ორიოდე სიტყვა ქვეყანაში განვითარებული მედიაცირკის შესახებ

ავტორი: გიორგი ჯოხაძე, მედიის კვლევების მაგისტრანტი

 საქართველოში კორონავირუსის გაშუქების პროცესი დიდად არ განსხვავდება ჩვენს მედიაში ზოგადად არსებული და იმთავითვე დანერგილი არაკვალიფიციური, ეპატაჟსა  და სკანდალზე ორიენტირებული სტანდარტებისა და პრაქტიკებისგან.  ქვემოთ ვეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან, ქრონოლოგიურ ეპიზოდად შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე:

პირველი დღეები

გვახსოვს, პირველ დღეებში მთავარი ონლაინ და სატელევიზიო საშუალებები როგორ გამალებით ცდილობდნენ პირველი მსხვერპლის, პირველი ინფიცირებულის აღმოჩენას. ეს რბოლა პირველობისთვის, რაღაცით ვირთხების რბოლასაც დაემსგავსა, ან თუ უფრო ზუსტები ვიქნებით, კუდიანებზე ნადირობას, რადგან რამდენიმე დღე პირდაპირ ეთერში, ტელეეკრანებიდან ვუყურებდით როგორი უდიდესი იმედგაცრუება ეუფლებოდათ ტელეწამყვანებსა და რეპორტიორებს, როდესაც მორიგი არასწორი წყაროს გადამოწმების შემდეგ აღმოაჩენდნენ, რომ პირველი ინფიცირებული ჯერ კიდევ არ არსებობდა ქვეყანაში. პროცესი იმგვარად წარიმართა, თითქოს გლობალური ,,სიკვდილის მთესავი“ პანდემიის შესახებ კი არ ეძებდნენ და აშუქებდნენ ინფორმაციას, არამედ, ბომონდის რომელიმე წარმომადგენლის უიქენდური წვეულების სკანდალურ დეტალებზე გვაწვდიდნენ ექსკლუზიურ ინფორმაციას. ამ ყველაფრის სადიაგნოზო, ლოგიკური  და ილუსტრირებული დასასრული იყო, როგორ გამოაცხადა ერთ-ერთმა ოპოზიციურად განწყობილმა სატელევიზიო მაუწყებელმა პირველი ინფიცირებულის აღმოჩენის შესახებ: წამყვანები პირდაპირ ეთერში (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ) ვერ მალავდენ კმაყოფილების შეგრძნებას, რომ დიახ, ეს მათგან გავიგეთ, ერთ-ერთი პირველები აღმოჩნდნენ ამ საშიში და სრულიად უსიამოვნო ინფორმაციის შეტყობინებისას.  პირველ დღეებში, ქვეყანაში შექმნილი პანიკური სიტუაცია,გარკვეულწილად,  იმის ბრალიც იყო, რომ მედია არცერთ ეტაპზე  არ ფიქრობს საზოადოებრივად, სახალხოდ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი სოციალური მნიშვნელობის აღქმა, ისინი მუდამ და ყველაფერში, ყველაფრის ფასად განურჩევლად საკითხისა და სიტუაციისა, ცდილობენ ექსკლუზივი გამოადნონ, რაც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებსა და წესრიგთან.

ვირუსის მიმდინარეობის პროცესი

მას შემდეგ, რაც ცხადი და ნათელი გახდა, რომ ეპიდემია გავრცელდა და საქმე გვაქვს საკმაოდ გრძელვადიან პროცესთან, რომელსაც თან ერთვის საგანგებო მდგომარეობა, სამსახურების გაჩერება, ეკონომიკური კრიზის დაწყება და ა.შ. მედიის როლი ამ პროცესში წესით უნდა განსაზღვრულიყო, როგორც არა უბრალო ინფორმაციის მიმწოდებლისა, არამედ როგორც  ანალიზისა და პროგნოზირების, უფრო აკადემიური  სახის კონტენტის შემქნელისა, რათა საზოგადოებას მიეღო ამომწურავი და პრაგმატული ინფორმაცია შეცვლილი მომავლის შესახებ. რა თქმა უნდა, სიტუაცია რადიკალურად სხვაგვარად განვითარდა, მსხვილმა თუ მცირე ონლაინ და სამაუწყებლო მედია საშუალებებმა, ამ პროცესში დაიწყეს საკუთარი განტევების ვაცების ძიება, ოპოზიციურად განწყობილი მედია  ხელისუფლების ქმედებებში ეძებს შეცდომებს, რომლებიც სავალალო უნდა აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის (მაგ. ტესტების საქმე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ა.შ.), პრო სახელისუფლებო მედია ორიენტირებულია არა საკითხის გაშუქებით, არამედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პარტიების ქმედებების გამოაშკარავებით,  „ასავალ-დასავალი“ და მსგავსი ტიპის სრულიად ეპატაჟური, ორღობის გამოცემები ყველაფერში შეთქმულების თეორიების ძებნითა და დაავადების ღვთის სასჯელად გამოცხადებით არიან დაკავებულნი. მოკლედ, სახეზე გვაქვს ქართული მედიის ლუსტრაციის უდიდესი პრეცედენტი. ძნელია საქართველოს ისტორიაში (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) მოძებნო პერიოდი, როდესაც  მედია ასეთი შიშველი, ასეთი მახინჯი და ასეთი უსახო ყოფილიყო. 

საპატრიარქოს ამბავი  და ფარდის მიღმა სიტუაცია

ეპიდემიის გავრცელების საშიშროებამ თავისთავადად წარმოშვა მასობრივი თავყრილობების შეზღუდვის საკითხი. აიკრძალა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები, ეტაპობრივად შეიზღუდა 10 ადამიანზე მეტის შეკრება და ა.შ. ამ პროცესში, საპატრიარქომ გადაწყვიტა რეკომენდაციათა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისევ იმართება წირვა-ლოცვები, ზიარების რიტუალი ისევ საერთო კოვზით მიმდინარეობს და ა.შ. ეს კი, ეპიდემიური აფეთქებების საკმაოდ მაღალ რისკს ქმნის, რადგან წარმოუდგენელია ყველა ტაძარში გაკონტროლდეს დისტანციასთან დაკავშირებით მიღებული ზომები, მაღალი საფრთხეა ინფიცირებულიდან საერთო კოვზით გადავიდეს ვირუსი  და ა.შ. ამ ვითარებაში, მედია აქტიურად აშუქებს მრევლისა და სამღვდელო პირების კომენტარებსა და ქმედებებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი მობილიზებულად ცდილობენ ამ პროცესიდანაც არა გამოსავლის, არამედ სკანდალის გამოდნობას. კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტების ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება გავლენა იქონიეს  საპატრიარქოს მხრიდან დისტანცირებასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე, რაც ცალსახად დადებითად შეიძლება შევაფასოთ. ამავდროულად, ამ კონკრეტულმა ქეისმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ მედია ამას საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვის  გამო ცდილობს, რადგან მისი(მედიის) ამგვარი მაკონტროლებელი როლი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინსტიტუციას შეეხო. არავინ აკონტროლებს, არავინ საუბრობს კაზინოების ფუნქციონირებაზე. დღესდღეობით (და ზოგადადაც), კაზინო და სათამაშო დაწესებულებები ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილებია ადამიანებისთვის (დისტანციის არ არსებობა, მუდმივი შემხებლობა საგნებთან, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში, დახურულ სივრცეში სხვა ასობით ადამიანი ეხება და ა.შ.). საკითხის მონიტორინგი მცირე გამონაკლისის გარდა არცერთი მედია საშუალების მხრიდან არ მიმდინარეობს. ამ სფეროს მუშაობაზე ბოლო დღეებში ერთადერთი რეპორტაჟი მომზადდა, ისიც „მთავარი არხის“ მიერ, ოღონდ მეათასე ხარისხოვან ნიუსად, არა ძირითად ბლოკში. ტოტალიზატორები და კაზინოები ქართულ მეინსტრიმ მედიაში ტაბუირებული სფეროა, არავის აქვს უფლება მათ შეეხოს, მათზე კრიტიკულად წეროს, ან მოამზადოს მამხილებელი სიუჟეტი. გვახსოვს, რამდენიმე თვის წინანდელი კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლები (მათ შორის, აჭარის საზ. მაუწყებელიც ითვლება) საუბრობდნენ ამ ბიზნესის დაურეგულირებლობის შედეგად მოტანილ უბედურებებზე (აღსანიშნავია ისიც, რომ  გადაცემები მაღალრეიტინგულობის ნიშნულისგან შორს არიან და წვდომა ნაკლებად ფართო აუდიტორიასთან აქვთ). აქვე, უმჯობესი იქნება ვახსენოთ ისიც, რომ საქართველოს პარლამენტში სათამაშო ბიზნესის რეკლამების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტი რამდენიმეჯერ ჩავარდა. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ ბაზარმა ასე დაარეგულირა საკითხი მედიისთვის: მათ წინასწარვე განსაზღვრული აქვთ  ვის უნდა ებრძოლონ და ვის არა, სად სჯობს მასობრივი საერთო შეტევა და სად დუმილი.

კითხვები პრესკონფერენციებზე

ყოველდღიურად, პრესკონფერენციებზე იმდენად ერთნაირ კითხვებს ვისმენთ, რომ უკვე ძალიან ჭირს იმის გარჩევა ჩანაწერს ადევნებ თვალს თუ პირდაპირ ეთერს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა და საგანგებო სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირები ეკრანებს არ ემალებიან და მუდმივად აქვთ კითხვა-პასუხის რეჟიმი ჟურნალისტებთან, მოსახლეობის უმრავლესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია არ არსებობს.  მაგალითად,  დღეს უკვე კომენდატის საათი გამოცხადდა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში  და არსად არ მიდის საუბარი უსახლკარობის პრობლემებზე. სად წავლენ ღამის 9დან დილის 6 სათამდე ადამიანები, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ და ვინც თავს ცივ ღამეებში მიწისქვეშა გადასასვლელებს აფარებს? ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც, სადაც ეს პრობლემა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მძლავრად იყო წარმოდგენილი, ამაზე სწრაფი მუშაობა დაიწყეს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი უახლოეს კვირაში შეძლებენ უსახლკაროებისთვის საცხოვრებლების მოძებნას. არავინ ვიცით რას აპირებს მთავრობა ამ საკითხზე. აგრეთვე, არავინ ეკითხება მთავრობის წევრებს როგორ წარმოუდგენიათ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გადალახვა. ასევე, რას უპირებენ იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო უსამსახუროდ დარჩა და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი არ შეუძლიათ. მოკლედ, ქართული ჟურნალისტიკა არ სვამს იმ კითხვებს, რომელზე პასუხიც უნდა ვიცოდეთ ყველამ. 

მიმდინარე მედიაცირკის პოლიტ-ეკონომიური ანალიზის მონახაზი

ასეთ ვითარებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მედია მკვლევარმა გააკეთოს, არის საკითხისადმი სწორი კითხვების დასმა და ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლა. რატომ არის მედია ისეთი, როგორიც არის დღევანდელ საქართველოში? რა არის ამის რეალური მიზეზი? ნუთუ საკმარისია, ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიების ზედაპირზე მოტორტმანე არგუმენტი, რომ ყველაფერი პარტიული პოლარიზაციის ბრალია? იქნებ მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა და შესაბამისად, შედარებით შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ? გთავაზობთ რამდენიმე პოსტულატს, რის გარშემოც შეიძლება ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა :

  1. სახეზე გვაქვს მკვეთრად ნეოლიბერალურ ღირებულებებზე ნაშენები მედია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს შემდეგს, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ქვეყანაში სწრაფი მოდერნიზაციის სახელით დაიწყო რადიკალური გარდაქმნები პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ სივრცეში, რასაც წინ უსწრებდა გარდაქმნები ეკონომიკაში. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სახიფათო და უკონტროლო დერეგულაციის რეფორმებს შეეწირა, რომელმაც იმთავითვე გამორიცხა საზოგადოების და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა. რაც გასაკვირი სულაც არ გახლდათ, რადგან პოლიტიკური ისთებლიშმენტი ლიბერტარიანული მოძღვრების აპოლოგეტებით იყო წარმოდგენილი (მაგ:გიგა ბოკერია, კახა ბენდუქიძე და ა.შ. ავტ. შენიშვნა).  ნეოლიბერალური ლოგიკა, რაც კარგად გამოიხატება მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ფრაზაში, „ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა“, გულისხობს იმას, რომ ნებისმიერი ეკონომიკური, კულტურული, სოციალური თუ საზოგადოებრივი სივრცე იმართება მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნა/მიწოდების შესაბამისად. ეს ლოგიკა პირველ რიგში შეეხო მედიასაც.  ამ მიდგომამ გამორიცხა მედიის სოციალური მნიშვნელობა. უფრო ნათელი რომ ვიყო გამოთქმულ მოსაზრებაში, აღნიშნული აზრი ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს და საერთო მოქმედების ლოგიკით განსაზღვრავს პირობითად ტუალეტის ქაღალდის ბაზარს, ახალგაზრდა ენტერპრენერების დაფინანსებას და მედიის სფეროს. შესაბამისად,  საქართველოში მედია სივრცის დომინანტურ დისკურსად გადაიქცა აზრი, რომ მედია აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტენტს, რასაც ყველაზე ნაკლები დანახარჯით, მაქსიმალური მოგების მოტანა შეუძლია. სწორედ ასეთია  ეპატაჟი და სკანდალი. ამ ტიპის კონტენტის შესაქმნელად რაც გესაჭიროება, ესაა გაბედული და მოქნილი ჟურნალისტი, კამერა და ორღობის შესაფერისი ჭორაობა. სწორედ ამან წარმოშვა ხელახალი ტენდენცია, ჟურნალისტიკის სფერო მაქსიმალურად ათვისებული იქნა არა ამ პროფესიის ხალხის მიერ, ვისაც სპეციფიკური ცოდნა ქონდა მიღებული, არამედ სამსახიობო სკოლის წარმომადგენლებისგან, რადგან ისინი უფრო გაბედულები, უფრო სკანდალზე ორიენტირებულები და კამერებთან უფრო შესაბამისად მომქცევი სუბიექტები აღმოჩნდნენ. 
  2. მინიმალური დანახარჯების საფუძველზე მაქსიმალური მოგების მიღების ლოგიკამ წარმოუდგენელი და შეუძლებელი გახადა სატელევიზიო, ან ბეჭდურ მაუწყებლებში მაღალ პროფესიონალური კონტენტის წარმოება, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება პროფესიონალი, მაღალი აკადემიური განათლებისა და ცოდნის მქონე ძვირიანი კადრების წარმოება, ანალიტიკური და აკადემიური გადაცემების შექმნა. გამოთავისუფლებული სივრცე კი, სრულად ათვისებული იქნა სარეკრეაციო გადაცემებითა და სკანდალზე ორიენტირებული არაკომპეტენტური კადრებით.

 რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მედიაცირკის დეტალური აღწერის, ანალიზისა და შეფასებისთვის, ზემოთ მოყვანილი სახელდახელო მოსაზრებები ზღვაში წვეთია. წინამდებარე ნააზრევის მიზანს წარმოადგენს, ჩემი, როგორც ავტორის მცდელობა, ამ საკითხის, ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის და შავი ლაქის მეცნიერული შესწავლის პროცესის დაწყებისას, თავიდანვე გამოკვეთილ იქნეს ის ძირითადი დაშვებები და ორიენტირები, რის გარშემოც შეგვეძლება ოპერირება.