ავტორი: თამუნა ქებურია

II ნაწილი – შრომის ორგანიზებისა და შრომის ფომრების ცვლილების შესახებ

კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც დამოკიდებულია ხალხის დიდი ნაწილის განძარცვაზე მათი ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭიროებებისგან. მშრომელები ცხადდებიან სამუშაოზე ყოველ დღე იმ ცოდნით, რომ მათ არ გააჩნიათ მინიმალური შრომითი დაცულობა; მათ უხდიან იმდენს, რამდენის საჭიროებასაც დამსაქმებლები ხედავს საკუთარი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მოგების ნახვას და არა დასაქმებულების კარგად ყოფნას; ისინი მუშაობენ იმ რიტმითა და ხანგრძლივობით, რასაც მათ უფროსები უწესებენ; და ისინი მორჩილდებიან ამ პირობებს, არა იმიტომ ესე სურთ, არამედ იმიტომ, რომ უმეტესობა მათგანისთვის, ალტერნატივა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამსახურის არქონაა. ეს არ არის კაპიტალიზმის შემთხვითი ან უმნიშვნელო ასპქტი. ეს კაპიტალიზმის განმსაზღვრელი მახასიათებელია. .. მშრომელთა კლასს მაინც გააჩნია ძალაუფლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – კაპიტალისტებს შეუძლიათ საკუთარი მოგების გამომუშავება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშრომელები ყოველ დღე გამოცხადდებიან სამუშაოზე, და თუ ისინი უარს იტყვიან ასე გაგრძელებაზე, მოგება ერთ ღამეში ამოილევა. და თუ არსებობს ერთადერთ რამ, რაც დამსაქმებლების ყურადღებას იპყრობს, ეს ფულის შემოდინების შეჩერებაა. [..] შესაბამისად, მშრომელები მხოლოდ იმ სოციალური ჯგუფს არ წარმოადგენენ, რომლებიც სისტემატურად იჩგრებიან და ექსპლუატირებულნი არიან თანამედროვე საზოგადოებაში, არამედ ისინი იმყოფებიან საუკეთესო პოზიციაში, რათა საფუძველი დაუდონ რეალურ ცვლილებებს და დათმობაზე წასვლა აიძულონ ძალაუფლების მთავარ ცენტრებს – ბანკირებს და ინდუსტრიების მფლობელებს, რომლებიც ამ სისტემას სათავეში უდგანან.
Vivek Chibber – Why the Working Class?

რიგი თეორეტიკოსების, მათ შორის ბურავოის თანახმად (Michael Burawoy 1979), პოლიტიკური იდეოლოგიები არის ის ძიითადი ველი, რაც შემდეგ უკვე განაპირობებს შრომის ორგანიზების ტიპს, მის ფორმებს და მშრომელთა სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას საზოგადოებაში. შესაბამისად, საინტერესო იქნებოდა ქართული მოცემულობის გაანალიზება შრომის ორგანიზების იმ მოდელების კვალდაკვალ, რომელიც ნაშრომის I ნაწილში იყო ნახსენები, საბჭოთა, გარდამავალ და შემდეგ უკვე კაპიტალისტურ-ნეოლიბერალური გამოცდილების მიხედვით. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელის სრული ამოწურვა ამ სტატიის ამბიციას არ წარმოადგენს.


საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ შრომის ორგანიზების ტიპზე სხვადასხვა წყაროებში თუ კვლევებში ნახსენებია, რომ ფორმალური თვალსაზრისით შრომა დაგეგმარებული იყო მეცნიერულ პრინციპზე დაყრდნობით (Simon Clarke 1995), რომლის თანახმადაც, შრომის სოციალური დანაწილბა განპირობებული იყო წარმოების პროცესის ტექნოლოგიური პრინციპებით. შრომის მთელი ციკლი სხვადასხვა კვლევითი თუ ტექნიკური ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ ნორმატიულ დოკუმენტებში იყო გაწერილი, სადაც წარმოების და შრომის პროცესი წუთობრივი სიზუსტით აღიწერებოდა. თუმცა, ამგვარი ფორმალური დირექტივები შეუსაბამო იყო რეალობასთან სხვადასხვა მიზეზის გამო (სამუშაო ძალის დეფიციტი, გაუმართავი ან მწყობრიდან გამოსული მანქანა-დანადგარები, ნედლი მასალის დეფიციტი და ა.შ.), ამიტომაც პრაქტიკაში, წარმოების პროცესი ხორციელდებოდა ყველა ამ ფორმალური დირექტივის დარღვევის და იგნორირების ხარჯზე. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში წაროების პროცესს განაპირობებდა არა ბაზარი, არამედ ცენტრალური გეგმიური ეკონომიკის პრინციპი, სადაც ყველა საწარმოში ცენტრალური სამინისტროდან იგზავნებოდა წარმოების გეგმები, რომლის აღსრულებაზეც ადმინისტრაცია იყო პასუხისმგებელი. თუმცა იმ პირობებში, როდესაც გეგმები საკმაოდ მკაცრი, სამუშაო პერსონალი არასაკმარისი და მანქანა-დანადგარები უმეტეს შემთხვევაში გაუმართავიც კი იყო, გეგმის შესრულება მძიმე ვალდებულებას წარმოადგენდა და ადმინისტრაცია დამოკიდებული ხდებოდა უშუალოდ მშრომელებზე, მათ მოქნილობასა თუ უნარებზე, რაც თავის მხრივ მშრომელებისთვის გარკვეულ სივრცეს აჩენდა ავტონომიურად დაეგეგმათ და ემართათ შრომის პროცესი, მისი ციკლი თუ ხანგრძივობა. ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში, დასაქმების ადგილებზე წარმოების პროცესი იმართებოდა არაფორმალური პრაქტიკებით და დაფუძვნებული იყო კოოპერაციისა თუ ურთიერთთანამშრომლობაზე იმგვარად, რომ ნაკლებად ხდებოდა კონტოლისა და დისციპლინირების ტექნიკის გამოყენება ფორმალურ დონეზე.

ტრანზიციის პროცესში, როდესაც გეგმიური ეკონომიკას ანაცვლებს საბაზრო ეკონომიკა, ჩნდება კერძო საკუთრების ფორმები, კერძო მესაკუთრეები და ისინი, ვისაც კერძო საკუთრება არ გააჩნიათ. შესაბამისად, იწყება საზოგადოების დივერსიფიცირება საწარმოო რესურსების მფლობელებად და მშრომელ კლასად. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთულად, და შეიძლება ითქვას დროში გაწელილადაც წარიმართა. როგორც ჰილელ ტიკტინი აღწერს (Ticktin 1993), რაც უფრო მეტად ახლოვდებოდა ტრანზიციის წერტილი, მით უფრო მეტად კარგავდა სახელმწიფო ინსტიტუციები სოციალისტურ ფორმებს, თუმცა ამის მიუხედავად ისინი კაპიტალისტურ ფორმებად მაინც ვერ ყალიბდებოდნენ. ამ პერიოდში გაჩნდა უამრავი სემი-სოციალისტრური ერთეულები, ნაციონალიზებული საწარმოები, დიდი ბიუროკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც არ ერგებოდა კაპიტალისტური ტიპის საწარმოო ფორმებს, თუმცა ამის მიუხედავად, ტრანზიციის შემდგომ წარმოების მთავარ ‘დრაივს’ ცენტრალიზებული ეკონომიკის ნაცვლად თავისუფალი საბაზრო მიმოცვლა და მოგებაზე წარმოადგენდა. ამ კვაზი-კაპიტალისტურ, არაფორმალურ ეკონომიკურ თუ სოციალურ კავშირებზე დაფუძვნებულ სისტემაში, ჩნდება ბევრი ახალი შრომის ორგანიზების კატეგორიები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური კავშირებით, რეპუტაციებით თუ სტატუსებით არის გამყარებული. ისინი შეიძლება ერთგვარ ჰიბრიდებად დავახასიათოთ სოციალისტურ და კაპიტალისტურ შრომის ორგზანიზების ტიპებთან შედარებისას. ამგვარ სისტემაში შრომითი ურთოერთობები დამყარებულია სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ კავშირებზე (ნათესაობა, ნაცნობობა, მეზობლობა, მოყვრობა) და კონტროლის თუ დისციპლინირების მაგივრად შრომის პროცესის გაძღოლა ხდება პატერნალიზმის, ლოიალურობის თუ სხვა ინდივიდუალიზებური პრაქტიკების გამოყენებით.

2003 წლის ვარდების რევულუციის, განსაკუთრებით კი 2005-2006 წლებში გატარებული დერეგულაციის პოლიტიკის შემდეგ, ტრანზიციის პროცესში წარმოქმნილ სემი-ინსტიტუციებს და პრაქტიკებს ანაცვლებს უფრო მეტად ფორმალიზებული კაპიტალიზმი. საჯარო თუ საზოგადოებრივი სიკეთეების პრივატიზაციით, სახელმწიფო რესურსების თუ სახელმწიფო სტრატეგიურლი ერთეულების გასხვისებით, ასევე სახელმწიფო რეგულაციების მინიმიზაციით და ჩაურევლობის პოლიტიკით, საქართველო ნელ-ნელა თავს იმკვიდრებს, როგორც ნეოლიბერალური ტიპის სახელმწიფო ერთეული გლობალურ კაპიტალისტურ რუკაზე. ის უფრო და უფრო მეტად მიმზიდველ ადგილად ყალიბდება გლობალური კაპიტალის ინვესტიციისთვის, იაფი მუშახელის დაქირავებისთვის და წარმოების თუ ბიზნესის წამოწყებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, მისი პოსტ-საბჭოთა კონტექსტიდან გამომდინარე, ნეოლიბერალური პროექტის განხორციელება ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფორმებით მიმდინარეობდა – შემცირდა ან სრულებით გაუქმდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები მოსახლეობის დაცულობის, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის პოლიტიკის გატარების მხრივ. მოსახლეობის მხრიდან სუსტი იყო გატარებულ ცვილებებზე რეფლექსირება და რეზისტანცია მძიმე სოციალური ფონის, დახშული საჯარო სივრცეების და კრიტიკული აზრის ატროფიის გამო.


თუ დავაკვირდებით ქართული შრომის ბაზარის განვითარების დინამიკას დერეგულირების პოლიტიკის შემდეგ, რამდენიმე სახაიათო ტენდენციას წავაწყდებით. ამის თაობაზე საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს კვლევითი სტატია „საერთაშორისო რეიტინგები თუ რეფორმატორთა იდეები: რითი აიხსნება შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია საქართველოში?“ (ანა დიაკონიძე 2016), სადაც მიმოხილულია 2003 წლიდან მოყოლებული შრომის ბაზრის ლიბერალიზაციის მხირვ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ უკანასკნელს ეკონომიკის მოდერნიზების აუცილებელი წინაპირობად განიხილავდა. კვლევაში გაანალიზებულია ის ორი ცენტრალური ფაქტორი, რომელთა როლი და ურთიერთმიმართება განაპირობებდა შრომი ბაზრის დინამიკას და საბოლოო ჯამში აისახებოდა მშრომელთა სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს ფაქტორებია ერთის მხრივ მემარჯვენე ხედვის მქონე ხელისუფლება, რომელიც აქტიურად იწყებს ლიბერალური პოლიტიკის გატარებას შიდა კონტექსტის გათვალისწინების გარეშე გარე ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდის მოტივით; ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო აქტორები (IDA, World Bank, IMF, USAID, MCA), რომლებიც ადგენენდნენ ქვეყნების რანგირების სტანდარტებს, გააჩნდათ ერთგვაროვანი მოთხოვნები სხვადასხვა განვითარებისა და სპეციფიკის მქონე ქვეყნებისადმი შიდა სარეგულაციო მოცემულობასთან დაკავშირებით და ითხოვდნენ მათსავე მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიების გამოყენებით ქვეყნაში რეფორმების გატარებას (ანა დიაკონიძე 2016, 13). სწორედ ამ ფაქტორების სინქრონიზებით 2004 წლიდან იწყება შრომის ბაზარსა და დასაქმების პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებების გატარება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ცვლილებებმა განაპირობეს შრომისა და დასაქმების საკითხების გამოცალკევევბა სოციალური განზომილებიდან და მისი საბაზრო კანონებზე დაქვემდებარება. 2006 წლიდან კი, სახელმწიფო საბოლოოდ აკანონებს თავისივე იდეოლოგიურ ხედვას, რომ დასაქმებულისა და დამსაქმებელის ურთიერთობაში ის არ უნდა ერეოდეს, რასაც შედეგად მოაქვს რიგი სააგენტოების, შრომის პირობების კონტროლისა და მონიტორინგის აპარატების გაუქმება, შრომითი ხელშეკრულების უკიდურების ლიერალიზაცია და ა.შ. საბოლოოდ კი ხდება მშრომელების, და ზოგადად მოსახლეობის დაცულობის მინიმუმამდე დაყვანა, ცხოვრების სტანდარტის დაცემა, სიღარიბის ზრდა, საშუალო კალსის უკიდურესი შემცირება და სხვა თანმხლები ტენდენციები. სტატიის დასასრულს ავტორი ასკვნის: „საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერა მთავრობის მიერ გამოყენებული იყო რადიკალური რეფორმების ლეგიტიმაციისათვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში მტკივნეული იყო მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით დასაქმებულებისათვის, რომელთა შრომითი უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შემცირდა შრომითი კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა და შრომის ინსტიტუტების გაუქმების შედეგად“ (ანა დიაკონიძე 2016).

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რასაც ნეოლიბერალური ხედვების პროტაგონისტები იშველიებენ აღნიშნულ ისტორიულ პერიოდთან დაკავშირებით, არის ერთის მხრივ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ უმუშევრობის შემცირება. თუმცა თუ ამ ორ ტენდენციას კრიტიკული პრიზმიდან დავინახავთ, აღმოვაჩენთ, რომ მშპ-ს ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ ვერ უზრუნველყო საზოგადოების კეთილდღეობის რეალური გაუმჯობესება, რადგან ისინი მხოლოდ ფიქციურ ტენდენციებს წარმოადგენდნენ. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გზით ფინანსური კაპიტალის შემოდინება საქართველოში, რაც შემდგომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდად ითარგმნებოდა, თანაბრად არ ნაწილდებოდა ფართო საზოგადოებაზე და კვლავ იმ პრიილეგირებული მასის ხელში იყო კონცენტრირებული, რომლებიც აღნიშნული სპეკულაციებიტ სარგებლობდნენ. ხოლო რაც შეეხება უმუშევრობის შემცირებას, ეს პროცესი ხელოვნურად იყო წახალისებული დამსაქმებლის ვალდებულებების მინიმიზაციით, რის შედეგადაც მათ გაცილებით ადვილად შეეძლოთ დაექირავებინათ და გაენთავისუფლებინათ მშრომელები დასაქმების ადგილიდან. შესავამისად, ამ პერიოდში უმუშევრობის შემცირება მოხდა უფასო სტაჟიორების, შტატგარეშე თანამშრომლების, მოკლევადიანი ან ნახევარგანაკვეთიანი და დაბალანაზღურებადი თანამშრომლების გაზრდის ხარჯზე.

გარდა ამისა, ისეევე როგორც გლობალურ შრომის ბაზარზე, ასევე საქართველოს კონტექსტშიც, ამავე პერიოდში მცირდება ე.წ. ტრადიციული ტიპის დასაქმების ადგილები, რომლებიც მშრომელებისთვის შედარებით მეტი დაცულობის და მაღალი ანაზღაურების უზრუნველყოფას განაპრობებდნენ, ხოლო მეორეს მხრივ გაიზარდა ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების წილი, არაფორმალური შრომითი სექტორი და სხვა ჩრდილოვანი ეკონომიკური აქტივობები, სადაც კიდევ უფრო მეტად დაუცველები და მოწყვლადები იყვნენ მშრომელები. თანამდეროვე გლობალიზაციის პირობებში საფუძველი ჩაეყარა შრომელთა ახალ სუბიექტურობას, ე.წ. კორპორაციულ მშრომელებს. კორპორაციული მშრომელი თანამედროვეობის პირმშოა და ბაზრის ლოგიკაში დახელოვნებულმა, კარგად უწყის, რომ თუ მაქსიმალური ინვესტირება არ მოახდინა საკუთარი რესურსების და უნარების გაუმჯობესებაში, ძნელად თუ მოიპოვებს ადგილს საზოგადოების „წარმატებულთა“ რიგებს შორის. როგორც ბიფო ბერარდი განმარტავს, მაშინ როდესაც ინდუსტრიული მშრომელები დეპერსონიფიცირებულ შრომის მოდელში საკუთარ მექანიკურ ენერგიას გასცემდნენ ხელფასის გამომუშავებისთვის, თანამედროვე სამყაროს მშრომელებს უწევთ საკუთარი სპეციფიური კომპეტენციის, კრეატიულობის, ინოვაციურობის და საკომუნიკაციო ენერგიების გაღბა, რაც თავის მხრივ გარდაქმნის მათ სუბიექტურობას და სისტემის ჰარმონიულ ჭანჭიკებად აქცევს მათ (Franco “Bifo” Berardi 2009). საბოლოოდ სახეზე გვაქვს ისეთი სფეროების მოჭარბება, რომლებიც ერთის მხრივ პრეკარიალური დაუცველობისა და მოწყვლადობისთვის წირავს დასაქმებულებს, ხოლო მეორეს მხრივ მათ იმდაგვარ სუბიექტივიზაციას ახდენს, რომ მშრომელთა ყოველდღიური ყოფა პირდაპირ დაკავშირებული ხდება მათ დასაქმების ადგილებთან და კორპორაციებთან, თუნდაც ყველაზე მინიმალური კეთილდღეობის გამორჩენის მოტივით.

ალტერნატივების ძიებაში
შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე, უდევალაში 1989 წელს ვოლვომ დააფუძვნა რადიკალურად ახალი ტიპის მანქანათმშენებელი საწარმო. ამ საწარმოში გრძელი, უწყვეტი საწარმოო ხაზის ნაცვლად, სადაც ნაწლი-ნაწილ ხდებოდა მანქანების აწყობა, წარმოდგენილი იყო რამოდენიმე, ერთმანეთის პარალელური და შედარებით მოკლე მანქანის ამწყობი ხაზები, სადაც დასაქმებულები, 3-4 წუთიანი წყვეტილი ინტერვალის მქონე რუტინული შრომის ნაცვლად, 4-5 საათიან უწყვეტ შრომის ციკლში იყვნენ ჩაბმულები და დაახლოებით 4 დასაქმებული სრულად ახერხებდა მანქანის თავიდან ბოლომდე აწყობას ამ რიტმში. იმისათვის, რომ დასაქმებულებს თავი გაერთმიათ ახალი ტიპის მრავალამოცანიანი საქმისათვის, მოხდა მათი გადამზადება და მანქანების აწყობის სრული პროცესის დასწავლა, რათა მათ შესძლებოდათ ფუნქციურად გაეაზრებინათ და კომბინირებულად დაენახათ წარმოების პროცესის მთელი კომპლექსურობა. ამგვარი ინოვაციური საწარმოს შექმნა პროფესიული კავშრების (Metall) მიერ იყო ინიცირებული და მათ ამ მოდელის შემუშავება გოტენბერგის უნივერსიტეტის აკადემიკოსებთან ერთად განახორციელეს. წარმოების უდევალასეული სქემის შექმნის მთავარ იდეას წარმოადგენდა დასაქმებულებისთვის შრომის ორგანიზების სრული გადანდობა იმისათვის, რომ თვითონვე მოეხდინათ დავალებების გადანაწილება, დროის მართვა და წარმოების ციკლის ავტონომიურად დაგეგმვა. მშრომელები აკონტროლებდნენ არა მხოლოდ შრომის პროცესს, არამედ წარმოების მოცულობას, ხარისხა, უქმე დღეების დაწესებას, საკუთარ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემასაც კი, რაც განაპირობებდა შრომის პროცესში მათ სრულ ავტონომიას. რაც შეეხება ურთიერთობას ქარხნის მფლობელსა და დაქირავებულ მუშახელს შორის, იდეების გაცვლა და საწარმოო გადაწვეტილებების მიღება ხდებოდა მოლაპარაკების გზით, კერძოდ ქარხანაში დასაქმებულ ყველა მშრომელთა ჯგუფს ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ე.წ. „ომბუდსმენი“, რომელიც ქარხნის მესაკუთრეებთან წარმოადგენდა მშრომელთა ინტერესებს. არაერთი მკვლევარი თუ ეკონომისტი წერდა, თუ როგორი წარმატებული იყო უდევალაში ვოლვოს ქარხანა, როგორი მაღალპროდუქტიული იყო ის როგორც წარმოების მოცულობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით (Business Week, August 28,1989; The New York times, July 7, 1991). ამის მიუხედავად, 1992 წელს ქარხანა დაიხურა და წარმოების პროცესი გაჩერდა. მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები დასახელდა, თუმცა უპირველეს ყოვლისა ქარხნის დახურვა განაპირობა შვედეთში 1992 წელს აფეთქებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის პირობებშიც უკვე აღარ იყო აუცილებელი მშრომელთა მიზიდვისთვის მომხიბვლელი და სასურველი სამუშაო პირობების შექმნა, რადგან უმუშევართა რაოდენობა და შესაბამისად კონკურენცია ისედაც გაიზარდა. თუ 1989 წელს ერთ დასაქმების ადგილზე 1.8% პროტენციური მშომელი მოდიოდა, 1993 წლისთვის ეს 7%-მდე გაიზარდა, ხოლო 1994 წელს 10% მიაღწია. ანდრე გორცის განმარტებით ამ ექსპერიმენტულ საწარმოში განმეორებადი და რუტინული სამუშაო დავალებების აღმოფხვრით შესაძლებელი გახდა ზედმიწევნით ავტონომიური დასაქმების ერთეულის შექმნა, რომელიც დამოკიდებული იყო არა იერარქიულ წყობის გამართულობაზე თუ მენეჯერების ეფექტიანობაზე, არამედ მშრომელთა საწარმოო პროცესში ჩრთულობაზე და მათ თავდადებაზე (Andre Gorz 1999). ამ საწარმოში მშრომელები აღარ ექვემდებარებოდნენ იერარქიულ ძალაუფლებას თუ კონტროლს, და შესაბამისად ძალთა ბალანსი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის გათანაბრებული იყო, შედეგად კი უფრო მაღალპროდუქტიული და მდგრადი წარმოების პროცესი ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, გლობალიზაციამ და უმუშევრობის ზრდამ, დიურანის აზრით, კვლავ განაპირობა კაპიტალის მფლობელების ერთპიროვნული ძალაუფლების გაზრდა და შედეგად ბალანსის კვლავაც კაპიტალისტების სასარგებლოდ დაირღვა.
უდევალას ქარხნის შემთხვევა არის მაგალითი იმის, თუ როგორ ხდებოდა სრულებით ახალი საწარმოო ურთიერთობების დაფუძვნების მცდელობა დამსაქებლებსა და დასაქმებულებს შორის 21-ე საუკუნის მიჯნაზე. ამ მოდელის მიხედვით, მომავლის სამყაროში მშრომელები უნდა ყოფილიყვნენ თვითორგანიზებულები, ავტონომიურები და დამოუკიდებლები. თუმცა ხელოვნურად მართულმა პროექტმა, კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელმა ეკონომიკური კრიზისების ციკლმა, წარმოების პროცესის ორგანიზების ახალმა ხედვამ და პოსტ-ფორდისტულმა კონტროლის და დისციპლინირების მეთოდმა მშრომელთა ემანსიპაციის შესაძლებლობა მომავლის ჰორიზონტიდან გააქრო და შრომის ორგანიზების ლოგიკა ახლებურ მიდგომებს დაუქვემდებარა, რომელთაგან თავის დაღწევა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უტოპიურ პერსპექტივას ემსგავსება.
ამის მიუხედავად, თუ პოზიტიურ ალტერნატივაზე მიდგება საუბარი, კაპიტალიზმის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდად ადამიანთა ფართო მასების კეთილდღეობის თვალსაზრისით შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი მოინოშნოს ვიდრე 70-იან წლებამდე. პერიოდი, როდესაც მაღალი ინდუსტრიალიზაციის, ძლიერი პროფესიული კავშრების და კეთლდღეობის სახელმწიფოს პირობებში, კლასობრივი მობილობა და საშუალო კლასის ზრდა განსაკუთრებით მაღალ ტენდენციური იყო, ხოლო მშრომელების შედარებით უფრო დაცულები იყვნენ სხვადასხვა სოციალური გარანტიებით. ამავე პერიოდში ძლიერდება სხვადასხვა ემანსიპატორული მოძრაობები, მძლავრია სტუდენტური მოძრაობების ტალღა და ა.შ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც განპირობებულია არა უცხოურ ინვესტიციებით თუ ინტერნაციონალური კაპიტალ-დაბანდებებით, რომლებსაც თავისივე კერძო ინტერესები უძღვის წინ, არამედ გამომდინარეობს სახელმწიფოს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკისგან, რომელიც გულისხმობს რეალური წარმოების ზრდას, სამრეწველო და ინდუსტრიული წარმოების გაფართოებას, და განაპირობებს სტაბილური დასაქმების ადგილების მაღალი დონეს, შესაძლოა გახდეს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორი. ამისთვის კი აუცილებელია არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან რეალობის კომპლექსურად გააზრება და გრძელვადიანი სამომავლო ხედვის შემუშავება, არამედ მშრომელთა მობილიზება, კოლექტიური ერთობების გაძლიერება და ინტერსექციული სოლიდარობა.

ბიბლიოგრაფია:

Andre Gorz. 1999. Reclaiming Work – Beyond the Wage-Based Society.
Franco “Bifo” Berardi. 2009. The Soul at Work – From Alienation to Autonomy. Semiotext(e).
Michael Burawoy. 1979. Manufacturing Consent – Changing in Th Labor Process under Monopoly Caitalism. The University of Chicago Press.
Simon Clarke. 1995. Management and Industry in Russia – Formal and Informal Relations in the Period of Transition. England: Edward Eglar Publishing Limited.
Ticktin, Hillel. 1993. “The Political Economy of Class in the Transitional Epoch.” Critique 20 (1): 7–25. https://doi.org/10.1080/03017609308413352.
Vivek Chibber. 2016. “Why the Working Class?” 2016. http://jacobinmag.com/2016/03/working-class-capitalism-socialists-strike-power/.
ანა დიაკონიძე. 2016. “საერთაშორისო რეიტინგები თუ რეფორმატორთა იდეები: რითი აიხსნება შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია საქართველოში?” ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი 4. https://www.academia.edu/30904080/Process_tracing_labour_market_reforms_in_Georgia.