“ვარდების რევოლუცია”: მოდერნიზაციის დისკურსი და მემარცხენე სტუდენტური მოძრაობა

ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

შესავალი

წინამდებარე სტატიაში მსურს საქართველოს უახლოესი ათწლეულის ერთი მსხვილი და მეორე მცირე მასშტაბიანი ხდომილება ცალკ-ცალკე და ერთმანეთთან მიმართებით განვიხილო. ეს ხდომილებები 2003 წლის ნოემბრის “ვარდების რევოლუცია” და 21-ე საუკუნის საქართველოში პირველი მემარცხენე სტუდენტური მოძრაობის, “ლაბორტორია 1918”-ის დაფუძნებაა. პირველი ხდომილების შედეგთა ჯაჭვის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მასშტაბები დღეს უკვე მკაფიოა, ხოლო მეორე ხდომილების შედეგთა ჯაჭვმა კი ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს მისი მასშტაბები და მნიშვნელობა, რის ნიშნებსაც ზოგჯერ მუშათა და სტუდენტთა საერთო საპროტესტო მობილიზებებში, ზოგჯერ კი საუნივერსიტეტო სივრცეებში სხვადასხვა ტიპის მანიფესტაციებში ვხედავთ ხოლმე.

გავრცელებული აზრის მიხედვით “ვარდების რევოლუცია” თითქმის ანტინომიურ მიმართებაშია მემარცხენე სტუდენტურ მოძრაობასთან. ამ მოსაზრების მიხედვით “ვარდების რევოლუციის” დისკურსი თავისი თავიდან უბრალოდ განდევნის და გამორიცხავს ყველანაირ მემარცხენე დისკურსს და ამ უკანასნკნელის უბრალო რეპრესირებას ახდენს, რაზე დაყრდნობიდაც შემდგომ იქმნება მემარცხენე პოლიტიკური იდენტობები, რომლებიც “ვარდების რევოლუციას” ნეოლიბერალურ რევოლუციასთან აიგივებენ და შესაბამისად მათი პოლიტიკური პოზიციონირება “ან, ან”-ის ლოგიკით ხდება. სხვა სიტყვებით, მემარცხენე აქტივისტი ან “ვარდების რევოლუციასთან” ნეგატიურ მიმართებაშია ან ის მემარცხენე აქტივისტი არ არის.

ცხადია, ამ გაიგივებაში არის სიმართლე, თუმცა არასრული. იგივეობა “ვარდების რევოლუციასა” და “ნეოლიბერალურ რევოლუციას” შორის მძლავრი თვითგამომრკვევი ფაქტორი გახდა ნახსენები მეორე ხდომილებისთვის. მეტიც, შეიძლება ითქვას რომ იდენტობის ნეგატიური განსაზღვრება იყო ის, რაც გასაგებს ხდიდა ზოგჯერ ბუნდოვან და ზედმეტად ზოგად მოთხოვნებს. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია არის ის, რომ “ლაბორატორია 1918”-ში გაერთიანებული მემარცხენე აქტივისტები, რომელთა ჯგუფს თავადაც მივეკუთვნდებოდი და აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საორგანიზაციო აქტივობებში, ცდილობდნენ თავიანთი კოლექტიური იდენტობა დაემკვიდრებინათ არა “ვარდების რევოლუციასთან” ოპოზიციური მიმართებით, რასაც მაშინდელი პარტიული ოპოზიციური სპექტრი აკეთებდა, არამედ “ნეოლიბერალიზმთან” მიმართებით, რომელიც “ვარდების რევოლუციის” ერთგვარ მეტონიმად ფუნქციონირებდა.

ის რაც აქ მაინტერესებს არა იმდენად სტუდენტური მოძრაობის იდენტობის ნეგატიურ განსაზღვრულობაზე დაკვირვებაა, რაც საკმაოდ ფართოდ დამუშავებული თემაა როგორც ზოგადად ფილოსოფიურ დისკურსში, ისე სოციალური მოძრაობების კვლევებში, არამედ იმ ეჭვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც შემდეგ კითხვებს ბადებენ:  რამდენად არის ამ უკანასკნელის იდენტობის ნეგატიური განსაზღვრულობა პირველთან გარკვეული ნათესაობის დასტურიც? რა არის ის რაც ამ ორ დისკურსს, ჰეგემონურს და ოპოზიციურს ერთმანეთთან აკავშირებს? ხომ არ არის მეორე პირველით შესაძლებელი და ჰეგემონურის რა თვისებებს იმეორებს ის მასთან ოპოზიციაში?

ამგვარად, ჩემი თეზისი მდგომარეობს შემდეგში: გარდა იმისა, რომ “ვარდების რევოლუცია” და მემარცხენე სტუდენტური მოძრაობა ერთმანეთისგან განსხვავებულ დისკურსებს აწარმოებენ, ორივეს აერთიანებს მესამე, ერთგვარი მოდერნული მეტა-დისკურსი. იმას თუ რას ვგულისხმობ ცნებებში “მოდერნული” და “მოდერნიზატორული” ამას მოგვიანებით განვიხილავ, სადაც მოვახდენ თავად “მოდერნულობის” ცნების პრობლემატიზებას, მისი მრავალგვარობის ჩვენებასა არა მხოლოდ “ალტერნატიული მოდერნულობების” პარადიგმაში (ed. Gaonkar: 2001), რომელიც მოდერნული პროექტის განხორციელების კულტურულ მრავალფეროვნებებზე აკეთებს აქცენტს, არამედ თავად პარადიგმატულ “დასავლური მოდერნულობაში” მის სხვადასხვაგვარობათა ჩვენებასაც, რაც ამ სტატიასთან მიმართებით უფრო რელევანტური იქნება.

სტატიაში აგრეთვე შევეცდები დავაზუსტო მოდერნულობის ჩარჩოში “ვარდების რევოლუციის” იდეოლოგიური კოორდინატები, რათა განვსაზვროთ ის სპეციფიკურობა რაც ამ ქართულ მოდერნიზატორულ პროექტს აქვს და ის იდეოლოგიური ჩარჩო რასთან ოპოზიციაშიც იქმნება ქართული მემარცხენეობა, რომელიც ხშირად ამ შემოთავაზებული პარადიგმის შიგნით რჩება; ხოლო დომინანტურ პარადიგმაზე საუბარი შეუძლებელია ჰეგემონიის კონცეპტის გარეშე, რასაც მეორე თავში განვიხილავთ.

სტატიაში ურთიერთშენაცვლებადად გამოვიყენებ სახელდებებს “მემარცხენე სტუდენტური მოძრაობა,” “ქართული მემარცხენეობა” და ა.შ. რითაც აღვნიშნავ პირველ რიგში “ლაბორატორია 1918”-ს, რომელიც თუ პირველი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მკაფიოდ გამოხატული მემარცხენე შეხედულებების მატარებელი სტუდენტური გაერთიანება იყო, რომლის წევრთა ბაზაზეც მოგვიანებით რამდენიმე სხვა ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა, თუმცა ცხადია ქართული მემარცხენე აქტივიზმის “ლაბორატორია 1918”-თან გაიგივება უსამართლობა იქნება სხვა, დღეს უკვე გავლენიანი მემარცხენე გაერთიანებებისთვის, როგორებიც არიან მაგ. მწვანე მუშტი, თეთრი ხმაურის მოძრაობა და ა.შ. რომელთა წევრთა უმეტესობა არ ყოფილა “ლაბორატორია 1918” წევრი, თუმცა ისინი იზიარებენ იმ სპეციფიკურ მოდერნიზატორულ მახასიათებლებს, რის იდენტიფიცირებასაც სხვადასხვა ქართულ მემარცხენე მოძრაობებში ვცდილობ. ამიტომაც, ნაკლებ პრობლემური იქნება თუ მათაც ამ სტატიის ინტერესებიდან გამომდინარე “ქართული მემარცხენეობის” ქოლგის ქვეშ მოვიხსენიებ.

I

“ვარდების რევოლუციის” რევოლუციურობის განხილვა ხშირად საჯარო სივრცეში იმის მიხედვით ხდება იყო ის “სპონტანური” თუ “ყველაფერი გარედან დაიგეგმა”, ან იმის მიხედვით, დიდი იყო მასში “მასების მონაწილეობა” თუ ყველაფერი “სინამდვილეში ვიწრო ჯგუფებმა განახორციელეს”. ასეთი განხილვა კი არ გვაძლევს ამ ხდომილების შედეგთა ჯაჭვის მასშტაბების სათანადო ანალიზის საშუალებას. პირველი ნაბიჯი რაც “ვარდების რევოლუციის” ნახსენები ტიპის განხილვისგან დაგვაშორებს ეს რევოლუციის კონცეპტის გადასინჯვაა, მისი ისეთი კონცეპტით შეცვლა რომელიც ჩვენს ყურადღებას არა რევოლუციის წინმსწრები მოვლენებისკენ, არამედ მისი შედეგებისკენ მიმართავს.

არსებობს რევოლუციის ან უბრალოდ ხდომილების სხვა კონცეპტებიც, რომელთაგან ერთ-ერთი რომელიც ფრანგ ფილოსოფოსს ალენ ბადიუს ეკუთვნის, განსაკუთრებით სასარგებლოდ მეჩვენება. ხდომილების ბადიუსეული თეორია ხდომილების ჭეშმარიტებას ადგენს არა მისი საწყისი პროცესების რევოლუციის გარკვეულ ნორმატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნის დადგენით, არამედ ამ რევოლუციის შედეგებით, რომლებიც რეტროაქტიურად ახდენენ ხდომილების რევოლუციურად მონათვლას (Badiou: 2010 [2009]), ბადიუს მიხედვით რევოლუცია ან ხდომილება არ არის მოვლენა, რომელიც სადღაც უკანმოტოვებულ წარსულში ხდება, არამედ სუბიექტივაციის პროცესიც, რომელიც ამ რევოლუციური ხდომილებისადმი ერთგულ სუბიექტებს წარმოშობს და ქმნის ხდომილების სპეციფიკურ აღქმას.

სხვა სიტყვებით, ბადიუსეული კონცეპტი რევოლუციას განიხილავს არა მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლებასთან მიმართებით, არამედ სუბიექტურობასთან მიმართებითაც, რომელსაც ის აწარმოებს, ესე იგი, სამყაროს შემეცნების გარკვეულ სტრუქტურებს ან სამყაროს ახლებულ სურათს რომელიც შესაძლოა ხდომილებამდეც არსებობდა, თუმცა ის  დომინანტურ დისკურსს არ აწესრიგებდა. ამდენად, კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ შემდეგი შეკითხვა: რამდენად შეძლო “ვარდების რევოლუციამ” შეექმნა ახალი ჰეგემონია და დაემკვიდრებინა პოლიტიკის კეთების სპეციფიკური პარადიგმა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დღეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე თუნდაც მაშინ, როცა რევოლუციის მთავარი სუბიექტი, ესე იგი, “ნაციონალური მოძრაობა,” კვლავ მთავრობაში იყო.

II

იმისათვის რომ ამ რეტროაქტიური ქმედების ეფექტურობა გასცდეს რევოლუციის უშუალო მხარდამჭერთა რიგებს, საჭიროა რევოლუციურმა ძალებმა შეძლონ ჰეგემონიის დამყარება, რაც მოიცავს ერთგვარი ინტერპრეტაციული ჰორიზონტის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც, ამ შემთხვევაში, რევოლუციური ცვლილებების დასაბამი ფართო საზოგადოების თვალში უკვე გარკვეული ისტორიული აუცილებლობის შედეგად მოჩანს, რომელიც პრერევოლუციურ სიტუაციაში სულაც არ იყო ნათელი, თუმცა ნათელია დღეს, ახალ დროში.

ჰეგემონიის კონცეპტი აქ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, რადგან მისით შევძლებთ “ვარდების რევოლუციის” იდეოლოგიური კოორდინატების მონიშვნას. კოორდინატების რომელთა ჩარჩოშიც შესაძლებელი ხდება გასაგები საჯარო პოლიტიკის წარმოება. აქ ხაზს ვუსვამ სიტყვას “გასაგებს,” რამდენადაც ის გულისხმობს საჯარო სივრცის ისეთ სტრუქტურირებას რომელშიც პოლიტიკური პოზიციონირებისთვის ადგილები წინასწარგანსაზღვრულია, რაც არ გულისხმობს იმას რომ ამ ჩარჩოში ყველა შესაძლო პოზიცია ყველასთვის მისაღები იქნება. არამედ ეს გულისხმობს გარკვეულ შესაძლებლობათა არეს განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ბრძოლა ფართო მასებისთვის გასაგებია.

“ვარდების რევოლუციის” ყველაზე ზოგადი დახასიათება ალბათ მისი მოდერნიზატორული ამბიციის იდენტიფიცირებით უნდა დავიწყოთ, რომელიც 2003 წლის ნოემბრის ხდომილებით ბინარული ოპოზიციების მთელ ახალ წყებას ადგენს, რომელშიც თითოეული აღმნიშვნელი თუ ხატი არა მხოლოდ აღწერით, არამედ მოდერნისტულ მეტაფორულ ძალასაც ატარებს: “ბნელი 90იანები”/”თბილისი სინათლის ქალაქი”, “კორუმპირებული პოლიცია”/”პოლიციის გამჭვირვალე შენობები,” “საბჭოთა კავშირი ან რუსეთი/დასავლეთი,” “დაბინძურებული საჯარო სივრცეები”/”თბილისი სისუფთავის ქალაქი,” “კლანური ეკონომიკა”/”თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა,” “რუსული ენა და უკომპიუტერობა”/”ინგლისური და კომპიუტერი,” “ნაცრისფერი ქალაქი/ფერადი ქალაქი,” “არშემდგარი სახელმწიფო”/”ძლიერი ჯარი,” “ზანტი ბიუროკრატია”/”ბიზნესის რეგისტრაცია 10 წუთში”, “სტაგნაცია”/”შეუქცევადი პროგრესი”, “ეკონომიკური უძრაობა”/”ეკონომიკური ზრდა”, “შოვინიზმი”/”ტოლერანტობა”, “ეთნიკური ნაციონალიზმი”/”ანტი-რუსული სამოქალაქო ნაციონალიზმი” და ა.შ.

ნაციონალური მოძრაობის უფრო გვიან პერიოდში კი ჩნდება ისეთი გამოთქმა როგორიც “წარსულში დაბრუნებაა” და მას თან ერთვის პროგრესის შეუქცევადობაში დაეჭვება. ყველა ეს აღწერითი მეტაფორა, რომელიც საჯარო დისკურში აუცილებლად მის ოპოზიტთან ერთად გვხვდებოდა ხოლმე, ყველაზე უკეთ გამოხატავს ვარდების რევოლუციის მოდერნიზატორულ ეთოსს, რომელშიც დრო ხდომილებასთან ერთად ორად იხლიჩება, წარსული უფრო და უფრო გვშორდება, ხოლო მომავალი ყოველდღიურად მოდის, რისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მუდმივ განახლებასა და სიახლეზე მითითება იყო, რომელიც “პირველად საქართველოში” ფრაზით გამოიხატება. “პირველად საქართველოში” ხდება რაღაც, რაც თანამედროვეა, რაც “დასავლურ დროს” შეესაბამება, რასაც ვერ შეესაბამება ის, ვინც ან რაც საქართველოს ძველ დროს მისდევს.

ბრუნო ლატური ნაშრომში “არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები” წერს:

 “[მოდერნისტებს] ყველაფრის შენახვა, ყველაფრის დათარიღება სურთ, რადგან ჰგონიათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტეს კავშირი თავიანთ წარსულთან. რაც მეტ რევოლუციას აგროვებენ, მით უფრო სათუთად უდგებიან კონსერვაციის საქმეს; რაც მეტი კაპიტალიზაცია უგროვდებათ, მით უფრო ზრდიან მუზეუმებში გამოფენათა მასშტაბს. მანიაკალური ნგრევა სიმეტრიულად ანაზღაურდება ასეთივე მანიაკალური კონსერვაციით. რადგან წარსული სამუდამოდაა გადაყლაპული, ისტორიკოსები კიდევ უფრო სათუთად უდგებიან მისი დეტალური აღდგენის საკითხს. მაგრამ განა ვართ ჩვენ წარსულისგან ისე დაშორებულები, როგორც გვინდა რომ გვჯეროდეს? – არა, რადგან მოდერნულ დროითობას არავითარი მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დროის გასვლაზე. მაშასადამე, წარსული არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ ბრუნდება კიდევაც. თუმცა ეს კვლავ გამოჩენა მოდერნულთა გაგების უნარს სცილდება. ამიტომაც, ისინი მას განდევნილის დაბრუნებად განიხილავენ. მისგან არქაიზმი გამოჰყავთ. “ყურადღებით თუ არ ვიქნებით, კვლავ წარსულში დავბრუნდებით, კვლავ ბნელ ხანაში აღმოვჩნდებით” – ფიქრობენ ისინი. ისტორიული რეკონსტიტუცია და არქაიზმი – ორივე სიმპტომია იმისა, რომ მოდერნულები უუნარონი არიან აღმოფხვრან ის, რაც უნდა აღმოიფხვრას დროის გასვლის შთაბეჭდილების შესაქმნელად.” (ლატური: 2014 [1991])

ის რასაც მოდერნისტები “წარსულს” უკეთებენ ეს მისი მონიშვნა, დათარიღება და გამუზეუმებაა. მისი იზოლირება და დისკურსში ადგილის მიჩენა იმის საპირისპიროდ, რაც მოდერნულ, თანამედროვე, ახალ დროს აღნიშნავს. ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ მოდერნისტები “რეალობაში” არაფერს ცვლიან და ყველაფერი მხოლოდ დისკურსის ველზე ხდება (დისკურსი ყოველთვის მატერიალურ პრაქტიკებში ხორციელდება). თუმცა, ის რაზეც ბრუნო ლატური ყურადღებას გვამახვილებინებს არის მოდერნისტული დისკურსის ცენტრალური პრაქტიკის, წარსულ და აწმყო დროებად რეალობის სუფთა დაყოფა, რომელიც მისი მტკიცებით ყოველთვის მედიაციის კონტრპროცესებითაა შერყვნილი. ეს კი ჰეგემონურ მოდერნულ დისკურსში ქმნის ხვრელებს, საიდანაც წარსული განუწყვეტლივ შემოედინება და ეჭვქვეშ აყენებს მოდერნისტთა შეუქცევადი პროგრესის რწმენას. საქართველოს კონტექსტში ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო “წარსულის დაბრუნების” რიტორიკის ინტენსიფიკაციისას, როცა თითქოს უკვე წარსულის აჩრდილებმა თანდათან სხეულებრიობა შეიძინეს და მოდერნისტულ პროექტს საფრთხეც კი შეუქმნეს.

2005 წლის ესეში, გია ნოდია “ვარდების რევოლუციის” მოდერნიზატორთა ამბიციებს შემდეგნაირად აღწერს, “მათთვის საკმარისი არ არის ქვეყნის გადარჩენა, მათ მისი შეცვლა სურთ – ისინი მოდერნიზატორები არიან. ისინი ახალგაზრდა თურქთა პარადიგმას ეკუთვნიან… ისინი არ აპირებენ დაცდას.” იქვე ის უფრო სიმპტომატურ რამეს წერს:

“მიუხედავად იმისა რომ მათ აქვთ ზოგადი რწმენა საქართველოსა და ქართველი ხალხის, ისინი ასევე ფიქრობენ რომ დღეს ქართველი ხალხი ავადმყოფობს – საბჭოთა ტრადიციების მემკვიდრეობისგან და უფრო ადრე რუსულ იმპერიაში ცხოვრების გამო. მავნე და კორუმპირებული პრაქტიკები ფესვგადგმულია წარსულში და ამ ავადმყოფობის გამომხატველია. მაშასადამე, ახალგაზრდა, მოტივირებულ და პროგრესულ ელიტას სჯერა რომ ავადმყოფობა განკურნებადია მკაცრი, უსიამოვნო ზომებით. რევოლუცია არ დასრულებულა ყოფილ პრეზიდენტ შევარდნაძის ჩამოგდებით – ის გრძელდება როგორც უფრო ღრმა რევოლუცია იმ ღრმად გამჯდარი სოციალური პრაქტიკების წინააღმდეგ (‘კორუფცია’ მათთვის მხოლოდ კოდური სახელწოდებაა), რომელთა განსახიერება ბატონი შევარდნაძე იყო. ამ დღისწესრიგის აღსაწერად არავინ იყენებს ცნებას ‘კულტურული რევოლუცია, თუმცა საბოლოო ჯამში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე.” (Nodia: 2005 [ჩემი თარგმანი, იტალიკები ავტორს ეკუთვნის])

ცოტა ადრე კი ის აღწერს მოდერნიზატორი ელიტის კულტურულ სპეციფიკურობას, რომელიც ჩვენ ასე შეგვიძლია შევაჯამოთ: ფიგურალურად ისინი ფლობენ “ინგლისურსა და კომპიუტერს,” არ აქვთ კავშირი “საბჭოთა წარსულთან,” ისინი თავიანთი განათლებითა თუ საქმიანობით დაკავშირებულები არიან “დასავლეთთან” და ამდენად ისინი “დასავლური დროით” ცხოვრობენ, ხოლო “მათი სოციალური წინსვლა დამოკიდებული იყო არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ქსელებში მონაწილეობაზე”(Nodia: 2005). ამგვარად, ამ ნარატივის მიხედვით, რომელიც ასევე მოდერნულია, “ვარდების რევოლუციის” ხდომილებას ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოჰყავს ორი სუფთად განსხვავებული და გამიჯნული დრო, დასავლური, ახალგაზრდა, პროგრესზე ორიენტირებულ და ცუდ მემკვიდრეობაზე დაშენებული ადგილობრივი, საბჭოთა, ძველის შენარჩუნებაზე ორიენტირებული დროები, რომლებიც ახალს არაფერს ქმნიან.

“ხალხთან” მოდერნიზატორული ელიტის მიმართება ამბივალენტურია, ერთი მხრივ ის დაფუძნებულია დერეგულირებული საბაზრო ეკონომიკისადმი რწმენაზე, რომლის მიხედვითაც ბაზარზე მოქმედი აქტორები რაციონალური აგენტები არიან, რომლებმაც ყველაზე უკეთ უწყიან თუ რა არის მათი ინტერესისთვის საუკეთესო და შესაბამისად ერთადერთი რაც ბაზარს სჭირდება, ეს დერეგულაციაა; ხოლო მეორე მხრივ მოდერნიზატორული ელიტა ხვდება იმასაც რომ ბაზარზე მოქმედი “რაციონალური აგენტი” არ არის თავისთავადად მოცემული და მას სოციალური ინჟინერია, წარმოება სჭირდება ან წარმოება და “გათავისუფლება საბჭოთა მემკვიდრეობისგან.” როგორ უნდა მოხდეს ორივე ერთად? როგორ უნდა შეეწრყას ერთმანეთს “ხალხისადმი” რწმენა და მათი გარდაქმნის/”განთავისუფლების” სურვილი?

III

კიდევ ერთხელ რომ ვცადო “ვარდების რევოლუციის” მოდერნული კონსტიტუციის გამორკვევა, შევეცდები ეს უფრო ნათლად ჩამოვაყალიბო. ერთი მხრივ, გვაქვს მოდერნულობის ზოგადი ცნება, რომელიც მათ შორის “ვარდების რევოლუციის” მოდერნულობასაც მოიცავს, ხოლო მეორე მხრივ, “ვარდების რევოლუციის” მოდერნულობის სპეციფიკური ცნება, რითაც ეს ზოგადი ცნება შეიძლება დავაზუსტოთ ან შევასწოროთ. მოდერნულობას “როგორც ასეთს” მრავალი განსაზღვრება აქვს და ერთი-ერთი შეიძლება ესეც იყოს: მოდერნულობის პროგრამა ეს არის სხვა მომავლისთვის აწმყოს რადიკალური კრიტიკა, აქცენტით ადამიანის აგენტობაზე. “მათ გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველო შეიძლება გახდეს დასავლური სახელმწიფო… და რომ ეს მალე შეიძლება მოხდეს. ისინი არ აპირებენ დაცდას. თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ისინი მას ‘პოლიტიკურ ნებას’ უწოდებენ