fbpx

პოლიტიკური არჩევანი მედიაში

პოლიტიკური არჩევანი მედიაში

ავტორი: მარინა მუსხელიშვილი

პოლიტიკურ სისტემას ქმნიან არა მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტები, არამედ ის არაცალსახა მნიშვნელობებიც, რომლებიც მათ ინტერპრეტირებენ. ის, თუ რა შინაარსით ივსება ‘პოლიტიკური’ მოცემულ საზოგადოებაში, როგორ ყალიბდება პოლიტიკის დღის წესრიგი, რამდენად მძაფრია კონკურენცია განსხვავებულ ინტერპრეტაციებს შორის, ერთობლივად ქმნიან ძალაუფლების რეალურ გადანაწილებას, მის სტრუქტურას და განაპირობებენ დემოკრატიის ხასიათს. ,პოლიტიკურის’ ამ ფართო გაგებას ჩვენ რეპრეზენტაციის სამი ტიპი მივუსადაგეთ, რომლებსაც პირობითად ელიფსური, პარაბოლური და ჰიპერბოლური ვუწოდეთ.

ბუნებრივია ვეცადოთ დავაკავშიროთ რეპრეზენტაციის ტიპები პოლიტიკური სისტემების ნაირსახეობებთან, ქვეყნების პოლიტიკურ კულტურასთან და სხვა ფაქტორებთან, რომლებიც ემპირიულ შესწავალს ექვემდებარება. ვინაიდან რეპრეზენტაციები ვლინდება დისკურსში, სადაც შინაარსობრივი ინტერპრეტაციები არაცალსახა, მრავლობით ხასიათს ატარებს, ამგვარი კავშირის ძიება ყოველთვის სუბიექტურობის საშიშროებას აჩენს.

სიმბოლური რეპრეზენტაციის არაფორმალური ველი, ინტერპრეტაციების სიმრავლე სცილდება პოლიტიკურ სისტემას და მის მიღმა, საჯარო სივრცეში და მედიაში ფორმირდება. ამდენად, ლოგიკურია ვეძებოთ ამგვარი მანიფესტაციები არა პოლიტიკურ ინსტიტუტებში, არამედ მედიაში. ამ თავში ლაპარაკი იქნება საჯარო პოლიტიკურ დუსკურსზე, როგორც ის სტრუქტურირდება მედიის, პირველ რიგში ტელევიზიის მიერ. ამ თავს არა აქვს პრეტენზია საბოლოო დასკვნებზე; ის უფრო რეფლექსიისა და განსჯის ხასიათს ატარებს.

დღის წესრიგის ფორმირება — წინასწარი მოსაზრებები

მედიის პოლიტიკური ძალაუფლება არ არის რეგულირებული კონსტიტუციურად, გარდა სიტყვის თავისუფლების გარანტიისა. ჟურნალისტიკის მეინსტრიმული სტანდარტები მედიისგან მიუკერძოებლობასა და ნეიტრალურობას მოითხოვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ჟურნალისტი ვალდებულია ყველა მხარე წარმოაჩინოს ისე, რომ არც ერთის პოზიცია არ გაიზიაროს. ეს სტანდარტი, სიტყვის თავისუფლებასთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას ინდივიდისთვის. მაგრამ რაც არ უნდა მიუკერძოებელი და პროფესიული იყოს მედია (პირველ რიგში აქ იგულისხმება ტელევიზია), ის ვერ გასცდება მაყურებელზე გავლენის მოხდენას, ვინაიდან ის საჯარო სივრცის დღის წესრიგის ფორმირების უცილობელი თანამონაწილეა.

მედია ფლობს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალაუფლებას, და ეს პირველ რიგში დღის წესრიგის ფორმირების და ინტერპრეტირების ძალაუფლებაა. პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი გადაცემა, თავისი შინაარსითა და ამ შინაარის სტრუქტურირებით, პირდაპირ თუ ირიბად, ინფორმაციასთან ერთად აწვდის მაყურებელს არა ერთ, არამედ სამი სახის შეტყობინებას: რაზე იფიქრო, როგორ იფიქრო და რა იფიქრო (McCombs, 2014) მედია არ ასახავს რეალობას, ის მას რეპრეზენტირებს. (1)

რეალობის რეპრეზენტირებისას, მედია ქმნის ვირტუალურ სამყაროს, ინტერპრეტირებულს საკუთარი თვალსაწიერიდან, პრიორიტეტული დღის წესრიგისგან. საჯარო სივრცე, რომელიც ახდენს რეალური სამყაროს რეპრეზენტირებას, და არა მის სარკისებრ ასახვას, იმავე შეზღუდვებს ექვემდებარება, რასაც წარმომადგელობითი დემოკრატია: თავისთავად ის ვერ უზრუნველყოფს კომუნიკაციის პოზიტიური უფლების განხორციელებას თანაბრად ყველასთვის. ამ უფლების განხორციელებისთვის ბრძოლა კი პოლიტიკურ ხასიათს იძენს.

ზუსტად ისევე, როგორც ეს ხდება პოლიტიკაში, მედია რეპრეზენტირებისას ხდება ფართო მრავალფეროვნების შეკუმშვა, პროეცირება შეზღუდულ დღის წესრიგზე. საზოგადოების კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაში, უამრავი მოვლენა , უთვალავი პრობლემა და ინტერესთა თუ შეხედულებათა სხვაობა არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ აისახება მედიაში, და, მითუმეტეს, არ ხდება საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების ცენტრში.

იმისთვის, რომ ინდივიდმა იქონიოს შეხედულება ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, ეს საკითხი მისი ხედვის არეალში უნდა მოექცეს. მედია სივრცე მუდმივად ასრულებს ამ ფუნქციას — მრავალფეროვანი თემებიდან და მოვლენებიდან არჩევს ნაწილს, რომელსაც მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე სხვებს. ის ასევე აშუქებს მოვლენებს გარკვეული კუთხით, სვამს მათ ისეთ კონტექსტში, რომელიც მაყურებელს გარკვეული აზრის გამოტანაში ეხმარება.

შესაბამისად, მედიას (რაც არ უნდა ვიგულისხმოთ მედიაში — ჟურნალისტური კორპუსი თუ მედია მენეჯმენტი და მფლობელები), უნდა თუ არ უნდა, გააჩნია აუდიტორიაზე ზემოქმედების მექანიზმები. თუკი მოვლენების შერჩევა და გარკვეული თვალსაწიერიდან გაშუქება იძენს ტენდენციის სახეს — ანუ მეორდება, გრძელდება და ქმნის არა კომუნიკაციის ერთეულოვან მოვლენას, არამედ დისკურსს, მაშინ შესაძლოა ვილაპარაკოთ მედია ან მედია საშუალების პოლიტიკურ მიკერძოებაზე, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების ფორმას წარმოადგენს. მეტიც, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თვალთახედვა ყოველთვის მონაწილეობს მედია პროდუქციის შექმნაში.

ზედმეტია იმის თქმა, რომ როდესაც პოლიტიკაზე საჯაროდ საუბრობენ თავად პოლიტიკოსები და პოლიტიკური აქტივისტები, მათი ძირითადი ადრესატი აუდიტორიაა (და არა შესაძლო მოსაუბრე ან დებატორი), რომელსაც ისინი პირველ რიგში საკუთარ თვალთახედვასა და ინტეპრეტაციას აწვდიან. იმ დროს როცა ჟურნალისტი ვალდებულია ინტერპრეტაცია დამალოს და ირიბი გზები გამოიყენოს აუდიტორიისთვის მისი ხედვის მისატანად, პოლიტიკოსი პირდაპირი ნარატივის ფორმას იყენებს.

წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ პოზიციის არგამოხატვით ჟურნალისტი ხდება მიუკერძოებელი, მცდარია იმ აზრით, რომ არ ითვალისწინებს დღის წესრიგის ფორმირებას მედიის მიერ — ფუნქციას, რომელიც არა მედიის კორუფციულ დამახინჯებას, არამედ მისი ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მედია, რომელიც უხეშ პროპაგანდას ეწევა, ანუ არ აკმაყოფილებს ფორმალურ პროფესიულ მოთხოვნებს, ადვილი დასანახია. მაგრამ ისეთი მედია, რომელიც დღის წესრიგით მანიპულირებს, ახერხებს საკუთარი პროფესიონალიზმის და იმავდროულად პოლიტიკური შეფერილობის შეთავსებას.

ბოლო წლებში მედია კვლევები დიდ ყურადღებას უთმობენ მედიის მიერ დღის წესრიგის ფორმირებას. ამ მიდგომის ვარაუდით, მედია გავლენას ახდენს აუდიტორიაზე არა იმით, რომ ეუბნება თუ რა უნდა იფიქრონ ადამიანებმა, არამედ იმით, თუ რის შესახებ უნდა იფიქრონ მათ. ყურადღების ცენტრში შესაძლოა ექცეოდეს ამბავი, რომელიც მიეწოდება აუდიტორიას ან ამ ამბის კონტექსტუალიზაცია, მისი ხედვა გარკეული თვალსაწიერიდან:

“არაობიექტურობას ადგილი აქვს, როდესაც ახალ ამბებში ხაზგასმულია პოლიტიკური კონფლიქტის ერთ-ერთი მხარისათვის სასურველი ჩარჩო, და იგნორირებული ან ხელყოფილია მეორე მხარის ხედვა. ცალმხრივი ფრეიმინგი ხაზს უსვამს ზოგიერთ ელემენტს და ჩქმალავს დანარჩენებს, იმგვარად, რომ უბიძგებს მაყურებელს ყურადღება მიაქციონ და მნიშვნელობა მიანიჭონ შეფასებით ატრიბუტებს, რომლებიც პრივილეგიას ანიჭებენ ფავორიტი მხარის ინტერპრეტაციას.” (Entman, 2010) (2)

მიკერძოების მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ჟურნალისტის ქვეცნობიერი მსოფლმხედველობითი ცალმხრივობა, ასევე გარე ზეგავლენები; თანმიმდევრული მიკერძოება პოლიტიკური გავლენის მომტანია:

“შინაარსის მიკერძოებულობა ეხება მედია კომუნიკაციის თანმიმდევრულად არაობიექტურ ფრეიმინგს, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ინტერესების, პარტიის ან იდეოლოგიის წარმატებას ხელისუფლების ძალაუფლების კონტროლისათვის კონკურენციებში.”
(Entman, 2010) (3)

ტერმინოლოგია, რომელიც გამოყენება ამგვარ კვლევებში, ზოგჯერ განსხვავდება. ასე მაგალითად, თუკი ახალი ამბის შედარებითი ხილვადობა როგორც წესი მოიხსენიება დღის წესრიგის ფორმირების ტერმინით, მოვლენის ან ამბის სპეციფიური მახასიათებლების წინ წამოწევა, შესაძლოა იყოს განხილული ფრეიმინგის სახელწოდებით, ან მეორე რიგის დღის წესრიგის ფორმირების სახელწოდებით. ხოლო თავად შინაარსი, გზავნილი, რომელიც არტიკულირებულად გადმოიცემა მოცემულ ამბავში — მესამე რიგის დღის წესრიგადაც კი (McCombs, 2014). იმისდა მიუხედავად, რომ ის შედარებით ახალია, კვლევების ეს მიმართულება გვეხმარება დავინახოთ მედიის პოლიტიკური გავლენის ის კომპონენტი, რომელიც არ არის განპირობებული გარე ძალაუფლებების ზემოქმედებით (მფლობელობა, არათავისუფლება), არამედ თავისთავად ჩნდება მედიის არსებობის ფაქტიდან გამომდინარე.

დღის წესრიგის ფორმირება: ფორმა არის შინაარსი

როდესაც ვიღაცა იძახის ,,მიშველეთ” ან ,,ევრიკა”, ის აცხადებს ლეგიტიმურ პრეტენზიას გარშემო მყოფი ადამიანების ყურადღებაზე. გარშემო მყოფი ადამიანებისგან ის მოითხოვს პრივილეგიას — მოცემულ მომენტში მისდამი მეტი ყურადღების მიქცევას ვიდრე სხვების მიმართ. ამგვარი მოთხოვნა ლეგიტიმურია მისი შინაარსიდან გამომდინარე. ეს შინაარსი არის გადაუდებელი პრობლემა ან აღმოჩენა, რომლებიც გამოარჩევენ ამ ინდივიდის დღის წესრიგს სხვებისგან და მას უპირატესობას ანიჭებენ. საკითხების განხილვის და მათზე რეაგირების რიგითობა, ამდენად, არ ექვემდებარება თანასწორობის, სითანაბრის პრინციპს. დემოკრატიის პრინციპი — ერთი ადამიანი — ერთი ხმა — აქ გამოუსადეგარია. პრობლემის ყურადღების ცენტრში მოქცევა არ ხდება უმრავლესობის ხმებით. გარკვეულ ვითარებებში ერთი ადამიანიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ყველა დანარჩენმა გადართოს ყურადღება და, ნაცვლად იმისა რომ გააგრძელოს ფიქრი იმაზე, რაზედაც მანამდე ფიქრობდა, დაიწყოს ფიქრი იმაზე, რაც ამ ადამიანმა წამოიძახა. ყველას აქვს თანაბარი უფლება გახდეს ის პიროვნება, ვინც ყურადღებას მოითხოვს. მაგრამ ყველა არ იყენებს ამ უფლებას ერთდროულად და თანაბრად. ასე რომ ყოფილიყო, დადგებოდა ქაოსი — ყურადღების მომთხოვნებისადმი ყურადღების მიმქცევი არავინ დარჩებოდა.

იგივე ხდება მედიაშიც. დღის წესრიგში საკუთარი თავის, საკუთარი საკითხის დაყენება იწყება ყველასათვის გასაგები სიგნალებით ყურადღების მიქცევის მიზნით. როდესაც ახალი ამბების წამყვანი ლაპარაკობს მშფოთვარე, დაძაბული ინტონაციით, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მოხდა რაღაცა ექსტრაორდინარული. ეს ილეთი ქმნის მოლოდინს, მოქმედებს მსმენელთა განწყობაზე შეაჩერონ ყურადღება მოცემულ არხზე, მოცემულ გადაცემაზე, არ გადართონ სხვაგან, ვინაიდან ის ჟურნალისტისგან ღებულობს ფარულ გზავნილს, სიგნალს, იმის თაობაზე რომ ის ლეგიტიმურად ითხოვს მისგან ყურადღებას. მოლოდინის შექმნა, დაძაბულობის გენერირება, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, სხვა ავგვარი, ჟურნალისტური რეიტინგის გასაზრდელი სტრატეგიები, დღის წესრიგის ფორმირებას უკავშირდება. საბოლოო ჯამში, თავად მედია არხი ხდება დღის წესრიგი, ისევე როგორც პოლიტიკაში ლიდერი ხდება იმ დღის წესრიგის სიმბოლო, რომელსაც განასახიერებს.

ინტონაციის გამოყენება დღის წესრიგზე ზემოქმედების მაგალითად მოვიყვანეთ იმისთვის, რომ თავიდანვე ცხადი ყოფილიყო — დღის წესრიგის ფორმირება მრავალი ფორმით ხდება.

ის, თუ რა არის მედიის მიერ დღის წესრიგის ფორმირება, სხვადასხვა წყაროში განსხვავებულად არის განმარტებული. როგორც წესი, ის განიმარტება როგორც ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მოცემული საკითხისადმი მეტი ყურადღების მისაქცევად. დეფინიცია ზოგჯერ ასევე მოიცავს არა მარტო მოქმედების მიზანს, არამედ მიუთითებას იმაზე, თუ როგორ მიიღწევა ეს მიზანი. ასე მაგალითად, განმარტებაში შეიძლება შევიდეს ,,საკითხების უფრო ხშირად და ხაზგასმულად წარმოჩენა მედიაში”:

“დღის წესრიგის ფორმირება — ეს არის მასმედიის მიერ გარკვეული საკითხების ხშირი და გამორჩეული წარდგენის პროცესი, იმ შედეგით, რომ ხალხის დიდი ნაწილი ამ საკითხებს უფრო მნიშვნელოვნად აღიქვამს, ვიდრე სხვებს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად გაშუქდება საკითხი, მით უფრო მნიშვნელოვანია ის ხალხისთვის.” (Coleman, 2009, გვ. 147) (4)

ამგვარ განმარტებას აქვს იმპლიციტური ლოგიკა: მეტი დროის დათმობა მედიაში — მეტი ყურადღება საზოგადოების მხრიდან. მისი ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ ,,მეტი დროის დათმობა” არის ერთერთი, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდი. მეთოდებისა და მიზნების ამგვარი გაერთიანება გარკვეულწილად განმარტებას არასრულყოფილ ხასიათს ანიჭებს, ვინაიდან როგორც “ყვირილის” ზემოხსენებულმა მაგალითმა აჩვენა, ინტონაციაც კი შესაძლოა დღის წესრიგის ფორმირების მნიშვნელოვანი ელემენტი აღმოჩნდეს.

დღის წესრიგის ფორმირება ასევე შესაძლოა ახლოს იდგეს პრაიმინგთან — რაც მიმდევრობითობას უკავშირდება. უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ახალ ამბებში უფრო წინ და ადრე უნდა იყონ განლაგებული, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი – თავში გამოტანილი. მიმდევრობითობა, რომლითაც ესა თუ ის თემა ჩნდება ახალ ამბებში, სერიოზულ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და ამა თუ იმ მოვლენის ფარდობითი მნიშვნელობის აღქმაზე.

ამდენად, ,,საკითხის მნიშვნელოვნება” უკავშირდება დღის წესრიგის განმარტების მეორე ვარიანტს, დაფუძნებულს მიმდევრობითობაზე. ფარული გზავნილი, რომელსაც მედია ახალი ამბები მაყურებელს აწვდის დევს არა შეტყობინების შინაარსში, არამედ იმ ადგილში, რომელსაც ის იკავებს სხვა შეტყობინებებთან მიმართებაში.

მეთოდი და მიზანი ერთობლივად ფიგურირებენ ფრეიმინგის განმარტებებშიც. მეორად დღის წესრიგი და ფრეიმინგი ახლო მდგარი ტერმინებია და ორივე საკითხის დინამიურ ინტერპრეტაციას ეხება „თუ როგორ ხდება საკითხების და მოვლენების ორგანიზება და მათი გაგება, განსაკუთრებით მედიის, მედია პროფესიონალების და მათი აუდიტორიის მიერ (Reese, 2001, გვ. 7)” . (Coleman, 2009, გვ.150). ის შეიძლება გავიგოთ როგორც “დღის წესრიგი დღის წესრიგში” — საკითხის გარკვეული მხარეებისა თუ მახასიათებლების ხაზგასმა. ფრეიმინგი მოიცავს მეორად დღის წესრიგს, თუმცა უფრო ფართოა:

“ფრეიმინგი არის ყოვლისმომცველი პროცესი პოლიტიკაში და პოლიტიკის ანალიზში. ის მოიცავს აღქმული რეალობიდან რამდენიმე ასპექტის გამოყოფას/შერჩევას და მათ დაკავშირებას ერთმანეთთან ნა- რატივში, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტულ ინტერპრეტაციას… ჩარჩოები ნერგავენ ან აძლიერებენ გარკვეული იდეების ხელმისაწვდომობასა და მნიშვნელობას პოლიტიკური ობიექტის შესაფასებლად.” (Entman, 2010) (5)

“ჩარჩო განმეორებითად ააქტიურებს ერთსა და იმავე ობიექტებს და თვისებებს, იდენტური ან სინონიმური სიტყვების გამოყენებით, დროში კონცენტრირებული, ერთმანეთის მსგავსი კომუნიკაციების სერიებში. ამ ჩარჩოების ფუნქციაა ხელი შეუწყონ პრობლემატური სიტუაციის ან აქტო- რების გარკვეულ ინტერპრეტაციას, სასურველი რეაქციის (იმპლიციტურ ან ექსპლიციტურ) მხარდაჭერას, ხშირად ამ პროცესს თან ახლავს მორალური შეფასება, რომელიც ემოციურ მუხტს იწვევს. ფრეიმინგი გამოირჩევა სხვა კომუნიკაციებისგან მისი დიაქრონული ხასიათით. ფრეიმინგის გზავნილს განსაკუთრებული კულტურული რეზონანსი გააჩნია; ის გვახსენებს წარსულში შენახული სქემების ახლანდელობასთან შესაბამის ელემენტებს. ერთნაირი ჩარჩოს დროთა განმავლობაში მრავალ ტექსტებში გამეორება მოქალაქეთა პოლიტიკურად მნიშვნელოვან პროპორციას აძლევს საშუალებას შეამჩნიონ, გაიგონ, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ მენტალური ასოციაცია სამომავლო გამოყენებისათვის. ( Entman, et al, 2009: გვ.177).(6)

ამ განმარტებებში კარგად ჩანს ფრეიმინგის მთავარი მახასიათებელი: მოვლენების ინტერპრეტაცია დინამიურ პერსპექტივაში: strip of events; diachronic. დინამიური პერსპექტივა შესაძლოა ატარებდეს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს, იყოს ლატენტური მესიჯი მოვლენების ინტერპრეტაციისა: ,,შევარდნაძე გადადგება და ყველაფერი კარგად იქნება”. ის შეიძლება იყოს იდეოლოგიური (აყალიბებდეს გარკვეულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს): ,,ინვესტიციები შემოვა, ეკონომიკა ამუშავდება, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და საზოგადოების კეთილდღეობა მოიმატებს”. შესაძლოა ის იყოს მიმართული წარსულის განმტკიცებაზე ან უარყოფაზე, და არა მომავლის ხედვაზე: ,,საბჭოთა მემკვიდრეობა უნდა დავძლიოთ”, ,,ქართული ტრადიცია უნდა შევინახოთ”. ფრეიმინგი შესაძლოა არ მოიცავდეს დინამიურ გზავნილს, მაგრამ თავად ის, რომ ის მოვლენების ლოგიკური ჯაჭვის ხედვას აწვდის მაყურებელს, უკვე გულისხმობს დინამიკის ამსახველი ლატენტური ხედვის ტრანსლირებას.

კარგად სტრუქტურირებული დისკურსი, რომელიც დღის წესრიგის ფორმირებისა და ფრეიმინგის თანმიმდევრულ გამოყენებას ეყრდნობა, შეიძლება განვიხილოთ როგორც მითოლოგია — რეალობის ვირტუალური განვრცობა სივრცეში და დროში, რომელსაც ყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, სიმბოლოები და ნარატივები, პერსპექტიული, დინამიური ათვლის წერტილები და ისტორიული მოვლენები. ტელევიზიას ამგვარი მითოლოგიის შექმნის ყველა შესაძლებლობა გააჩნია.

არსობრივად, ჩვენ შეგვიძლია როგორც ფრეიმინგი, ასევე დღის წესრიგი ინტერპრეტაციის მეთოდებად მოვიხსენიოთ. მაგრამ ინტერპრეტაციის ტიპები და სახეობები უნდა განვასხვაოთ. დინამიური ინტერპრეტაცია თავისი არსით პოლიტიკური აქტივობაა. იგულისმხება, რომ ახალი ამბები ინტერპრეტაციას მინიმალური დოზით იყენებენ, მაშინ როცა პოლიტიკოსები მას ყოველთვის მიმართავენ, რათა ამომრჩევლებს საკუთარი გრძელვადიანი ხედვა აცნობონ. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ,,პოლიტიზირებულია” მედია, ინტერპრეტაციის დოზა ახალ ამბებში განსხვავებულია. ძლიერად პოლიტიზირებული მედია თანმიმდევრულად და ფართოდ იყენებს ინტერპრეტაციას რათა მაყურებელს რეალობის საკუთარი ვერსია შესთავაზოს. ამგვარი მედია ყოველდღიურ რეჟიმში ქმნის ისტორიის იმ ვერსიას, რომელსაც ის იზიარებს.

დინამიური ინტერპრეტაცია (ფრეიმინგი) და დღის წესრიგის ფორმირება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ვინაიდან საკითხების ფარდობით მნიშვნელობაზე ზემოქმედება იმავდროულად ნიშნავს მათი გადაწყვეტის დინამიკის ტრანსფორმაციას.

რომელიმე საკითხის ხაზგასმა და აქცენტირება პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობაა. იგულისხმება, რომ მნიშვნელოვანი საკითხები უფრო ადრე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ნაკლებად მნიშვნელოვნები. ეს გვახსენებს იმ ნორმატიულ რწმენას, რომელიც არსებობს მედიასთან დაკავშირებით: დემოკრატიის პირობებში მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩნდება მედიის დღის წესრიგში, უნდა გადადიოდეს პოლიტიკის დღის წესრიგში; ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს ყურადღებას უნდა აქცევდეს.

როგორც მედიის, ასევე ხელისუფლების ყურადღების არეალი უსასრულო არ არის. არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა პრობლემების, რომლებიც ხელისუფლებას შეუძლია გადაჭრას დროის მოცემულ მონაკვეთში; ამდენად, საკითხები, რომლებიც უმნიშვნელოდ არიან მიჩნეულები, შესაძლოა საერთოდ ვერ მოხვდეს მთავრობის ყურადღების არეალში.

“დღის წესრიგი, როგორც მე მესმის, არის საკითხების ან პრობლემების სია, რომელსაც ნებისმიერ დროს სერიოზულ ყურადღებას უთმობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ადამიანები ხელისუფლების გარეთ, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ამ თანამდებობის პირებთან. . . იმ საკითხების და პრობლემების წყებიდან, რომლებსაც შესაძლოა ყურადღებას უთმობდნენ თანამდებობის პირები, სერიოზული განხილვის საგანი ზოგიერთი უფრო ხდება, სხვებთან შედარებით. ასე რომ, დღის წესრიგის ფორმირების პროცესი ავიწროვებს საკითხების სიას იმ სიამდე, რომელიც მართლაც ექცევა ყურადღების ცენტრში. “(Kingdon, 1984, გვ. 3)“ (Ryan, 2012, გვ. 21) (7)

თუკი დავუშვებთ, რომ დემოკრატიის ნორმატიული იდეალი გულისხმობს დღის წესრიგის ფორმირებას საზოგადოების მიერ, მედია ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს. პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტებთან ერთად, ის უნდა მონაწილეობდეს მთავრობის დღის წესრიგის ფორმირებაში.

მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მედიის დღის წესრიგი გავლენას ახდენს საზოგადოების დღის წესრიგზე როგორც საარჩევნო პერიოდებში, ასევე მათ შორის. ის, რასაც ახალი ამბები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ხდება მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც. ეს მიმართება ძირითადად ვლიდნება თავისუფალ ქვეყნებში (Coleman, 2009). არსებითია, რომ მედიის დღის წესრიგი გადადის საზოგადოებაზე, ნარჩუნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და შემდგომ კარგავს გავლენას რამდენიმე თვეში, თუკი მედიაში სხვა საკითხებმა დაიკავეს წამყვანი ადგილი (McCombs, 2014). ხელისუფლებაზე მედიის დღის წესრიგის გავლენის კვლევა უფრო მრავალფეროვან და წინააღმდეგობრივ შედეგებს იძლევა.

განსაკუთრებით აქტუალურია დღის წესრიგის ფორმირება წინასაარჩევნო კამპანიების დროს. წინასაარჩევნო პერიოდში დომინანტური დღის წესრიგისა და ინტერპრეტაციის ხასიათი შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი აღმოჩნდეს არჩევნების შედეგების დეტერმინაციაში. არსებითია არა მარტო ის, თუ რა სიხშირით წარუდგება საზოგადოებას ესა თუ ის ლიდერი, არამედ ისიც, თუ რომელი ლიდერის პრიორიტეტები იქნება წარმოდგენილი როგორც საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური. ისიც, თუ როგორ იქნება ინტერპრეტირებული ეს პრიორიტეტები — მიზეზ-შედეგობრივ კავშირში სხვა საკითხებთან.

თუკი შევაჯამებთ, მედიის დემოკრატიული ფუნქცია არ შემოიფარგლება ამომრჩევლების ინფორმირებით. ის მოიცავს სამ კომპონენტს: ინფორმირება, დღის წესრიგის ფორმირება და ინტერპრეტირება. პირველი ყველაზე მნიშვნელოვნად უკავშირდება მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის განხორციელებას (და, როგორც შემდგომ ვნახავთ, ყველაზე არსებითად ახასიათებს მედიას მაჟორიტარულ დემოკრატიებში, სადაც კონტროლი დემოკრატიული ჩართულობის მთავარი ფორმაა). მეორე, დღის წესრიგზე ზემოქმედება, ყველაზე არსებითია თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად (პროპორციული დემოკრატიები, იდეოლოგიური შეფერილობები მედიაში). მესამე, დინამიური ინტერპრეტაციის გარეშე ვერ მოხერხდება მოქალაქეთა მობილიზაციური, საპროტესტო ჩართვა პოლიტიკაში, რაც პოპულისტურ კონტექსტს შეეფერება.

სტრუქტურულად, სამივე ეს კომპონენტი განსხვავებულ პოლიტიკურ ქცევასა და დაყოფებს განაპირობებს. თავად მედიის სტრუქტურირება პრევალენტური ლოგიკის გავლენით ხდება. სხვადასხვა (მოპაექრე) დღის წესრიგების რეპრეზენტაცია განსხვავებულ ტელეარხებს მოითხოვს. მართლაც, “პრიორიტეტის მინიჭება” (რაც დღის წესრიგს ქმნის) უკვე ნიშნავს იერარქიას; მისთვის ყველაზე არსებითია პრაიმინგი (სიუჟეტების მიმდევრობითობა ახალ ამბებში), დათმობილი დრო ახალ ამბებში და პოლიტიკურ თოქ შოუებში, მოვლენების ინტერპრეტაცია, რომელსაც ტელევიზია მაყურებლებს სთავაზობს. ერთსა და იმავე ტელევიზიას არ შეუძლია სხვადასხვა თემას ერთდროულად პრიორიტეტი მიანიჭოს. კონკურენცია საკუთარი დღის წესრიგის დასამკვიდრებლად აჩენს ისეთ მედია ლანშაფთს, სადაც ტელეარხებს აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეფერილობა.

პოლიტიკური შეფერილობა ხდება კიდევ უფრო გამოკვეთილი, თუკი პაექრობის საგანი ხდება არა დღის წესრიგი, არამედ წყალგამყოფი. როგორც ავღნიშნეთ, წყალგამყოფი შეიძლება გავიგოთ როგორც პრეფერენციის ინტერპრეტირება მის გარკვეულ საპირისპირო პრეფერენციასთან შედარებაში. წყალგამყოფი იგივე დღის წესრიგია, ოღონდ წარმოჩენილი ნეგატიურ კონტექსტში: როგორც არჩევანი კარგსა და ცუდს შორის (ან ცუდსა და უარესს შორის). თუკი მედია სტრუქტურირებაში მთავარ როლს ასრულებს ბრძოლა იმის თაობაზე, თუ სად გაივლის წყალგამყოფი, მაშინ ერთმანეთს უპირისპირდება მრავლობითი ინტერპრეტაციები. კონტექსტუალიზაციის შერჩევა (ფრეიმინგი) შესაძლებელია მედიის მთავარი პოლიტიკური მახასიათებელი აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, ერთიდაიგივე ლიდერი მხარდამჭერ მედია საშუალებაში იქნება წარმოჩენილი როგორც დემოკრატი, და მისი ქმედებები გაშუქებული ამ ჩარჩოში, ხოლო მეო- რეში – როგორც არაკომპეტენტური, არაეფექტური. იმავდროულად, მთავარი დღის წესრიგი პირველი მედიისთვის ხდება დემოკრატია, ხოლო მეორესთვის — მმართველობის ეფექტურობა.

სარკე ბრტყელია, მედია — არა

ის ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება მედიაში, დემოკრატიის ფუნქციონირების ხასიათზე აისახება. ტელევიზიის გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე, რომელიც გამოიხატება პოლიტიკის მზარდ პერსონიფიკაციაში, სკანდალურობასა და ნეგატიური პროპაგანდის ზრდაში როგორც წესი აღიწერება, როგორც რეპრეზენტაციის კრიზისი და პოპულიზმის გაძლიერება, რომელიც ზიანს აყენებს დემოკრატიის ტრადიციულ ინსტიტუტებს. ტელევიზია მუდმივად ხდება კრიტიკის ობიექტი დემოკრატიის დამცველთა მხრიდან როგორც ის ინსტიტუტი, რომელიც ამ ტენდენციების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ტელევიზია გახდა სწორედ ის ადგილი, სადაც იშლება ზღვარი სუბსტანციასა და პროცედურას შორის. სამივე მოვლენა — პერსონიფიკაცია, სკანდალურობა და ნეგატივიზმი ემსახურება სუბსტანციის რეინტერპრეტაციას პროცედურით და შეიძლება აღიწეროს დღის წესრიგის ფორმირებისა და ინტეპრეტირების ძალაუფლების ტერმინებში.

სკანდალი პირდაპირ წარმოადგენს დღის წესრიგის ფორმირებაზე მიმართულ ქმედებას. მისი მიზანია ყურადღების მიქცევა. პროვოკაცია, ეპატაჟი, როგორც მეთოდი, ყოველთვის გამოიყენებოდა რადიკალური, რევოლუციური გზავნილების საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. ამას ემატება მედიის საკუთარი ინტერესი რეიტინგებისთვის ბრძოლაში. ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, სადაც სისტემური გარდაქმნები ლამის პერმანენტულ რევოლუციაში გადაიზარდა, პროვოკაცია და სკანდალი პოლიტიკური ბრძოლის ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს.

პერსონიფიკაცია და ნეგატივიზმი ქმნიან წყალგამყოფებს. ნეგატივიზმი ინტერპრეტირებს ოპონენტს, მოწინააღმდეგეს, იმ განზომილებაში და დღის წესრიგში, რომელიც ყველაზე მომგებიანია მბრალდებლისთვის. მაგალითად, რეფორმების ირგვლივ თანასწორი კამათის ნაცვლად მომგებიანია ოპონენტებისთვის კორუფციის დაბრალება; გარეშე მტრის ხატი ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას შიდა პოლიტიკის ნებისმიერი კრიტიკა ქვეყნის ღალატის რანგში იქნას აყვანილი. პოპულისტური ლიდერის პერსონას ქმნის ამ ლიდერისადმი მრავლობითი პოზიტიური ინტერპრეტაციების მიყენება, მისი გარდაქმნა ,,ცარიელ აღმნიშვნელებად”.

შესაძლებელია პროცედურასა და სუბსტანციას შორის ზღვარის გადაკვეთა ზოგადად ,,მანიპულირების” სახელით მოვიხსენიოთ. მაშინ მანიპულირების ცნება ყველა ამ მოვლენას მოიცავს და გულისხმობს დღის წესრიგის ფორმირების ძალაუფლების გამოყენებას ვითარების სტრატეგიული რე-ინტერპრეტირებისთვის. თუმცა თავად ტერმინი ნეგატიურია, და ნორმატიულად არასასურველ ქმედებას გულისხმობს. ის ლატენტურად გვეუბნება, რომ არსებობს თამაშის წესები, რომლებიც მოთამაშემ დაარღვია უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მისაღებად. ლოზუნგი ,,მიზანი ამართლებს საშუალებას” ყოველთვის ასოცირდებოდა არა დემოკრატიასთან, არამედ მის კორუფციულ და ცინიკურ გადაგვარებასთან, მიუხედავად იმისა რომ ამგვარი მაკიაველიზმი დემოკრატიის თეორიის მიერ აღიარებულია, როგორც პოზიტიური რეალობა.

მაგრამ თუკი პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ თავად თამაშის წესები გარდაქმნის პროცესში იმყოფება, ნორმატიული შეფასებების მიყენება ხდება შეუძლებელი; ამ წესების გარდაქმნა თამაშის ნაწილს წარმოადგენს, რაც სტრატეგიული ქცევის დომინირებას იწვევს. და თუკი მეტიც, დემოკრატიის დინამიურ ხედვას გავიზიარებთ, უნდა ვაღიაროთ რომ საზოგადოების და მისი ფუნქციონირების წესები გარდაქმნის და გადახედვის პერმანენტულ პროცესს განიცდიან. თუკი ინტერპრეტაცია სისტემის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია, მაშინ მისი სტრატეგიული გამოყენება არა მარტო გარდაუვალი, არამედ აუცილებელიც ხდება. ბრძოლა გადაწყვეტილებების მიმდევრობითობისთვის, პოლიტიკის დღის წესრიგისთვის, წარმოადგენს სისტემის ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილს, რომელიც ძალაუფლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი სფეროა. ინდივიდების თავისუფლების ხარისხი შესაძლოა დიდწილად დამოკიდებული აღმოჩნდეს მათ უნარზე მოახდინონ გავლენა დღის წესრიგზე. მაშინ მანიპულირება, როგორც ტერმინი უნდა მივუსადაგოდ არა ყველანაირ რეინტერპრეტირებას, არმაედ მხოლოდ ისეთ ვითარებებს, რომლებიც ამ უფლებას ფართო საზოგადოებას ართმევენ.

მათემატიკური მოდელი, რომელიც წინა თავში შემოვიტანეთ, გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ მთლიანი სურათი. ის პოლიტიკური სტრატეგიები, რომელთა განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ჩვეულებრივ ევკლიდურ გეომეტრიაში, შესაძლებელი ხდება პროექციულ სიბრტყეზე. პროექციული სიბრტყე, ევკლიდურისგან განსხვავებით, დახურული სიმრავლეა, მას ერთი ზედაპირი აქვს. მას არა მარტო არა აქვს მარჯვენა და მარცხენა (როგორც ჰქონდა ერთგანზომილებიან პოლიტიკურ მემარჯვენე-მემარცხენე წრფეს), მას არა აქვს ზედა და ქვედა. ის უშვებს პოლიტიკური პოზიციების ერთმანეთში უწყვეთ გადადინებას (უსასრულობაზე, ანუ წყალგამყოფზე გავლით) მათი რეინტერპრეტირების გზით. ის პოსტმოდერნულია, ოპორტუნისტულია და არაპოზიტივისტური თავისი ბუნებით. უსასრულობის წრფეზე გადასვლა აჩენს ინტერპრეტაციის დენადობას, მნიშვნელობების მრავლობითობის შემოტანას, ,,ცარიელი აღმნიშვნელების” გამოყენების შესაძლებლობას.

სურათი. პროექციული სიბრტყე

თუკი ევკლიდურ სიბრტყეზე რაციონალური პოლიტიკური სტრატეგიები იყო ცალსახა და მდგომარეობდა საუკეთესო საარჩევნო პოზიციების დაკავებაში, პროექციულ სიბრტყეზე ჩნდება ამგვარი სტრატეგიების მრავლობითობა, რომელიც ართულებს რაციონალური ქცევის ლოგიკას. პრეფერენციების (ინტერესების) რეპრეზენტაციისა და დღის წესრიგის ფორმირების ლოგიკები არაა თანხვედრი, არამედ საპირისპირო. პოლიტიკური მხარდაჭერის მაძიებელი სუბიექტი ვერ გამოიყენებს ორივეს თანაბრად: რაც უფრო მეტი პოტენციალი ექნება რეპრეზენტაციის, მით უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს დღის წესრიგზე, და პირიქით. მართლაც, თუკი არსებობს ორი პოლიტიკური პოზიცია, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან ამომრჩეველთა განწყობების მოსაზიდად, ამ პოზიციების რეპრეზენტატორები დაინტერესებულები უნდა იყვნენ დებატებით, საკუთარი პოზიციის პროპაგანდირებით, ერთმანეთის კრიტიკით. მაგრამ ამგვარი ქცევით ისინი დღის წესრიგში სვამენ და პროპაგანდას უწევენ სწორედ რომ იმ ოპონენტსა და ხედვას, რომელსაც აკრიტიკებენ. კანდიდატი და მისი ოპონენტი, ამ მხრივ არიან არა მარტო ერთმანეთის მოწინააღმდეგეები, არამედ მოკავშირეებიც იმ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისაც სხვა დღის წესრიგი აქვთ და სხვა თემებზე უნდათ ყურადღების გამახვილება.

არსებობს მეორე, საპირისპირო სტრატეგიაც: ოპონენტის იგნორირება ნაცვლად მისი კრიტიკისა. ამ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა რომ საკუთარი პოზიცია კრიტიკისგან დაიცვას, კანდიდატი ამჯობინებს ყურადღება გაამახვილოს სხვა დღის წესრიგზე და იმ საკითხებზე ლაპარაკობს, რომლებიც მისთვის უფრო მომგებიანია. ოპონენტის იგნორირება, მასთან კამათში შესვლის თავიდან აცილება, ასუსტებს საკუთარი პოზიციის რეპრეზენტაციას, სამაგიეროდ ის ასევე ასუსტებს ოპონენტის უნარს საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

ინტერესების ასახვისა და დღის წესრიგის ფორმირების ამ ურთიერთსაწინააღმდეგო სტრატეგიების შეთავსება შეუძლებელი იქნებოდა თუ არა ინტერპრეტირება, რომელიც ორივე მიმართულებით მუშაობს. პოლიტიკური პოზიციები, რომლებიც უნდა აირჩიოს/არ აირჩიოს ამომრჩეველმა აწი სხვადასხვანაირად გამოიყურება სხვადასხვა თვალსაწიერიდან: ერთი დღის წესრიგის კონტექსტში ეს პოზიცია შესაძლოა იყოს სასურველი, ხოლო მეორე დღის წესრიგის კონტექსტში — არა. ინტერპრეტირება წყალგამყოფების ადგილმდებარეობის განსაზღვრით ქმნის მესამე ლოგიკას, რომელიც მრავლობითი მნიშვნელობებით ოპერირებს.

ინტერპრეტირების ძალაუფლებისთვის ბრძოლა შესაძლოა უფრო მეტი დივიდენტების მომტანი იყოს კანდიდატებისთვის, ვიდრე პრეფერენციული ან დღის წესრიგის კონკურენცია. ამგვარი თამაშები შეზღუდულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დომინანტური ინტერპრეტაციების ხასიათზე ზემოქმედება ძნელია, ეს ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური წყალგამყოფები მყარად დგანან სოციო-ეკონომიკურ ან კულტურულ (ეთნიკურ, რელიგიურ) საფუძვლებზე; ისტორიულად ფორმირებულია მემარჯვენე-მემარცხენე ღერძებად და სხვა. მაგრამ როდესაც ვითარება არამყარია, განსაკუთრებით თუკი ის არის გარდამავალი, ინტერპრეტაციების როლი იზრდება. ოპორტუ- ნიზმი, პოპულიზმი, მანიპულირება, დემაგოგია და სხვა ილეთები, რომლებიც ტრადიციულია პოლიტიკისთვის, ამ ვითარებაში გაცილებით დიდ როლს თამაშობენ.

სწორედ ამ დროს ჩნდება პოპულიზმისთვის დამახასიათებელი ის ,,შეუძლებელი კოალიციები”, როდესაც საპირისპირო იდეოლოგიების ამორმჩევლები ერთსა და იმავე კანდიდატს აძლევენ ხმას, მემარჯვენე-მე- მარცხენე ღერძი იღუნება და იქცევა წრეწირად; მიმართება თამაშის წესებსა და შინაარსს შორის ხდება ვოლუნტარისტული, ხოლო წყალგამყოფი — მოძრავი.

იქ, სადაც არის ბრძოლა ინტერპრეტაციებისთვის, ვითარება ხდება რელატივისტური (ჰიპერბოლური რეპრეზენტაციის შემთხვევა); ჩნდება:
ა. კონკურენცია იმის თაობაზე, თუ სად გაივლის გადაულახავი წყალგამყოფი (რომელიც იმავდროულად მოძრავია).
ბ. კანდიდატების პოზიციები ხდება ,,მანიპულირების წერტილები”: ისეთი პრეფერენციები, რომლებიც ერთსა და იმავეს ნიშნავენ ერთ დღის წესრიგში, და საპირისპრიოსსხვაში. შესაბამისად, ამგვარი წერტილები ხდება არა წონასწორული, არამედ უნაგირის ფორმის. არსებითად, მთელი პრეფერენციების ველი იძენს ამ რელატივისტურობის მახასიათებელს, და თითოეული ამომრჩეველი საკუთარ პრეფერენციებს ინტერპრეტაციების ჭრილში ხედავს — ,,სტრატეგიული ქცევა” მისთვის ნორმაა.

მედია სისტემები: შიდა, გარე და პოლარიზებული პლურალიზმი

მედია სისტემების სამ იდეალურ ტიპად კლასიფიცირება ჰალინისა და მანჩინის მიერ (Hallin, 2004), გვაძლევს შესაძლებლობას გავავლოთ პარალელი მათემატიკურ მოდელსა და რეალურად არსებულ ინსტიტუციურ სტრუქტურებს შორის. ამგვარი პარალელი შესაძლოა ძალიან ზედაპირული და ემპირიულად ძნელად დასამტკიცებელი იყოს, მაგრამ ინტუიციურ დონეზე სასარგებლო მიგნებებს გვთავაზობს.

მედიის სისტემური/ინსტიტუციური შედარებითი ანალიზისთვის ჰალინი იყენებს შემდეგ მახასიათებლებს: (8)

1) მედია ბაზრის განვითარების დონე, განსაკუთრებით, თუ რანდენად არსებობს მაღალტირაჟიანი პრესა;

2) პოლიტიკური პარალელიზმი; ეს მოიცავს როგორც მედიისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთმიმართების სიმჭიდროვეს და ხასიათს, ასევე უფრო ზოგადად, თუ რამდენად შეესაბამება მედია სისტემა საზოგადოებაში არსებულ სიღრმისეულ პოლიტიკურ დაყოფებს;

3) ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, გავნითარების დონე;

4) მედია სისტემაში სახელმწიფოს ჩარევის დონე და ხასიათი;

ამ მახასიათებლების შედარებითი ანალიზის საფუძველზე ავტორები გამოყოფენ სამი ტიპის იდეალურ მედია სისტემას:
1) ხმელთაშუაზღვისპირა, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი;
2) ჩრდილო ცენტრალური ევროპის, დემოკრატიულ-კორპორატივისტული მოდელი, ხასიათდება გარე პლურალიზმი;
3) ჩრდილო ატლანტური, ლიბერალური მოდელი შიდა პლურალიზმით.

შიდა პლურალიზმის, გარე პლურალიზმისა და პოლარიზებული პლურალიზმის ტიპები მედიის პოლიტიკური ჰომოგენურობის/ კლასტერიზაციის მახასიათებლებად შეიძლება განვიხილოთ. შიდა პლურალიზმი ნიშნავს ერთ მედია საშუალებაში ყველა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ასახვის შესაძლებლობას. მედია ნეიტრალურია პოლიტიკასთან მიმართებაში. გარე პლურალიზმის პირობებში მედია არაპარტიულია, მაგრამ ღირებულებრივად (იდეოლოგიურად) შეფერილი: არსებული პოლიტიკური ხედვების სრულ სურათს ქმნის მხოლოდ მედია საშუალებების ერთობლიობა, და არა ერთი რომელიმე გამოცემა. პოლარიზებული პლურალიზმის მედიაში მედიის პოლიტიზირება აღწევს მაქსიმუმს: მედია ჩართულია პარტიულ ბრძოლებში, ჟურნალისტები ამომრჩეველთა ქცევაზე უშუალო გავლენის მოხდენას ცდილობენ.

უფრო სრულად, ავტორები ამ სამ სისტემას შემდეგი ნიშნებით ახასია- თებენ (Hallin, 2004, გვ.67): პოლარიზებული პლურალიზმის მოდელს ახასიათებს ,,გაზეთების დაბალი ტირაჟები, ელიტისტური, პოლიტიკურად ორიენტირებული პრესა; მაღალი პოლიტიკური პარალელიზმი; კომენტირებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა; პოლიტიკის დომინირება მაუწყებლობაზე და სახელმწიფო კონტროლი მასზე; ჟურნალისტიკის დაბალი პროფესიონალიზაცია და მისი ინსტრუმენტალიზაცია; ძლიერი როლი სახელმწიფოსი ზოგადად”. დემოკრატიული კორპორატივიზმის მოდელს (გარე პლურალიზმი) ახასიათებს ,,გაზეთების მაღალი ტირაჟები; მასობრივი პრესის ადრეული განვითარება; ძლიერი პარტიული პრესა (ისტორიულად); მაუწყებლობაში პოლიტიკური პლურალიზმი და ძლიერი ავტონომია; ჟურნალისტიკის ძლიერი პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზებული თვითრეგულირება; სახელმწიფოს მაღალი როლი, თუმცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე; დიდი სუბსიდიები სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ძლიერი საზოგადოებრივ მაუწყებლობაში”. ლიბერალური მოდელი (შიდა პლურალიზმი) ხასიათდება შემდეგით: ,,გაზეთების საშუალო ტირაჟები მასობრივი კომერციული პრესის ადრეული განვითარებით; ნეიტრალური კომერციული პრესა; საინფორმაციო ჟურნალისტიკა; საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროფესიული მოდელი; ჟურნალისტიკის ძლიერი პროფესიონალიზაცია არაინტიტუციონალიზებული თვითრეგულირებით; სახელმწიფოს როლი დაბალია საბაზრო მექანიზმებთან შედარებით”.

აშკარაა, რომ მედია სისტემის ხასიათი კავშირშია როგორც დისკურსის შინაარსთან, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან. მაჟორიტარული (ანგლოსაქსური) დემოკრატიები მჭიდროდაა ასოციირებული ნეიტრალური ჟურნალისტიკის ცნებასთან. ხოლო პროპორციული და კონსესუალური სისტემები (კონტინენტური ევროპა) ქმნიან პოლიტიკურ პარალელიზმს ჟურნალისტიკაში. პოლიტიკური პარტიები ამ სისტემაში, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, არ ისწრაფვიან მოიპოვონ ლეგიტიმაცია ,,მთელი ნაციის” რეპრეზენტაციით, არამედ საზოგადოების სეგმენტებს წარმოაჩენენ. კლიენტელისტური ურთიერთობების სიჭარბე და პოლარიზება სამხრეთის დემოკრატიებში იწვევს მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას და არათავსებადია მედიის ლიბერალური მოდელის მახასიათებლებთან. პოლარიზებული პლურალიზმი უკავშირდება ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობას, რომლებიც არსებული სისტემის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ აყენებენ. ასეთ საზოგადოებებში ძლიერია იდეოლოგიური დაპირისპირება და პოლარიზაცია (Sartori, 2005).

მედიის სამი სისტემის ეს ინსტიტუციონალური თავისებურებები შესაძლოა კარგად მივუსადაგოთ იმ სამი პოლიტიკური ლოგიკის სიძლიერეს მოცემულ ქვეყნებში, რომლებიც ადრე იყო განხილული.
“ინტერპრეტაციული/მანიპულაციური დისკურსი” (პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი) ყველაზე პოლიტიზირებულია; ის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ლოგიკას მიყვება ყველაზე მეტად. ის ყველაზე ძლიერია სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებიც, ჰალინის მიხედვით, გვიანდელი დემოკრატიზაციით ხასიათდება და მეოცე საუკუნის დიდი ნაწილი მათთვის ავტორიტარული და ფაშისტური რეჟიმების არსებობას უკავშირდება (ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები). პოლიტიკური ბრძოლა ძლიერ იდეოლოგიზირებულია, ხოლო პოლიტიკური დაყოფები რადიკალური. პროცედურა და შინაარის აქ ყველაზე მეტად არის ერთმანეთთან ათქვეფილი, ვინაიდან ქვეყნის სისტემის გარდაქმნა პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს.

ლიბერალური ჩრდილოატლანტური სისტემა ხასიათდება არა მარტო ფაქტებზე დამყარებული, ნეიტრალური მედიის იდეალის არსებობით, არამედ აგრეთვე ორპარტიული სისტემის ფუნქციონირებით. ორპარტიულ სისტემაში თითოეული პარტია საკუთარი ლეგიტიმაციის საწყისებს ეძებს უმრავლესობის ინტერესების და შეხედულებების წარმოჩენაში – ვინაიდან წარმატების შემთხვევაში ის ღებულობს მთელ პასუხისმგებლობას მმართველობაზე, და ვალდებული იქნება მთელი მოსახლეობის რეპრეზენტაცია განახორციელოს. ორპარტიულ სისტემებში ყველაზე ადვილია თამაშის წესებისა და შინაარსის ერთმანეთისგან განცალკევება; ის ეყრდნობა ლიბერალური პოზიტივიზმისთვის დამახასიათებელ რწმენას ნეიტრალური გარე დამკვირვებლის, მიუკერძოებელი მსაჯის არსებობის შესაძლებლობას.

კონტინენტური ევროპის ქვეყნებში, მრავალფეროვანი მედიის არსებობა თავსებადია მრავალპარტიულ სისტემებთან, სადაც პარტიები მჭიდრო კავშირშია საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან. ჰეტეროგენურ საზოგადოებაში კონსესუალური პოლიტიკის პლურალისტური ტრადიცია აქ ძლიერადაა განვითარებული. შესაბამისად, საზოგადოების ამა თუ იმ სეგმენტების რეპრეზენტაციას ახორციელებენ პოლიტიკური პარტიები და მედია საშუალებები, რომლებმაც იმთავითვე იციან თავისი აუდიტორია და არეალი. მათ, ერთის მხრივ, არა აქვთ საყოველთაობის პრეტენზია, ამდენად აქვთ საკუთარი დღის წესრიგისა და ინტერპრეტაციის შემოთავაზების შესაძლებლობა. საზოგადოების ბუნებრივი დანაწევრებულობა ჯერ აისახება პარტიებისა და მედიის დანაწვრებულობაში, რომ მერე, უკვე ქვეყნის პარლამენტში პარტიების მიერ მიღწეულ იქნას კონსესუსი (შეიქმნას კოალიციური მთავრობა) უმრავლესობის შესაქმნელად და ამა თუ იმ პრობლემების გადასაჭრელად. ეს ვითარება აჩენს პროცედურულ მოქნილობას, რომელიც ზღუდავს მანიპულირებას არა იმდენად წესებისა და შინაარსის განცალკევებით, რამდენადაც კონკურენტული დღის წესრიგების მრავლობითობით.

პოლარიზებული პლურალიზმი და ძლიერი იდეოლოგიზაცია ისტორიულად დამახასიათებელია როგორც ევროპის სამხრეთისთვის, ასევე მისი აღმოსავლეთისთვის. ეს უკავშირდება მრავალ ფაქტორს, მათ შორის ამ ქვეყნების, როგორც პერიფერიულების, გახსნილობას ევროპის გავლენის მიმართ. საქართველოც შესაძლოა პერიფერიულობის ამ კონტექსტში იქნას განხილული. “პერიფერიულობის” და ჩამორჩენილობის ეს განცდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც საჯარო დისკურსს დაღს ასვამს და ცვლის მის სტრუქტურას. საზოგადოებაში არსებული პრეფერენციები აღარ არიან თანასწორი, არამედ იძენენ იერარქიულობას, განიცდიან დომინირებას, რომლის წყარო იმყოფება საზოგადოების მიღმა, ქვეყნის გარეთ მდებარე გავლენის ცენტრში. პერიფერიულობის განცდა აძლიერებს ნეგატივიზმისა და დელეგიტიმაციის გამოყენებას პოლიტიკურ დისკურსში, რაც აჩენს შმიდტისეული ხასიათის პოლიტიკას: მტრებას და მოყვარეებად პოლარიზებულ სეგმენტაციას. ეს ქვეყნები მუდმივად დგანან ძირეული, სისტემური გარდაქმნების გამოწვევის წინაშე, რაც ნიშნავს თამაშის წესების მუდმივ ათქვეფას პოლიტიკის შინაარსთან.

მედია დისკურსის სტრუქტურა საქართველოში

აშკარაა, რომ ამ სამი მოდელიდან საქართველოს პოლიტიკური დისკურსი ყველაზე ახლოა პოლარიზებული პლურალიზმის მოდელთან. თუმცა, ძლიერი პოლიტიკური გავლენების გამო, მისი თავისუფლება რჩებოდა შეზღუდული, ხოლო დისკურსული დომინაციისთვის ბრძოლა — მძაფრი და ხშირად ძალადობრივი.

მედია სისტემების კლასიფიკაცია, მოცემული წინა პარაგრაფში, ეხება
ისეთ ქვეყნებს და ისტორიულ ვითარებებს, სადაც სიტყვის თავისუფლების გარკვეული (მაღალი) დონე უზრუნველყოფს საჯარო დისკურსში ძალაუფლებრივი თამაშების განხორციელების შესაძლებლობას, ,,მენტალური მატრიცების უხილავი ხელის” მოქმედებას და რეპრეზენტაციის შესაბამისი არაფორმალური ინსტიტუტების ფორმირებას. იქ, სადაც თავისუფლება შეზღუდულია, ამგვარ ფორმირებაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა. მედია დისკურსების ლოგიკა ისეთ ტოტალიტარულ ქვეყნებშიც კი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, განიცდის კონტექსტის ზემოქმედებას, მაგრამ ძალაუფლების ძლიერი კონცენტრაცია სახელმწიფოს ხელში გამორიცხავს პოლიტიკური პლურალიზმის წარმოქმნასა და სტრუქტურირებას.

პერესტროიკისა და დემოკრატიზაციის პროცესების დაწყებიდან, მედიის დეპოლიტიზაცია წარმოადგენდა როგორც თავად მედიისა და საზოგადოების, ასევე დემოკრატიის გარე ხელშემწყობების ზრუნვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. პროპაგანდისტული ჟურნალისტიკიდან, რომელსაც საზოგადოებაზე ზემოქმედებას უსახავდნენ ამოცანად, ახალი ჟურნალისტიკისკენ, რომელიც საზოგადოების მომსახურებას განახორციელებდა — ასეთი იყო ამ ტრანსფორმაციის გაცხადებული ვექტორი. ნეიტრალური, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა წარმოადგენდა ნორმატიულ იდეალს, რომელიც უკამათოდ იქნა აღიარებული როგორც დომინანტური სტანდარტი. ის უნდა გამხდარიყო ახალი თამაშის წესი, რომელიც პროცედურისა და შინაარსის, მედიისა და პოლიტიკის განცალკევებას უზრუნველყოფდა. თუმცა, თამაშის ეს წესი და “პოლიტიკურის” ის შინაარსი, რომელიც მას უნდა გადმოეცა, ერთმანეთთან შესაბამისობაში არ აღმოჩნდა.

სისტემური ტრანსფორმაციის იმ კონტექსტში, რომელშიაც ქვეყანა იმყოფებოდა, ჟურნალისტების უმრავლესობა სულაც არ გრძნობდნენ (და დღემდე არ გრძნობენ) თავს მოვლენების უბრალო ამსახველებად, რომლებიც ,,გარე დამკვირვებლის” როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში. მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკაზე წერდა, გრძნობდნენ რომ მოქალაქეობრივ როლს ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიზაციაში, წინსვლაში, განვითარებაში. მათთვის სულაც არ იყო მეორეხარისხოვანი, თუ რა პოლიტიკურ შედეგს გამოიღებდა მათი პროფესია, პუბლიკაციები, საქმიანობა. გარეგნულად მიუკერძოებელი და შინაგანად მოქალაქეობრივად მოტივირებული ჟურნალისტები პოულობდნენ გზებს პოლიტიკური ზემოქმედების მოსახდენად დღის წესრიგის და წყალგამყოფების ფორმირებაში.

ჟურნალისტიკის ახალი სტანდარტები სინამდვილეში ზემოქმედების ფართო შესაძლებლობებს ქმნიან. იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური ძირითადად ნიშნავს იმას, რომ თანაბრად დაუთმოს დრო და სივრცე ყველა პარტიას — ან იმ პარტიებს მაინც, რომლებიც ძირითად მოთამაშეებად არიან მიჩნეულნი, არ იყოს მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ და წარმართო დებატები ისე, რომ საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირო.

როდესაც პოლიტიკის მთავარი საკითხი არის განსხვავებული პრეფერენციების კონკურენცია, მიუკერძოებლობის ამგვარი კონცეფცია მართლაც მუშაობს. მაყურებელი, მკითხველი, ეცნობა მხარეების ხედვებსა და არგუმენტებს, იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. მედია გარემო უზრუნველყოფს პლურალიზმს, რომელიც ინფორმირებული ამომრჩევლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. (9)

მაგრამ ჟურნალისტიკის სტანდარტები არაფერს ამბობს დღის წესრიგის ფორმირებაზე, რეალობის ასახვის დიაქრონულ ასპექტზე. არ არსებობს ობიექტური ნორმები, რომლებიც ეხება სასაუბრო თემის არჩევას ან ახალი ამბების მიმდევრობითობის დალაგებას. ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც მედიამ უნდა გამოიყენოს, არის ის, რომ თემა უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის. ხოლო ვინაიდან ამგვარი თემები ბევრია, მედიას რჩება ფართო შესაძლებლობა შეადგინონ საკუთარი დღის წესრიგი, ან მოარგონ ის იმ პარტიის ინტერესებს, რომლის სასარგებლოდაც მუშაობს კონკრეტული მედია.

ფორმალური ნორმების დაცვით პოლიტიკური პროპაგანდის წარმოება ადვილი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კარგად მუშაობდა დღის წესრიგისა და მეკარეობის შერწმა, რომელიც წყალგამყოფის ადგილმდებარეობას აფიქსირებს. ასე მაგალითად, პოლიტიკურ დებატებში სასურველი კანდიდატის პირისპირ უნდა დამჯდარიყო არა მისი ყველაზე პერსპექტიული ოპონენტი, არამედ ყველაზე ოდიოზური, ვის ფონზე ის კარგად გამოჩნდებოდა. ანალოგიურად, პარლამენტში უნდა არსებულიყო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, მაგრამ დაწესებული დღის წესრიგის ფარგლებს არ გასცდებოდა.

შესაბამისად, მედიამ ისწავლა ოპერირება ინტერპრეტაციებით და მნიშვნელობების ფორმირებით, რაც იყო სიახლე საბჭოთა უხეშ და პირდაპირ პროპაგანდასთან შედარებით. ამ ახალი პროფესიონალიზმის მთავარი პოლიტიკური კომპონენტი გახდა დღის წესრიგისა და წყალგამყოფების ფორმირება.

არსებობს პოლიტიკური დაპირისპირებების ორი ღერძი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ამომრჩეველთა პოლიტიკურ ქცევას: პრო-დასავლური და პრო-დემოკრატიული. არჩევნების ჩატარების დღეს ყველა პოზიცია, რომელიც ამ ღერძებით ფორმირებულ სიბრტყეზე მდებარეობს, თანასწორია: თითო ამომრჩეველი- თითო ხმა. მაგრამ დისკურსის თვალსაწიერიდან, ამ ღერძების საპირისპირო ბოლოები (მიმართულებები) არ არიან ერთნაირები. ღერძებს აქვთ დომინანტური მიმართულება. ეს მიმართულება არის კარგად არტიკულირებული და პროპაგანდირებული. საპირისპირო ბოლო მეტწილად არსებობს ლატენტურად, და არა არტიკულირებული დისკურსის სახით. (10) ბოლოების ეს დისკურსული განსხვავება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა ქცევაში დომინირებს ტელეოლოგია, დღის წესრიგი.

ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გავლენას ახდენს ამ ტელეოლოგიის შენარჩუნებაზე. პირველი ეხება ისტორიულ მემკვიდრეობას. მანამდე, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა (ნებით თუ იძულებით) სხვა, მაგრამ ასევე მომავალზე ორიენტირებულ პროცესში იყო ჩართული — კომუნიზმის შენებაში. იმ ტოტალიტარულ პროექტში საერთოდ გამორიცხული იყო განვითარების დღის წესრიგის კითხვის ქვეშ დაყენება. კოლექტიური მომავალი, განვითარების მიმართულება, ამდენად, იყო და რჩება პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციის უმნიშვნელოვანესი წყარო. მეორე მდგომარეობს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ორიენტაციაში დასავლეთზე, მის გახსნილობაში გარე სამყაროსა და გარე გავლენების მიმართ.

უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოულობდნენ და პოულობენ ლეგიტიმაციას გარედან, დასავლეთიდან, რაც მათ იმავე ტელეოლოგიურ, მიმბაძველ ხასიათს ანიჭებს. პოლიტიკური დისკურსის მიერ ტრანსფორმირებული (არანაკლებ ტოტალიტარულ) ნათელ მომავლად, ეს დასავლეთი ასევე იძენს დღის წესრიგის მნიშვნელობას. ამ ორ, თითქოსდა შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულ ტენდენციას ემატება კულტურული შოკი, რომელიც საზოგადოებამ განიცადა საბჭოთა დახურული საინფორმაციო სივრციდან გახსნილ გლობალურ დისკურსში ინტეგრირებით. ყოველივე ეს ერთობლივად ქმნის მძაფრ ბრძოლას დისკურსული დომინაციისთვის, ძალაუფლებრივ უთანასწორობებს, რომლებიც ღრმა ეგზისტენციურ, სიმბოლურ ხასიათს ატარებენ და დისკურულ ველში ისეთი საკითხების დომინირებას აჩენენ, რომელთა ინტერპრეტაციით მანიპულირება ხდება ადვილი იმის გამო, რომ ისინი ადამიანების პერსონალურ გამოცდილებისგან შორს დგანან. (11)

სისტემური ტრანსფორმაციის ტელეოლოგიამ მედიას მოქალაქეობრივი აქტივიზმისა და ახალი პროფესიული სტანდარტების შეთავსება შეაძლებინა. მედიამ მალე ისწავლა, რომ მისი როლი არის ხელისუფლების კონტროლი, და რომ ამ როლის განხორციელება არ ითვლება პოლიტიზირებად, არამედ მიუკერძოებლობად. შესაბამისად, მედიის ფუნქცინირების ლეგიტიმური სტილი დამკვიდრდა როგორც ოპოზიციურობა ხელისუფლების მიმართ. პროცედურის და სუბსტანციის, პოლიტიკურობისა და ნეიტრალობის, ასახვასა და ზემოქმედების შერწმის ეს ვარიანტი საზოგადოებისთვის ნორმატიულად მისაღები აღმოჩნდა.

ასევე აღმოჩნდა, რომ დისკურსის ტელეოლოგიური ხასიათი არ გამორიცხავს მედია პლურალიზმის შესაძლებლობას. ოღონდ ეს პლურალიზმი ვერ დამკვიდრდებოდა როგორც პრეფერენციების ღერძის საპირისპირო ბოლოების კონკურენცია (მათი უთანასწორობის გამო ამგვარ კონკურენციაში ერთი ბოლო აპრიორი წაგებული იქნებოდა), არამედ როგორც განვითარების განსხვავებული პრიორიტეტების კონკურენცია. საარჩევნო სიბრტყის მაფორმირებელი ღერძების ტრანსფორმაციის დინამიკა: ერთი ყოვლისმომცველი მიმართულებიდან ორი კონკურენტული დღის წესრიგისკენ. მედიის სტრუქტურის საანალიზოდ მნიშვნელოვანია დავამატოთ, რომ კონკურენტული დღის წესრიგები კონკურენტული ტელევიზიების მიერ იყო ფორმირებული. ამგვარი ტელევიზიების მრავლობითობის აღწერის ნაცვლად, გამოვყოფთ მხოლოდ ორს, რუსთავი 2-ს და იმედს, რომლებმაც 2006-2007 წლებში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს პლურალისტული ტელეოლოგიის დამკვიდრებაში.

რუსთვი 2-მა პირველმა თამამად გადააბიჯა უხილავ ზღვარს ასახვასა და ზემოქმედებას შორის. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებიდან და შემდგომ ის ლიდერობდა როგორც დღის წესრიგის მაფორმირებელი მედია. შევარდნაძის მთავრობის მთავარი კრიტიკოსის რეპუტაციის შეძენით მან ღრმად ფრუსტრირებული საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა მოიპოვა, რომელიც 2003 წელს პოლიტიკურ მობილიზაციაში ითარგმნა. ძნელია იმის ანალიზი, თუ რამდენად გულწრფელად ან სტრატეგიულად მოქმედებდნენ მისი მენეჯერები და ჟურნალისტები, ვინაიდან ერთობლივად ისინი არტიკულირებდნენ დომინანტურ დისკურსს, განვითარების პროდასავლურ მიმართულებას, რომლისაც უპირობოდ სჯეროდა საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვან აქტივისტთა ჯგუფებს. ტელევიზია გახდა ვარდების რევოლუციის მთავარი პლაცდარმი, მისი მარტივი, მაგრამ ეფექტური ლოზუნგით: ,,წადი”.

ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსთავი 2-მა გაიარა ტრანსფორმაციის მოკლე პერიოდი. გამარჯვებული რეჟიმის გულწრფელი მხარდაჭერა ამ რეჟიმის მხრიდან უშუალო მმართველობამ ჩაანაცვლა. ტელევიზია ხელისუფლების რუპორად იქცა. ამ ტრანსფორმაციამ საჯარო სივრცეში ოპოზიციური მედიის ადგილი გაანთავისუფლა. ეს ადგილი პრაქტიკულად ცარიელი რჩებოდა 2006-2007 წლებამდე, როდესაც ის რუსთავი 2-ის მთავარმა კონკურენტმა, იმედმა დაიკავა.

ხელისუფლებასთან ერთად, რუსთავი 2-მა შეინარჩუნა ლიდერობა როგორც პროდასავლური ტელეოლოგიის რეპრეზენტატორმა. მან შექმნა მოვლენების დინამიური ინტერპრეტაციის თანმიმდევრული ნარატივი, რომელშიაც თემებმა, მოვლენებმა, პიროვნებებმა და მაუწყებლობის დინამიკამ კოჰერენტული მატრიცის სახე მიიღეს. ხელოვნების ტერმინოლოგიას თუ დავესესხებით, მან დახატა სურათი, რომელშიაც პერსპექტივის უსასრულოდ დაშორებული წერტილი კარგად იკითხებოდა და სურათის ყველა ელემენტს რეალისტური მაშტაბისა და სიღრმის შთაბეჭდილებას უქმნიდა. განსხვავებით სხვა მედიებისგან, რომლებიც ამგვარი კოჰერენტულობით არ გამოირჩეოდნენ, მან მარტივად მოკვეთა მისთვის ზედმეტი დეტალები, მთავარი პერსპექტივის სასარგებლოდ.

განსხვავებით რუსთავი2-გან, იმედი თავიდან არ ფუნქციონირებდა როგორც ყოველდღიური ინტერპრეტატორი, მოვლენების ერთმნიშვნელოვანი წაკითხვის ავტორი. მიუხედავად პოლიტიკური სარჩულისგან, იმედი თავიდან არა პოპულიზმზე, არამედ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული რეიტინგისთვის იბრძოდა. მაგრამ მისი დღის წესრიგი სულ უფრო განსხვავებული ხდებოდა რუსთავი 2-გან, რამაც მედია სივრცეში ჯერ ორპოლუსიანი დისკურსი, ხოლო შემდგომ ორდისკურსიანი პოლარიზება წარმოქმნა. იმედმა აიტაცა ის ოპოზიციური დღის წესრიგი, რომელიც რუსთავი 2-მა მიატოვა — დემოკრატიზაცია, ადამიანი უფლებები, ხელისუფლების კონტროლი და სისტემური ტრანსფორმაცია.

ამ ორი ტელევიზიის მიერ მხარდაჭერილი დისკურსების კონფრონტაციამ საჯარო სივრცის ახალი სტრუქტურირება წარმოქმნა. ის სიმბოლური ორიენტირები, რომლებიც მანამდე მეტ-ნაკლებად ერთი განზომილების გასწვრივ ლაგდებოდა, აწი ორ დამოუკიდებელ ღერძზე განლაგდა. აქედან ერთი, ტრადიციულად მხარდაჭერილი რუსთავი 2-ის მიერ, აღწერად რეალობას როგორ დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელებას. ის იყო ორიენტირებული გარეთ, იყო გლობალისტური, პრო-ნატო, პრო-დასავლეთი, პრო-იერარქიული და პრო-სახელმწიფოებრივი. იმედის დისკურსმა, საპირისპიროდ, დემოკრატიზაციის ღირებულებები აიტაცა, რომლებიც ადრე პრო-დასავლური განვითარების ნაწილად მოიაზრებოდა, მაგრამ აწი დამოუკიდებელი დღის წესრიგის მნიშვნელობა შეიძინეს. ეს იყო ადამიანის უფლებები, ხელისუფლების კონტროლი, კანონის უზენაესობა, ჰუმანიზმი და იმ ტიპის ლოკალიზმი, რომელიც ანტიგლობალისტურ ხასიათს ატარებს. დემოკრატიზაციის პროექტი, ამდენად, ამ დიჰოტომიაში, გაემიჯნა დასავლეთიზაციის პროექტს, რაც დიდი სიახლე იყო მონისტურად ტელეოლოგიურ პროექტთან შედარებით. ორიენტაცია გარეთ (ევროატლანტიკური სივრცე) და ორიენტაცია შიგნით (დემოკრატია) გახდა მთავარი პოლიტიკური წყალგამყოფის მაფორმირებელი ლოგიკა.

ორპოლუსიანი სტრუქტურირება გამოიხატებოდა არა განსხვავებულად არტიკულირებული პრეფერენციების მხარდაჭერაში, არამედ დღის წესრიგისა და ინტერპრეტაციების კონტრასტში. რუსთავი 2-ის მაყურებლები ცხოვრობნდნენ საქართველოში, რომელიც ცივი ომის დაუმთავრებელი პროექტის ბოლომდე მიყვანას ლამობდა. იმედის მაყურებლები ცხოვრობდნენ ავტორიტარულ პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. ერთიც და მეორეც ინტერპრეტირდებოდა გარკვეულ პოლიტიკურ მიმართებებში: რუსთავი 2-სთვის მისი მითოლოგიის გმირი იყო მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ კონსოლიდირებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ხოლო იმედმა გააერთიანა პოლიტიკური სახეების საკმაოდ ჭრელი გუნდი, რომელიც შემდგომ პოლიტიკური ქუჩის პროტესტების სათავეში აღმოჩნდა.

პოლიციის მიერ იმედის დარბევამ 2007 წლის ნოემბერში დაარღვია დისკურსული ბალანსი და საჯარო სივრცის სტრუქტურა ორპოლუსიანისგან 1+ პოლუსიანად აქცია. საჯარო სივრცეში რჩებოდა სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიები (კავკასია, შემდგომში მაესტრო), რომლებიც ფინანსურად და გავრცელების არეალით იმედს ვერ ჩაანაცვლებდნენ. ყველა ის არხი, რომელიც ქვეყნის რეგიონებს სწვდებოდა, ერთ პრო-სახელისუფლებო დისკურსში მოექცა. ძალთა ბალანსი გამყარდა ნაციონალური მოძრობის სასარგებლოდ, მით უფრო რომ 2008 წლის ომმა ახალი მუხტი შეიტანა დომინანტურ დისკურსში და გარეშე მტრის (რუსეთის) წინააღმდეგ მოსახლეობის კონსოლიდირება მოახდინა.

როდესაც 2011 წელს პოლიტიკურ ჰორიზონტზე გაჩნდა ბიძინა ივანიშვილი, მისმა გამოჩენამ მყისიერად იმოქმედა პოლიტიკურ კლიმატზე. ეს მყისიერი გავლენა მოხდა მანამ, სანამ საზოგადოება კარგად გაერკვეოდა იმაში, თუ რას სთავაზობდა ეს აქამდე არასაჯარო ბიზნესმენი, როგორი პროგრამით აპირებდა პოლიტიკაში ჩართვას. ივანიშვილს გააჩნდა რე- სურსები, რომლებიც აქამდე არსებულ ოპოზიციას არ ჰქონდა: მას შეეძლო ახალი საჯარო სივრცეების შექმნა, არსებული დისკურსული დომინაციის დაძლევა. სწორედ ეს იყო მისი პირველი პოლიტიკური გზავნილები: სატელიტური თეფშებით რეგიონებამდე იმ მაუწყებლობის მიტანა, რომელიც მანამდე იქ იყო მიუწვდომელი, ახალი ტელევიზიის დაფუძნება.

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ წარმოქმნა ახალი დისკურსული დაყოფა, რომელიც წააგავდა ადრე არსებულს, მაგრამ ჰქონდა განსხვავებული ნიშნებიც. ისევე, როგორც პოლიტიკური დაპირისპირების წინა ეტაპზე, კონკურენცია წარიმართა დამოუკიდებელი დღის წესრიგის შექმნით, რომელიც ძალიან წააგავდა ადრინდელ, დემოკრატიზაციის დისკურსს. თუმცა, მას დაემატა ხალხურობა, სოციო-ეკონომიკური განზომილება, აპელირება მრავალრიცხოვან სოციალურ ჯგუფებზე (სოფელი), შეიცვალა სახეები და აქცენტები.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილება ისევ მასობრივი საპროტესტო განწყობების, ქუჩის აქციებისა და მძაფრი დისკურსული დაპირისპირების შედეგი აღმოჩნდა. მედია სტრუქტურისა და დისკურსის შემდგომი ტრანსფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები სისტემის ძირითადი მახასიათებლების მდგრადობის შესახებ.

ოპორტუნისტული ტრანსფორმაცია, რომელიც განიცადეს პოლიტიკურმა და მედია აქტორებმა ძალაუფლებრივ ურთიერთობებში საკუთარი ფუნქციონალური ადგილის ცვლილებასთან ერთად, მიანიშნებს იმაზე, რომ დღის წესრიგისთვის ბრძოლას აქვს უფრო სტრატეგიული, და არა იდეოლოგიური ხასიათი. დემოკრატიის ღირებულებებმა დიდწილად გადაინაცვლა ოპოზიციაში გადასული ნაციონალური მოძრაობისა და რუსთავი 2-ის რიტორიკაში , ხოლო ახალი ხელისუფლება ეფექტური პროდასავლური ინტეგრაციით იწონებს თავს. აქტორების და დისკურსების ამგვარი ჩანაცვლებადობა მიანიშნებს მათი რეპრეზენტატულობის დაბალ ხარისხზე. რეალობისგან და რაციონალურობისგან აცდენამ სიმბოლურ აღმნიშვნელებს აზრი დააკარგვინა და მოშალა ის მარტივი სტრუქტურირება, რომელიც ადრე არსებობდა. პარალელურად მოხდა ღერძების გარკვეული “გასწორება” — დღის წესრიგების დაპირისპირებას ღერძების ბოლოების გათანაბრების ტენდენცია ემატება.

შეიძლება ითქვას, რომ თამაშის წესები, რომლებშიაც მოქმედებენ პოლიტიკური აქტორები (პოლიტიკური ძალები და მედია) ამ აქტოერებისგან მოითხოვენ პერიოდულ რე-ინტერპრეტაციას, ოპორტუნიზმს, იმიჯისა და დისკურსების შეცვლას. ზოგიერთი აქტორი ამას ახერხებს, და საკმაოდ ხშირად. განსაკუთრებული უნარები ამ მხრივ სააკაშვილმა გამოიჩინა. მას ახასიათებდა წამყვანი თემების სწრაფი და კონიუქტურული ცვლა. სააკაშვილი არ შედიოდა პოლემიკაში ოპონენტებთან: რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ როდესაც საზოგადოებრივ აზრში ოპონენტების არგუმენტები წონას იძენენ, ის უბრალოდ ცვლიდა თემას და სხვა პრიორიტეტებს სახავდა. ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო მისი მმართველობის პერიოდში, ფიგურირებდნენ მის რიტორიკაში და მისი მხარდამჭერი მედიის დღის წესრიგში არა ერთდროულად, არამედ მიმდევრობით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცვლიდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ევროკავშირის ადგილს მალევე ნატოში გაწევრიანება იკავებდა. წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პრიორიტეტი სიღარიბესთან ბრძოლა ხდებოდა. მერე წამყვან ადგილს ისევ რუსეთი და ტერიტორიული მთლიანობა იკავებდა. როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ წრე შეიკრა და ახალი წარმატებაზე ორიენტირებული კამპანიების წარმოება გახდა ძნელი, გლობალური თემების ადგილი შედარებით ვიწრო კამპანიებმა დაიკავეს, მაგალითად ლაზიკას პროექტმა. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ის ისევ დემოკრატიის დისკურსს დაუბრუნდა.

დღის წესრიგით მანიპულირება, საკუთარი თავის რეინტერპრეტირება ეფექტური საშუალებებია პოპულარობის შესანარჩუნებლად, რომლებიც პოლიტიკური ლიდერის მმართველობის პერიოდს ახანგრძლივებენ. თუმცა, რაც უფრო გროვდება წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციები, მით უფრო ეცემა ნდობა ინტერპრეტატორის მიმართ. დისკურსები რჩება, მაგრამ მათი აქტორები პერიოდულად უნდა იცვლებოდეს. წინა პერიოდის პარტიები, ლიდერები და ტელევიზიები შესუსტდება რათა ადგილი დაუთმონ ახალ სახეებს, სიმბოლოებს.
დაბალი ნდობა და აქტორების დინამიური ცვლა ტიპიურის პო- პულისტური კონტექსტისთვის. ოპორტუნიზმი, რომელსაც იწვევს პოლიტიკური ძალების გადანაცვლება სისტემის ერთი ფუნქციონალური როლიდან მეორეში (ხელისუფლება, ოპოზიცია), პოპულიზმი, პოლარიზება და მანიპულირება, რომლებიც სისტემას ახასიათებენ, არ გამოიყურება დროებით და გარდამავალ მოვლენებად. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციური მახასიათებლებით სისტემა არ წააგავს დამკვიდრებულ დემოკრატიულ რეჟიმებს, ის გამოიყურება მყარად და სტრუქტურირებულად.

დემოკრატია ქართულად — პოპულისტური და მანიპულაციური  

ამ ნაშრომის თეორიულ ნაწილში ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ დღის წესრიგის ფორმირება წარმოადგენს პოლიტიკური ძალაუფლების ნაირსახეობას. ერთ ხელში ამ ძალაუფლების კონცენტრირება ქმნის მისი სტრატეგიულად გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც ძალაუფლების მფლობელისთვის სასურველი შედეგის მიღწევას უზრუნველყოფს, დემოკრატიის პირობებშიც კი. კონკურენციაში ნეგატიური ინტერპრეტაციების გამოყენება ქმნის ბრძოლას მოძრავი წყალგამყოფებისთვის. ზიგიერთი ავტორის აზრით, ამგვარი ვითარება ნებისმიერი პოლიტიკის ძირითად არსს წარმოადგენს:

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარლ შმიტი ცოტათი აზვიადებს, პოლიტიკის განმსაზღვრელი თვისების და ორიგინალური აქტის ვივისექციისას, რო- დესაც მან ისინი დაიყვანა „საერთო მტრის“ დანიშვნამდე, ის მართალი იყო, როდესაც პოლიტიკის არსად „სხვის“ დასახელებას და მასთან საქმის ქონას მიიჩნევდა. პოლიტიკის საგანია, მას შეეძლო ეთქვა, ოპოზიციების შექმნა, ოპოზიციებით მანიპულაცია და საზღვრების გავლება „შიდა“ და „გარეს“ შო-რის, შესაბამისად, ასევე დიფერენციაცია იმ გზებს შორის, რითაც ხდება ამ ორ მხარესთან საქმის წაყვანა.“ (Bauman, 2012, გვ. 17).(12)

ბაუმანისგან განსხვავებით, წყალგამყოფების ფორმირება ამ ნაშრომში პოლიტიკის ერთ-ერთ, და არა ძირითად ნაირსახეობად განიხილება. პოლიტიკის ეს შმიტისეული გაგება განსხვავდება ისეთი რეპრეზენტაციისგან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებაში პრეპოლიტიკური, ჰორიზონტალური დაყოფების არსებობასა და მათ ტრანსლირებას პოლიტიკაში პარტიული ან საპარლამენტო გზით. მისგან განსხვავებით, წყალგამყოფების გავლებისთვის ბრძოლას ჩვენ შედარებით ახალ, პოსტმოდერნულ, პოპულისტურ და მანიპულაციურ სახეობად განვიხილავთ, რომელიც ამგვარ რეპრეზენტაციას ასუსტებს. ის ქმნის არა ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ დაყოფებს ელიტებსა და საზოგადოებას შორის:

“პოპულისტური მოძრაობები, როგორც წესი, უარყოფენ ჰორიზონტა- ლურ გახლეჩვებს (როგორიცაა მარცხენა/მარჯვენად დაყოფა) და ხელს უწყობენ ხალხის ფუნდამენტურ ერთობას, ამავდროულად შემოაქვთ ახალი ვერტიკალური განზომილება, რომელმაც შესაძლოა გარიყოს, მაგალითად, ელიტები (ზედა დონეზე) და უცხოელები (ქვედა დონეზე). (Meny, 2002:12) (13), ,პოპულიზმი არ არის მხოლოდდამხოლოდ საქართველოს მსგავსი, ჰიბრიდული რეჟიმების მახასიათებელი. ის მზარდ ტენდენციას წარმოდგენს დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებშიც (Guisto et al, 2013). ის თავსებადია პოლიარქიის ფორმალური ინსტიტუტების მყარ ფუნქციონირებასთან. თუმცა ღიად რჩება კითხვა, თუ რამდენად თავსებადია იგი დემოკრატიის, როგორც ხალხის მმართველობის ნორმატიულ იდეალთან. პოლიტიკის მზარდი შმიტისეული ხასიათი შესაძლოა იყოს იმის ინდიკატორი, რომ პოლიტიკის არსი, მისი ხასიათი იცვლება იმ გაგებით, რომ ის ხდება უფრო რადიკალური, ჰიპერბოლური” ჩვენი ტერმინოლოგიით, და მიმართული არა იმდენად ინდივიდუალური პრეფერენციების კონკურენციაზე,რამდენადაც ტოტალური იდენტობებით, ცარიელი აღმნიშვნელებით, მოძრავი წყალგამყოფებით ოპერირებაზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკურ სისტემაში წინა პლანზე გამოდის დღის წესრიგთან დაკავშირებული ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილება და ამ უთანასწორობის, და არა პრეფერენციების რეპრეზენტირება პოლიტიკურ სისტემაში. რაც არ უნდა იყოს იმ ტენდენციების მიზეზი, რომლებიც დღის წესრიგის აქტუალობას აძლიერებენ — გლობალიზაცია, კაპიტალიზმი, ტექნოლოგიური ცვლილებები თუ სხვა, ეს გამოწვევები ,,გარეა” ადრე დამკვიდრებული კონტექსტისთვის და მის ტრანსფორმაციას იწვევენ.

ვინაიდან, როგორც ჩვენ ვამტკიცებდით, პოლიტიკის არსი, სუბსტანცია, და მისი ინსტიტუტები, პროცედურული წესები, ერთმანეთთან კავშირში იმყოფება, შინაარსის ამგვარი ტრანსფორმაცია შესაძლოა განსხვავებულად იყოს მანიფესტირებული დამკვიდრებულ დემოკრატიებში და გარდამავალ რეჟიმებში. იქ, სადაც თამაშის წესები, კონსტიტუცია, არაფორმალური ნორმები, პოლიტიკური პარტიები მყარია, მზარდი პოპულიზმი შესაძლოა მარგინალურ ხასიათს ატარებდეს, აღიქმებოდეს როგორც დემოკრატიის დამახინჯება, მისი ავადმყოფობა, ან უმნიშვნელო სიახლე. მაგრამ იქ, სადაც ინსტიტუციონალური სისტემა, თამაშის წესები გარდაქმნაში იმყოფება, პოპულიზმი შესაძლოა ფუნქციონალურ როლს ასრულებდეს ახალი სისტემის ფორმირებაში.

თუკი ეს ასეა, მაშინ შესაძლებელია ვილაპარაკოთ დემოკრატიის მე- სამე იდეალური ტიპის ზრდაზე და გავრცელებაზე — ისეთ პოლიტიკურ რეჟიმზე, რომელიც, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების მსგავ- სად, არჩევით მმართველობას წარმოადგენს, მაგრამ ამ არჩევით მმართვე- ლობას თავისებურ, განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ნორმატიულად, მესამე ტიპის დემოკრატია იდეალური ტიპია, ხოლო ინსტიტუციურად — დაუმთავრებელი პროექტი, ვინაიდან მისი ფორმალური ინსტიტუტები ნასესხებია პირველი ორი ტიპისგან და შესაძლოა სრულად ვერ პასუხობდნენ მის ახალ სუბსტანციას, ვერ არეგულირებდნენ იმ ძალაუფლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც ამ ახალ სუბსტანციას უკავშირედება. მესამე ტიპს შესაძლოა მივაკუთვნოთ არა მარტო ჰიბრიდული რეჟიმები, არამედ ასევე სამხრეთ ევროპის დემოკრატიებიც, რომლებსაც. როგორც წესი, პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ სახეობად არ განიხილავენ. როზენვალონის ტერმინოლოგიას თუ დავესესხებით, შესაძლოა ამგვარ რეჟიმებს კონტრდემოკრატიის ტერმინი მივუსადაგოთ. თუმცა შესაძლებელია პოპულისტური დემოკრატიის სახელწოდება უფრო კარგად აღწერდეს იმ პოლიტიკის არსს, რომელიც ამგვარ რეჟიმებში დომინირებს.

პოპულისტური დემოკრატიის მთავარი ინსტიტუციური განსხვავება კლასიკური მაჟორიტარული და პროპორციული დემოკრატიებისგან მდგომარეობს იმაში, რომ ის ყველაზე რადიკალურად შლის საზღვარს სუბსტანციასა და პროცედურას შორის. შესაბამისად, იშლება ზღვარი პოლიტიკურსა და არაპოლიტიკურს შორის, რაც არის გზა “პოლიტიკურის” არეალის გაფართოება-დავიწროებისკენ. აქედან ჩანს ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მესამე ტიპის დემოკრატიის დახასიათებისას მედია სისტემების ჩართვა ანალიზში. ,,პოლიტიკურის” არეალის გაფართოება იწვევს მის გასვლას ფორმალური ინსტიტუტების ჩარჩოებიდან, გაჟონვას მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ეკონომიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პოპულიზმის არეალი არის ლეგიტიმაცია-დელეგიტიმაციის სფერო. ის მუდმივად არღვევს დამკვიდრებულ პოლიტიკურ დისკურსს და იწვევს უნდობლობასა და გაღიზიანებას — როგორც ფეხბურთში აკრძალული ილეთების გამოყენება. ვინაიდან მისი არსი წინააღმდეგობაშია ფორმალურ წესებთან, ის ამ წესების კორუფციულ დამახინჯებას იწვევს. გამოყენებული პოლიტიკური ლიდერების მიერ, ის მიმართავს ოპონენტების იგნორირებისა და პოლიტიკიდან გარიყვისა, ნაცვლად მათთან ღია პაექრობაში შესვლისა, მანიპულირებას და ნეგატივიზმს. გარდამავალ ქვეყნებში ის გადადის ავტორიტარიზმში. გამოყენებული ოპონენტების მიერ, პოპულიზმი ქმნის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობებს, მასობრივ მობილიზაციას და უკიდურესი ფორმებით შესაძლოა იწვევდეს დაუმორჩილებლობას, ამბოხებებსა და რევოლუციებს.

პოლიტიკური ძალაუფლების განვრცობა ფორმალური პოლიტიკური სისტემის ფარგლებს გარეთ (14) ასუსტებს ამ ძალაუფლების რეგულირებას საკონსტიტუციო მექანიზმების მიერ, რაც, თავის მხრივ, ქმნის მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. ფორმალურად დემოკრატიული და უმრავლესობის მმართველობაზე დაფუძნებული, პოპულისტური დემოკრატია შეიძლება არსებითად უმცირესობის მმართველობად გადაგვარდეს.

ტელევიზია ამგვარ გადაგვარებაში უმთავრეს როლს ასრულებს, ვინაიდან მასში არის კონცენტრირებული წყალგამყოფების გავლების ძალაუფლება. მესამე ტიპის დემოკრატიის ლიდერები იმარჯვებენ მაჟორიტარულ არჩევნებში, ანუ უმრალვესობის მობილიზებას ახერხებს. ამისთვის პოპულისტურ ლიდერს სჭირდება ამომრჩევლები დააყენოს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე. თუკი ეს ლიდერი ფლობს დღის წესრიგის ფორმირების ძალაუფლებას, ანუ აკონტროლებს ტელევიზიებს, ის ამას ახერხებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც.

საკმარისია პოლიტიკურმა ძალამ დაიკავოს ცენტრალური ადგილი, სადაც კონცენტრირებულია დღის წესრიგის ფორმირების ძალაუფლება, მისი ამ ადგილას დარჩენა ავტომატურად გარანტირებულია, თუკი მანიპულირების შესაძლებლობებსა და უნარებს ფლობს. ამდენად, თუკი დღის წესრიგის ფორმირების ძალაუფლება კონცენტრირებულია, ფორმალურად დემოკრატიული სისტემა ავტომატურად უმცირესობის მმართველობად იქცევა.

კრიტიკული მკითხველი ალბათ უკვე მიაქცევდა ყურადღებას იმას, რომ მედიის სახეობებიდან მოცემულ ნაშრომში მხოლოდ ტელევიზია არის განხილული. ცალკე ფართო და საკვლევ თემად რჩება ინტერნეტისა და სოციალური მედიის გავლენა პოლიტიკური კომუნიკაციის ხასიათზე, დღის წესრიგის ფორმირების ძალაუფლების ტრანსფორმაციაზე. სავარაუდოდ, ინტერნეტ კომუნიკაციის გავრცელება უნდა ზღუდავდეს ტელევიზიის გავლენას და უფრო ქაოტურსა და ეგალიტარულს ხდიდეს ამ ძალაუფლების განხორციელებას. მაგრამ ვინაიდან ნაშრომის ემპირიული ნაწილი ეხება საქართველოს, სადაც პოლიტიკური კომუნიკაციის ძირითად მატარებლად ჯერ კიდევ ტელევიზია რჩება, (15) ჩვენ ფრჩხილებს გარეთ ვტოვებთ მსჯელობას ინტერნეტის შესახებ.

მეინსტრიმული მიდგომების თანახმად, საქართველო დემოკრატიის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ პროექტად განიხილება. თუმცა, თუკი ამ მესამე ტიპის არჩევითი რეჟიმის ტიპოლოგიიდან ამოვალთ, საქართველოს პოლიტიკაში შესაძლოა დავინახოთ დინამიკა, რომელიც არა ამ პროექტის დასრულებისკენ იყოს მიმართული, არამედ სხვა, პოპლულისტური, მესამე ტიპის დემოკრატიის კონსოლიდაციაზე მეტყველებდეს. ამ შემთხვევაში ფორმალური ინსტიტუტებისა და არაფორმალურ ლოგიკას შორის სხვაობა შესაძლოა იყოს სისტემის არა დროებითი, არამედ სტაბილური მახასიათებელი, რომელიც ძალაუფლების განხორციელებას სტაბილურად არასტაბილურ, კამპანიურ, კორუფციულ და მასობრივი პროტესტების წარმომქმნელ ხასიათს ანიჭებდეს.

ავტორიტარული და პოპულისტური ტენდენციების დინამიური ნაზავი, რომელიც საქართველოს ახასიათებს, შესაძლოა იყოს ინტერპრეტირებული როგორც ინსტიტუციური წესრიგის ნაკლოვანება, გარდამავალი პერიოდისმახასიათებელი. უფრო რადიკალურადაც კი, ამ ნაზავის ბევრი ასპექტი შეიძლება მომდინარეობდეს ლიდერის პიროვნული მახასიათებლებისგან: სააკაშვილის რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამ მხრივ როგორც მისი წინამორბედი შევარდნაძის, ასევე მისი მოდევნო ივანიშვილის ქცევისგან.

საპირისპიროდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის არა დროებითი მოვლენა, არამედ მმართველობის სტაბილური ფორმა, არჩევითი რეჟიმის ნაირასახეობა, რომელსაც პოპულისტური დემოკრატიის სახელი შეიძლება ვუწოდოთ.

ამ ხედვის სასარგებლოდ მეტყველებს ბოლო ათწლეულების პოლიტიკური დინამიკა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკური კონკურენცია იყო შეზღუდული და ხელისუფლება იყენებდა ძალაუფლებრივ რესურსებს კონკურენტების წინააღმდეგ, საქართველო განიცდის რეჟიმებისა და დისკურსების ცვლას. პროცესის დინამიურობა, ძალაუფლებისთვის მწვავე ბრძოლა, საზოგადოების ინტენსიური ჩართულობა მიმდინარე პროცესებში გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოს ვითარება არჩევანის ნაწილობრივი თავისუფლების კონტექსტში განვიხილოთ — საზოგადოებამ მიაღწია გარკვეულ, თუმც შეზღუდულ გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

თუმცა, ამ ბრძოლების სიმწვავისა და პოლარიზების ფონზე, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და რეფორმების ხასიათი ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. ხელისუფლებაში და ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები იცვლებოდა, მაგრამ ამ ცვლილებებს მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოჰქონდა ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე, მის ინტერპრეტირებაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების დღის წესრიგი დიდად არ იყო დამოკიდებული პოლიტიკურ ბრძოლაზე. სხვა ფაქტორები, ისეთები როგორიცაა გლობალიზაცია, რეგიონის გეოპოლიტიკა, ბაზარი, სოციო-კულტურული ტრანსფორმაცია, გაცილებით მეტ გავლენას ახდენენ.

წარმოადგენს თუ არა პოპულისტური პოლიარქია ნორმატიულ დემოკრატიას თავისი არსით? თუკი პოლიტიკური სისტემა იძლევა ხალხის ნების გამოვლენის შესაძლებლობას, მას შეიძლება დემოკრატია ვუწოდოთ. საქართველოს კონკურენტული და მეტ-ნაკლებად თავისუფალი არჩევნები თითქოს ამ კლასიფიკაციისკენ გვიბიძგებენ. საპირისპიროდ, თუკი არჩევნები ტარდება, მაგრამ ქვეყანას მაინც დომინანტური დისკურსი მართავს, არჩევნებით გამოვლენილი უმრავლესობის ნება ხალხის ნების ტოლფასი ვერ გახდება. დღის წესრიგით მანიპულირება უმცირესობას აძლევს შესაძლებლობას შეკრას ცვლადი საარჩევნო კოალიციები, რომლებიც მოკლევადიან გამარჯვებას უზრუნველყოფენ ვითარების დინამიური რეინტერპრეტირების გზით. ამგვარი მანიპულირება მართლაც ეფექტურია საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა, მისი შესაძლებლობები უსასრულო არ არის — აქტორების მიმართ ნდობა ეცემა, ხოლო კონკურენტული გარემო წარმოქნის ახალ სახეებს, რომლებიც ადრე თუ გვიან იკავებენ ნდობადაკარგული ლიდერების ადგილს. მმართველები იცვლება, ხოლო პოლიტიკური სისტემა- არა.
ჩვენი მიზანი არ იყო დაგვედგინა მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამგვარ ტრანსფორმაციაზე. თუმცა შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ პოლიტიკური სისტემის გახსნილობა გარე ზემოქმედებისადმი და გავლენებისადმი მას ახლებურ ხასიათს ანიჭებს. ნეოლიბერალური გლობალიზაცია ამგვარი გახსნილობის წინაპირობებს ქმნის და დღის წესრიგის ძალაუფლებას პოლიტიკური სისტემის შიდა ლოგიკაზე მაღლა აყენებს. საქართველო, რომელიც დასავლეთის პერიფერიად იაზრებს საკუთარ თავს, ამ მხრივ უფრო თვალნათლივად წარმოაჩენს ახალ ტენდენციებს, ვიდრე რომელიმე ევროპული დემოკრატია, სადაც შიდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ლოგიკა კვლავაც დიდ როლს თამაშობს.

“პრობლემა არის არჩევანი”, ამბობს ნეო (ფილმი “მატრიცა”). მართლაც, თუკი მოქალაქის არჩევანი შეზღუდულია იმ ინტერპრეტაციით, რომელიც საჯარო სივრცეშია დომინანტური, მაშინ ის ფაქტიურად არ არსებობს. ნეგატიური თავისუფლება შესაძლოა ვერ გადადიოდეს პოზიტიურ შესაძლებლობებში. ღია სისტემისთვის, და განსაკუთრებით პერიფერიული ქვეყნისთვის ეს განსაკუთრებით აქტუალურია; მისი მოსახლეობა ფაქტიურად ,,სხვისი ცხოვრებით” ცხოვრობს, მომავალ “კომუნიზმს” აშენებს. საკმარისია ხელისუფლება ამ დომინანტურ დღის წესრიგს “მოაჯდეს” და ამით სისტემის ცენტრალური პოზიცია დაიკავოს, რომ ფორმალურად დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულად იქცეს. ამგვარ ვითარებაში აქტიური საზოგადოება იწყებს ბრძოლას საკუთარი ინტერპრეტაციისთვის, რომელიც (ეს ბრძოლა) საჯარო პოლიტიკის ძირითადი არსი ხდება. პოპულიზმის ზრდა, შესაძლებელია, არა დემოკრატიის ავტორიტარულ გადაგვარებაზე, არამედ მისი არეალის რადიკალურ გაფართოებაზე მეტყველებდეს, არჩევანის გაფართოებისთვის ახალი ბრძოლის აქტუალიზებაზე.


შენიშვნები

1. მათემატიკურად, განსხვავება ასახვასა და რეპრეზენტირებას შორის უნდა გავიგოთ როგორც განსხვავება ორ პროეცირებას შორის: უსასრულო თუ სასრული წერტილიდან, როგორც ცენტრიდან. მიუკერძოებელი ასახვის კონცეფცია გულისხმობს მედიის პოზიციას“უსასრულობაში”, საზოგადოების მიღმა, ნეიტრალურ სივრცეში. ხოლო რეპრეზენტაცია — სასრული წერტილიდან, რომელიც თავად გარკვეულ პოზიციას წარმოადგენს.
2. “Slant occurs when a news report emphasizes one side’s prefereed frame in a political conflict while ignoring or derogating another side’s. One-sided framing emphasizes some elements and suppresses others in ways that encourage recipients to give attention and weight to the evaluative attributes that privilege the favored side’s interpretation”
3. Content bias refers to consistently slanted framing of mediated communication that promotes the success of a specific interest, party or ideology in competitions to control government power. 
4. `Agenda setting is the process of the mass media presenting certain issues frequently and prominently with the result that large segments of the public come to perceive those issues as more important than others. Simply put, the more coverage an issue receives, the more important it is to people.~ 
5. Framing is an omnipresent process in politics and policy analysis. It involves selecting a few aspects of a perceived reality and connecting them together in a narrative that promotes a particular interpretation….frames introduce or enhance the availability and apparent importance of certain ideas for evaluating a political object.
6. `A frame repeatedly invokes the same objects and traits, using identical or synonymous words and symbols in a series of similar communications that are concentrated in time. These frames function to promote an interpretation of a problematic situation or actor and (implicit or explicit) support of a desirable response, often along with a moral judgment that provides an emotional charge. Here again framing is distinguished from other communication by its diachronic nature. A framing message has particular cultural resonance; it calls to mind currently congruent elements of schemas that were stored in the past. Repeating frames over time in multiple texts gives a politically significant proportion of the citizenry a chance to notice, understand, store and recall the mental association for future application~. 
7. `The agenda, as I conceive of it, is the list of subjects or problems to which government officials, and people outside the government closely associated with those officials, are paying some serious attention at any given time… Out of the set of all conceivable subjects or problems to which officials could be paying attention, they do in fact seriously attend to some rather than others. So the agenda-setting process narrows this set of conceivable subjects to the set that actually becomes the focus of attention. (Kingdon, 1984, p. 3)~ 
8. მოცემული კლასიფიკაცია ეხება მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებს, ანუ გულისხმობს სიტყვის თავისუფლების კონტექსტის არსებობას.
9. ცხადია, ამგვარი, `პირველი დონის~ (როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ) პლურალიზმიც კი არასდროს იყო სრულყოფილი; სადაც და როდესაც შეიძლებოდა ის ირღვეოდა სასურველი მიმართულებით. მაგრამ ნაწილი მედიისა, განსაკუთრებით ტელევიზია, ყოველთვის იმყოფებოდა გარე მეთვალყურეობის ქვეშ. უხეში დარღვევები მათი მხრიდან აუცილებლად იქნებოდა შემჩნეული და ასახული საერთაშორისო დამკვირ- ვებლების ანგარიშებში. იმ ვითარებაში, როდესაც დასავლური შეფასება ლეგიტიმა- ციის ძლიერ წყაროს წარმოადგენდა, პოლიტიკური კონკურენციის ყველა მხარე მეტ-ნაკლებად ცდილობდა მიკერძოება შეენიღბა.
10. სტატისტიკურად, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იმ რესპოდენტების საშუალო, რომლებიც არ სცემენ პასუხს შესაბამის კითხვაზე, დომინირებული ბოლოსკენ არის გადახრილი.
11. `When people have direct, personal experience with an issue, that issue is said to be `obtrusive~ for them, and they usually do not need more information from the media (Zucker, 1978). Unobtrusive issues, those with which people have little to no personal experience, are the ones most likely to become important to people if they are high on the media’s agenda.~ (Coleman, 2009). 
12. “Even if Carl Schmitt went a bit too far in his vivisection of the original act and the defining feature of politics when he reduced it to the appointment of ‘a common enemy~, he was right when tracing the essence of politics to the naming of, and dealing with, ‘the other’. Politics, he may say, is about creation and manipulation of oppositions and drawing boundaries between ‘inside’ and ‘outside~, and consequently differentiating between the way in which each of the two members of the opposition, and so also each of the two sides of the border, are dealt with.” 
13. Populist movements tend to deny horizontal cleavages (such as the Left/Right divide) and to promote the fundamental unity of the people, while introducing a new vertical dimension, which may exclude, for instance, elites at the top and foreigners at the bottom. 
14. მანინი აღნიშნავს პოლიტიკური დისკურსის ფორმალური ჩარჩოებიდან გასვლისა და მედია სივრცეში მოქცევის ამ ტენდენციას როდესაც რეპრეზენტატული დემოკ- რატიის ტრანსფორმაციაზე ლაპარაკობს (Manin, 1997).
15. რომელიც, იმავდროულად, საარჩევნო ქცევის ერთ-ერთი უმთავრესი დეტერმი- ნანტი აღმოჩნდა



წინამდებარე სტატია ეფუძნება კვლევას, რომელიც განხორციელდა 2015 წელს ,,საზოგადოების კვლევის ცენტრის” მიერ, “კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით. სტატია პირველად გამოქვეყნდა კრებულში ,,არჩევანი”.