fbpx

ანდრეა დვორკინი – პორნოგრაფია და გლოვა

ავტორი: ანდრეა დვორკინი
თარგმნა აია ბერაიამ

პორნოგრაფია და გლოვა

ეს ტექსტი თავდაპირველად სიტყვად იქნა წარმოთქმული 1978 წელს, სან ფრანცისკოში, კონფერენციაზე „ფემინისტური პერსპექტივები პორნოგრაფიაზე“. როგორც პრობლემის განზოგადებული ხედვა, სიტყვა პირდაპირ „დავიბრუნოთ ღამე“[1]მარშის წინაშე წარმოითქვა. მარში ჩატარდა, რათა  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის დემონსტრირება მოგვეხდინა – ეს ეხება როგორც გაუპატიურებას და ცემას, ასევე მედიაში შექმნილ იმიჯებს.

ღამით 3000 დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა ანდრეა დვორკინის „მარშისკენ მოწოდებისთვის“ მოესმინა. შემდეგ გზა ბროდვეისკენ გავიკვლიეთ, რომელიც სავსე იყო ტურისტებით, ცოცხალი სექს-შოუს რეკლამის ნეონის ნიშნებით, პორნოგრაფიული ლიტერატურის მაღაზიებით და პორნოგრაფიული თეატრებით. შეძახილებით „შეწყვიტეთ ქალის სხეულით ვაჭრობა“, ჩვენ მთელი ქუჩა დავიკავეთ, გზა გადავკეტეთ და ბროდვეის ხაზის სამი კვარტალი მთლიანად შევავსეთ. ერთი საათის განმავლობაში, ისტორიაში პირველად, ბროდვეი ცოცხალ მყვირალა რეკლამებს, სუტენიორებს ან პორნოგრაფიის ავტორებს აღარ ეკუთვნოდა და ამის ნაცვლად, ათასობით ქალის სიმღერით, ხმებით, ბრაზით და ხედვით აივსო.

რასაც დღეს აქ ვიტყვი, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რისი თქმაც მინდოდა. მინდოდა, აქ საბრძოლო განწყობაზე, ამაყი და გაბრაზებული მოვსულიყავი. მაგრამ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ბრაზი მხოლოდ უსუსური ჩრდილია იმ მწუხარების ფონზე, რასაც განვიცდი. თუკი ქალს საკუთარი ღირსების ოდნავი განცდა მაინც გააჩნია, აქა-იქ თვალმოკრული პორნოგრაფიაც მართებულ მრისხანებაში ჩააგდებს. დიდი რაოდენობის პორნოგრაფიის სიღრმისეული შესწავლა კი, რასაც უკვე რამდენი თვეა ვაკეთებ, აღარც კი მახსოვს, იმავე ქალს მგლოვიარედ გარდაქმნის. 

პორნოგრაფია საზიზღრობაა. სხვაგვარად მისი დახასიათება ტყუილის თქმა იქნებოდა. ამ მარტივ ფაქტს ვერანაირი კაცური ინტელექტუალიზმი და სოფისტიკა ვერ დამალავს. ჟორჟ ბატაი, პორნოგრაფიის ფილოსოფოსი (რომელსაც იგი „ეროტიკულობას“ უწოდებს), ღიად ამბობს: „ეროტიკულობის სფერო, თავისი არსით, ძალადობის, ძალმომრეობის სფეროა.“ ბატონი ბატაი, განსხვავებით ბევრი მისი კოლეგისგან, არ მალავს, რომ მთავარი აზრი ქალზე ძალადობაა. ის დიდებული ევფემიზმის ენას იყენებს, რაც ასე პოპულარულია იმ კაც ინტელექტუალებს შორის, რომლებიც პორნოგრაფიაზე წერენ, და გვატყობინებს, რომ „პასიური, ქალის მხარე, როგორც დამოუკიდებელი არსება, უნდა გაქრეს.“ „გაქრობა“, ნებისმიერი საშუალებით, ეს არის ქალის როლი პორნოგრაფიაში. სექსუალობის დიდი მეცნიერი და ფილოსოფოსი კაცები, კინზის, ჰევლოკ ელისის, ვილჰელმ რაიხისა და ფროიდის ჩათვლით, ქალების ამგვარი ფუნქციისა და ბედისწერის ხედვას მხარს უჭერდნენ. დიდი კაცი მწერლები მეტ-ნაკლებად ლამაზად იყენებენ ენას, რათა საკუთარი გულის გასახარ ფრაგმენტებში წარმოგვაჩინონ, ნახევრად „გამქრალები“, ასე ვთქვათ, შემდეგ კი აგრძელებენ ჩვენს სრულ „გაქრობას“ ნებისმიერი საშუალებით. დიდი კაცი ხელოვანების ბიოგრაფები ზარ-ზეიმით გვამცნობენ, თუ რა საშინელებები გაგვიკეთეს [ქალებს] ამ კაცებმა, თითქოს ეს საშინელებები ხელოვანის შემოქმედების ცენტრალური ნაწილი იყოს.  ისტორიაშიც, კაცებმა ყველა საშუალება გამოიყენეს ჩვენ „გასაქრობად“. ჩვენთვის ტყავის გაძრობა და ჩვენი ძვლების მსხვრევა კაცების მიერ დადგენილი ხელოვნებისა და მეცნიერების ენერგიის წყაროა, და ეს აგრეთვე, პორნოგრაფიის მთავარი შინაარსია. ქალების მიმართ უსაზღვრო სიძულვილის შინაგანმა განცდამ ბრაზიც დამავიწყა და ცრემლებიც; ახლა მხოლოდ მგლოვიარე შემიძლია ვიყო. 

ყველანი ველოდით, რომ სამყარო განსხვავებული იქნებოდა, ხომ ასეა? რა მატერიალური ან ემოციური გაჭირვებაც არ უნდა გამოგვეცადა ბავშვობაში ან მოზრდილობაში, რაც არ უნდა გვცოდნოდა ისტორიიდან, რაც არ უნდა მოგვესმინა სხვა ადამიანებისგან ადამიანების ტანჯვასა და ამის მიზეზებზე, ადამიანური შესაძლებლობების მაინც ყველას გვჯეროდა, თუნდაც გულის სიღრმეში. გვწამდა ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის, რელიგიის, რევოლუციის, ბავშვების, ან ეროტიკისა თუ სიყვარულის განმათავისუფლებელი პოტენციალის. რაც არ უნდა გვცოდნოდა სისასტიკეზე, მაინც გვჯეროდა სიკეთის; რაც არ უნდა გვცოდნოდა სიძულვილზე, მაინც გვჯეროდა მეგობრობის ან სიყვარულის. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა და დაიჯერებდა ცხოვრების იმ მარტივ ფაქტებს, რომლებიც შემდეგ ჩვენთვის ცხადი გახდა: კაცის სიხარბე და გაუმაძღრობა დომინაციისკენ ლტოლვაში; კაცთა სუპრემაციზმის ბოროტება; ქალთა მიმართ ზიზღი და სიძულვილი, რაც ჩვენი კულტურის საფუძველია. ქალთა მოძრაობამ გვაიძულა, ამ ფაქტებისთვის თვალი გაგვესწორებინა, მაგრამ რა მამაცები და შორსმჭვრეტელებიც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ მზად, ან იძულებული ვიყოთ, რეალობას რომანტიკისა და ილუზიების გარეშე შევხედოთ, მაინც გვაოგნებს და გვიჭირს დავიჯეროთ კაცების მიერ ჩვენი მოდგმის სიძულვილი, ეს ავადმყოფური, კომპულსიური, ობსესიური ძალა და მისი ზეიმი ცხოვრებისა და კულტურის ყოველ დეტალში. ვფიქრობთ, რომ ეს სიძულვილი ერთხელ და სამუდამოდ მოვიხელთეთ, ვნახეთ მისი გამორჩეული სისასტიკე, შევიტყვეთ მისი ყველა საიდუმლო, მივეჩვიეთ მას ან ავმაღლდით მასზე ან მის წინააღმდეგ ორგანიზება დავიწყეთ, რათა თავი მისი ყველაზე უარესი გამოვლინებებისგან დაგვეცვა. ვფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რას უკეთებენ კაცები ქალებს, თუნდაც არ შეგვეძლოს იმის გაგება, თუ რატომ აკეთებენ ამას, მაგრამ როცა რაღაც ხდება, ეს უბრალოდ გვაგიჟებს, ჭკუიდან გვშლის და ისევ გალიაში გამოკეტილ ცხოველებს ვემსგავსებით, როდესაც ამ თავზარდამცემი რეალობის წინაშე ვდგებით – კაცის კონტროლის; კაცის შურისძიების, თუმცა არავინ იცის, რისთვის; კაცის მიერ ქალის სიძულვილის.

შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც ვერ წარმოიდგინო რეალურ მკვლელობებზე გადაღებული ფილმები [snuff films]. შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც შოკირებული და შეძრწუნებული დარჩე, როდესაც კაცს, რომელიც ასეთი ფილმების გადაღებას ცდილობდა, ათავისუფლებენ, მიუხედავად ფარული აგენტი ქალების ჩვენებებისა, ვისი წამება, მოკვლა და, რასაკვირველია, ფილმში გადაღება მას უნდოდა. შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც გაოგნებული და პარალიზებული აღმოჩნდე, როდესაც შეხვდები ბავშვს, რომელსაც მამა ან სხვა ახლო ნათესავი პერმანენტულად აუპატიურებს. შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც ენა ჩაგივარდეს, როდესაც ქალს იმისთვის ასამართლებენ, რომ საქსოვი ჩხირებით აბორტის გაკეთება სცადა, ან როდესაც ქალს აპატიმრებენ იმ კაცის მკვლელობისთვის, რომელიც მას აუპატიურებდა ან აწამებდა. შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც სიკვდილი მოგინდეს, ან ვინმეს მოკვლა მოგინდეს, როდესაც ჟურნალის ყდაზე ხორცსაკეპში გატარებული ქალის საზეიმო სურათს ხედავ, რა გახრწნილი ჟურნალიც არ უნდა იყოს. შეიძლება ყველაფერი იცოდე, მაგრამ შინაგანად მაინც არ გინდოდეს იმის დაჯერება, რომ პიროვნული, სოციალური, კულტურულად სანქცირებული ქალთა მიმართ ძალადობა არის უსაზღვრო, არაპროგნოზირებადი, ყოვლისმომცველი, მუდმივი, დაუნდობელი, და ბედნიერად და მოურიდებლად სადისტური. შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც ვერ იღებდე იმ ფაქტს, რომ კაცის ცნობიერებაში სექსი და მკვლელობა ერთმანეთს ერწყმის, ისე რომ ერთი წარმოუდგენელი და შეუძლებელია მეორის შინაგანი დაშვების გარეშე. შეიძლება ყველაფერი იცოდე და გულის სიღრმეში მაინც ებრძოდე იმ აზრს, რომ ქალების განადგურება კაცებისთვის მნიშვნელობისა და იდენტობის წყაროა. შეიძლება ყველაფერი იცოდე და სასოწარკვეთილს მაინც გინდოდეს, რომ არაფერი იცოდე, რადგან ამ ცოდნისთვის თვალის გასწორება დაგაფიქრებს იმაზე, აქვს თუ არა სიცოცხლეს საერთოდ რაიმე აზრი.  

პორნოგრაფიის ავტორები, ახლებიც და ძველებიც, ფილმების ავტორებიც და ტექსტების ავტორებიც, ვულგარულებიც და არისტოკრატიულებიც, ერთ მყარ დებულებას იცავენ: კაცი ეროტიკულ სიამოვნებას ქალის ბარბაროსული განადგურებისგან იღებს. როგორც მსოფლიოს ყველაზე პატივდებულმა პორნოგრაფიის ავტორმა, მარკიზ დე სადმა (რომელსაც კაცი სწავლულები „ღვთაებრივ მარკიზს“ უწოდებენ) დაწერა ერთხელ, მისთვის უჩვეულოდ თავშეკავებულ და თავაზიან მომენტში: „არ არსებობს ქვეყანაზე ქალი, რომელიც ჩემს [სექსუალურ] ქცევაზე რამე ცუდს იტყოდა, თუკი შემდეგ მას მოვკლავდი.“ მკვლელობის ეროტიზაცია პორნოგრაფიის არსია, ისევე როგორც ცხოვრების არსი. მწამებელი შეიძლება პოლიციელი იყოს, რომელიც ციხის საკანში მსხვერპლს ფრჩხილებს აძრობს, ან ე.წ. ნორმალური კაცი, რომელიც ქალის ტყვნით მოკვლას ცდილობს. რეალობა ის არის, რომ მოკვლის პროცესი – გაუპატიურებაც და ცემაც ამ პროცესის საფეხურებია – კაცისთვის უპირატესი სექსუალური აქტია რეალობაში ან/და წარმოსახვაში. ქალები, როგორც კლასი, ტყვეობაში უნდა დარჩნენ, კაცების სექსუალურ ნებას დაქვემდებარებულნი, რადგან მოკვლის უზენაესი უფლების ფლობა, ან ბოლომდე მიყვანილი, ან ნაწილობრივ განხორციელებული, მათი სექსუალური მადისა და ქცევის წასახალისებლად არის საჭირო. ქალების, როგორც პოტენციური ან ნამდვილი მსხვერპლების, გარეშე, კაცები, დღევანდელი დახვეწილი ჟარგონით რომ ვთქვათ, „სექსუალურად დისფუნქციურები“ არიან. იგივე მოტივი გვხვდება კაც ჰომოსექსუალებში, სადაც ძალა ან პირობითობა ზოგ მათგანს ქალად ან ფემინურად მონიშნავს. კაც ჰომოსექსუალებს შორის ტყავისა და ჯაჭვების სიჭარბე და ახალმოდური დაცვები თითქოს რადიკალი გეი კაცების მიერ ორგანიზებული ბიჭების პროსტიტუციის დაჯგუფებებით, ამტკიცებს, რამდენად მყარია კაცის სწრაფვა დომინაციისა და განადგურებისკენ, რაც კაცებისთვის სექსუალური სიამოვნების წყაროა.

პორნოგრაფიაში ყველაზე საშინელი ის არის, რომ ის კაცურ ჭეშმარიტებას გადმოგვცემს. ყველაზე ვერაგული კი ის არის, რომ ის კაცურ ჭეშმარიტებას  იმგვარად გადმოგვცემს, თითქოს ის უნივერსალური ჭეშმარიტება იყოს. გვეუბნებიან, რომ ჯაჭვებით დაბმული, ნაწამები ქალის სახეები ჩვენს ყველაზე ღრმა ეროტიკულ მისწრაფებებს წარმოადგენს. ზოგიერთი ჩვენგანი იჯერებს კიდეც ამას, ასე არ არის? პორნოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ღირებულებები კაცთა საერთო ღირებულებებია. ეს არის ის უმთავრესი ფაქტი, რომელსაც მემარჯვენე კაცებიც და მემარცხენე კაცებიც, განსხვავებულად, მაგრამ ურთიერთშემავსებელი მეთოდებით, მალავენ ქალებისგან. მემარჯვენეებს პორნოგრაფიის დამალვა სურთ, მემარცხენეებს კი მისი მნიშვნელობის დამალვა. ორივეს სურს წვდომა პორნოგრაფიაზე, რათა კაცები ამით გამხნევდნენ და წახალისდნენ. მემარჯვენეებს ფარული ხელმისაწვდომობა სურთ, მემარცხენეებს კი საჯარო. მაგრამ მიუხედავად იმისა, ღიად დავინახავთ პორნოგრაფიას თუ არა, მისი ღირებულებები არის ღირებულებები, რომლებიც ასახულია გაუპატიურებასა და ცოლების ცემაში, სამართლებრივ სისტემაში, რელიგიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, ქალების სისტემატურ ეკონომიკურ დისკრიმინაციაში, მომაკვდავ აკადემიაში და აგრეთვე, ყველა ამ სფეროსა და მიმართულების კარგი, კეთილი, ბრძენი და განათლებული აქტორების მიერ. პორნოგრაფია არ არის გამოხატვის ჟანრი, რომელიც დანარჩენი ცხოვრებისგან განსხვავებულია და ცალკე დგას; ეს არის გამოხატვის ჟანრი, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ნებისმიერ კულტურასთან, სადაც ის ყვავის. ეს იმის მიუხედავად, ლეგალურია თუ არალეგალური. აგრეთვე, პორნოგრაფია ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს კაცთა სუპრემაციზმისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესანარჩუნებლად, რადგან ის აპირობებს, ავარჯიშებს, ასწავლის და შთააგონებს კაცებს ქალების სიძულვილს, ქალების მოხმარებას, ქალებისთვის ზიანის მიყენებას. პორნოგრაფია იმიტომ არსებობს, რომ კაცებს ქალები სძულთ და ქალები კი ნაწილობრივ იმიტომ სძულთ, რომ პორნოგრაფია არსებობს. 

მე პორნოგრაფიამ იმგვარად გამანადგურა, როგორც ცხოვრებას არ გავუნადგურებივარ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც. რა ბრძოლები და სირთულეებიც არ უნდა შემხვედროდა ცხოვრებაში, ყოველთვის მინდოდა, სიცოცხლის გასაგრძელებლად გზა მეპოვა, თუნდაც არ მცოდნოდა, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, მინდოდა, კიდევ ერთი დღე მაინც მეცოცხლა, კიდევ მესწავლა რამე, კიდევ ერთხელ გამესეირნა, კიდევ ერთი წიგნი წამეკითხა, კიდევ ერთი აბზაცი დამეწერა, კიდევ ერთი მეგობარი მენახა, კიდევ ერთხელ მყვარებოდა. მაგრამ როდესაც პორნოგრაფიას ვკითხულობ, ან ვხედავ, მინდა, რომ ყველაფერი გაჩერდეს. ჩემს თავს ვეკითხები, რატომ, მაინც რატომ არიან ასეთი სასტიკები და ასეთი ამაყები ამით? ზოგჯერ, რაიმე დეტალი მაგიჟებს. ერთი ფოტოების სერიაა: ქალი მკერდს დანით ისერავს, საკუთარ სისხლს სხეულზე იცხებს, ვაგინაში ხმალს იდებს. და იღიმის.ეს ღიმილი მაგიჟებს. დიდ ვიტრინაში მუსიკალური ალბომია გამოკრული. ალბომის სურათზე ქალის ბარძაყების წინხედია. ფეხებშორისი ადგილი პირდაპირ ნაჩვენები არ არის, მინიშნებულია. ალბომის სათაურია „მირტყი სიკვდილამდე.“ ეს აროგანტულობა. ცივსისხლიანი აროგანტულობა. და როგორ შეიძლება ასე გრძელდებოდეს, ეს უაზრობა, სისასტიკე, აბსურდი, დღეებისა და წლების განმავლობაში, ეს სახეები, იდეები და ღირებულებები მოედინება, იფუთება, იყიდება, რეკლამდება და სიცოცხლეს ინარჩუნებს, ამას არავინ აჩერებს, ჩვენი ძვირფასი ინტელექტუალი ბიჭუნები ამას იცავენ, ელეგანტური რადიკალური ადვოკატები ამას ამართლებენ, ხოლო ყველა ჯურის კაცს ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და არც იცხოვრებს. სიცოცხლე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, უაზრო ხდება, რადგან ამ სისასტიკის ზეიმი პირდაპირ ანადგურებს ჩემს უნარებს, რომ ვიგრძნო, ვზრუნავდე და იმედი მქონდეს. პორნოგრაფიის ავტორები ყველაზე მეტად იმის გამო მძულს, რომ იმედი წამართვეს. 

პორნოგრაფიაში არსებული ფსიქოლოგიური ძალადობა თავისთავად აუტანელია. თითქოს ხელკეტით გცემენ, სანამ მგრძნობელობას არ დაკარგავ და ყველაფერი სულ ერთი არ გახდება. მაშინ მოქმედების უნარს კარგავ. ყველაფერი ჩერდება, უყურებ გვერდებს ან სურათებს და იცი: ეს არის ის, რაც კაცებს უნდათ, რაც მათ აქვთ და რასაც არ დათმობენ. როგორც ლესბოსელმა ფემინისტმა კარლა ჯეიმ აღნიშნა თავის სტატიაში „მარიხუანა, პორნო და სიამოვნების პოლიტიკა,“ კაცები დათმობენ ყურძენს, სალათის ფოთლებს, ფორთოხლის წვენს, პორტუგალიურ ღვინოს და თინუსს, მაგრამ არა პორნოგრაფიას. დიახ, მართალია, გინდა, რომ მათ ის წაართვა, დაწვა, დაანაკუწო, ააფეთქო და მიწასთან გაასწორო მათი თეატრები და გამომცემლობები. შეგიძლია რევოლუციური მოძრაობის ნაწილი იყო ან შეგიძლია იგლოვო. მგონი, ჩემი გლოვის ნამდვილ მიზეზს მივაგენი: ჩვენ ჯერაც არ ვართ რევოლუციური მოძრაობა.

დღეს ყველანი ერთად ვივლით მარშზე, ღამის დასაბრუნებლად. ასევე იქცევიან ქალები მსოფლიოს სხვა ქალაქებში, რადგან, ყველანაირი გაგებით, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია მარტო სიარული. ყოველი მარტო მოსიარულე ქალი სამიზნეა. ყოველი მარტო მოსიარულე ქალი დევნილი და შევიწროებულია, ის დროდადრო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება. მხოლოდ ერთად სიარულით შეგვიძლია მოვიპოვოთ უსაფრთხოების, ღირსების ან თავისუფლების შეგრძნება. დღეს ჩვენ განვუცხადებთ პორნოგრაფიის ავტორებსა და ქალებზე მოძალადეებს, რომ მათი დღეები დათვლილია და ჩვენი დრო მოვიდა. ხვალ კი, რას ვიზამთ ხვალ? რადგან, დებო, სიმართლე ის არის, რომ ღამე ყოველდღიურად უნდა დავიბრუნოთ, თუ არადა, ის ჩვენი არასდროს იქნება. ხოლო როდესაც სიბნელეს დავიპყრობთ, სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ, დღეც ჩვენად უნდა ვაქციოთ. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენი საჭიროება. ეს რევოლუციური არჩევანი და რევოლუციური საჭიროებაა. ჩვენთვის ეს ორი განუყოფელია, ისევე როგორც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ბევრმა ჩვენგანმა უკვე მრავალი მილი გამოიარა ბრძოლით, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მივუახლოვდით. ამაღამ, ყოველი სუნთქვა და ნაბიჯი ამ მიზნისკენ სვლაში უნდა ჩავდოთ: ჩვენი პლანეტა ციხისა და საფლავისგან ჩვენს კუთვნილ, სიხარულით სავსე სახლად უნდა ვაქციოთ. ეს ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ ამას გავაკეთებთ საკუთარი თავებისა და ყველა ქალისთვის. 


[1]„დავიბრუნოთ ღამე“ (Take Back the Night) საერთაშორისო ფემინისტური მოვლენაა, რომლის დროსაც ქალები მარშებით და სხვადასხვა ფორმის აქციებით უპირისპირდებიან სექსუალურ ძალადობას, ოჯახში ძალადობას და ქალზე ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. აქციები 1970-იანების შუა წლებიდან ტარდება აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, დღესდღეობით აქციას 30-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ. ქართველი ფემინისტები ამ მოვლენას 2016 წლიდან შეუერთდნენ. „ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა“ 2016 და 2017 წლებში ჩაატარა მსვლელობა „არ დავთმოთ ღამე!“, ფოკუსით სექსუალურ შევიწროებაზე. (მთარგმნელის შენიშვნა).


თარგმანი მომზადდა პროექტის ,,ფემინისტური ანთოლოგია” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ, ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.