fbpx

ზიგმუნტ ბაუმანი: თხევადი მოდერნულობა

გაეცანით ნაწყვეტს ,,სიმსუბუქესა და თხევადობაზე” ზიგმუნტ ბაუმანის წიგნიდან ,,თხევადი მოდერნულობა”

პუბლიკაცია ითარგმნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პუბლიკაციის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება 2019 წლის სექტემბერში.


შესავალი 

სიმსუბუქესა და თხევადობაზე

შეწყვეტა, ბუნდოვანება და მოულოდნელობა – ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ფენომენებია. ისინი საჭიროებადაც კი ექცა ბევრ ადამიანს, რომელთა გონებაც ვეღარ იკვებება… ვერაფრით, გარდა მოულოდნელი ცვლილებებისა და მუდმივად განახლებადი სტიმულებისა. ჩვენ ვეღარ ვიტანთ ვერაფერს,რაც ხანგრძლივია. აღარ ვიცით, როგორ ვაქციოთ მოწყენილობა ნაყოფიერად.

ასე, რომ მთელი საკითხი აქამდე დადის: შეუძლია ადამიანის გონებას დაეუფლოს იმას, რაც ადამიანის გონებამ შექმნა?  

პოლ ვალერი

„თხევადი მდგომარეობა“ სითხეებისა და აირების თვისებაა. რაც განასხვავებს მათ მყარი სხეულებისგან, როგორც „ბრიტანული ენციკლოპედია“ ავტორიტეტულად გვამცნობს, ისაა, რომ მათ „არ შეუძლიათ გაუძლონ მხებ ან მამოძრავებელ ძალას, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომაც მუდმივად იცვლიან ფორმას ამგვარი ზემოქმედებისას“.  

ამგვარი ზემოქმედებისას, მდგომარეობა უწყვეტად და შეუქცევადად იცვლება, რაც დამახასიათებელია სითხისთვის და პირიქით, დამძრავი ძალა მყარ სხეულში ნარჩუნდება დაგრეხილ ან მოღუნულ მდგომარეობაში, მყარი სხეული არ წარმოქმნის დენას და თავდაპირველ ფორმაში შეუძლია დაბრუნება.

დენადი ნივთიერებების ერთ-ერთი სახე, სითხე, ამ საოცარ თვისებებს იმას უნდა უმადლოდეს, რომ მისი „მოლეკულები თანმიმდევრულ წყობას მხოლოდ რამდენიმე მოლეკულური დიამეტრის მანძილზე ინარჩუნებენ“, მაშინ, როცა „მყარი სხეულების მიერ გამოვლენილი მრავალფეროვანი ქცევა პირდაპირი შედეგია ატომთა სტრუქტურული განლაგების და ბმის ისეთი ტიპისა, რომელიც მყარი სხეულის ატომებს ერთმანეთის გვერდით იჭერს. ტერმინი ბმა, თავის მხრივ, აღნიშნავს მყარი სხეულების სტაბილურობას – ატომების განცალკევებისთვის გაწეულ წინააღმდეგობას.

საკმარისად ითქვა „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ შესახებ, რომელიც „დენადობის“ ისეთი წაკითხვის საშუალებას იძლევა, რომ ტერმინი მოდერნული ეპოქის მიმდინარე ეტაპის მთავარ მეტაფორად იქნას გამოყენებული.

მარტივი ენით თუ ვიტყვით, დენადი ნივთიერებების ყველა ეს თვისებაიმას განაპირობებს, რომ სითხეები, განსხვავებით მყარი სხეულებისაგან, ფორმას მარტივად ვერ ინარჩუნებს. დენადი ნივთიერებები, ასე რომ ვთქვათ, ვერც სივრცეში იკავებენ მყარ ადგილს და არც დროში მაგრდებიან. მაშინ, როცა მყარ სხეულებს გააჩნიათ განსაზღვრული სივრცული განზომილება, თუმცა აუვნელებელყოფენ დროის გავლენას და ამგვარად ამცირებენ დროის მნიშვნელობას (ეფექტურად ეწინააღმდეგებიან დროის მდინარებას და მას არარელევანტურად აქცევენ), დენადი ნივთერებები დიდი ხნით არ ინარჩუნებენ რაიმე ფორმას და მუდმივად არიან მზად მის შესაცვლელად. შესაბამისად, მათთვის დროის მდინარებას უფრო აქვს მნიშვნელობა, ვიდრე სივრცეს, რომელსაც იკავებენ – ბოლო-ბოლო, ამ სივრცეს ისინი მხოლოდ „ერთი წუთით“ თუ ავსებენ. რაღაც გაგებით, მყარი სხეულები აუქმებენ დროს. სითხეებისთვის, პირიქით, დროს აქვს მნიშვნელობა. მყარი სხეულების აღწერისას, შეგვიძლია, სრულიად უგულებელვყოთ დრო; სითხეებისა და აირების აღწერისას დროის გამოტოვებაუდიდესი შეცდომა იქნებოდა. სითხეებისა და აირების აღწერა ჰგავს კადრებს, რომლებზეც საჭიროა თარიღის მიწერა. 

სითხეები ადვილად გადაადგილდებიან. სითხე მიედინება, იღვრება, იქცევა, იშხეფება, ხდება მისი გადინება, წვეთა, გაჟონვა და სხვ. განსხვავებით მყარი სხეულებისგან, მათი ადვილად შეჩერება შეუძლებელია – ისინიგარს უვლიან ზოგ წინაღობას, ზოგი მათში გაიხსნება, ზოგს გაჟღენთენ ან გახვრეტენ და მაინც მონახავენ გასასვლელ გზას. მყარ სხეულებთან გადაკვეთისას, ისინი უვნებლად გამოდიან, ხოლო მყარი სხეულები სითხესთან შეხების შემდეგ, თუ ისევ მყარ ფორმას შეინარჩუნებენ, იცვლებიან – ხდებიან ტენიანი და სითხით გაჟღენთილი. სწორედ სითხეების ექსტრაორდინალური მობილურობა აკავშირებს მათ „სიმსუბუქის“ იდეასთან. არსებობს ისეთი სითხეები, რომელთა კუბური ინჩიც უფრო მძიმეა, ვიდრე ბევრი მყარი სხეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მიდრეკილნი ვართ წარმოვიდგინოთ ისინი უფრო მსუბუქად, ნაკლებად წონადად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი მყარი სხეული. ჩვენ „სიმსუბუქესა“ და „უწონადობას“ ვაკავშირებთ მობილურობასა და დროებითობასთან: პრაქტიკიდან ვიცით, რომ რაც უფრო მსუბუქად ვართ, უფრო ადვილად და სწრაფად ვმოძრაობთ. 

ესაა სწორედ ის მიზეზები, რომელთა გამოც“დენადობა”თუ „თხევადობა“ შესაბამის მეტაფორად მივიჩნიოთ, როცა გვსურს, ჩავწვდეთ მოდერნულობის ისტორიაში მიმდინარე, მრავალი აზრით,  ახალი ფაზის ბუნებას. 

ვეთანხმები იმ აზრს, რომ ასეთმა წინადადებამ შეიძლება დააბნიოს ნებისმიერი, ვინც გაშინაურებულია „მოდერნულობის დისკურსთან“  და იცნობს იმ ლექსიკას, რომლითაც, ჩვეულებრივ, მოდერნულ ისტორიას ჰყვებიან. განა თავიდანვე „გათხევადების“[1]პროცესი არ იყო მოდერნულობა? „მყარი სხეულების დნობა“ არ იყო მისი მთელი არსებობის განმავლობაში მთავარი თავშესაქცევიც და უმნიშვნელოვანესი მიღწევაც? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განა დაწყებისთანავე „დენადი“ არ იყო მოდერნულობა?     

 ეს და მსგავსი შედავებები კარგად არის დასაბუთებული და ეს აზრი უფრო გაგიმყარდებათ, როცა კიდევ ერთხელ გავიხსენებთ საუკუნე-ნახევრის წინკომუნისტური მანიფესტის ავტორების მიერ შედგენილ ცნობილ ფრაზას „მყარების დნობა“, განკუთვნილს თავდაჯერებული და დაუმორჩილებელი მოდერნული სულის მქონე საზოგადოებისთვის, რომელიც სტაგნაციაში იყო თავისი მდგომარეობით და მდგრადი თავისი ამბიციების შესაცვლელად – რადგანაც გაყინული იყო ერთ ადგილას ყოველდღიურობით. „სული“ რომ „მოდერნული“ ყოფილიყო, მაშინ რეალობა განთავისუფლდებოდა საკუთარი ისტორიის „მკვდარი ხელიდან“ და ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მყარი სხეულების დნობით (ანუ, ყველაფერ იმის დნობით, რაც ხელს უშლის დროს და მის დინებას).  თავის მხრივ, ამ განზრახვას ეწოდა „სიწმინდის შებღალვა“ წარსულის უგულვებელყოფისა და უარყოფის, უპირველეს ყოვლისა, „ტრადიციებზე“ უარის თქმის – კონკრეტულად აწმყოში არსებული წარსულის გადმონაშთის უგულვებელყოფის გამო. შესაბამისად, ასე ეძახდნენ დროებას რწმენისა და ერთგულებისგან გამოჭედილი ჯავშნის განადგურების გამო, რისი მეშვეობითაც მყარი სხეულები წინააღმდეგობას უწევდნენ მათ სითხედ გადაქცევას.  

თუმცა, მოდი,გავიხსენოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა არა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვეშორებინა მყარი სხეულები და ახალ სამყაროში არასდროს აღარ ყოფილიყვნენ ისინი, არამედ ადგილი გაეთავისუფლებინათ ახალი და გაუმჯობესებული მყარი სხეულებისთვის; მემკვიდრეობით მიღებული დეფექტური თვისებების მქონე მყარი სხეულებისწყება ჩაენაცვლებინა ახალს, რომელიც გაცილებით  გაუმჯობესებული და სრულყოფილი იქნებოდა, და ამის გამო მისი შემდგომი ჩანაცვლებაც აღარ გახდებოდა საჭირო. როცა ვკითხულობთ დე ტოკვილის „ანტიკურ რეჟიმს“, შეიძლება კითხვა გაგვიჩნდეს, თუ რა სახის მყარი სხეულები იქნა დასადნობად გადაცემული მათი დაჟანგული, დარბილებული, ნაკერებზე დამსკდარი და ყოვლად უიმედო მდგომარეობის გამო. მოდერნულ დროში შეგვიძლია მივაკვლიოთ  მოდერნულ ეპოქამდე არსებულ მყარ სხეულებს – აწ უკვე ჩამოშლილთ.  მათი გადადნობის ყველაზე ძლიერი მოტივი იყო ისეთი მყარი სხეულების აღმოჩენა ან გამოგონება, რომელთა სიმყარეც იქნებოდა ძალიან სანდო და რომელიც სამყაროს გახდიდა უფრო პროგნოზირებადს და, შესაბამისად, უფრო მართვადს.  

პირველი მყარი სხეულები, რომლებიც უნდა გამდნარიყო და პირველი სიწმინდეები, რომლებიც უნდა შებღალულიყო, იყო ტრადიციული ლოიალობები, ჩვეულებებზე დაფუძნებული უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ხელ-ფეხს უკრავდნენ ადამიანებს, ხელს უშლიდნენ გადაადგილებაში და ზღუდავდნენ ინიციატივებს. იმისთვის, რომ სერიოზულად შექმნილიყო ახალი (მართლაც მყარი!) წესრიგი, საჭირო იყო ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორება, რითაც ძველი წესრიგი მშენებლებს ამძიმებდა. „მყარი სხეულების გადნობა“ პირველ რიგში გულისხმობდა „შეუსაბამო“ ვალდებულებების თავიდან მოშორებას, რომლებიც ეღობებოდნენ შედეგების რაციონალურ გამოთვლას –  როგორც მაქს ვებერმა აღნიშნა, სავაჭრო საწარმოების გათავისუფლება ოჯახური მოვალეობებისა და ეთიკური ვალდებულებებისგან; ან როგორც თომას კარლაილი იტყოდა,  დარჩა მხოლოდ „ფულადი კავშირი“ იმ უამრავ კავშირიდან, რომელიც საფუძვლად ედო ადამიანების თანაზიარობებსა და  ურთიერთპასუხისმგებლობებს. იმავენაირად, „მყარი სხეულების დადნობამ“ დატოვა სოციალური ურთიერთობების ურთულესი ქსელი მორყეული –  დაუცველი, შეუიარაღებელი და მოწყვლადი; უუნარო, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიზნესის მოქმედ წესებს და რაციონალურობის ბიზნესზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს, აღარ ვამბობთ იმას, რომ საერთოდ უუნაროა, ეფექტური კონკურენცია გაუწიოს მათ.  

ამ საბედისწერო გადახვევამ საფუძველი ჩაუყარა ინსტრუმენტული რაციონალობის მბრძანებლობას (როგორც ვებერმა თქვა), ან (კარლ მარქსის მიხედვით) ეკონომიკის განმსაზღვრელ როლს: ახლა, სოციალური ცხოვრების „ბაზისმა“ სიცოცხლის სხვა სფეროებს მისცა „ზედნაშენის“ სტატუსი – ანუ, „ბაზისის“ არტეფაქტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაც იყო, უზრუნველყო მისი შეუჩერებელი და უწყვეტი მუშაობა. მყარი სხეულების დნობამ მოიტანა ეკონომიკის თანდათანობითი წყვეტა ტრადიციული პოლიტიკური, ეთიკური და კულტურული კავშირებისგან. შედეგად ჩამოყალიბდა ახალი წესრიგი, რომელიც ძირითადად განისაზღვრება ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ახალი წესრიგი უფრო „მყარი“ უნდა ყოფილიყო, ვიდრე მისი წინამორბედი წესრიგი, რადგან, მათგან განსხვავებით, იმუნიტეტი ქონდა გამომუშავებული არაეკონომიკურ ქმედებებზე. პოლიტიკური ან მორალური ბერკეტების უმრავლესობა, რომელთაც შეეძლოთ ახალი წესრიგის შეცვლა ან რეფორმირება, გაფუჭებული იყო ან მოქმედებდა ძალიან მოკლე ხნით, დასუსტებული იყო, ან სხვაგვარად ვერ ახერხებდა ამოცანის შესრულებას. იმის თქმა არ გვინდა, რომ ერთხელ დამკვიდრებულმა ეკონომიკურმა წესრიგმა მოახდინა კოლონიზირება ან გარდაქმნა სოციალური ცხოვრების დანარჩენი ნაწილი. ამ წესრიგის დომინირება ადამიანის სიცოცხლეზე გამოწვეულია იმით, რომ ყველაფერი, რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ცხოვრებაში, გახდა არააქტუალური და არაეფექტური ამ წესრიგის მიმართ.

ეს ეტაპი მოდერნულობის კარიერაში კარგად აქვს აღწერილი კლაუს ოფეს („ნულოვანი არჩევანია უტოპიაში“, პირველად გამოცემული 1987 წელს, Praxis International-ში): „რთული“ საზოგადოება „გახდა იმდენად უხეში, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო მათი „წესრიგის“ განსაახლებლად ან ნორმატიულად მათზე ზემოქმედებისთვის, ანუ, მათში მიმდინარე პროცესების კოორდინაციის ხასიათის, სიცარიელის და უუნარობის გამო ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა, ამ წესრიგის თავისუფალი და არასტაბილური „ქვესისტემები“, შესაძლებელია, იყოს ცალკეული ან გამოყოფილი, ხოლო მათი ერთმანეთთან გადაკვეთა იწვევს ნებისმიერი თავისუფალი არჩევანის სიმკაცრეს, ფატალურობას და იზოლირებას.  საგნების საერთო წესრიგი არ არის ღია ვარიანტებისთვის; ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორი იქნება ვარიანტები და კიდევ უფრო გაურკვეველია თუ როგორ რეალიზდება ეს ვითომ სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი  სოციალურ ცხოვრებაში. საერთო წესრიგსა და ყველა აგენტს, სატრანსპორტო საშუალებასა თუ სტრატაგემების მიზანმიმართულ ქმედებებს შორის არსებობს უფსკრული, რომელიც მუდმივად იზრდება და ხიდის ნასახიც კი არ ჩანს მასზე.

[…] ანტი-უტოპიური სცენარების უმრავლესობისგან განსხვავებით, ეს შედეგი არ მიღწეულა დიქტატორული წესით, დაქვემდებარებით, ზეწოლისა და დამონების მეშვეობით. არც “სისტემის” მიერ კერძო სექტორის “კოლონიზაციით”. უფრო პირიქით, დღევანდელი ვითარება წარმოიშვა ბორკილებისა და ხუნდების რადიკალური დნობის შედეგად, რომლებიც მართებულად თუ უმართებულოდ მიჩნეული იყო არჩევანისა და მოქმედების ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვად. ეს სიმკაცრე წარმოადგენს „მუხრუჭების აშვების“ საერთო პროდუქტს: დერეგულაციას, ლიბერალიზაციას, „მოქნილობას“, დენადობის მატებას, ფინანსური, უძრავი ქონების და შრომის ბაზრების შეუქცევადობას, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას და ა.შ. (როგორც ეს ოფემ აღნიშნა “Binding, Shackles, Brakes-ში“, პირველად გამოქვეყნდა 1987 წელს); ან (ციტირება რიჩარდ სანეტის „Flesh and Stone-დან“) “სიჩქარის, გაქცევის, პასიურობის” ტექნიკას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტექნიკას, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას და თავისუფალ აგენტებს, დარჩნენ რადიკალურად გათიშულები ან გვერდი აუქციონ ერთმანეთს, ნაცვლად იმისა, რომ შეხვდნენ. თუ სისტემური რევოლუციების დრო გავიდა, ეს იმიტომ, რომ არ არსებობს შენობები, სადაც განთავსებული იქნება სისტემის მართვის პულტები და რომელთა შტურმირებაც და დაპყრობაც შეეძლებათ რევოლუციონერებს; აგრეთვე იმიტომ, რომ ეს მართლაც რთულია, შეუძლებელიც კი, წარმოვიდგინოთ, გამარჯვებულებმა შენობის შიგნით (თუ კი საერთოდ იპოვეს), ჩართონ პულტები და ბოლო მოუღონ იმ სიღარიბეს, რამაც ისინი ააჯანყა. არ უნდა გაგვიკვირდეს აშკარა დეფიციტი პოტენციური რევოლუციონერებისა, რომლებიც სურვილს, შეცვალონ თავიანთი ინდივიდუალური მდგომარეობა, განსაზღვრავდნენ როგორც საზოგადოებრივი წესრიგის შეცვლის პროექტს.

ეს წიგნი ეძღვნება ამ საკითხს.  ხუთი ძირითადი ცნება შეირჩა კვლევისთვის, რომლის ირგვლივაც ბრუნვას ადამიანის მდგომარეობის ორთოდოქსული ნარატივები, ესენია: ემანსიპაცია, ინდივიდუალიზმი, დრო / სივრცე, სამუშაო და საზოგადოება. მოხდა მათი მნიშვნელობების თანმიმდევრული და პრაქტიკული მიდგომების შესწავლა (თუმცა ძალიან ფრაგმენტულად და წინასწარი წარმოდგენებით).


[1]ინგ.liquefaction

1999 წლის ივნისი

შესავალი მოამზადა თემო ბეჟანიძემ.
რედაქტორი: მარიკა ტყეშელაშვილი