fbpx

დევიდ ჰალპერინი: არსებობს თუ არა სექსუალობის ისტორია?

ავტორი: დევიდ ჰალპერინი
თარგმნა აია ბერაიამ

არსებობს თუ არა სექსუალობის ისტორია?*

სექსს ისტორია არ აქვს.[1]ის ბუნებრივი, სხეულის ფუნქციონირებაზე დაფუძნებული ფაქტია და, როგორც ასეთი, ისტორიისა და კულტურის მიღმა დგას. მეორე მხრივ, სექსუალობა უშუალოდ სხეულის რომელიმე ასპექტს ან თვისებას არ აღნიშნავს. სექსისგან განსხვავებით, სექსუალობა კულტურული ნაწარმია: ის წარმოადგენს იდეოლოგიური დისკურსის მიერ ადამიანის სხეულისა და მისი ფიზიოლოგიური შესაძლებლობების აპროპრიაციას.[2]სექსუალობა სომატური ფაქტი არ არის; კულტურული შედეგია. შესაბამისად, სექსუალობას აქვს ისტორია – თუმცა (რაზეც ვილაპარაკებ), არც ისე ხანგრძლივი. 

რასაკვირველია, ამის თქმა თავისთავად ცხადის გაცხადება სულაც არ არის – მიუხედავად ჩემი თავდაჯერებული ტონისა – არამედ, სადაო, საეჭვოდ მოდური და ალბათ ძლიერ მოულოდნელი დებულებაა. ამ დებულების სარწმუნოობა თითქოს არაფერ არსებითს არ ემყარება, გარდა აწ განსვენებული ფრანგი ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს ბრწყინვალე, ინოვაციური, მაგრამ დიდწილად თეორიული ნაშრომისა.[3]ფუკოს მიხედვით, სექსუალობა არ არის მოვლენა, ბუნებრივი ფაქტი, ფიქსირებული და უძრავი ელემენტი ადამიანის სუბიექტურობის მარადიულ გრამატიკაში, არამედ „კომპლექსური პოლიტიკური ტექნოლოგიის“ „გარკვეული განლაგებით წარმოებული ეფექტების წყება სხეულებში, ქცევებსა და სოციალურ ურთიერთობებში.“[4]სხვა მონაკვეთში ფუკო წერს,

[სექსუალობაზე] არ უნდა ვიფიქროთ, როგორც გარკვეულ ბუნებრივ მოცემულობაზე, რომლის შეკავებასაც ძალაუფლება ცდილობს, ან როგორც იდუმალ სფეროზე, რომლის გამოვლენასაც ცოდნა ესწრაფვის. სინამდვილეში, ეს ისტორიული კონსტრუქტია: არა რთულად მოსახელთებელი ფარული რეალობა, არამედ ვეება ზედაპირული ქსელი, სადაც სხეულების სტიმულაცია, სიამოვნებების ინტენსიფიკაცია, დისკურსის წახალისება, სპეციალური ცოდნების ფორმირება, კონტროლისა და წინააღმდეგობების გაძლიერება, ერთმანეთს უკავშირდება ცოდნისა და ძალაუფლების რამდენიმე მთავარი სტრატეგიის მიხედვით.[5]

უნდა დავეთანხმოთ ფუკოს? ვფიქრობ, რომ უნდა დავეთანხმოთ, მაგრამ ამავე დროს, ჩემი აზრით, სექსუალობის ამგვარი ისტორიული არსის დასადგენად ფუკოს ავტორიტეტის წონაზე მეტია საჭირო. უნდა ითქვას, რომ უკვე შესრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაო, როგორც კონცეპტუალური, ასევე ემპირიული, რომელიც ფუკოს ცენტრალურ ხედვებს შეადგენს და წინ სწევს ისტორიზმის იმ პროექტს, რომელშიც მან ამდენი შრომა ჩადო.[6]მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი, თუ ფუკოს მიერ დაწყებული ესკიზის – როგორც ფუკომ თავად აღიარა,[7]ნაჩქარევისა და არასრულფასოვანის – დასრულება გვინდა და იმის დემონსტრირება, რომ სექსუალობა, როგორც ფუკო ამბობდა, ნამდვილად უნიკალურად მოდერნული ნაწარმია. 

ამ ისტორიულ წამოწყებაში კლასიკური ანტიკურობის კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დროის ვრცელი ინტერვალი, რომელიც უძველეს სამყაროს მოდერნული სამყაროსგან აშორებს, ისეთი მასშტაბის კულტურულ ცვლილებებს მოიცავს, რომ ამისგან გამოწვეული კონტრასტები უთუოდ ყველა დამკვირვებლისთვის თვალშისაცემი იქნება. ადამიანი, რომელიც კლასიკურ ანტიკურობას შეისწავლის, უძველეს ჩანაწერებში გარდაუვლად გადააწყდება ფუნდამენტურად უცხო ღირებულებებს, ქცევებს და სოციალურ პრაქტიკებს, აგრეთვე, გამოცდილების ორგანიზებისა და არტიკულირების იმგვარ გზებს, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენს ცხოვრების მოდერნული გაგებისთვის, და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ადამიანის ბუნების“ – ისე, როგორც ჩვენ გვესმის ეს დღეს – უნივერსალურობას. ეს ისტორიული დაშორება არა მხოლოდ უძველესი სოციალური და სექსუალური ჩვეულებების მკაფიოდ დანახვის საშუალებას გვაძლევს; ამას გარდა, ის შესაძლებელს ხდის იმასაც, რომ ფოკუსში მოვაქციოთ ჩვენი საკუთარი სოციალური და სექსუალური გამოცდილებების იდეოლოგიური განზომილება – მათი წმინდად პირობითი და შემთხვევითი ხასიათი.[8]ერთ-ერთი, ამჟამად ეჭვშეუტანელი დაშვება სექსუალური გამოცდილების შესახებ, რასაც ანტიკურობის კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის ის მოსაზრება, რომ სექსუალური ქცევა ინდივიდის „სექსუალობას“ ასახავს ან გამოხატავს. 

ეს შეიძლება შედარებით უვნებელ და უპრობლემო, ყოველგვარი იდეოლოგიური შინაარსისგან დაცლილ დაშვებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ მაინც რას ვგულისხმობთ ამ დაშვებით? კონკრეტულად როგორ გვესმის ცნება „სექსუალობა“? ვფიქრობ, „სექსუალობით“ აღვნიშნავთ ადამიანის პიროვნების პოზიტიურ, გამორჩეულ და შემადგენელ ნაწილს, ხასიათის განთავსებას ინდივიდუალურ სექსუალურ აქტებში, სურვილებსა და სიამოვნებებში – განმსაზღვრელ წყაროს, საიდანაც სათავეს იღებს ყველანაირი სექსუალური გამოხატვა. „სექსუალობა“, ამ გაგებით, არ არის წმინდად აღწერითი ტერმინი, რაიმე ობიექტური მდგომარეობის ნეიტრალური რეპრეზენტაცია ან ჩვენ შესახებ უკვე ცნობილი ფაქტების უბრალო აღიარება; პირიქით, „სექსუალობა“ ამ ფაქტების კონსტრუირების, ორგანიზებისა და ინტერპრეტირების გარკვეული გზაა და დიდ კონცეპტუალურ სამუშაოსაც ასრულებს.

პირველ რიგში, სექსუალობა განსაზღვრავს საკუთარ თავს, როგორც განცალკევებულ, სექსუალურ სფეროს ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ ბუნებაში. მეორე, სექსუალობა კონცეპტუალურად მონიშნავს და შემოზღუდავს ამ სფეროს პიროვნული და სოციალური ცხოვრების სხვა განზომილებებისგან, რომლებიც, ტრადიციულად, მას კვეთენ – ესენია ხორციელება, სექსუალური ტკბობა, ლიბერტინიზმი,[i]კაცური სექსუალური ენერგია, ვნება, შეყვარებულობა, ეროტიკა, ინტიმურობა, სიყვარული, სინაზე, მადა, სურვილი; ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირეოდენს ასახავს იმ ტერიტორიების ძველი მფლობელებისა, რომელსაც ბოლო დროს სექსუალობა იკავებს. დაბოლოს, სექსუალობა აწარმოებს სექსუალურ იდენტობას: ის ყოველ ჩვენგანს ანიჭებს ინდივიდუალურ სექსუალურ ბუნებას, პიროვნულ არსს, რომელიც (ნაწილობრივ მაინც) სპეციფიკურად სექსუალური ტერმინებით არის განსაზღვრული; ის გულისხმობს, რომ ადამიანების ინდივიდუალიზაცია სექსუალობის დონეზე ხდება, რომ ადამიანებს ერთმანეთისგან მათი სექსუალობა განასხვავებს და მეტიც, ისინი თავიანთი სექსუალობის წყალობით განსხვავებულ ტიპებს ან სახეობებს ეკუთვნიან. 

ჩემი აზრით, ეს არის „სექსუალობის“, როგორც ის დღეს არის კონცეპტუალიზებული, რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. შემდგომში ვაჩვენებ, რომ სექსუალობის ამგვარი გააზრება უძველესი ეპოქის ადამიანების ისტორიისთვის უცხოა. ჩემი კვლევის ფოკუსი განსაკუთრებით ორი თემა იქნება, რომლებიც სექსუალობის თანამედროვე კონცეპტუალიზაციისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ უძველეს წყაროებში მის ნიშან-წყალსაც ვერ იპოვით: სექსუალობის, როგორც არსებობის განცალკევებული სფეროს ავტონომია (რომელიც ღრმად არის გადაჯაჭვული ცხოვრების სხვა სფეროებთან, მაგრამ განსხვავდება მათგან და შეუძლია ისეთივე ძალით იმოქმედოს სხვა სფეროებზე, როგორც ისინი მოქმედებენ მასზე), და სექსუალობის ფუნქცია, რომ ადამიანის ბუნებაში ინდივიდუალიზაციის პრინციპი განახორციელოს. სტატიაში რიგრიგობით განვიხილავ ორივე თემას და ვეცდები, ამგვარად გადმოვცე სექსუალური გამოცდილების უძველესსა და მოდერნულ ნაირსახეობებს შორის არსებული განსხვავებები. 

პირველ რიგში, განვიხილავ სექსუალობის, როგორც არსებობის განცალკევებული სფეროს, ავტონომიას. საწყისი მოსაზრება, რისი გამოთქმაც მინდა, უკვე გამოთქვა რობერტ პედგაგმა თავის ახლა უკვე კლასიკურ ესეში, ისტორიაში სექსუალობის კონცეპტუალიზაციის შესახებ. პედგაგი აცხადებს, რომ

ჩვენ პრებურჟუაზიულ სამყაროში „სექსუალობის“ რაობაზე ვფიქრობთ, რომ ეს იყო აქტებისა და ინსტიტუტების ჯგუფი, თუმცა არა აუცილებლად ერთმანეთთან დაკავშირებული, ან თუ დაკავშირებული იყო, მაშინ ჩვენი წესრიგისგან განსხვავებულ კომბინაციებს ქმნიდა. პენეტრაციული სექსუალური აქტი, ნათესაობა, ოჯახი და გენდერი სექსუალობის ერთ „სფეროს“ სულაც არ ქმნიდა. ამის ნაცვლად, სექსუალური აქტების თითოეული ჯგუფი პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდებოდა, ანუ შეადგენდა ნაწილს ინსტიტუტებისა და აზროვნების სტილისა, რომლებიც ჩვენი ხედვით, თავიანთი ბუნებით პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურია; და ეს კავშირები კვეთს ჩვენს წარმოდგენას სექსუალობაზე, როგორც სხვა მოვლენებისგან განცალკევებულ მოვლენაზე, პირადული არსებობის განცალკევებულ სფეროზე.[9]

უძველესი დროის ფაქტები ცხადად ადასტურებს პედგაგის ამ განცხადებას. მაგალითად, კლასიკურ ათენში სექსი იმდენად შინაგან განწყობებს ან მიდრეკილებებს არ გამოხატავდა, რამდენადაც ემსახურებოდა სოციალური აქტორების განთავსებას მათთვის განკუთვნილ ადგილებში, ათენური სახელმწიფოს იერარქიულ სტრუქტურაში მათი პოლიტიკური პოზიციის შესაბამისად. ახლა ამ ფორმულირებაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ. 

კლასიკურ ათენში ზრდასრული კაცი მოქალაქეების მცირე ჯგუფი ფლობდა ფაქტობრივ მონოპოლიას სოციალურ ძალაუფლებაზე და შეადგენდა მკაფიოდ განსაზღვრულ ელიტას ქალაქი-სახელმწიფოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. კლასიკური ათენის სოციალური ლანდშაფტის უპირატესი მახასიათებელი იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ზემდგომ, მოქალაქეებისგან შედგენილი ჯგუფისა და დაქვემდებარებული ჯგუფის სტატუსებს შორის, რომელიც ქალების, ბავშვების, უცხოელებისა და მონებისგან შედგებოდა – ყველა მათგანი მოკლებული იყო სრულ სამოქალაქო უფლებებს (თუმცა ყველა თანაბრად დაქვემდებარებული არ ყოფილა). სექსუალური ურთიერთობები არა მხოლოდ შეესაბამებოდა ამ განსხვავებას, არამედ მკაცრად პოლარიზებული იყო მასთან კონფორმულობაში. 

წაიკითხეთ სრულად:


შენიშვნები:

* ამ სტატიაში მოცემული მასალების დიდი ნაწილი, ცოტა განსხვავებულად, გამოყენებულია ჩემი კრებულის, One Hundred Yearsof Homosexualityand OtherEssays on GreekLove(NewYork:Routledge,1989),სატიტულო ესეში, ან რედაქტორების შესავალში, წიგნში Before Sexuality:The ConstructionofEroticExperiencein theAncientGreekWorld, ed. DavidM . Halperin,John J. Winkler, and Froma I. Zeitlin (Princeton, 1990).

[1]ან თუ აქვს, ეს ისტორია ევოლუციური ბიოლოგის საქმეა და არა ისტორიკოსის; იხ. Lynn Margulis and Dorion Sagan, The Origins of Sex(New Haven, 1985).

[2]ამ ფორმულირებას ვიღებ შემდეგი სტატიიდან:LouisAdrianMontrose, ” ‘Shaping Fantasies’: Figurations of Genderand Power in Elizabethan Culture,”Representations2 (1983), 61-94 (პასაჟი გვ. 62-ზე), რომელიც თავის მხრივ აღწერს გეილ რუბინის მიერ შემოტანილ „სქესის/გენდერის სისტემის“ კონცეპტს,Gayle Rubin,”The Traffic in Women: Notes on the ‘Political Economy’ of Sex,” in Toward an Anthropologyof Women, ed. Rayna R. Reiter (New York, 1975), 157-210.

[3]ფუკოს History of Sexuality-ის [„სექსუალობის ისტორიის“] მეორე და მესამე ტომები, რომლებიც მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, მნიშვნელოვნად შორდება მისი წინა ნაშრომის თეორიულ ორიენტაციას და უფრო კონკრეტულ ინტერპრეტაციას მიმართავს; იხ. ჩემი შენიშვნები “Two Views of  Greek Love: Harald Patzer and Michel Foucault,” One Hundred Years of Homosexuality, 62-71, 64.

[4]Michel Foucault, The History of Sexuality, Volume I: An Introduction, transl. Robert Hurley(New York, 1978),127. იხ. Teresa de Lauretis, Technologies of Gender: Essays on Theory, Film,and Fiction(Bloomington, 1987), 1-30, 3, რომელსაც ფუკოს მიერ სექსუალობის კრიტიკა გენდერზე გადააქვს. 

[5]Foucault,The History of Sexuality, 105-106.

[6]განსაკუთრებით აღსანიშნავია:Robert A. Padgug, “Sexual Matters: On Conceptualizing Sexualityin History,” Radical History Review20 (1979), 3-23; George Chauncey, Jr., “From Sexual InversiontoHomosexuality:Medicine and the Changing Conceptualization of Female Deviance,” in Homosexuality:Sacrilege, Vision, Politics,ed. Robert Boyers and George Steiner = Salmagundi58-59(1982-1983), 114-146;Arnold I. Davidson, “Sex and the Emergence of Sexuality,” Critical Inquiry14 (1987-1988), 16-48.იხ. აგრეთვე The Cultural Construction of Sexuality, ed. Pat Caplan (London,1987); T. Dunbar Moodie, “Migrancy and Male Sexuality on the South African Gold Mines,” Journalof Southern African Studies14 (1987-1988), 228-256; George Chauncey, Jr., “Christian Brotherhoodor Sexual Perversion? Homosexual Identities and the Construction of Sexual Boundaries inthe World War One Era,” Journal of Social History19 (1985-1986), 189-211.

[7]მაგ.,Michel Foucault, The Use of Pleasure, The History of Sexuality, Volume Two, transl. RobertHurley (New York, 1985), 92, 253.

[8]სექსუალურ გამოცდილებასთან მიმართებაში ტერმინ „იდეოლოგიურის“ გამოსაყენებლად ჩემზე გავლენა მოახდინა სტიუარტ ჰოლის ფორმულირებამ,Stuart Hall, “Culture, the Media, and the ‘Ideological Effect,”‘ in Mass Communication andSociety, ed. James Curran, Michael Gurevitch, Janet Woolacott, et al. (London, 1977), 315-348, 330:„იდეოლოგია, როგორც სოციალური პრაქტიკაშედგება ‘სუბიექტისგან,’ რომელიც პოზიციონირებს სპეციფიკურ კომპლექსში, დისკურსებისა და კოდების გაობიექტებულ ველში, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია ენასა და კულტურაში კონკრეტულ ისტორიულ მომენტში“ (ციტირებულია, Ken Tucker and Andrew Treno, “The Cultureof Narcissism and the Critical Tradition: An Interpretative Essay,” Berkeley Journal of Sociology25 [1980], 341-355 [ციტატა გვ. 351]);იხ. აგრეთვე ჰოლის რადიკალური მსჯელობა იდეოლოგიის როლზე სტატიაში “Deviance, Politics, and the Media,” in Deviance and Social Control, ed. PaulRock and Mary McIntosh, Explorations in Sociology 3 (London, 1974), 261-305.

[9]Padgug, 16.


[i]ლიბერტინიზმი – ცხოვრების წესი, რომელიც ხასიათდება სექსუალური მორალისა და აკრძალვების უარყოფით და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ სიამოვნებას. როგორც მოძღვრება, გავრცელებული იყო XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში.


თარგმანი მომზადდა პროექტის ,,ფემინისტური ანთოლოგია” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ, ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.