გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს ნოამ ჩომსკისთან: რა გვინდა სინამდვილეში?

მოხსენების ტექსტი:

რა გვინდა სინამდვილეში? 

ინტერვიუერი: გულის სიღრმეში ჩვენ ყველას მატერიალური კომფორტი გვინდა ყველაფერზე მეტად. დავსხდეთ დიდ კომფორტულ ტახტზე და ვუყუროთ გასართობ პროგრამას დიდ ლამაზ ტელევიზორში. ვინმემ მოგვიტანოს … სინამდვილეში ასეთები ვართ – თავკერძები, მუდმივად რომ მატერიალურ კომფორტს ვესწრაფვით. ესაა ადამიანის ბუნება და ჩემი აზრით ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულბებიც აქედანაა ნასაზრდოები – ვფიქრობთ, რომ ამ ბუნებას თავს სინამდვილეში ვერ დავაღწევთ. ესაა რაც ვართ.

ჩომსკი: ას წელზე მეტია უდიდესი ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ, სწორედ ასეთები ვართ. ამას აკეთებს რეკლამა. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, რომელიც იმას ემსახურება, რომ მიმართოს ადამიანთა ინტერესი ზედაპირული საგნებისკენ. მოხმარების მოდური საგნებისკენ.

20-30 წლის წინ სარეკლამო ინდუსტრიამ გაანალიზა, რომ არსებობს მოსახლეობის ისეთი სექტორი, რომლამდეც მათ ხმა ჯერ არ მიეწვდინათ, რადგან ამ სექტორს არ ჰქონდა ფული. იგულისხმება ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ფული. მაგრამ ფული მათ მშობლებს აქვთ. ამიტომ შეიქმნა სატელევიზიო პროგრამები და სხვა გზები იმისთვის, რომ ბავშვებს გული გაეწყალებინათ მშობლებისთვის. შექმნეს გულისგაწყალების პროპაგანდა . თუ გადაავლებთ თვალს გამოყენებითი ფსიქოლოგიის დეპარტამენტებს აკადემიაში,  ნახავთ რომ არსებობს პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა სახის გულის გაწყალებას სწავლობს და იმ გზებს, როგორ უნდა აღიძრას ის. „მიყიდე ეს თორემ თავს მოვიკლავ“. უყიდიან და ორ წუთში მოისვრის. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენი არსებობის ყოველი წუთი  დატბორილია ძალისხმევით, რომ ზუსტად ისეთ ადამიანად გვაქციოს, როგორსაც თქვენ აღწერთ.  

შეხედეთ ისევ ტრამპის ამომრჩევლებს. მუშათა კლასის ხალხს  მაგალითად არკანზასის მანუფაქტურის ქალაქებიდან და ყური უგდეთ, რას ამბობენ: ეს ის ხალხია, ვისაც ურჩევნიათ  ნახშირის მაღაროებში იმუშაონ, რაც სახუმარო თემა არაა, ვიდრე მთავრობის მოწყალების ხარჯზე იცხოვრონ. მათ არ უნდათ ტახტზე წოლა და სახელმწიფოს მოწყალების მიღება, ეს მათი ღირსების, საკუთარი თავის ღირებულებისა  და რაღაც მნიშვნელოვანის კეთების შეგრძნებას უყენებს წყალს. ჩემი აზრით, ასეთები არიან ადამიანები. 

რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო მეტ საბუთს ვიპოვით. არსებობს დიდი კვლევა ბრიტანელ მუშათა კლასის კითხვის ჩვევის შესახებ გვიან მე-19 საუკუნეში. აღმოჩნდა, რომ ისინი არისტოკრატებზე განათლებულები იყვნენ.  ამერიკელები, მაგალითად აღმოსავლეთ მასაჩუსეტსიდან, ბოსტონიდან, სადაც მე ვცხოვრობ, და ირლანდიელი მჭედელები, თუ საკმარის ფულს გამოიმუშავებდნენ, ბიჭს ქირაობდნენ, რომ წაეკითხა მათთვის, სანამ მუშაობდნენ.

ჩემი ბავშვობიდან შემიძლია გავიხსენო. 1930-იანებში ჩემი ოჯახის უმეტესი ნაწილი იმიგრანტების პირველი თაობა იყო, მუშათა კლასი, საკმაოდ განათლებული, ბევრი მათგანი სკოლაშიც არ დადიოდა, შეიძლება მხოლოდ მეოთხე კლასი დაესრულებინათ, მაგრამ კითხულობდნენ, კონცერტებზე დადიოდნენ, ესწრებოდნენ შექსპირის დადგმებს, მერე არჩევდნენ ამას, პოლიტიკით იყვნენ დაინტერესებულნი…

ჩემი აზრით, უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმისთვის, რომ ასეთი რამეები ადამიანების თავებიდან ამოეგდოთ. ჩემი აზრით ბუნებრივი ადამიანებისთვის ისაა, რომ უნდოდეთ, იყვნენ დამოუკიდებლები, შემოქმედები. შეიძლება გინდოდეს შაბათ-კვირას ტელევიზორის ყურების ნაცვლად შენი მანქანა შეაკეთო უბრალოდ. გინდა, რაღაც მნიშვნელოვანი აკეთო, რაღაც ღირებული, თუნდაც ეს იყოს რაღაც უშნო და საზარელი საქმე, როგორიცაა ნახშირის მაღაროში მუშაობა სახელმწიფოს შემწეობის მიღების ნაცვლად. რადგან ხალხს უნდა ღირსების და საკუთარი თავის პატივისცემის შეგრძნება, შემოქმედების და რაღაც მნიშვნელოვანის კეთების განცდა. 

თარგმანი მოამზადა მარიკა ტყეშელაშვილმა.