ავტორი: თამუნა ქებურია

 ილუსტრაციის ავტორი  GOGI KAMUSHADZE. (Coda Story)

ბრძოლა პანდემიასთან

ბრძოლის სტრატეგიები, კონტროლის მეთოდები და ფიქრები პოსტ-კორონა სამყაროზე

COVID 19-ის ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომლის გავრცელების სიჩქარე დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილების სიჩქარის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა, პარადიგმულად შეცვალა როგორც ადამიანთა ყოველდღიური ყოფა და ჩვევები, ისე გლობალური წესრიგი. ნაადრევია დასკვნების გამოტანა იმაზე, თუ რა სახის პოლიტ-ეკონომიურ თუ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მოიტანს ეს რეალობა, თუმცა უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მიმდინარე გარდაქმები მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალ დეკადებს. მაგალითად, თუ აქამდე სახელმწიფოთა დემოკრატიული მართველობის მიდგომები პროგრესის და განვითარების წინაპირობად სახელდებოდა, დღეს ეს დაშვება უფრო მეტად დგება კითხის ნიშნის ქვეშ, და შეიძლება ითქვას, გლობალური ჰეგემონია ავტორიტარიზმის და ძლიერი მმართველობითი რეჟიმებისკენ იხრება[1] [2][3]. ამ პირობებში მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები იმაზე, თუ რა ემართება პოლიტიკას, როგორ რეაგირებენ არსებულ მოვლენებზე სახელმწიფოები, როგორც იცვლება დისკურსი კოლექტიურ მოქმედებაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე? როგორი იქნება ცხოვრება პოსტ-კორონა სამყაროში და რა როლს ვითამაშებთ ჩვენ, რიგით ადამიანები ამ გარდაქმნებში?

პირველი და ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება, რომელსაც მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებისას მეტ-ნაკლებად კრიტიკული ხედვით მომზირალი ადამიანი შეამჩნევდა, არის სახელმწიფოს ცნების, მისი როლის და ფუნქციის რენესანსი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოების და მათი აღმასრულებლი მთავრობების მნიშვნელობა უკიდურესად გაფერმკთალდა და „მცირე სახელმწიფოს“ თუ „ნეოლიბერალური მმართველობის“ მოდელამდე დავიდა. ამის მიუხედავად, ადამიანთა მოდგმის წინაშე დამდგარმა ბიოლოგიურმა საფრთხემ გარდაუვალი გახადა სახელმწიფოთათვის ძალაუფლების დაბრუნება, რათა მათ შესძლებოდათ განეხორციელებინათ ის უპირველესი, ჰობსიანური დანიშნულება, რაც მოქალაქეთა დაცვას, წესრიგის დამყარებას და არსებული საფრთხეების განეიტრალებას გულისხმობს.  

არსებულ ეტაპზე, პანდემიასთან ბრძოლის მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ აზიურმა სახელმწიფოებმა უფრო უკეთ გაართვეს თავი მიმდინარე საფრთხეებს, ვიდრე ევროპულმა სახელმწიფოებმა[4] [5]. ყოველდღიურად იკლებს დაავადებულთა რაოდენობა ჰონგ კონგში, ტაივანში და სინგაპურში. სამხრეთ კორეამაც, ისევე როგორც იაპონიამ, შეძლო ყველაზე მძიმე პერიოდის უკან მოტოვება. თავად ჩინეთმაც კი, რომელიც ვირუსის გავრცელების პირველწყაროა, წარმატებით მოახერხა პროცესების მართვა და კონტროლის დაბრუნება.

სხვა რეალობა დგას ევროპაში, სადაც ექსპონენტურად იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა. იტალიის და ესპანეთის საავადმყოფოებში ექიმებს ყოველდღიურად უწევთ მიიღონ გადაწყვეტილება ვენტილატორებიდან მოხსნან ხანდაზმულები, რათა ახალგაზრდები გადაარჩინონ. დღეს ევროპა იქცა ადგილად, სადაც არავინ ისურვებდა წასვლას ან ყოფნას. როგორც ერთ-ერთ რეპორტაჟში რიგითმა კორესპოდენტმა აღნიშნა „დღეს ევროპიდან ყველა გარბის, ვისაც კი გასაქცევი აქვს“. 

ვირუსის დამარცხების თუ ვირუსთან დამარცხების ამ ტრაექტორიების ფონზე მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, თუ რა უპირატესობა გააჩნია ვირუსთან ბრძოლის აზიურ მოდელს ევროპულ მოდელთან შედარებით? ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ხშირად სახელდება “აღმოსავლური მენტალობა,”რომელსაც კონფუციანიზმს უკავშირებენ ხოლმე. ამ დაშვების თანახმად მიჩნეულია, რომ იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, ჰონგ კონგში, ტაივანში და სინგაპურში ადამიანები უფრო მეტად ემორჩილებიან მითითებებს და მეტად ენდობიან სახელმწიფოს, ვიდრე ევროპაში. თუმცა ეს არგუმენტი ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა, რაც უფრო მკაცრდებოდა ზომები ევროპის ქვეყნებში. ევროპის სახელმწიფოებმა ბევრი ზომა გაატარეს იმისთვის, რათა კონტროლის ქვეშ მოექციათ მათი მოქალაქეების გადაადგილების, შეკრების, თუ არჩევანის თავისუფლება, რაც მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთოების მოტივაციებით იყო განმარტებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვან განმასხვავებელად სახელდება პირბადეებისა და ნიღბების ტარების კულტურა. მაშინ, როდესაც აზიის ქვეყნებში პირბადეების და სანიტარული ხელთათმანების ტარება ყოველდღიურ სოციალურ პრაქტიკას წარმოადგენს, ევროპის ქვეყნებში ეს პრაქტიკა სოციალური სტიგმაა. როგორც არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, ეროპის ქვეყნებში ნიღბის ტარებას ნეგატიური სოციო-კულტურული კონოტაცია გააჩნია და ის კრიმინალთან, ხულიგნობასთან, ანდაც პოლიტიკური წინააღმდეგობის აქტთან ასოცირდება. დღეს ამას ემატება ნიღბებზე არსებული დეფიციტი. იმის გამო, რომ წარსულში პირბადეების წარმოება მთლიანად აზიურ ქვეყნებში იყო გატანილი, ევროპის სახელმწიფოები პირბადეების ნაკლებობაა, ხოლო თავად ეს აზიური სახელმწიფოები კი თავიანთი მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც ძლივს ახერხებენ (ესეც იმის ხარჯზე, რომ ზოგმა საწარმომ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში წარმოების პროფილი შეიცვალა და დღეს მხოლოდ პირბადეებს აწარმოებენ). ამ დროს კი ევროპის სახელმწიფოებში არა თუ რიგით მოქალაქეებს, არამედ თავად სამედიცინო პერსონალსაც კი არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის პირბადეები. 

პანდემიასთან ბრძოლის აზიური და ევროპული მოდელების ზემოთ ჩამოთვლილი განსხვავებების გარდა, გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც კრიტიკულად შეცვალა ვირუსის გავრცელების სცენარი და ხელი შეუწყო აზიის სახელმწიფოების დაწინაურებას, იყო ის, რომ აზიაში ეპიდემიას ვირუსოლოგებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მეცნიერები და დიდი მონაცემების ანალიზის სპეციალისტებიც ებრძოდნენ[6]. მაშინ, როდესაც ევროპის სახელმწიფოებმა საგანგებო სიტუაციაში პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიად საზღვრების ჩაკეტვას და მკაცრი ღონისძიებების გატარებას მიმართეს[7], ამ გადაწყვეტილებამ ისინი ჩაკეტა არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პარადიგმულადაც. ევროპის სახელმწიფოების ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ ისინი დღემდე ჩაკეტილობისა და შემოსაზღვრულობის იმ დრომოჭული მოდელებით ოპერირებენ, სადაც მართვა და კონტროლი ზედამხედველობითი ფუნქციის მქონე ბიურუროკრატიზებულ ორგანოებშია კონცენტრირებული, რომელთა უფლებამოსილება ნეგატიურურობისა და უარყოფის პოლიტიკაზე გადის. კერძოდ მაშინ, როდესაც სხვა არაევროპული ქვეყნებიც მიმდინარეობდა საზღვრების კონტროლი და საერთაშორისო ნაკადების შემცირება, ევროპის შემთხვევაში ეს დამატებით მნიშვნელობას იძენდა იმდენად, რამდენადაც ამით ევროპის სახელმწიფოები იბრუნებდნენ ძლაუფლების გატარების იმ მოძველებულ მოდელს, სადაც მოქალაქრთა დისციპლინირება დასჯის და კონტროლის მეთოდით მიმდინარეობდა. ამდენად, კრიზისული სიტუაციის მართვის ეს მიდგომები მოქმედებდა აკრძალვების დაწესებით, და არა დაშვებების შეთავაზებით, რაც  თავის მხრივ მათ ზედმეტად ჩამორჩენილს, მოუქნელს და ტლანქს ხდიდა დღევანდელ პოსტ-ინდუსტრიული, გლობალიზებული და ქსელური სამყაროსთვის. 

ამის საპირისპიროდ, ჩინეთში, ისევე როგორც სხვა აზიურ სახელწიფოებში, ვირუსთან ბრძოლის მთავარ სტრატეგიად ციფრული მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებებში არსებული სათვალთვალო კამერების მიერ მოქალაქეთა „ონალიან თრექინგი“ და დიდი მონაცემების ცენტრალიზებული მართვა იყო გამოყენებული[8]. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემებმი არა მხოლოდ სამთავრობო ცენტრებში თუ მართვის და კონტროლის ინსტიტუციებში იყრიდა თავს, არამედ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, რათა ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა წვდომა ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ ვინ არის ინფიცირებული, სად იმყოფებოდნენ ეს ინფიცირებული ადამიანები ბოლო ორი კვირის განმავლობაში და რა ტრაექტორიით გადაადგილდებოდნენ ისინი ქალაქის ქუჩებსა თუ საჯარო დაწესებულებებში. უფრო მეტიც, ვუჰანში, გარდა ვირუსოლოგების და ეპიდემიოლოგების ჯგუფებისა, კრიზისის მართვაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები დიდი მონაცემების დამუშავების, IT ტექნოლოგიების და ციფრული მონაცემების ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ტოტალური თვალთვალისა და მონაცემების შეგროვება-ანალიზის პირობებში სწავლობდნენ და ავრცელებდნენ წარმოუდგენელი მოცულობის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იყო ინფიცირებული, ვინ პოტენციური ინფიცირებული და ვინ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას თუ კარანტინში გადაყვანას.

დღეს უკვე ფაქტია, რომ დიდი მონაცემების შეგროვებამ და ანალიზმა უფრო მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ვიდრე მაგალითად საზღვრების ჩაკეტვამ ან საზოგადოების ზემოდან-ქვემოთ კონტროლმა. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა კრიზისთან ბრძოლის ამ სცენარში ითამაშა იმან, რომ აზიური სახელმწიფოების შემთხვევაში მაკონტროლირებელ ერთეულებად არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები ან სამთავრობო ორგანოები მოგვევლინენ, არამედ ტოტალური კონტროლის დაწესებისა და კრიზისის მართვის პროცესში თითოეული მოქალაქე და ადგილობრივი მცხოვრები აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ბიოლოგიური საფრთხის წინაშე მდგომი ინდივიდები ენთუზიაზმით ცვლიდნენ ინფორმაციას მათი თუ მათი გარშემომყოფი ადამიანების ინფიცირების შესახებ, ისინი დიდი მოტივაციით ერთვებოდნენ მონაცემების შეგროვების თუ მიწოდების იმ ცენტრალიზებულ პრაქტიკაში, რაც თავის მხრივ ცდილობდა დაავადებული სხეულების ლოკალიზებას და მათ მიერ დაბინძურებული გარემოს გამოვლენას.  

კრიზისთან ბრძოლის ჩამოთვლილი მეთოდების კრიტიკული ანალიზისას, მნიშვნელოვანია რიგითმა ადამიანებმა დავსვათ კითხვა, თუ რატომ დავდექით ამ არჩევანის წინაშე, სადაც მართვის ორი სხვადასხვა რეპრესიულ მოდელს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი, და ცოტა ხნით დავივიწყოთ სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის, საყოველთაო კეთილდღეობის, კოლექტიური წინააღმდეგობის გაწევის და საბოლოოდ ძალაუფლების დაპატრონების მიზნები? რატომ ჰქონდა გუშინდელ სისტემას იმუნიტეტი იმდენად დაქვეითებული, რომ მან სისტემის შიგნითვე ვერ შეძლო ანტივირუსების შექმნა და მართული ჩარევების გარეშე თვითმყოფადობის შენარჩუნება? როგორი იქნება ის ახალი წესრიგი, რომელსაც დღევანდელი  შოკური სიტუაცია მოიტანს?

ნაივურია ვიფიქროთ, რომ ამ ვირუსს გააჩნია პოტენციალი დაამარცხოს კაპიტალიზმი და გააჩინოს ახალი წესრიგი. ეს ვირუსისთვის ზედმეტად დიდი აგენტურობის მინიჭება იქნებოდა. ერთადერთი, რაც კორონავირუსმა შექმნა, არის კიდევ უფრო დაყოფილი და დაპირისპირებული საზოგადოება. ამ ვირუსმა ჩვენ ახალ ბრძოლაში გადაგვისროლა – ჩვენი ბიოლოგიური კოდის გადარჩენის ბრძოლაში. დღეს წარმოებული სოლიდარობის განცდა, რომელიც სოციალური დისტანცირების აქტებში ვლინდება, ილუზორულია და ინდივიდუალისტური მოტივებითაა ნაკარნახევი, რადგან ის არ ატარებს საზოგადოების გაერთიანების და კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბების პოტენციალს. უფრო მეტიც, დღეს თავად „კოლექტიურობაც“ კი საშიშ და საფრთხის მატარებელ აქტად გაფორმდა. შესაბამისად დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჰორიზონტების გაფართოებაზე და თვისებრივად ახალი მოქმედების მოდელების გამოგონებაზე. 


[1] Authoritarianism in the Time of the Coronavirus

[2] Do Authoritarian or Democratic Countries Handle Pandemics Better?

[3] The myth of authoritarian coronavirus supremacy

[4] Coronavirus: What could the West learn from Asia?

[5] Tracking the Coronavirus: How Crowded Asian Cities Tackled an Epidemic

[6] China uses big data analysis to contain epidemic

[7] Coronavirus: Europe plans full border closure in virus battle

[8] Coronavirus in China | DW Documentary


თვალსაზრისი მომზადებულია პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პუბლიკაციის/ტექსტის კომერციული მიზნებით გამოყენება, იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.