწოდებენ, რაც ჩაგვრამდე უნდა არსებობდეს როგორც ასეთი. იმდენად დამახინჯებულია, რომ საბოლოოდ ჩაგვრა ჩვენს შიგნით ისე ჩანს, თითქოს ამ „ბუნების“ შედეგი იყოს (ბუნება, რომელიც მხოლოდ იდეაა). რასაც მატერიალისტური ანალიზი აკეთებს მსჯელობით, ლესბოსურ საზოგადოება მას პრაქტიკულად აღასრულებს: არა მხოლოდ “ქალების” ბუნებრივი ჯგუფი არ არსებობს (ჩვენ, ლესბოსელები, ამის ცოცხალი მტკიცებულება ვართ), არამედ როგორც ინდივიდებსაც ეჭვი გვეპარება “ქალში”, რაც ჩვენთვის მითია ისევე, როგორც სიმონ დე ბოვუარისთვის იყო. მან თქვა “ქალად არ იბადებიან, ქალებად იქცევიან. არნაირი ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ან ეკონომიკურ ბედი არ განსაზღვრავს ფიგურას, რომელსაც ქალი წარმოადგენს საზოგადოებაში – მთლიანად ცივილიზაციაა ის, რაც ქმნის ამ არსებას, შუალედურს მამრსა და საჭურისს შორის, რომელსაც აღწერენ როგორც ფემინურს.”

თუმცა, ფემინისტებისა და ლესბოსელი ფემინისტების უმრავლესობას, ამერიკაშიც და სხვაგანაც, კვლავ სწამს, რომ ქალთა ჩაგვრის საფუძველი ბიოლოგიურიცაა და ისტორიულიც. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ შესაბამისი წყაროები სიმონ დე ბოვუარის შრომებში იპოვეს. დედათა მმართველობისა და “პრეისტორიულის” რწმენა, რომ ქალებმა ქმნიან ცივილიზაციას (ბიოლოგიური მიდრეკილების გამო) მაშინ, როცა ტლანქი და სასტიკი კაცები ნადირობდნენ, ისტორიის ბიოლოგიზირებული ინტერპრეტაციის მსგავსია, რომელსაც ამ დრომდე აწარმოებს კაცთა კლასი. ეს იგივეა, რაც ქალებსა და კაცებში იპოვო მათი დაყოფის ბიოლოგიური ახსნა სოციალურ ფაქტებს მიღმა. ჩემთვის ეს ვერასოდეს იქნება ლესბოსური მიდგომა ქალთა ჩაგვრისადმი, რამდენადაც ის ვარაუდობს, რომ საზოგადოების საფუძველი ან დასაბამი ჰეტეროსექსუალობაში მდგომარეობს. მატრიარქატი არანაკლებ ჰეტეროსექსუალურია, ვიდრე პატრიარქატი – ერთადერთი რამ, რაც იცვლება, მჩაგვრელის სქესია. უფრო მეტიც, ეს კონცეფცია არამხოლოდ სქესის კატეგორიებშია (ქალი და კაცი) ისევდაისევ გამომწყვდეული, არამედ აგრძელებს აზრს, რომ მშობიარობის უნარია (ბიოლოგია) ის, რაც განსაზღვრავს ქალს. მიუხედავად იმისა, რომ ლესბოსური საზოგადოების პრაქტიკული ფაქტები და ცხოვრების გზები ეწინააღმდეგებიან ამ თეორიას, არსებობენ ლესბოსელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ “ქალები და კაცები განსხვავებული სახეობებს თუ რასებს წარმოადგენენ (ეს სიტყვები ერთმანეთის ჩამნაცვლებლად გამოიყენება): კაცები ბიოლოგიურად დაბლა დგანან ქალებზე; კაცური ძალადობა ბიოლოგიური გარდაუვალობაა…” ამის გაკეთებით, იმაზე დათანხმებით, რომ ქალებსა და კაცებს შორის “ბუნებრივი” დაყოფა არსებობს, ისტორიას ვაბუნებრივებთ, ვამტკიცბთ, რომ “კაცები” და “ქალები” ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ და არამხოლოდ ვაბუნებრივებთ ისტორიას, არამედ ამის შედეგად ვაბუნებრივებთ იმ სოციალურ ფენომენებსაც, რომლებიც ჩვენს ჩაგვრას გამოხატავენ, რითაც ცვლილბებას შეუძლებელს ვხდით. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მშობიარობა დავინახოთ როგორც იძულებითი წარმოება, ჩვენ მას “ბუნებრივ”, “ბიოლოგიურ” პროცესად აღვიქვამთ და გვავიწყდება, რომ ჩვენს საზოგადოებებში დაბადებები დაგეგმილია (დემოგრაფია), გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონ ვართ დაპროგრამებული საიმისოდ, რომ ბავშვები ვაწარმოოთ მაშინ, როდესაც ეს ერთადერთი “არასაომარი” აქტივობაა, რომელიც სიკვდილის ამხელა საფრთხეს წარმოადგენს. ამგვარად, სანამ “არ შეგვეძლება სურვილითა თუ იმპულსურად უკუვაგდოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე და საუკუნეების მანძილზე არსებული მშობიარობის მოვალეობა როგორც ქალური შემოქმედების აქტი”, მანამდე ბავშთა წარმოებაზე კონტროლის მოპოვება იმაზე მეტს ენიშნება, ვიდრე წარმოების მატერიალური საშუალებების უბრალო კონტროლია – ქალებს მოუწევთ განყენებულად განიხილონ საკუთარი თავი “ქალის” განსაზღვრებისგან, რომელსაც მათ ახვევენ თავს.

მატერიალისტური ფემინისტური მიდგომა აჩვენებს, რომ ის, რაც ჩვენ ჩაგვრის მიზეზად ან წყაროდ მივიჩნიეთ, სინამდვილეში მხოლოდ იარლიყია, რომელიც მჩაგვრელებმა მოიგონეს ჩვენთვის – “ქალის მითი”, მისი მატერიალური შედეგებითა და მანიფესტაციებით ქალთა მიტაცებულ ცნობიერებასა და სხეულებში. ამგვარად, ეს ნიშანი წინ არ უსწრებს ჩაგვრას: კოლეტ გიიომმა აჩვენა, რომ შავკანიანთა მონობის სოციოეკონომიკურ რეალობამდე რასის ცნება არ არსებობდა, სულ ცოტა მისი თანამედროვე გაგებით, რამდენადაც ის ოჯახების მემკვიდრეობით ხაზს მიემართებოდა. თუმცა, ახლა რასა, ზუსტად ისევე როგორც სქესი, ისეა გაგებული, როგორც “უშუალო მოცემულობა”, “საგრძნობი მოცემულობა”, “ფიზიკური მახასიათებლები”, რომელიც ბუნებრივ წესრიგს ეკუთვნის. მაგრამ რისიც გვჯერა, რომ ფიზიკური და პირდაპირი აღქმაა, მხოლოდ დახვეწილი და მითოსური კონსტრუქციაა, “წარმოსახვითი ფორმაცია”, რომელიც ფიზიკურ მახასიათებლებს (თავის თავში იმგვარადვე ნეიტრალურს, როგორიც ნებისმიერ სხვა მახიათებელია, მაგრამ მონიშნულს სოციალური სისტემის მიერ) ახალ ინტერპრეტაციებს უძებნის იმ ურთიერთობათა ქსელის მეშვეობით, რომელშიც ისინი აღიქმებიან. (ისინი შავებად აღიქმებიან, ამიტომაც შავები არიან. ისინი ქალებად აღიქმებიან, ამიტომაც ქალები არიან. მაგრამ ვიდრე ამგვარად იქნებოდნენ აღქმული, ჯერ ამგვარად უნდა ყოფილიყვნენ ქცეული.) ლესბოსელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ და აცნობიერებდნენ, როგორი “არაბუნებრივი”, დამაფრთხობელი, სრულიად მჩაგვრელი და დესტრუქციული იყო ჩვენთვის “ქალად” ყოფნა ძველად, ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობამდე. ეს იყო პოლიტიკური შეზღუდვა და მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდა მას, “ნამდვილ” ქალად არ ყოფნაში ედებოდათ ბრალი. თუმცა შემდეგ ამაყები ვიყავით, რადგანაც ამ ბრალდებაში უკვე იყო რაღაც გამარჯვების აჩრდილის მსგავსი – მჩაგვრელის აღიარება, რომ “ქალი” არ არის რაღაც, რაც თავისთავად ნამდვილია, რამდენადაც იმისთვის, რომ ქალი იყოს, ადამიანი “ნამდვილი” ქალი უნდა იყოს. ამავე დროს ჩვენ იმაში გვადანაშაულებდნენ, რომ კაცებად ყოფნა გვინდოდა. დღეს ეს ორმაგი ბრალდება ზოგიერთი ფემინისტის მიერ ისევ ენთუზიაზმით გამოიყენება ქალთა განთავისუფლების მოძრაობის კონტექსტში და აგრეთვე, ზოგიერთი ლესბოსელის მიერ, რომელთა პოლიტიკური მიზანი როგორც ჩანს არის როგორმე უფრო და უფრო “ფემინური” ხდებოდეს. თუმცა, უარი თქვა ქალად ყოფნაზე, არ ნიშნავს იმას, რომ კაცად უნდა გადაიქცე. გარდა ამისა, თუ მაგალითად ავიღებთ სრულყოფილ “ბუჩს”, კლასიკური მაგალითს, რომელიც შიშს აღძრავს, რომელსაც პრუსტი უწოდებდა ქალ-კაცს, როგორ განსხვავდება მისი გაუცხოება იმის გაუცხოებისგან, ვისაც უნდა რომ ქალი გახდეს? ტვიდლდამი და ტვიდლდი (მხატვრული პერსონაჟები) სულ ცოტა, სურდეს ქალს, რომ კაცი გახდეს, იმას ამტკიცებს, რომ ის საწყის პროგრამირებას გაექცა. მაგრამ თუნდაც მთელი ძალით სურდეს, მაინც ვერ იქცევა კაცად. რადგან კაცად გადაქცევა ქალისგან მოითხოვდა არამხოლოდ კაცის გარეგნულ შესახედაობას, არამედ მის ცნობიერებასაც, რაც ის ცნობიერებაა, რომელიც აქვს იმას, ვისთვისაც ნებადართულია განკარგოს სულ ცოტა ორი “ბუნებრივი” მონა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს შეუძლებელია და ლესბოსელთა ჩაგვრის ერთ-ერთი მახასიათებელიც ზუსტად ქალების არახელმისაწვდომად გადაქცევაა ჩვენთვის, რამდენადაც ქალები კაცებს ეკუთვნიან. ამგვარად, ლებოსელი რაღაც სხვა უნდა იყოს, არაქალი, არაკაცი, საზოგადოების შედეგი და არა ბუნების, რადგან საზოგადოებაში ბუნება არ არსებობს.

ჰეტეროსექსუალად გადაქცევაზე (ან დარჩენაზე) უარის თქმა ყოველთვის ნიშნავდა უარის თქმას კაცად ან ქალად გადაქცევაზე, ცნობიერად თუ არა ცნობიერად. ლესბოსელის შემთხვევაში ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე “ქალის” როლზე უარის თქმაა. ეს კაცის ეკონომიკური, იდეოლოგიური და პოლიტიკურ ძალაუფლების უარყოფაა. ეს ჩვენ, ლესბოსელებმა, და არალესბოსელებმაც, ლესბოსური და ფემინისტური მოძრაობის გამოჩენამდე ვიცოდით. თუმცა, როგორც ანდრეა დვორკინი აღნიშნავს, ბოლო დროს ბევრი ლესბოსელი “უფრო და უფრო მეტად შეეცადა ზუსტად ის იდეოლოგია გარდაექმნა ქალის ბიოლოგიური პოტენციალის დინამიკურ, რელიგიურ და ფსიქოლოგიურად მომხიბვლელ დიდებად, რომელიც გვატყვევებდა.” ამგვარად, ფემინისტური და ლესბოსური მოძრაობის ზოგიერთი გზა უკან, ქალის შესახებ არსებულ იმ მითისკენ მიგვიძღვის, რომელიც კაცებმა შექმნეს ჩვენთვის და მასთან ერთად უკან, ბუნებრივ ჯგუფში ვიძირებით. წამოვდექით რა უსქესო საზოგადოებისთვის საბრძოლველად, “ქალი მშვენიერია”-ის ნაცნობ ჩიხში გავიჭედეთ (woman is wonderful). სიმონ დე ბოვუარმა განსაკუთრებით ცრუ ცნობიერებას გაუსვა ხაზი, რაც მითის (რომ ქალები კაცებისგან განსხვავდებიან) მახასიათებლებს შორის იმათ ამორჩევას გულისხმობს, რომლებიც კარგად გამოიყურებიან და ქალების განსასაზღვრად მათს გამოყენებას წარმოადგენს. რასაც “ქალი მშვენიერია” ასრულებს ის არის, რომ ქალების განსაზღვრისთვის საუკეთესო მახასიათებლებს (საუკეთესო ვისი აზრით?) იკავებს, რაც ჩაგვრამ გვიბოძა და რადიკალურად არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ “კაცისა” და “ქალის” კატეგორიებს, რომლებიც პოლიტიკური კატეგორიებია და არა ბუნებითი მოცემულობები. ის “ქალთა” კლასის შიგნით ბრძოლის მდგომარეობაში გვაყენებს, არა ისე, როგორც სხვა კლასებში ხდება, არა ჩვენი კლასის გასაქრობად, არამედ “ქალის” დასაცავად და გასაძლიერებლად. ის გვიბიძგებს თვითკმაყოფილებით განვავითაროთ “ახალი” თეორიები ჩვენი განსხვავებულობის შესახებ: ამგვარად, ჩვენს პასიურობას “არაძალადობრივს” ვეძახით, როდესაც ჩვენი პასიურობის (ჩვენი შიშის, თუმცა საფძვლიანის) წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის მთავარი და ამოსავალი წერტილია.

სიტყვა “ფემინისტის” ორაზროვნება აჯამებს მთელს ამ ვითრებას. რას ნიშნავს “ფემინისტი”? ფემინისტი სიტყვა “ფემესგან”, “ქალისგან” წარმოიშვა და გულისხმობს იმას, ვინც ქალებისთვის იბრძვის. ბევრი ჩვენგანისთვის ეს ნიშნავს ვიღაცას, ვინც იბრძვის ქალებისთვის, როგორც კლასისთვის და ამ კლასის გაქრობისთვის. სხვა მრავალთათვის ეს ნიშნავს ვიღაცას, ვინც იბრძვის ქალისა და მისი დაცვისთვის – მაშასადამე, მითისა და მისი განმტკიცებისთვის. მაგრამ, რატომ შეირჩა სიტყვა “ფემინისტი”, თუკი ის, სულ ცოტა, ორაზროვანებას ინარჩუნებს. საკუთარი თავისთვის “ფემინისტის” წოდება ათი წლის წინ ავირჩიეთ არა იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა ან განგვემტკიცებინა ქალის მითი, არც იმისთვის, რომ საკუთარი თავი განგვესაზღვრა მჩაგვრელის მიერ ჩვენი განსაზღვრით, არამედ იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენს მოძრაობას ჰქონდა ისტორია და რომ ხაზი გაგვესვა ძველ ფემინისტურ მოძრაობასთან პოლიტიკურ კავშირზე.

იხილეთ თარგმანის სრული ვერსია:

თარგმანი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.