ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით 2020 წლიდან განვახორციელებთ ახალ პროექტს ,,პოლიტეკონომიის პლატფორმა”

პროექტი მიზნად ისახავს:

  1. კონცეპტუალური/სამუშაო ჩარჩოს შექმნას პოლიტეკონომიური საკითხების ანალიზისთვის;
  2. ეკონომიკური განვითარების საკითხებზე კრიტიკული პერსპექტივების შექმნისა და გავრცელების ხელშეწყობას;
  3. კომპლექსურ ეკონომიკურ საკითხებზე აკადემიური დისკუსიების ინიცირებას;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

ციფრული კურსის მომზადება ,,პოლიტეკონომიის საფუძვლები და საქართველო გლობალურ სისტემაში”

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია წმინდად პოლიტიკური ან ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მათი მხოლოდ ერთი დისციპლინის ჭრილში ანალიზი. კომპლექსური მოვლენების შესწავლას კომპლექსური მიდგომები სჭირდება. დღეს, მეცნიერები ხშირად მიმართავენ მულტიდისციპლინურ მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის ფართო კონეტქსტში საკვლევად. პოლიტიკური ეკონომიკა სწორედ ასეთი მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც არღვევს საზღვრებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისციპლინებს შორის და მოვლენებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს, ისტორიული, სოციალური თუ კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი არა მარტო ფართო სურათს ხატავს, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი და გლობალური პროცესები და დავაკვირდეთ ძალაუფლების გადანაწილებას სახელმწიფოს შიგნით თუ გლობალურ ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, კურსის მთავარი მიზანია გააცნოს სტუდენტებს პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც აკადემიური დისციპლინა და აჩვენოს მისი საჭიროება სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში. 

კურსი სამ ნაწილად იყოფა: პოლიტიკური ეკონომიკის იდეების ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური წყობის კონტურები და საქართველოს თანამედროვე გამოწვევები. პირველი ნაწილი კურსის მონაწილეებს წარმოდგენას შეუქმნის პოლიტიკური ეკონომიკის, როგორც აკადემიური დისციპლინის საფუძვლებსა და თეორიულ მრავალფეროვნებაზე. იდეების ისტორიის თითოეული ლექციის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს კაპიტალიზმის განვითარების საფეხურები, მოცემული დროის ისტორიული კონტექსტი და იმ დროის წამყვანი პოლიტ. ეკონომისტების ნააზრევი.

მეორე ნაწილი თანამედროვე გლობალური ბაზრის, მონეტარული და ფინანსური იერარქიების ჩამოყალიბების ანალიზს ეთმობა და ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა გლობალიზაცია, ნეოლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფინანსიალიზაცია. ასევე, ხაზი ესმება ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებას განვითარებულ და ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის  და ყურადღება ეთმობა განვითარების სხვადასხვა მიდგომებს. 

კურსის მესამე ნაწილი უშუალოდ საქართველოს ეთმობა, დამოუკიდებლობიდან დღემდე. აქ განხილულია როგორც პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის ზოგადი საკითხები, ასევე, საქართველოს გამოცდილება სახელმწიფოს მშენებლობის თუ ბაზრის შექმნის პროცესში და თანამედროვე სოციო-ეკონომიკურ გამოწვევები. აღნიშნული საკითხების ანალიზი დაკავშირებულია კურსის პირველ ნაწილში განხილულ თეორიებთან და მეორე ნაწილში წარმოდგენილ გლობალური წყობის კონტექსტთან. 

კვლევითი სემინარები და ციფრული დისკუსიები კურსის მონაწილეებისთვის

WEBINAR-ები საშუალებას მისცემს კურსის ნებისმიერ მსმენელს რამდენიმე სალექციო კვირის შემდეგ, კურსის პროცესში გაჩენილი შეკითხვები, მოსაზრებები და თვალსაზრისები გაუზიარონ, როგორც კურსის სხვა მონაწილეებს, ასევე კურსის ლექტორებს. ვებინარებისთვის გამოყენებული იქნება ZOOM-ის პლატფორმა. გარდა ამისა, სემინარები და დისკუსიები დაგეგმილია ადგილობრივ დონეზე კურსის ლექტორების მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება აკადემიური წერისა და სოციალური კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული სემინარები, რაც საშუალებას მისცემს აპლიკანტებს კვლევითი წინადადების შედგენისა და მეთოდოლოგიის მართებულად განსაზღვრის პროცესში. კვლევითი ვორქშოპები ჩატარდება 5 რეგიონულ უნივერსიტეტში; (ქ. ბათუმი; ქ. ქუთაისი; ქ. ზუგდიდი; ქ. ახალციხე; ქ. გორი)

ანალიტიკური სტატიები და თვალსაზრისები;

პროექტის განმავლობაში, ადგილობრივი მკვლევრები მოამზადებენ კვლევაზე დაფუძნებულ სტატიებს სოციალური თემატიკის ირგვლივ, სადაც გაანალიზებული იქნება სოციალური უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა და სხვადასხვა ქალაქის, ჯგუფის დონეზე ნაჩვენები იქნება არსებული პოლიტიკების ხარვეზები.

თარგმანების კრებული

პროექტის განმავლობაში გამოიცემა თარგმანების კრებულები. თარგმანების ერთი ნაწილი შეეხება პოლიტიკური ეკონომიის იდეების ისტორიას და თეორიულ გააზრეებს, ხოლო მეორე ნაწილი ფოკუსირებული იქნება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების არსებულ გამოცდილებაზე.


პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი

friedrich ebert stiftung-ის სურათის შედეგი