fbpx

ჯასბირ პუარი – ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები

ავტორი: ჯასბირ პუარი
თარგმანი მოამზადა აია ბერაიამ

ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები[1]

ჩვენ უდაოდ ქვიარ დროში ვცხოვრობთ. ომი ტერორის წინააღმდეგ არის კრებული, რომელიც ჩახლართულია გამძლე მოდერნისტული პარადიგმების გროვასა (ცივილიზაციის ტელეოლოგიები, ორიენტალიზმები, ქსენოფობია, მილიტარიზაცია, საზღვრებთან დაკავშირებული შფოთვები) და პოსტმოდერნისტულ ამოფრქვევებში (თვითმკვლელი ტერორისტები, დაზვერვის ბიომეტრიული სტრატეგიები, ახალი სხეულებრივი რეალობები, ზღვარსგადასული კონტრტერორიზმი). აქცენტით სხეულებზე, სურვილებზე, სიამოვნებებზე, შეხებაზე, რიტმებზე, ექოებზე, მატერიებზე, სიკვდილებზე, ავადობაზე, წამებაზე, ტკივილზე, შეგრძნებასა და სასჯელზე, ჩვენი ნეკროპოლიტიკური აწმყო-მომავალი მნიშვნელოვანს ხდის, ხელახლა ჩამოვაყალიბოთ, თუ რა აქვს ქვიარ თეორიას და სექსუალობის კვლევებს სათქმელი მეტათეორიებსა და იმპერიის „რეალპოლიტიკაზე“, რაც, როგორც ჯოან სკოტი აღნიშნავს, ხშირად გაგებულია, როგორც „პოლიტიკის რეალური საგანი“.[i]ქვიარ დრო მოითხოვს აზროვნების, ანალიზის, შემოქმედებისა და გამოხატვის კიდევ უფრო ქვიარ მოდალობებს, რათა უკეთ გავერკვეთ ნაციონალისტურ, პატრიოტულ და ტერორისტულ ფორმაციებსა და მათ გადაჯაჭვულობაში რასიალიზებულ პერვერტულ სექსუალობებსა და გენდერულ დისფორიებთან. რა ღრმად ქვიარ მახასიათებლები აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ომს და მის თანმდევ რასიზმის, ნაციონალიზმის, პატრიოტიზმისა და ტერორიზმის კრებულებს? სხვადასხვა ტერორისტულ სხეულებრივ რეალობებში ქვიარობის შესწავლა საშუალებას მაძლევს, განვაცხადო, რომ ქვიარობა მრავლდება მაშინაც კი, ან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უარყოფილი ან არაღიარებულია. ამ ტიპის ძიებებს არა მხოლოდ იმისთვის ვაწარმოებ, რომ ვაჩვენო კონტრტერორიზმის დისკურსები შინაგანად გენდერირებული, რასიალიზებული, სექსუალიზებული და ნაციონალიზებულია, არამედ იმისთვისაც, რომ ვაჩვენო ნორმატიული პატრიოტული სხეულების წარმოება ქვიარ ტერორისტული სხეულებრივი რეალობების საწინააღმდეგოდ და მათი საშუალებით ხდება. ჩემს სპეკულაციურ, კვლევით წამოწყებაში, რასაც ახლა წარმოგიდგენთ, ამ გადაფარვის სამ მანიფესტაციას გამოვკვეთავ. პირველი, ვიკვლევ ქვიარობის დისკურსებს, სადაც ქვიარ სხეულებრივი რეალობების პრობლემური კონცეპტუალიზაციები, განსაკუთრებით მუსლიმურ სექსუალობებზე ფოკუსით, აშშ-ს გამორჩეულობის დისკურსების სასარგებლოდ რეპროდუცირდება. მეორე, განვიხილავ ტერორისტ სხეულს, ამ შემთხვევაში, თვითმკვლელ ტერორისტს, როგორც ქვიარ კრებულს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვიარობას-როგორც-სექსუალურ-იდენტობას (ან ანტიიდენტობას) – სხვა სიტყვებით, ინტერსექციურ და იდენტობაზე ფოკუსირებულ პარადიგმებს – და ამის სანაცვლოდ ქმნის სივრცობრივ, დროით და სხეულებრივ შერწყმებს, მარცხებს და გადანაცვლებებს. ქვიარობა, როგორც კრებული, სცილდება ექსკავაციისსამუშაოს, ამცირებს ქვიარ და არაქვიარ სუბიექტებს შორის ბინარული ოპოზიციის მნიშვნელობას, და ნაცვლად იმისა, რომ შეინარჩუნოს ქვიარობა, როგორც ექსკლუზიურად მეამბოხე, წინააღმდეგობაში მყოფი და ალტერნატიული (ქვიარობა მართლაც წარმოადგენს ამ ყველაფერს), ის ხაზს უსვამს დომინანტურ ფორმაციებზე დამოკიდებულებასა და კომპლიციტურობას. დაბოლოს, ვამტკიცებ, რომ ფოკუსი ქვიარობაზე, როგორც კრებულზე, საშუალებას იძლევა, ყურადღება მივაქციოთ ონტოლოგიას ეპისტემოლოგიასთან ტანდემში, აფექტს რეპრეზენტაციულ წესრიგებთან კავშირში, სადაც სხეულები, როგორიცაა მაგალითად ჩალმიანი სიქი[2]ტერორისტი, აღწევენ ერთმანეთში, ტრიალებენ ერთად და ერთმანეთს აფექტებს გადასცემენ. ჩემი აზრით, აფექტისა და ონტოლოგიის საშუალებით, ჩალმიანი სიქი ტერორისტი, როგორც ქვიარ კრებული, სამხრეთ აზიური ქვიარ დიასპორების სივრცეს გარდაქმნის.   

წაიკითხეთ სრული ვერსია:


[1]პუარი იყენებს ჟილ დელეზის ტერმინს „კრებული“ (assemblage), რასაც ამავე სტატიაში განმარტავს შემდეგნაირად: „გაფანტული, მაგრამ ურთიერთგანმაპირობებელი ქსელების წყება [რომელიც] აერთიანებს დასაწყისსა და დასასრულს,კაუზალობას და შედეგს,“ და შემდგომში ამ მოდელს იდენტობის ინტერსექციური მოდელის საპირისპიროდ განიხილავს. (მთარგმნელის შენიშვნა).

[2]სიქები არიან სიქიზმის – ინდოეთის ერთ-ერთი მონოთეისტური რელიგიის – მიმდევრები. სიქიზმი XV საუკუნის ბოლოს დააარსა გურუ ნანაკმა, გავრცელებულია ძირითადად პენჯაბის შტატში. (მთარგმნელის შენიშვნა).


[i]  Joan Scott, “Gender: A Useful Category of Historical Analysis,” in Gender and the Politics of History (New York: Columbia University Press, 1988), 28-52.

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,ფემინისტური ანთოლოგია” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ, ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.