ავტორები: ჰანსიორგ ჰერი და ზეინეპ მ. ნეტეკოვენი

(c) ფრიდრიხ ებერტის ფონდი

მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) კატეგორია მოიცავს არა მხოლოდ მიკრო საწარმოებს, რომელთაც რამდენიმე თანამშრომელი ჰყავთ, არამედ წარმატებულ ფირმებსაც უამრავი დასაქ- მებულით. არ არსებობს მცირე და საშუალო საწარმოების ზუსტი განმარტება. გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო SMEs-ს განმარტავს, როგორც კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ 500-ზე ნაკლები თანამშრომელი ან აქვთ დაახლოებით 50 მილიონ ევროს წლიური ბრუნვა (BMWi 2014a). ევროკომისი- ის განმარტებით, SMEs არიან კომპანიები 250-ზე ნაკლები დასაქმებულით და დაახლოებით 50 მილიონი ევროს წლიური ბრუნვით (EC 2017a). გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW)1 SMEs-ს განსაზღვრავს, როგორც ფირმებს დაახლოებით 500 მილიონი ევროს წლიური ბრუნვით (შვარცი 2016).

მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა უმნიშვნელოვანესია მთელ მსოფლიოში. მაგრამ მცირე და საშუალო საწარმოები მხოლოდ დასაქმების კარგი საშუალება კი არა, ინოვაციისა და პროდუქტიულობის წყაროცაა. წინამდებარე ნაშრომში ჩვენ აქცენტს გავა- კეთებთ მეორე მოვლენაზე, რადგან ქვეყნისთვის პროდუქტიულობის გაზრდა განვითარების ერთ– ერთი მთავარი საყრდენია.

ნაშრომის მეორე ნაწილში გვექნება საუბარი იმაზე, რომ ყველა მცირე და საშუალო საწარმო და სტარტაპი არ არის შუმპეტერული. შემდეგ განვიხილავთ მცირე და საშუალო საწარმოების განსხვავებულ ტიპებს. ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ურთიერთკავშირი, რაც აუცილებელია გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად, განხილულია მესამე ნაწილში. მეოთხე ნაწილი წარმოადგენს გერმანიის SMEs-ს სექტორის მოკლე მიმოხილვას. მეხუთე ნაწილი აჯამებს თეორიულ მსჯელობას მცირე და საშუალო საწარმოების წარმატების ფაქტორების შესახებ, განსაკუთრებით მათ ინსტიტუციურ ჩართულობას ეკონომიკასა და საზო-გადოებაში. ვისაუბრებთ სფეროებზე, საიდანაც შესაძლებელია ფინანსების მოზიდვა, ასევე, განათლების სისტემაზე, სოციალურ კაპიტალსა და ინდუსტრიულ კლასტერებზე, მათ შორის, გლო- ბალური წარმოების ჯაჭვებზე. ამ ნაწილის თითოეულ მონაკვეთში ჯერ იქნება მცირე და საშუალო საწარმოების წარმატების ზოგადი განხილვა, შემდეგ კი გავაანალიზებთ, როგორ რეალიზდება ეს ფაქტორები გერმანიაში. ბოლოს, მეექვსე ნაწილში გამოვიტანთ დასკვნებს, რომლებიც უფრო მეტად ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შეეხება. არ ვგულისხმობთ კონკრეტულ ქვეყანას, არამედ ,,ტიპიურ განვითარებად ქვეყანას“.

ჩვენი მიზანია გამოვიტანოთ დასკვნები როგორც ზოგადი განხილვიდან, ისე გერმანული მოდელიდან. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ინსტიტუტების, კონკრეტულად კი გერმანული ინსტიტუტების სხვა ქვეყნებში დანერგვა მარტივი არ არის. თუმცა, სხვა ქვეყნებს უდავოდ შეუძლიათ ისწავლონ გერმანული გამოცდილებიდან.