fbpx

არუნდატი როი – წინააღმდეგობის NGO-იზაცია

ქართული სუბტიტრებით

არუნდატი როი, 2004 წელი, 16 აგვისტო.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც ემუქრება მასობრივ მოძრაობებს, არის წინააღმდეგობის ენჯეოიზაცია. 

მარტივია, ყველა არასამთვრობო ორგანიზაციისკენ მივმართო ის ბრალდებები, რომელთა შესახებაც ვაპირებ საუბარს. მაგრამ ეს არ იქნება სწორი. 

ენჯეოები შექმნილნი არიან გრანტების მისაღებად ან გადასახადებისგან თავის ასარიდებლად (ისეთ შტატებში, როგორიცაა ბიჰარი, მათ მზითევში აყოლებენ), რა თქმა უნდა არსებობს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღირებულ სამუშაოს სწევენ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყურადღება გადავიტანოთ ცალკეული ენჯეოების დადებითი საქმიანობიდან და გავაანალიზოთ ენჯეოს ფენომენი უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში.

ინდოეთში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი დაიწყო 1980-იანი წლების დასასრულსა და 90-იანების დასაწყისში. ის დაემთხვა ინდური ბაზრის ნეოლიბერალიზმისთვის გახსნას. სტრუქტურული გარდაქმნისთვის შესაბამისი პირობების დასაკმაყოფილებლად ინდოეთის სახელმწიფომ თანხები მოიძია სოფლის განვითარების, აგროკულტურის, ენერგიის, ტრანსპორტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯზე. როცა სახელმწიფომ უარი თქვა ტრადიციულ ფუნქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოჩნდა სწორედ ამ სფეროებში სამუშაოდ. განსხვავება, რა თქმა უნდა, ისაა, რომ მათთვის ხელმისაწვდომი თანხები საზოგადოებრივი ხარჯების მხოლოდ უმცირეს ნაწილს შეადგენს. ყველაზე მსხვილი ფონდების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდება და იმართება დახმარებისა და განვითარების სააგენტოების მიერ, რომლებიც, თავის მხრივ, ფინანსდებიან დასავლური მთავრობების, მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ზოგიერთი მულტინაციონალური კორპორაციის მიერ. შეიძლება სააგენტო ზუსტად არ დაემთხვეს, მაგრამ დანამდვილებით იქნება იმ პოლიტიკური ფორმაციის ნაწილი, რომელიც მეთვალყურეობს ნეოლიბერალურ პროექტს და უპირველეს ყოვლისა მოითხოვს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას.

რატომ შეიძლება ეს სააგენტოები აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს? შეიძლება ეს ძველებური მისიონერული თავგანწირვა იყოს? დანაშაულის გრძნობა? – ამაზე ცოტა უფრო მეტი.

ენჯეოები ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ავსებენ სახელმწიფოს უკან დახევით შექმნილ ვაკუუმს. და ავსებენ კიდეც, ოღონდ მატერიალურად მეტად უმნიშვნელო გზით. მათი ნამდვილი კონტრიბუცია ისაა, რომ განმუხტავენ პოლიტიკურ ბრაზს, დახმარებად და კეთილ ნებად ასაღებენ იმას, რაც ხალხს უნდა ერგოს უფლებით. ისინი ცვლიან საზოგადოებრივ ფსიქიკას. ისინი ხალხს დამოკიდებულ მსხვერპლად აქცევენ და პოლიტიკურ წინააღმდეგობას არბილებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიან ერთგვარ დამცავ ზონას მმართველებსა და საზოგადოებას შორის, იმპერიასა და  დაქვემდებარებულებს შორის. ისინი იქცნენ შუამავლებად, ინტერპრეტატორებად, რომლებიც ამარტივებენ დისკურსს. ისინი თამაშობენ „გონიერი კაცის“ როლს უსამართლო, უგუნურ ომში. 

ბოლოს და ბოლოს, ენჯეოები ანგარიშვალდებულნი არიან დამფინანსებლების და არა იმ ხალხის წინაშე, რომელთა შორისაც საქმიანობენ. ბოტანიკოსები მათ უწოდებდნენ ინდიკატორ სახეობას. შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო დიდია ნეოლიბერალიზმით გამოწვეული ზიანი, მით უფრო მასშტაბურია ენჯეოების აფეთქება. ამის საუკეთესო ილუსტრაცია ის ფენომენია, როდესაც აშშ ემზადება რომელიმე ქვეყანაში შესაჭრელად და ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაციები ემზადებიან იქაურობის ნანგრევებისგან გასაწმენდად.

რომ დარწმუნდნენ, მათ ფინანსებს არაფერი ემუქრება და სახელმწიფოთა ხელისუფლებები ფუნქციონირების ნებას დართავენ, ენჯეოებმა თავიანთი შრომა უნდა წარმოადგინონ  პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტიდან მეტ-ნაკლებად ამოჭრილი, ზედაპირული ჩარჩოს ფარგლებში – სულ ერთია ეს იქნება ომით, სიღარიბით თუ ავადმყოფობის ეპიდემიით განადგურებული ქვეყანა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუხერხებელ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში. ტყუილად კი არ ხდება ენჯეო თვალთახედვა მეტად და მეტად დაფასებული.

აპოლიტიკური (ამ დროს კი სინამდვილეში, ზედმიწევნით პოლიტიკური) გაჭირვების შესახებ ცნობები ღარიბი ქვეყნებიდან და საომარი ზონებიდან ბნელი ქვეყნების ბნელ ხალხებს პათოლოგიურ მსხვერპლებად წარმოაჩენს. კიდევ ერთი გამოუკვებავი ინდოელი, კიდევ ერთი მოშიმშილე ეთიოპიელი, ავღანელი ლტოლვილების კიდევ ერთი ბანაკი, კიდევ ერთი დასახიჩრებული სუდანელი… თეთრი კაცის დახმარების მოლოდინში.  ისინი უნებლიეთ ამტკიცებენ რასისტულ სტერეოტიპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ დასავლური ცივილიზაციის მიღწევებს, კომფორტს, და თანაგრძნობას, რომელშიც არ არის დანაშაულის განცდა გენოციდის, კოლონიალიზმისა და მონობის ისტორიის გამო. ისინი არიან თანამედროვე სამყაროს სეკულარული მისიონერები.

საბოლოოდ – უფრო მცირე მასშტაბით, მაგრამ შემპარავად – ენჯეოებისთვის ხელმისაწვდომი კაპიტალი იმავე როლს თამაშობს ალტერნატიულ პოლიტიკაში, როგორსაც სპეკულაციური კაპიტალი, რომელიც ღარიბი ქვეყნების ეკონომიკაში შეედინება და გამოედინება. ის იწყებს დღის წესრიგის კარნახს.

ის კონფრონტაციას მოლაპარაკებად აქცევს. ის წინააღმდეგობის დეპოლიტიზებას ახდენს. ის იჭრება ადგილობრივი ხალხის მოძრაობაში, რომელიც ტრადიციულად საკუთარი თავის იმედად იყო. ენჯეოების ფონდები ასაქმებს ადგილობრივებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტები შეიძლება ყოფილიყვნენ, მაგრამ ახლა მხოლოდ სასწრაფო, კრეატიულ პროდუქტს ქმნიან (და ამ გზით თავის გასატან თანხას გამოიმუშავებენ). ქველმოქმედებას მოაქვს მყისიერი ჯილდო როგორც გამცემისთვის, ისე მიმღებისთვის, თუმცა მის გვერდით მოვლენებს შეიძლება საშიში შედეგი ჰქონდეს. ნამდვილ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ასეთი მოკლე გზები არ ახასიათებს.

პოლიტიკის ენჯეოიზაცია წინააღმდეგობას ემუქრება წესიერი, გონივრული, ხელფასიანი, ცხრიდან ხუთ საათამდე სამუშაოდ გარდაქმნით. შიგადაშიგ წახალისებებით.

ნამდვილ წინააღმდეგობას აქვს ნამდვილი შედეგები. და არ აქვს ხელფასი.


თარგმანი მოამზადა მარიკა ტყეშელაშვილმა. (c) Platforma.ge

Leave a Reply

Your email address will not be published.