ვახტანგ ენუქიძის სახსოვრად

ავტორი: მარიამ შენგელია, ფილოსოფიის დოქტორანტი

 

ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა და ქართველები

,,27 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით : ერთკვირიანი მობილიზაცია და აქცია უცხოელებისთვის განკუთვნილი ყველა დაკავების ცენტრის საწინააღმდეგოდ, ყველა დაკავებულის დაუყოვნებელი გათავისუფლებისათვის და ვახტანგისათვის“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა იტალიელი აქტივისტების მიმართვა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტის, ვახტანგ ენუქიძის გარდაცვალების შემდეგ. ვახტანგ ენუქიძე იმყოფებოდა იტალიის ქალაქ გრადისკა დ’ ისონზოს, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი უცხოელებისთვის განკუთვნილ დაკავების ცენტრში (CPR) და გარდაიცვალა გორიციას საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც იგი პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

იტალიის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ აქციებს შეურთდნენ აქტივისტები პარიზიდანაც. 2 თებერვალს, ბარბესზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მეგაფონით იუწყებოდნენ ვახტანგ ენუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ დეტალებს. იტალიელი აქტივისტების მიერ შედგენილი პრეს-რელიზი კი, რომელიც იტალიურ მთავრობასა და მედიას ბრალს სდებს კრიმინალური საკითხის მინიმალიზაციაში, ამ შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაციებს იძლევა:

,,პრეფექტურამ და პროკურატურამ ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ ეს საქმე თავიდანვე მინიმალიზირებულიყო : « გარდაიცვალა ერთი ემიგრანტი ჩხუბის შედეგად“ ამ სათაურით აქვეყნებდნენ სტატიებს ჟურნალები, მას შემდეგ რაც Melting Pot-მა გვაუწყა სიახლე.

მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ცენტრში მყოფ დაკავებულთა სათქმელის გარეთ გამოტანა, როგორც არა ერთხელ უქნიათ სოლიდარობით განწყობილ სხვა პიროვნებებს წლების მანძილზე.

ამის შედეგად, პრესამ გააჟღერა საქმის ის ვერსიაც, რომელიც ვახტანგის ამხანაგების მიერ იქნა გაჟღერილი : ,,ცემის შედეგად სიკვდილამდე მიყვანილი ახალი კუჩი, ამჯერად უცხოელი, დაკავების ცენტრში (CPR) მყოფი და არა ციხეში“.

ვახტანგი იყო ოცნებების მქონე ცოცხალი ადამიანი, გამოკეტილი კარცერულ ჯოჯოხეთში, რომელიც რასისტული კანონების საფუძველზე შეიქმნა. უცხოელები გამოკეტილნი არიან დაკავების ცენტრში (CPR) მთლიანად იტალიის ტერიტორიაზე, და ეს მხოლოდ იმ მიზეზით, საბუთები არ აქვთ წესრიგში.“

ვახტანგი არ არის ერთადერთი არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი უცხოელი, ვისაც ევროპაში დამკვიდრების სურვილი სიცოცხლის დასრულების ფასად უჯდება. პარიზში შეკრებილმა აქტივისტებმა, ვახტანგთან ერთად გაიხსენეს ისინი, ვინც საფრანგეთში ბოლო თვეების მანძილზე მიგრანტთათვის განკუთვნილ დაკავების ცენტრს შეეწირნენ : 19 წლის ტუნისელი მუჰამედი ვინსენის დაკავების ცენტრში გარდაიცვალა ნოემბერის თვეში, აგვისტოში კი – ოციოდე წლის რუმანელი მიგრანტი, ხოლო ქალაქ რენში, დეკემბერის თვეში ერთ-ერთმა დაკავებულმა იზოლატორში ყოფნას თვითმკვლელობა არჩია. თუკი საფრანგეთის პოლიტიკურმა ნომენკლატურამ დაკავების ადმინისტრაციული ცენტრი შემოგვთავაზა იმ ადგილის ნომინაციად, სადაც არარეგულარულ ადმინისტრაციულ სიტუაციაში მყოფი უცხოელები, უფრო სწორედ, არაევროპელები იმყოფებიან თავიანთ ქვეყანაში დეპორტირების მიზნით, სინამდვილეში ეს ადგილი სხვა არაფერია თუ არა ციხე, რომელიც ადამიანებს წარმომავლობის, ადმინისტრაციული და ფინანსური სიტუაციის მიხედვით ახარისხებს. ეს ნომინაცია ევროპის ქვეყნიდან ქვეყნამდე უმნიშვნელოდ იცვლება, მაგრამ სიმპტომატურია ის ფაქტი, რომ არც ერთი ევროპული ქვეყანა არ იყენებს ამ დაწესებულების ფუნქციის აღმნიშვნელ გაცილებით ადეკვატურ ტერმინს, ციხეს. დაკავების ცენტრი გვევლინება ფუძედ იმ სხვადასხვა სახელდობრივი ვარიაციებისა, რომლებსაც ევროკავშირი მლიქვნელად გვთავაზობს თავისი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკური ნების პოლიტკორექტულობასთან შესათავსებლად.

ვახტანგ ენუქიძის გარდაცვალება ფატალური ანარეკლია ქართული სიამიგრაციო სიტუაციისა, რომელიც ორი ტიპის პოლიტიკური სისასტიკის გზაგასაყარზეა. ერთის მხრივ, ის მყოფება ევროპის ანტისაიმიგრაციო, ფაშისტური მიდრეკილების მქონე პოლიტიკის წინაშე და მეორეს მხრივ, გაურბის საქართველოში გაბატონებულ გაჭირვებას, უთანასწორობაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურას. ქართული მიგრაციის პოლიტ-ეკონომიკური მიზეზების გაანალიზებამდე, მნიშვნელოვნია ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკისა და იმ სიტუაციის მოკლედ აღწერა, რომელშიც იმყოფებიან ქართველი მიგრანტები ევროპის საზღვრების გადალახვის შემდეგ.

ეპოქალური პრობლემის ეს მოკლე ვერბალიზაციის მცდელობა, პირველ რიგში, ცდილობს ხაზი გაუსვას თავშესაფრის უფლებასთან დაკავშირებულ რიგ გაუგებრობებს, რადგან სწორედ მისი მისიონერული, ჰუმანიტარული ფუნქციის წყალობით და რა თქმა უნდა, ძალაუფლების (ლოკალური თუ საერთაშორისო დონის) პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით , ვერ გაგვირჩევია ილუზია დასავლეთის კეთილშობილების შესახებ რეალობისგან. იმისათვის, რომ ევროკავშირის სასაზღვრო პეიზაჟი კარგად დავინახოთ, საჭიროა იმ სტატისტიკურ მონაცემებზე შორს გავიხედოთ, რომლებიც გერმანიასა თუ საფრანგეთში შემორჩენილი სოციალური პროგრამების ბენეფიციართა რიცხვს აფიშირებს და დავივიწყოთ იმ რჩეულთა ისტორიები, რომლებმაც შედარებით პრივილეგირებული ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული მდგომარეობის ან სხვა სახარბიელო გარემოებათა წყალობით, ევროკავშირში ლეგალურად დარჩენა და თვითრეალიზაცია მოახერხეს. სინამდვილეში, საქმე ეხება ათი ათასობით ქართველს, რომელთათვისაც, სხვა ნაციონალობის მქონე მილიონობით ადამიანის მსგავსად, ევროპას თავის წიაღში ადგილი არ შემოუნახავს. ეს ათი ათასობით ქართველი და მილიონობით აფრიკელი თუ შუა აღმოსავლელი ადამიანი, წარმოადგენს პლანეტის არაპრივილეგირებულ უმრავლესობას, სუბალტერნებს, რომელთაც პროლეტარიატის მარქსისეული განმარტების მსგავსად, არაფერი აქვთ დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა.

რას უშვება ევროპა მათ, ვისაც გაუმართლათ და ევროპის სასაზღვრო კარიბჭის გადალახვა მოახერხეს სიცოცხლის დაკარგვის გარეშე? დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში მიგრანტთა დაკავების ცენტრები ადამიანთა ტევადობის მაქსიმუმს აჭარბებს. უფრო მეტიც, საბერძნეთში, ლესბოსის კულძულზე, 3 000 ადამიანისთვის განკუთვნილ მორიას დაკავების ცენტრში 20 000 დაკავებული იმყოფება. ამ ყველაფერთან ერთად, საბერძნეთის მთავრობა, ადგილობრივი მოსახლეობისა და აქტივისტების პროტესტის, ფიზიკური დაპირისპირებისა და შეწინააღმდეგების მიუხედავად, დამატებითი დაკავების ცენტრების აშენებას უკვე შეუდგა. ამგვარად, დაკავების ცენტრებს შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე ევროპის გულაგები, რომლებიც ზოგიერთი სოციალური კატეგორიის ადამიანებს გარდაქმნის თავიდან მოსაცილებელ, სასაწყობო და გადასაზიდ ნივთებად. ეს არასასურველი კატეგორიის ადამიანები მოდიან ევროპის გარეთ მყოფი ტერიტორიებიდან, ხშირად ევროპის ყოფილი კოლონიებიდან, რომელებსაც სიმპტომატურად « პერიფერიულ » ქვეყნებს ვუწოდებთ და გვევლინებიან იმ ყველაფრის ინდივიდუალურ განსხეულებად, რასაც « ცენტრის » ყოველდღიურობა მხოლოდ მინიმალური ფორმით თუ იცნობს : ომი, პოლიტიკური თუ სექსუალური შევიწროება, შიმშილი, სიღარიბე და ავადმყოფობა. მაშასადამე, ევროპის საზღვრები, თავისი დაკავების ცენტრებით ადგილს უტოვებს მხოლოდ სასოწარკვეთას, ხოლო მილიონობით ინდივიდთან ერთად, მიწას აცლის გადარჩენისთვის გაღებულ ძალებსა და იმედს. იმედს, რომელიც, სხვა ყველაფერთად ერთად, შედეგია იმ სარეკლამო კამპანიისა, რომელიც თავად დასავლეთმა და ევროკავშირმა აამუშავა სამაგალითო დემოკრატიის ილუზიის შესაქმნელად. ამ ილუზიის გასაქარწყვლად, საკმარისია გავიხსენოთ ევროპის კოლონიალური და იმპერიული ისტორია, რომელიც დღესაც განაგრძნობს არსებობს « პერიფერიაში » გადაადგილებული ომების, ეკონომიურ-ინდუსტრიალური ექსპულატაციისა და უთანასწორობის სახით. ევროპა არა თუ არ არის დემოკრატიის ემბლემა, , არამედ განასახიერებს სისტემურ ძალადობას ჩაკეტილი საზღვრებისა და ყველა იმ მილიტარული, კარცერული ინსტიტუციის სახით, რომელიც მისი ტერიტორიების ჰერმეტულობის გარანტია.

საქართველო ევროპის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაში

მიუხედავად მისი რასისტული, მკაცრი ანტისამიგირაციო პოლიტიკისა, ევროპის საზღვრები ყოველდღიურად იკვეთება მათ მიერ, ვისაც ეს ტერიტორიები არ განეკუთვნება. თუკი აფრიკის კონტინენტიდან მომავალი მიგრანტები ლიბიის ციხეებში მონობისა და ხმელთაშუა ზღვაში დაღუპვის საფასურად იღებენ ევროპამდე მიღწევის რისკს, საქართველო, 3 წელია, რაც მეტად პრივილეგირებულ სიტუაციაშია ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ OFPRA -ს 2018 და 2019 წლის მონაცემებით, საქართველო არის მესამე ქვეყანა საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით, ავღანეთისა და ალბანეთის შემდეგ (6 717 – 2018 წელს და 7 754 – 2019 წელს ). თავშესაფრის უფლება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1951 წლის ჟენევის კონვენციის შედეგად იქნა შემოღებული, ლტოლვილის სტატუსს აძლევს იმ მიგრანტებს, ვისაც « თავის ქვეყანაში დევნის საფრთხე ემუქრება რასის, რელიგიის, გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო. » ლტოლვილის სტატუსს მოგვიანებით, 2004 წელს დაემატა დროებითი დაცულობის სტატუსი (subsidiary protection) ევროკავშირის მასშტაბით, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო დაცულობას იღებს ის პირი, ვისაც თავის ქვეყანაში სიკვდილის სასჯელისა თუ არაჰუმანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება, ხშირად მილიტარული კონფლიქტით გამოწვეული სიტუაციის კონტექტში.

თუკი ევროპა მზადაა მფარველობა გაუწიოს იმ მიგრანტებს, რომელთა ქვეყნიდან გადაადგილების სურვილი შეესაბამება ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს, სამწუხაროდ, მისი მანსპინძლობის განმარტებაში არ შედის სიღატაკისა თუ ავადმყოფობის ნიადაგზე თავის გადასარჩენად წამოსული მიგრანტების მიღება. ამგვარი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად კი სახეზე ვიღებთ იმ გულის მომაკვდინებელ გაუგებრობას, როდესაც ფრანგი ოფიცრის მიერ დასმულ შეკითხვაზე სიცოცხლის ხელყოფის საშიშროების შესახებ, ქართველი მიგრანტი დადებითად პასუხობს და მხედველობაში იღებს მკურნალობის შუეძლებლობის გამო სიცოცხლის გარისკვას საშიშროებას. რა თქმა უნდა, გულწრფელი პასუხის გაცემა შეიძლება მომაკვდინებელი შეცდომა გახდეს იმათთვის, ვინც ლეგალიზაციას ესწრაფვის. ამავდროულად, თავშესაფრის გამცემი ერთადერთი სახელმწიფო ინსტანცია საფრანგეთში, OFPRA, თავის მხრივ, საკმარისად ვერაგი და გამართულია იმისათვის, რომ ყალბი პასუხების დეტექტირება მარტივად შეძლოს. მთელი ამ ადმინისტრაციული და იურიდიული დახარისხების შედეგად, რა თქმა უნდა, ქართველი მიგრანტი, რომელიც მომაკვდინებელ დაავადებას ვერ ერევა გაუმართავი, არაკომპეტენტური და ხელმიუწვდომებელი ქართული ჯანდაცვის სისტემის გამო, ვერ ხვდება იმ მიგრანტთა სიაში, რომელიც « იმსახურებს » ევროპის მფარველობას. ამ ყველაფერს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ საქართველო შედის უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომლის დახარისხების კრიტერიუმიც დღემდე ბუნდოვანი რჩება. უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი მიგრანტები, რომლებიც ეკონიმიკური მიზეზით ითხოვენ ევროპაში თავშესაფრს განხილვის დაჩქარებულ პროცედურაში ხვდებიან, რათა სადეპორტაციო მანქანამ მარტივად და რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს მათი დეპორტაცია.

მიუხედავად თავშესაფრის მოთხოვნის დაჩქარებული პროცედურისა, ბიუროკრატიული მანქანის რელსები შეიძლება საკმარისად ნელი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ ქართველმა მიგრანტმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების უფასოდ მიღება შეძლოს. მკურნალობისთვის საჭირო დროის მოგება კი ისევ და ისევ ადმინისტრაციული პროცედურების ხარჯზე ხდება : პირველი ინსტანციისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნაზე, უმაღლესი სასამართლო ინსტანცია იძლევა გასაჩივრების საშუალებას.

თუმცა, ძალაუფლება, როგორც ყოველთვის, მარტივად ადაპტირდება ახალ რეალობებს და აქაც, ევროპის კეთილდღეობის პოლიტიკით მოსარგებლე თავშესაფრის მომთხოვნელ პირთა წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება დაიწყო. მაგალითად, თუკი აქამდე, საფრანგეთში მყოფ ქართველ მიგრანტს შეეძლო უფასო სახელმწიფო სამედიცინო დახმარების (AME) მიღება თავშესაფრის მოთხოვნისთანავე, 2019 წლის 6 ნოემბერს წარდგენილი კანონპროექტის მიღების შემდეგ, სამედიცინო დახმარების მიღება შესაძლებელია საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსვლიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ზემოთ ხსენებული კანონპროექტი ეყრდნობა სოციალური საკითხებისა (IGAS) და ფინანსთა საკითხების ზოგადი ინსპექციის (IGF) ანალიზებს, რომელთა მიხედვითაც მიგრაციის მატების მიზეზებში სახელდება « მიგრაცია მკურნალობის მიზნით ». სამთავრობო ინსპეციათა ანალიზი, თავის მხრივ, ეყრდნობა საფრანგეთის საბიუჯეტო ანალიზს, რომელიც ავლენს უცხოელებისათვის განკუთვნილი სამედიცინო სერვისებისა და შესაბამისად, მათი ხარჯების ზრდას. ამ ექსპერტიზის მიხედვით, სახელმწიფო სამედიცინო დახმარების (AME ) ფარგლებში, დიალეზზე მკურნალობამ 43 %-ით იზარდა, ხოლო ონკოლოგიურ ქიმიოთერაპიაზე – 25 %-ით.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში:

-> ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა და ქართველები (სრული ვერსია)